http://ermonia.blogspot.com/2010/07/i-old-kutaisi.html |
ის ძველი სანაყინე ბაღის შუაგულში იდგა. მგონი, დასაშვები კედლები ჰქონდა. პირდაპირ შიგნით აბიჯებდი, თან კაფეში იჯექი და თან გარეთ, ბაღის სიმწვანეში. იმ პერიოდში ყველა კაფეს ერთნაირი, სტანდარტული სანაყინე ჭურჭელი ჰქონდა: ზედა ნაწილი პრიალა ვერცხლისფერი მეტალის იყო, ფეხი - სპილოსძვლისფერი პლასტმასის. ხანდახან ვუყურებდი, როგორ ასველებდა კაფეს თანამშრომელი ამოსაღებ მრგვალ კოვზს ჯერ წყალში, და შემდეგ ვერცხლისფერ ზედაპირზე კოხტად აწყობდა სამ ნაყინის ბურთს. იმ სანაყინე ვაზის დანახვა ჩემთვის სიხარულის დასაწყისს ნიშნავდა. ყველაზე მეტად შოკოლადის ფანტელებით ვიყავი მოხიბლული, რომლებსაც ვანილის ბურთებზე აფრქვევდნენ. რაღაც ძალიან უცხო და განსაკუთრებული იყო ჩემთვის და მეგონა, ნაყინის მირთმევის მთელ პროცესს უფრო ჯადოსნურს ხდიდა. იმ სანაყინეში ხშირად დედასთან და მის მეგობრებთან ერთად დავდიოდით. ალბათ, საუბარს გათიშული ვიყავი: ჩემი გონება ამ ფანტელებით იყო დაკავებული. მეჩვენებოდა, რომ განსაკუთრებულ გემოს სძენდა ნაყინს, თან მყარი იყო და პირში არ დნებოდა. ალბათ, ჩვეულებრივ შავ შოკოლადს სამზარეულოს სახეხზე ხეხავდნენ და ზოგიერთი ფანტელი ამიტომაც იყო ხის ბურბუშელასავით აპრეხილი.
ერთ რუსულ საიტზე ვიპოვე ეს ფოტო. |
წლების წინ სულ მოლოდინებით ვიყავი სავსე, გამოუცდელობის გამო. ყველგან, ყველა სიახლეში, ყველა ადამიანში თუ უბრალო პროზაულ ამბავში იმ შოკოლადის ფანტელებს ვეძებდი გაუცნობიერებლად. ცნებებს რომ ორი მხარე აქვს, ამის გახსენებას თუ შევეცდებოდით და დაფაზე რამდენიმეს ჩამოვწერდით, "მოლოდინის" მეწყვილედ ალბათ "იმედგაცრუებას" მივიღებდით. მაინც ლამაზია მოლოდინი: ზოგჯერ პროექტის მონახაზივითაა, ბუნდოვანი და თან ჯიუტი რწმენით სავსე. როგორც იდეალისტი, ვაგროვებ ამ იდეის ნაირგვარ გამოვლინებას. დოჩანაშვილს ჰყავდა "სამოსელი პირველში" ერთი ქალი, რომელსაც შეეძლო, ჯერ ჩაუდენელი გმირობისთვის შეეყვარებინა კაცი. ამ ქალს ხშირად უბრუნდებოდა და გვახსენებდა: აი, ეს ის ქალია, კაცი რომ მომავალში ჩასადენი გმირობისთვის შეიყვარაო. ამერიკელი მწერალი ქალი ფრანჩესკაც ამ კლუბის წევრია, ტოსკანაში რომ დასახლდა შიშებთან პირისპირ. იქაურმა კაცმა უამბო ავსტრიასა და იტალიას შორის, ალპებში, ერთი მიუვალი, ციცაბო ადგილის შესახებ, რომელზეც სარკინიგზო გზა გაიყვანეს. გზას ვენა და ვენეცია უნდა დაეკავშირებინა. საოცარი ის იყო, რომ მაშინ მატარებელი არც არსებობდა. გზა იმ რწმენით ააშენეს, რომ ერთ დღეს იქ მატარებელი გაივლიდა. ხომ არის ხოლმე კვირის შუა დღეები, როცა მძიმე ფიქრები გვეძალება. კაცების არ ვიცი და ჩვენ, ქალები ხშირად ვყიდულობთ კოსმეტიკას, ტანსაცმელს, აქსესუარს, იმედიანად გვიდევს ჩანთაში, მოვდივართ და წარმოვიდგენთ დღეებს, რომლებიც მომავალში დადგება. იმ შარფს მოვიხვევთ, ის რუჟი გვესმება, ყველა კბილი იქათქათებს, თმა შამპუნის რეკლამასავით იცეკვებს შენელებულ კადრში, ჩვენ სულ მაღლა ავიხედავთ და ფეხს ქუჩის ორკესტრის რიტმებს ავაყოლებთ.
ეს ნახატი წლების წინ, ვაშინგტონის გალერეაში ვნახე. ახლაც ბევრი რამის სიმბოლოდ მესახება. კიდევ ერთი ესპანელის, პედროს ახალმა ფილმმა დამაფიქრა არასდროს რომ არ შეიცვლება, ისეთ რამეებზე. ხომ გვყავს ადამიანები, რომელთა გულისთვისაც დაუფიქრებლად დავთმობთ სიცოცხლეს, გადავდგამთ მთებს, ამოვიღებთ გულს. იმ უპირობო სიყვარულს, რომელიც მათთან გვაკავშირებს, ერთი წილი ტკივილიც ახლავს თან. ეს ტკივილი ზოგჯერ გულისწყვეტაა, უმეტესად კი დანაშაულის გრძნობა, რატომ ასე არ გააკეთე, რომ ის უკეთ ყოფილიყო და სხვა ათასგვარი "რატომ". ალბათ, რაც უფრო ძლიერია სიყვარული, მით უფრო გვინდა, იმ ადამიანისთვის ყველაფერი შევძლოთ, დამცავ კედლად გადავიქცეთ, პატარა პრინცის ვარდივით მინის ხუფში მოვაქციოთ, რომ პლანეტის მტვერი არ მიეკაროს. ეს კი რეალობასთან კონფლიქტს ქმნის და ალბათ, ამიტომაც გვტანჯავს დანაშაულის გრძნობა.
მურილიო. "გალისიელი ქალები ფანჯარასთან". |
ბოლო დროის მოწონებული სიმღერა, სხვა ესპანური ფილმიდან გავიცანი.
ვინც უკვე ნახეთ "ხულიეტა", ალბათ ჩემსავით აღფრთოვანდით ჰეროიკული მოლოდინით, რომელიც გამართლდა, რეალიზდა. მწერალი ფრანჩესკა, გალისიელი ქალები, დედა ხულიეტა, ეს მომღერალი ქალი და თქვენც, ვინც ფიქრით გამომყევით, ცხელი სამხრეთული დღის ბოლოს ფანჯარასთან მდგომი გავხედავთ ალპების ვიწრო გზაზე მიმავალ მატარებელს. ხელში შოკოლადის ფანტელებმოყრილი ნაყინი გვეკავება. (ისეთი სანაყინე ვაზა არ გვექნება, მაგრამ არაუშავს) გაგვეღიმება, როცა გაგვახსენდება: მატარებლისთვის გზა დიდი ხნით ადრე გაიყვანეს.
Tina saocari gogo xar shen .
ReplyDelete<3 <3
Deleteუცნაურია, მაგრამ ეს სტანდარტები რომანტიკას ქმნიდნენ... უწყინარი ნივთები შემდგომში ლამაზი მოგონებების საბაბ-მიზეზი ხდებოდა, თან რომ ამდენ დამიანს აერთიანებდა.. ფანტაზიაც არავისი მომკვდარა, პირიქით, მშვიდად, ლამაზად იფრქვეოდა და ლაგდებოდა, როგორც შოკოლადის ფანტელი ნაყინზე, შენ რომ სასწაულად აღწერე. მე სევდა მომფინე თინ... ალბათ სწრაფად გავარდა ეს ზაფხულიც... ჩემო მდიდარო თინა...
ReplyDelete<3 მდიდარი ვარ თქვენით
Deleteემოციის გამო სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, თიკო <3
ReplyDelete"ამერიკელი მწერალი ქალი ფრანჩესკაც ამ კლუბის წევრია, ტოსკანაში რომ დასახლდა შიშებთან პირისპირ. იქაურმა კაცმა უამბო ავსტრიასა და იტალიას შორის, ალპებში, ერთი მიუვალი, ციცაბო ადგილის შესახებ, რომელზეც სარკინიგზო გზა გაიყვანეს. გზას ვენა და ვენეცია უნდა დაეკავშირებინა. საოცარი ის იყო, რომ მაშინ მატარებელი არც არსებობდა. გზა იმ რწმენით ააშენეს, რომ ერთ დღეს იქ მატარებელი გაივლიდა. ხომ არის ხოლმე კვირის შუა დღეები, როცა მძიმე ფიქრები გვეძალება. კაცების არ ვიცი და ჩვენ, ქალები ხშირად ვყიდულობთ კოსმეტიკას, ტანსაცმელს, აქსესუარს, იმედიანად გვიდევს ჩანთაში, მოვდივართ და წარმოვიდგენთ დღეებს, რომლებიც მომავალში დადგება. იმ შარფს მოვიხვევთ, ის რუჟი გვესმევა, ყველა კბილი იქათქათებს, თმა შამპუნის რეკლამასავით იცეკვებს შენელებულ კადრში, ჩვენ სულ მაღლა ავიხედავთ და ფეხს ქუჩის ორკესტრის რიტმებს ავაყოლებთ." – რატომ გვჭირს ასეთი რამეები? :)
ალბათ, იმ ჯიუტი რწმენის გამო. ჩვენ ვემზადებით, ჩვენსას ვაკეთებთ, რომ მზად ვიყოთ "იმ დღისთვის". ფრანჩესკასაც ხომ აუხდა. ამბობდა, რად მინდა ამხელა სახლი, ამხელა სამზარეულო, ვის უნდა გავუკეთო სადილი? ამ ეზოში ქორწილი თუ არ გადავიხადე, რად მინდა? მერე, ისე ზედმიწევნით და მალე ახდა, ვერც მიხვდა თვითონ და ფაქტის წინაშე დააყენეს.
Delete<3 <3
ჰო, როცა გაყვანილი გზაც გავიწყდება, მაშინ გამოჩნდება მატარებელი
Delete<3 <3
ჰო, ზუსტად ასეა <3
Deleteრამდენი გრძნობა მაჩუქე, რამდენი რამე მასწავლე ამ პოსტით, რამდენ რამეზე დამაფიქრე <3 ყველაფერი ყველაფერი ყველაფერი ახლო იყო და "ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარა" ისე დავეწაფე <3 ქალებზე მთელი სიზუსტით დაწერე, ფილმს უნდა ვუყურო, ფოტო <3
ReplyDeleteვერიკო, რა საყვარელი ხარ <3 <3 რაზეც ადრე ვლაპარაკობდით, მშობლებზე და შვილებზე, თითქოს პედრო ჩუმად გვისმენდა, ის თემები გაუშლია... მწველი სიყვარული და სიახლოვე. ველი შენს შთაბეჭდილებებს.
Deleteგარეთ მზეა, ისეთი, ქუთაისში სექტემბერში რომ იცის, ზომიერად და სასიამოვნოდ რომ გვათბობს...ლამაზი დღეა, ლურჯი ცა, რითაც არც ისე ხშირად გვანებივრებს აქაური ჰავა. თუმცა დღეს დილით ყველაზე მეტად შენმა პოსტმა გამითბო გული მაინც ;-) საოცარი ადამიანი ხარ თინ...მზესავით თბილი, ხან უფრო მეტადაც ;-)
ReplyDeleteმაინც ნაყინზე მინდა ვთქვა,იმ ნაყინზე, რომელიც ყველაზე გემრიელი მეჩვენებოდა ამქვეყნად! საოცარია, ბევრი რამ მიმავიწყდა ბავშვობიდან, თითქოს ის სხვა სამყარო იყო, სხვა განზომილება, ისეთი განსხვავებული დღევანდელი ყოფისგან, რომ ახლა არარეალურადაც კი მეჩვენება. თუმცა ზედმიწევნით კარგად მახსოვს ნაყინი, ნაყინის ჭურჭელი და რა თქმა უნდა შოკოლადის ფანთელები. იცი რატომ? მეც ასე ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს ბავშვობაში მოჯადოებულივით ;-)
ეს პატარა, ტკბილი, ცხოვრებისეული დეტალები, ტკბილზე უტკბესი...მათი ჩვენ გონებაში ხელახლა გაღვიძებას და ამით ისევ ტკბობას უშენოდ ვერ შევძლებდით დარწმუნებული ვარ. გკოცნი და მადლობა ამისთვის,ნანუკა
ვინ იცის, რამდენჯერ მოვხვდით ერთად იმ სანაყინეში! :)
Delete<3 რომ იცოდე, ჩემთვის რამხელა რამაა შენი ეს ასოციაციები <3 <3
კიდევ გისურვებ ბევრ ჯადოსნურ სასწაულს, ბევრ ფანტელს.
ეს სანაყინე ვაზები სოხუმთან ასოცირდება რაღაცნაირად. ალბათ უფრო მშობლების მონაყოლიდან, მაგრამ შეგრძნებებიც მახსოვს თითქოს, გემზე როგორ მივირთმევ ნაყინს.
ReplyDelete<3 სოხუმს რა შეცვლის ... :(
Deleteიქ კაფე "პინგვინი" იყო სანაპიროზე...