Showing posts with label მოძრაობა. Show all posts
Showing posts with label მოძრაობა. Show all posts

Tuesday, June 19, 2012

ყველგანაა



ვაკე–საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზა რომ გაიყვანეს, მარჯვენა მხარეს რამდენიმე სახლი გამოჩნდა. სიტყვა "ქოხმახი" უფრო ნაკლებად იწვევს სიბრალულს, ვიდრე ამ სახლების შეუთავსებლობა ირგვლივ მიმდინარე მშენებლობა–განახლებებთან. იმ მხარეს რომ გავიხედავდი, ყველაფერი მუქი იყო: ხის "აივნები", მიშენებული სათავსოების კარები, მიწაყრილები, სარეცხი და ერთ ადგილას დახვავებული რაღაც ნივთები. ადამიანები არ დამინახავს, ისედაც იოლად შემეძლო წარმომედგინა. ხანდახან სუსტი შუქი ჩანდა ფანჯრებიდან. ერთხელ, მორიგი ჩავლისას  პატარა, ნაზი ხე დავინახე, იქვე, თავისთვის იდგა, ყვავილებით შეფიფქული. გავიფიქრე: "მათთანაც მოვიდა გაზაფხული".

ესტაკადებიან–ინფრასტრუქტურიანი  კეთილდღეობა და პროგრესი გუგუნით მიიწევდა წინ. ბეტონის ახალ გზაზე ჯიპები, კუპერები და ოპელის ტაქსები პარალელურად, ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ. განაპირას დარჩენილ ხის ღარიბულ სახლებს ალბათ ოფიციალური მისამართი არა, მაგრამ თავისი პატარა გაზაფხული კი ჰქონდათ.

Thursday, June 14, 2012

It's a drivers' world!

თბილისელი მძღოლების აგრესიაზე და საერთოდ, მართვის და მოძრაობის კულტურაზე ყოველდღე ბრაზი მივლის და მინდება, დავწერო. აქ მთელ ქალაქს ვერ მიმოვიხილავ, ჩემს მიკროსამყაროზე ვიწუწუნებ. ჭავჭავაძის და ატენის გადაკვეთაზე აბსოლუტურად აუტანელი სიტუაციაა, განსაკუთრებით დილაობით. ატენზე ორივე მხარეს მანქანები დგას, ფეხით მოსიარულეს გზის შუა ნაწილი რჩება, სადაც ორი კი არა, სამი მხრიდან მოდიან მანქანები. სიფრთხილე და მოთმინება ამ დროს კარგი იარაღია. რამდენიმე წამითაც კი არ შეუძლიათ მოთმენა. გაბეზრებული სახეებით გიყურებენ, რომ დროზე გაიარო, უმეტეს შემთხვევებში "ვერც გამჩნევენ". ისეთ სიტუაციას ქმნიან, ვინმესთან რომ სტუმრად ხარ, ხალხმრავალ ოჯახში და დილით რომ მორიდებულად მიდიხარ აბაზანისკენ.(იოსელიანის ფილმშია ასეთი ეპიზოდი, "იყო შაშვი მგალობელი": საიდანღაც რუსი ცოლ–ქმარი მოადგებათ წერილით, ამის და ამის ნათესავები ვართო და დილაობით პირსახოცით და კბილის ჯაგრისით მიიძუძგებიან ტუალეტში.) თითქოს, მთელი ქუჩები მათია და შენ როგორმე უნდა მოასწრო და გაიარო. ჭავჭავაძის ტროტუარი მთლიანად ათვისებული აქვთ. როცა მათ შორის გზას მივიკვლევ, წარმოვიდგენ ხოლმე რაიმე გიგანტურ, გოძილასნაირ არსებას, რომელიც ამ გარდიგარდმო დაყენებულ მანქანებს მიფანტ–მოფანტავდა. ამ მანქანების პატრონები, როგორც წესი, ბღენძი ტიპები არიან, როცა დაყენებული მანქანა გამოჰყავთ, სიგნალს მაძლევენ. წარმოიდგინეთ, მივდივარ ტროტუარზე, უკნიდან კი მანქანა მოდის და უნდა, რომ გზა მივცე, თანაც მაშინვე! ამ დროს ყველაზე მეტად მინდება, ვუყვირო ან მანქანას ფეხი ვკრა (ქუსლიანი ფეხსაცმლით აჯობებს). ასე ერთბაშად ამოვთქვი ბრაზი, უაბზაცებოდ. არ მოვიყვან ბანალურ შედარებებს და არ გავიხსენებ, ევროპაში ფეხით მოსიარულეს როგორ უთმობს გზას ავტოც და ველოც, ავტო როგორ უთმობს ველოს და ბავშვებისთვის რომ სპეციალური ველო–შუქნიშნებია. არც საქართველოში მყოფი უცხოელების შთაბეჭდილებებს მოვყვები ქართველ მძღოლებზე. ისედაც ვიცი, რომ ჩვენთან ყოველთვის drivers' world იქნება.

newscafe.ge