Friday, March 6, 2020

What Used To Be Good ...


ნადეჟდა ფედოტოვას ილუსტრაციები. წიგნის გამომცემლები: პაატა მეძმარიაშვილი, იულია ასტაპენკო.
როცა სანდრას "ოლე ლუკოიეს" ვუკითხავდი, ზღაპარს ქოლგიან კეთილ ჯადოქარზე, რომელიც ბავშვებთან საღამოობით მოფრინდება, ჩემი ბავშვობის კვირა საღამოები გამახსენდა. კი არ გამახსენდა, ძალიან ახლოს, ფიზიკურად მოვიდა ჩემთან, ნელი ქროლვით და გამაბრუებლად. ეს დასრულებული საქმეების დრო იყო. დედას საქმეები უფრო მეტი და მძიმე, ჩვენი - სწავლის. სახლში ხის იატაკის საწმენდი საშუალების, ხორციანი სადილის და ახლადდაუთოებული, გახამებული თეთრეულის სუნი იდგა. ჩვენ საბავშვო გადაცემა გველოდა, რომელშიც ნელა, ტკბილად და კეთილგანწყობილი ინტონაციით ზღაპარს გვიყვებოდნენ და ძილინებისას გვისურვებდნენ, შემდეგ ბანაობა და ახლადდაგებულ, ქათქათა საწოლში ჩაწოლა. გარეთ უკვე ბნელოდა და შავ ცაზე ზღაპრული ფიგურები მიმოდიოდნენ. ორშაბათის გაკვეთილებზე ვღელავდი. სამყარო არ აჩენდა შიშს და ცუდის მოლოდინს.

ყოველთვის მიყვარდა, როცა ბავშვები პატარა სივრცეში არეულობას ვქმნიდით, მაგალითად, როცა ჩვენს დეიდაშვილებთან ერთად გრძელ გზაზე მანქანით მივდიოდით. ფეხზე ვიხდიდით, ბევრს ვხტუნავდით, იქვე ვყრიდით წინდებს, ფეხსაცმელს, წიგნებს, სათამაშოებს და საჭმლის ნარჩენებს. არაფერს გვიშლიდნენ, მხოლოდ ხანდახან გვეტყოდნენ, რომ ნაკლები გვეხმაურა, ან ჩვენს რაიმე გამონათქვამს გამოეხმაურებოდნენ ჭკუისდამრიგებლური რეპლიკებით, ისეთით, მშობლისგან რომ შეჩვეული ხარ, ზეპირად იცი და მაინც გინდა, რომ ისევ გაიგონო. ალბათ იმიტომ, რომ მუდმივობა და დაცულობა იგრძნო ზუსტად ისე, როგორც იმ "არეულობის" ეპიზოდებში; იყო პატარა, უსაფრთხო სივრცეში, იქცეოდე თავისუფლად, ყველაფერი გიხაროდეს, მშობლის მშვიდი და მომთმენი სახე იქვე ახლოს იყოს და იარო ასე, უსასრულოდ.


ნეტავ, როგორი გრძნობაა, როცა ძალიან დიდ ქვეყანაში ცხოვრობ, აი, ისეთში, რომელიც საშუალებას გაძლევს, პოლ ოსტერის გმირებივით სულ სხვა მხარეში წახვიდე და სხვა სახელით სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. ადგე, იარო გზაზე და სადაც გული გეტყვის, იქ გაჩერდე, ერთი სიცოცხლის მანძილზე ორ ადამიანად იცხოვრო. ან კიდევ ისე, როგორც "აგვისტოს ნათელშია" ლინა გროუვის გზაზე ყოფნა. დროებით სიმბოლოებს დავივიწყებ, მხოლოდ იმას გავიხსენებ, რომ გამოუცდელი და უქონელი ორსული ახალგაზრდა ქალი შტატიდან შტატში ისე გადადიოდა, საფრთხეზე არც დაფიქრებულა, არაფერს აუღელვებია. ეტლით ამგზავრეს, ბინაც შესთავაზეს, თბილი საუზმეც, საკუთარი დანაზოგიდან თანხაც გაუყვეს და ბოლომდე უპატრონეს, როგორც თავისიანს და არა შემთხვევით გამვლელს. ამაზე ჩემმა უფროსმა ამერიკელმა მეგობარმა მომწერა, სამწუხაროდ, ამერიკა ასეთი აღარ არის, თანაგრძნობა საკუთრებიც განცდამ შეცვალა, ღირებულებათა სისტემა კი განზრახ მოიშალაო. 

ასეთ პირობებში "ნელი" ყველაზე კარგი სიტყვაა. გამოსავალი იმისგან, რაც თავად შევქმენით, ცუდად მოგვიბრუნდა და შფოთვითი დარღვევების საფუძველი გახდა, ხშირად სწორედ "შენელებაა". (მაგ."ნელი კვება", "ნელი მოდა", "ნელი მშობელ-შვილობა") 90-იანების ფილმში ჯენიფერ გარნერის გმირი სამსახურის მოხსენებაში ამბობს: "we need to remember what used to be good." ("უნდა გვახსოვდეს, რაც კარგი იყო".) ერთ ბლოგზე წერდნენ, რომ ხშირად ჩვენი შფოთვითი ფიქრები ასე იწყება: "ვაითუ..." და გვირჩევდნენ, რომ ბავშვებს არასდროს ვუთხრათ, იმ მაღალ ტოტზე არ ახვიდე, თორემ ხელს მოიტეხავო, და რომ ჩვენი "ვაითუ" პირიქით წარვმართოთ. ვიფიქროთ, რომ იმ ტოტზე აძრომა გამარჯვების განცდას და თავდაჯერებას მისცემს, რომ ესეც და სხვა ყველაფერიც საუკეთესოდ გაგრძელდება. კიდევ რამდენი რამეა ჩვენს ხელში, რამდენი რამის შეცვლა შეგვიძლია და ისევ საკუთარი თავი გვაბრკოლებს. ეს კარგად გაიაზრა ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის გმირმა, რომელსაც ნანა ჯორჯაძე ასახიერებს. მან აღმოაჩინა, რომ თვით იდეურად მოწინააღმდეგე ადამიანშიც კი შეიძლება დიდი განძი აღმოაჩინო მისი საუკეთესო ადამიანური თვისებების სახით და რომ ეს ძალიან ძვირფასს ხდის ცხოვრებას. ის დამძიმებული იყო წარსულის ტვირთით, მაგრამ იპოვა გზა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება: გადაწყვიტა, წარსული ოქროს ძაფებით შეეკერა.

ეს ციტატა ინსტაგრამზე ვიპოვე: It was one of those March days, when the sun shines hot and the wind blows cold: when it is summer in the light, and winter in the shade. - Charles Dickens, Great Expectations. "ისეთი დღე იყო, მარტში რომ იცის: მზე ათბობს, ქარი კი აცივებს. მზეზე თითქოს ზაფხულია, ჩრდილში - ზამთარი." (დიკენსი, "დიდი იმედები") წინა შაბათ-კვირას ზუსტად ასეთი დღე იყო. თბილოდა, დროდადრო ქარი წამოუბერავდა და ნაცრისფერ ღრუბლებს შლიდა. მერე ისევ მზე გამოდიოდა. ჩიტების ხმა ისმოდა, ისეთი დრო იყო, ოდნავ სისუსტეს რომ გრძნობ, წარმოიდგენ, რომ შენი სხეული ნაზამთრალი ბალახის ღერია, ცოტა დარჩა სიცივის ატანა, დღეს თუ ხვალ ახალი სიმწვანე იმძლავრებს და ისიც ამ სიახლის შუაგულში იქნება. ეს ფიქრები სიჩუმეს დაჰქონდა. სანდრას ხან მოვხდიდი ქუდს, ხან ვახურავდი. ის დარბოდა და იცინოდა. ვინატრე, ყველა დღე ასეთი ნელი ყოფილიყო, ასე გვეცხოვრა, გრძნობით, მშვიდობით, სიბრძნით.




12 comments:

  1. როგორ მომენატრა ახლადდაუთოებული თეთრეულის სუნი <3 ...

    ReplyDelete
  2. რამდენი ძვირფასი აზრია ძველიდან ამ დროში სამუდამოდ გაცოცხლებული, შენი დიდი სურვილით . ზღაპარი ზღაპარში - აი ეს გვაჩუქე თინა.

    ReplyDelete
  3. თიკო, მეც ხშირად მინდება არ ავჩქარდე და ვისიამოვნო ყოველი წამით, რომელსაც ჩემს შვილებთან ვატარებ, ბუნებაში, სილაღეში <3 მადლობა დადებითი ემოციებისთვის <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველაზე მეტად სასურველი ახლა ესაა :) ჩვენთვისაც და მათთვისაც.

      Delete
  4. ჩემი ბავშვობის საღამოები ზუსტად მსგავსი იყო <3 როგორ მენატრება, როგორ ძლიერ და გამუდმებით... გუშინ ვეუბნებოდი ზუსტად ჩემს შოთუნას, ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული საღამოები მენატრება-თქო, ყვითელ დივანზე საღამოს გადაცემები, ელექტრუღუმელზე გადაფენი "ადიელა" და ოჯახური სიმშვიდე, მიუხედავდ ირგვლივ გამეფებული სიღარიბისა, შიშისა, მუდამ საფრთხის მოლოდინისა.. <3 ძილისწინ გამთბარი საბნები მომენატრა, როგორ შეიძლებოდა გავცივებულიყავით ცივ თეთრეულში ჩაწოლის გამო...
    რა მაგარია ასეთი სიყვარულით რომ გავსებენ, მერე მთელი ცხოვრება იზოგავ ადამიანი, არავინ ისე არ მეცოდება, როგორც ცუდი ბავშვობის საკუთარ მხრებზე მატარებელი ადამიანები და არავინ ისე არ მეყოჩაღება, როგორც ასეთ ბავშვობა გამოვლილი ადამიანები, რომლებსაც მაინც სიყვარულის გაცემა შეუძლიათ და არამარტო შეუძლიათ, გასცემენ კიდეც უხვად...
    რა მაგარი ციტატაა... და რა უცნაური მარტი დგას სამყაროს ყველა სულიერისთვის...

    დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა...

    “დედის სახლი სამოთხის ადგილია, სადაც საათი მუდამ ჩვენი ბავშვობის დროს უჩვენებს”

    ReplyDelete
    Replies
    1. ყველა ნივთი და დეტალი რომ ძალიან ნაცნობი და ახლობელია, თითქოს შენთან შეზრდილი. მართლა უნიკალური გამოცდილებაა, სწორად თქვი <3

      დედის სახლი დღესაც მიზიდავს, თითქოს სასიცოცხლო ძალას ვიღებ იქ, შემდეგი დღეებისთვის ვისხამ საწვავს.

      დღეს მანქანაში სამივე რომ ვიყავით და სადღაც მივდიოდით, სანდრამ იგრძნო სიტუაციის სიტკბო, ჯერ რაღაცეები იღიღინა და მერე თქვა, მამიკო კეთილიაო.

      მართლა არ მჯერა, რომ ისეთი რაღაც ხდება ჩვენ ირგვლივ, რაც მსოფლიოს ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას! :(

      მშვიდობა გვქონდეს!

      Delete
  5. ამ ჩაჟამულ დღეს ცოტა გავთბი და გადავერთე, ალბათ, აპრილში ყველაზე ცუდი გრძნობაა სიცივე, ნამდვილად არასამართლიანია.

    ReplyDelete
    Replies
    1. :)
      მეც მამხნევებს შენი პოსტები, სულ ახალი სახეები მხვდება.

      შარშანაც ასე იყო,მახსოვს. მთელი აპრილი ჩაჟამებული, მაგრამ სამაგიეროდ პანდემია არ იყო...

      Delete
  6. აუ კიდევ ერთხელ წავიკითხე ახლა ეს პოსტი (პირველად მაშინ როცა გამოქვეყნდა) და ისევ ისე ვისიამოვნე <3
    ამ პანდემიამ ცხოვრების ნელი ტემპი დაგვიბრუნა, რაც ასე გვჭირდებოდა ყველას. რა თქმა უნდა, უფრო მეტი გასაჭირი და განსაცდელი მოჰყვა პანდემიას, მაგრამ ეს დამშვიდება მაინც წაგვადგება, ასე მგონია :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც ეგ გავიფიქრე ამასწინათ, ნელი ცხოვრება მინდოდა და ამიხდა-თქო... <3
      ბევრი დადებითიც ჰქონია ამ რთულ პერიოდს. გვაიძულა, რომ ზედმეტი რაღაცები თავისთავად ჩამოგვეშორებინა.

      Delete