- სკოლაში გეოგრაფია, როგორც საგანი, რატომღაც აგდებული გვქონდა. მასწავლებელი გვკითხავდა: რომელია აფრიკაში ყველაზე მაღალი მთა? დუმილს ვეღარ ელოდებოდა და თავად პასუხობდა გაბრაზებული: კილიმანჯარო! მერე ის ფილმი ვნახე, "კილიმანჯაროს თოვლიანი მთა" და გრეგორი პეკის გმირის ნელი სიკვდილი ღია ცის ქვეშ ძალიან ტრაგიკული მომეჩვენა.
The Snows of Kilimanjaro, 1952
- ქობულეთის პლაჟზე ნაყინი "ჯინის" პრომო კამპანია იყო გაჩაღებული. იმ სიცხეში ჯინის კოსტუმში გამოწყობილი მსახიობი დადიოდა, დღეში ალბათ ათ გზას აკეთებდა. ქობულეთელმა ბავშვმა მიაძახა: რაის ჯინი ხარ შენ, კაცი ხარ!
(ფრაზის აუდიო კომპონენტი - უსაყვარლესი გურულ-აჭარული ინტონაცია და მახვილები)
- ალენ დელონის აჟიოტაჟმა გამახსენა: ჩვენი მშობლების თაობაში კაცის გარეგნობასთან დაკავშირებით ის იყო საზომი. ლამაზ და ეფექტურ ქალზე იტყოდნენ, შანტეკლერის დედოფალიაო. ეს ფილმი, 60-იანებში გადაღებული ესპანური დრამა, "ილუზიონში" ჰქონდათ ნანახი. სარა მონტიელი თამაშობდა. მადრიდში ახლაც არსებობს "სალონ შანტეკლერ." ფეისბუქზე ბევრი რუსი ახლაც ირქმევს "კარალევა შანტეკლერს." ეგენი იქეთ იყვნენ და ერთხელ მეც მითხრა ახლობელმა: დედა, თიკო, რა კარგად ხარ ამ სურათზე, ნამდვილი შანტეკლერი ხარო! ყოველ გახსენებაზე გიჟივით მეცინება.
სარა მონტიელი. |
- იმ წელს ბაგრატის ტაძრის ეზოში განათება დაამონტაჟეს. ქალაქიდან კარგად ჩანდა. დედამ თქვა, რა ლამაზია, მოდი, ცოტა ხანს ვუყუროთო. დავდექით სამივე: მე, ზაზა და დედაჩემი და ბაგრატს ვუყურებდით. უცებ, სიბნელიდან კაცის ხმამ მოგვმართა: რამდენი ხანია, აქ ვდგავარ და თქვენს მეტი არავინ გაჩერებულა, არადა, როგორი ლამაზიაო. ძვირფასი, ძვირფასი საღამო იყო.
source: http://www.tedbotha.com/georgia.html |
- თეთრ ხიდს რომ გადაივლიდი, ძველი აფთიაქი იყო. ჩვენი მეზობელი მუშაობდა. დედამ კედელზე გაკრული ხის დაფა დამანახა: "ნიკოტინი შხამია". მამაშენმა გაუკეთაო (მისი ჰობი იყო ხის დამუშავება, მისგან ნივთების დამზადება და სპეციალური აპარატით ფიგურების და წარწერების ამოწვა). მახსოვს, მაშინ ვკითხე, ნიკოტინი რა არის-თქო.
- მე და ლაშა ვიცინით ხოლმე საბჭოთა პერიოდის ჟურნალისტურ ენაზე. "რედაქციაში წერილი მოვიდა". "მელოდია, რიტმი, განწყობილება." "ვესაუბრებით მთავარ ინჟინერს..."
- წარწერების კითხვის მანიაკი ვარ. უცხო ენების ლექსიკურ მარაგს ძირითადად ამ ცნობისმოყვარეობას ვუმადლი. ჰოლანდიაში შევნიშნე, რომ ბევრს ეცვა "ხაასტრას" (Gaastra) ფირმის ქურთუკი, აი, ისეთი ქსოვილის, მალე რომ შრება. ამიხსნეს, რომ ეს ფირმა სერფინგის ატრიბუტებს ამზადებს და ამით გახდა პოპულარული. სუფთა ნიდერლანდური რაღაცაა: ჟღერადობა, კონტექსტი (წვიმა, ველო, ნაოსნობა, სპორტი). ლავ ით.
- სტუდენტთა სახლში საერთო სამზარეულო გვქონდა. ბუნებრივი რესურსების დაზოგვის შესახებ ინფორმირებულმა ახალგაზრდებმა რამდენჯერმე ზრდილობიანად მირჩიეს, სანამ ჭურჭელს საპონს უსვამ, წყალი დაკეტე და მერე ისევ მოუშვიო. იმასაც არაუშავს, თუ კარგად არ გაავლებ და ქაფიანს შეინახავო. ნამეტანი რომ ქნეს, ვუთხარი, აბა, კარგად მომისმინე, გენაცვალე, მთელი ბავშვობა ორი ვედროთი წყალს ვეზიდებოდი ცალკე სამზარეულოს და ცალკე აბაზანისთვის-მეთქი. სხვა რამეებიც მივაყოლე, არაფერი გადამიჭარბებია, წვიმის და თოვლის წყლის მოგროვებაზე და მსგავს რამეებზე. უსიტყვოდ მიუბრუნდნენ თავიანთ საქმეს.
- დედას სამსახურში ძალიან კეთილი ქალები მუშაობდნენ. ხანდახან ბუღალტერიის ოთახში მტოვებდა. სულ რაღაცით მიმასპინძლდებოდნენ, რაღაცებს მჩუქნიდნენ. ერთმა უძვირფასესი წიგნი მაჩუქა, ჯულია კანინგემის "ნამცხვარა." (Macaroon) წარწერაც გაუკეთა, გუგული ტოგონიძე ერქვა. ის წიგნი დავკარგე. ქეთიმ იზრუნა, რომ ისევ მქონოდა. ფუმფულა და წვრილთათება ენოტი, კოხტასახელიანი გოგო ერიკა, შინამოსამსახურის გამომცხვარი მაკარუნები, მელიის სოროში ძილი და გრილი ტყე. ზამთრის მყუდროებაში უკეთესს ვერაფერს წაიკითხავ.
- არ ვიცი, რატომაა მთელი მსოფლიო გაგიჟებული ტატუირებაზე. ეს ჩვევა ძველი აღთქმის ებრაელებსაც ჰქონიათ. როგორც ჩანს, გარდაცვლილი ახლობლის სახელს იკაწრავდნენ სხეულზე. მერე მოსეს პირით ეუწყათ, რომ ეს აკრძალული ჰქონდათ. 3D ტატუები ხომ მთლად ავადმყოფობაა. ყველაფერს რომ აწერენ მაისურებზე, დააწერონ: ჩემი სხეული სურათების ალბომი არ არის.
- ადრეც ვწერდი, ჩემი ძმა მოდარაჯებული იყო, რაზე დაეცინა ჩემთვის. ერთხელ განასახიერა, როგორ მივდივარ ზლაზვნით ტანსაცმლის კარადასთან, ცალი ხელით თავს ვიქექავ და ვამბობ: რა ჩავიცვა?
- "გრძელ, ნათელ დღეებს" რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ჩვენს საბჭოთა ტრავმებს ბინძური ტუალეტებიც ემატება. გახსენებაც ძნელია, როგორი იყო ტუალეტები არასაცხოვრებელ შენობებში. მრავალი, მრავალი წლის მანძილზე. ჩვენ გავიზარდეთ ამ ბინძურ ტუალეტებსა და დანით ამოჭრილ ავტობუსის სავარძლებს შორის. სადარბაზოს კედლებზე ამოკაწრული წარწერები და ჩამოკბეჩილი ძველისძველი კიბეები რომ დაინახა, უცხოელმა სტუმარმა იკითხა, აქ ანარქისტები ცხოვრობენო?
- ჩემს ბავშვობაში "ტექნიკის მიღწევა" სათამაშო იყო საჭვრიტინო-მოზაიკა: პლასტმასის პატარა მილი იყო, ცალი თვალით იჭვრიტებოდი, მილს ატრიალებდი და ხედავდი, სხვადასხვა ფერის ფიგურები როგორ იცვლებოდნენ და სრიალებდნენ სარკეზე. მაშინ დიდ საოცრებად მიმაჩნდა. მოზაიკამდე ბიჭი თოჯინა მყავდა, შავკანიანი, გიაკო ერქვა. ცოტა ტანსაცმელი მიჭირდა მისთვის: სულ გოგო თოჯინების კაბები მქონდა.
- ქუთაისის მერიაში ხშირად დავდიოდი, მეგობარი მუშაობდა. როგორც ზეემოციურ ადამიანს, ყველაფერი მთრგუნავდა იქ: სარემონტო ინტერიერი, ძველი ავეჯი, სიგარეტის ნამწვავებით მოფენილი ურნების ტერიტორია კიბის კუთხეში და განცხადებებით ხელში კაბინეტებთან მომლოდინე მოწყენილი ადამიანები. ერთხელ ნათიას ვუთხარი, აქ რომ შემოხვალ, ყველაფერზე გვეტყობა, ღარიბი ქვეყანა რომ ვართ-მეთქი. მერე ნათიას დედა მეუბნებოდა, როგორ იყო, თიკო, როგორ ამბობდიო? ყველა კუთხიდან სიღარიბე იმზირებაო?
- სკოლის პროგრამაში შედიოდა ვიზიტები კინოთეატრში დღის სეანსზე. ერთხელ კინო "კომუნაში" გერმანულ ფილმზე წაგვიყვანეს: "ძებნაშია საბინა" (დედანში "საბინე" იქნებოდა). ჩვენხელა გოგოზე იყო, სკოლიდან გაიპარა და დადიოდა თავისთვის. ერთ ეპიზოდში შოკოლადის პეჩენიას ჭამდა. იმ პეჩენიის დარდი და ინტერესი გამომყვა. ძალიან პრუტუნა და გათიშული ბავშვი ვიყავი. ნეტა, როგორ მიტანდნენ.
- ისევ საყვარელ ინტონაციებზე: ჩემმა მეგრელმა მეგობარმა ვიღაცის გარდაცვალების შესახებ მითხრა. შევწუხდი, როგორ გამომრჩა-მეთქი. დამამშვიდა: ჯერ არ იქნება დამარხული!
- ფელინის ფილმში "დედიკოს ბიჭები" I Vitelloni (1953) ასეთი სცენაა: დიდი წვეულება მთავრდება. თენდება. ძლიერი ქარია. წვეულების მოსართავი ფერადი ნათურები ქარში ირხევიან. ჩვენთანაც ქარების სეზონი იწყება და მოგონებებიანი ზამთარი გადის.
კაი გამოდგა ძილისწინ :) ❤️❤️❤️
ReplyDeleteTIKO! :* :*
Deletecomments albat shemdeg davcer, jer emociebis kvesh var ;-) isev gvxiblav da gvaoceb sheni peradi postebit Tinatin, xxx Nanuka
ReplyDeleteძვირფასო! <3
Deleteთინი, მეც მახსენდება ,ბებიას როგორ დავყვებოდი ყველგან, უყვარდა ჩემი წაყვანა, მეც მომწონდა მასთან ერთად სიარული.
ReplyDeleteთან შენი, ეს, მოგონებები ქუთაისს უკავშირდება. თეთრ ხიდს და ბაგრატს , რომელსაც ჩვევად მაქვს და ქალაქის სხვა და სხვა კუთხიდან სულ ვეძებ!
ბევრი ვიცინე წყლის ამბავზე, ნეტა სხვები მაგას თუ გაიგებენ. ქვეყანაში, სადაც წყალი უბრალოდ იღვრება და იკარგება ,ონკანში წყალი ახლაც მიდის და მოდის :))
წვიმიან დღეს დაბადებული, ტირია გოგოს ეს მოგონებები, რაღაცით ჩემია.
მეც ძალიან მიხარია, ბევრი საერთო რომ გვაქვს და ბევრი ნიუანსი რომ ნაცნობია შენთვის! :)))
Delete<3
<3 <3
ReplyDeleteთიკო, ის "ტექნიკის მიღწევა" მოზაიკა ამ წუთასაც კომპის მაგიდაზე მიდევს – ადრე ჩემს ბავშვობისდროინდელ ნივთებში ვიპოვე და მას მერე, ხანდახან ვიყურები ხოლმე და მეღიმება:))
აი, კაცის ხმა სიბნელიდან – ეგ ამბავი ისე წარმოვიდგინე, თითქოს კინოეპიზოდს ვუყურებდი:)
მიყვარს შენი კითხვა, ძალიან თბილ და ძვირფას რაღაცებს ეხები, რაც გულის სიღრმეშია :*
ქეთი, როგორ მიხარია! <3
Deleteრა საოცარია, არა, ჯერ შენ რომ იპოვე ნივთებში და ახლა თან გაქვს და მერე რომ აქ წაიკითხე! :))
ბაგრატი მართლა დედასავით გადმოჰყურებდა მაშინ ჩაბნელებულ ქუთაისს, ახლაც განახლებული დგას და გვიცავს! :)
აუუუ.... :))))) 2 ციტატაზე ვიცინე ძაან:
ReplyDelete1. "სკოლაში გეოგრაფია, როგორც საგანი, რატომღაც აგდებული გვქონდა" ჩემს კლასში დამაბრუნა და გამახსენა ფრაზები: "მე შენ განახებ საგნის და მასწავლებლის აგდებას სემესტრის ბოლოს"; "შენი ასაგდებია ნიკო ლორთქიფანიძქე? კაცი გენიოსი იყო!" და ა.შ.
2. "რაის ჯინი ხარ შენ, კაცი ხარ!" ნუ ეს უკომენტაროდ.... ჩემი უბნის თავგასიებული ბავშვები გამახსენდა... :)
:D :D :D
Delete<3
ReplyDelete<3 <3
Deleteთიკუნ. ეხლა დამიდგა თვალწინ თამარა ბებო. მარგალიტას და უშანგისაც ესე დავყავდით ხოლმე მე და სალო. გახსოვს რა კარგი ბავშვობა გვქონდა ჭოგნარში. ალბათ ესეთი სილაღე ძალიან მოგვენატრება.
ReplyDeleteაუ :( რა მწარე ყოფილა ამის გააზრება. თან მეხსიერებაც როგორია იმ წლების. ზღაპარივით რომ გახსოვს კადრები და რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება მოგონილს და წარმოსახულს.
Deleteთიკო,წავიკითხე და არ მინდოდა ,ფინალი ახლოს ყოფილიყო!მთელს არსობაში საოცარი სითბო ჩამეღვარა!იმდენად ბევრმა მოგონებამ მოიყარა თავი,დროში ვიმოგზაურე და გავთბი....რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რამდენმა წელმაც არ უნდა გაიაროს სულ ჩემი იქნება ის წარსული და ის დღეები, რომელიც ჩემს ტკბილ ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად გავატარე:ჩემს ნინოსთან და ვანოსთან,ჩემს ნანა-ნინოსთან და ჩემს ირაკლი და ლაშასთან...ყველაზე ტკბილი ხომ იმერეთი იყო...სოფელი ძევრი და სიყვარულით დახუნძლული თამარა ბებია და ნათელა მამიდა...ღმერთო, რა ტკბილი მოგონებები შემომრჩენია თურმე...რა ლამაზია ასე შორიდან დანახული ჩემი ბავშვობა!მადლობა თიკო იმისთვის,რომ არამარტო ჩემს გულში,გაზაფხულის კაშკაშა მზე შემოიყვანე!თიკო,შენ საუკეთესო ხარ!ყველაზე ორიგინალური და გემოვნებიანი, თუკი ვინმე შეგვხვედრია სიცოცხლის მანძილზე!მიყვარხარ!
ReplyDeleteთიკო,წავიკითხე და არ მინდოდა ,ფინალი ახლოს ყოფილიყო!მთელს არსობაში საოცარი სითბო ჩამეღვარა!იმდენად ბევრმა მოგონებამ მოიყარა თავი,დროში ვიმოგზაურე და გავთბი....რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რამდენმა წელმაც არ უნდა გაიაროს სულ ჩემი იქნება ის წარსული და ის დღეები, რომელიც ჩემს ტკბილ ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად გავატარე:ჩემს ნინოსთან და ვანოსთან,ჩემს ნანა-ნინოსთან და ჩემს ირაკლი და ლაშასთან...ყველაზე ტკბილი ხომ იმერეთი იყო...სოფელი ძევრი და სიყვარულით დახუნძლული თამარა ბებია და ნათელა მამიდა...ღმერთო, რა ტკბილი მოგონებები შემომრჩენია თურმე...რა ლამაზია ასე შორიდან დანახული ჩემი ბავშვობა!მადლობა თიკო იმისთვის,რომ არამარტო ჩემს გულში,გაზაფხულის კაშკაშა მზე შემოიყვანე!თიკო,შენ საუკეთესო ხარ!ყველაზე ორიგინალური და გემოვნებიანი, თუკი ვინმე შეგვხვედრია სიცოცხლის მანძილზე!მიყვარხარ!
ReplyDeleteმეც ძალიან მიყვარხარ, თამუნა! ქრისტიანი როგორიც უნდა იყოს, ისეთი ხარ შენ.
Deleteდიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. ნათელასაც წავაკითხე შენი კომენტარი. <3
ბედნიერები და მდიდრები ვართ, რომ ეს მოგონებები გვაქვს. ახლა ყველაფერი სასტიკია ჩვენ ირგვლივ და კარგია რომ ის მაინც გვახსოვს, რაც ადრე გვქონდა.