Friday, March 6, 2015

"What is this thing, of which I sing?"

მიყვარს ხეები. სადაც ხეს ვერ ვხედავ, თავს ცუდად ვგრძნობ. მინდა, სულ ვეხუტო და მადლობა ვუთხრა, შიშვლებიც რომ ლამაზები არიან, ცოცხლებიც და მკვდრებიც ჩვენ რომ გვემსახურებიან. სოხუმში ჩვენებს ჰქონდათ პირველი სართულის ოთახები სულ ხეში გაკეთებული. ისეთი სუნი იდგა! მიყვარს, როცა ვეხები ხის კედლებს, ავეჯს, ნივთებს. მამა აკეთებდა ხისგან ლამაზ ნივთებს, უმეტესობა გააჩუქა, უყვარდა სხვების გახარება. იოსებ დამწინდველი დურგალი იყო და ყრმა იესოს და მის ხორციელ ძმას, იაკობსაც შეასწავლა ეს საქმე. 

"წმინდა ოჯახი". თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. 
ბავშვობის დაბადების დღეები ალბათ აღარასდროს იქნება ისეთი. არც ტრუმენ კეპოტის მოთხრობებისნაირი და არც ისეთი, ჩვენ რომ გვქონდა. მეგონა, გლენ მედეიროსი ყველაზე კარგი ტიპი იყო და ის სიმღერაც, nothing's gonna change my love for you, ყველაზე თბილი და მელოდიური. რიჩარდ სენდერსონის რეპერტუარი (she loves me again) პიანინოზე გვქონდა აწყობილი და იდილიურად განათებულ ოთახებში ვუკრავდით. გული სავსე მქონდა მოლოდინით და მომავლის გაურკვევლობით, ვოცნებობდი რაღაც აღმატებულზე, ამ ოცნებისკენ კი თითქოს უცხოური მუსიკის ხიდით მივდიოდი.

სამუელ მარშაკის "ფისოს სახლი" ჯერ ქართულად წავიკითხე, დედამ გვაჩუქა წიგნი მე და ზაზას. მერე თოჯინური ფილმი ვნახე. სულ ღამის სცენები იყო და ძალიან დრამატული მეჩვენებოდა. ქართულ ტექსტში კნუტების სავედრებელ სიტყვებში ასეთი სტრიქონი იყო: "გავთბებით და წავალთ." ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ ლაშასთვისაც საყვარელი მულტფილმი ყოფილა და მისი მუსიკა სმენით აუწყვია პიანინოზე.


"მე მიყვარს მკვდრები." "ამბრნი, უმბრნი და არაბნის" მერცია ამბობდა ასე. მეც მიყვარს მათი გახსენება, სულერთია ვიცნობდი თუ არა. წასულ ადამიანებზე ფიქრის გარემოცვაში ჰარმონიულად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამ დროს თითქოს გარს ნათელი მაკრავს და რაღაც მუდმივს ვარ ჩაჭიდებული, რომელიც მიცავს. როცა უცხო ქალაქში მოვხვდები, ისე ხდება, რომ სასაფლაოზე ვხვდები.  ევროპის ქალაქებში ბევრი სასაფლაო მაქვს ნანახი. მაინტერესებს წასული ადამიანების სახელები, სახეები, ცხოვრება. ისიც მაინტერესებს, მათი ცხოვრებიდან როგორები ვჩანვართ ჩვენ. ხევსურული პოეზია სიკვდილთან  და მკვდრებთან დამოკიდებულების გამო მიყვარს. ("გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე! შენთან მოვდივარ და ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი. რამდენი გეძებე, რამდენი გეძახე, რამდენი ვიღვაწე, ხმა არ გამეც და უშენობა მეტად ვერ შევიძელი...")


ქალაქი ენსხედე, ჰოლანდიის აღმოსავლეთით. დიანიტას წავყევი თავისი მეგობრის სანახავად და სეირნობისას ამ სასაფლაოს წავაწყდით.


ეს სტოკჰოლმის ვუდლენდის სასაფლაოა, მშვიდი და სადა. იმ დღეს ქარი იყო და ტირიფებს არხევდა. ოპერატორის (ჩემს) "ოსტატობას" თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი სამოთხისმაგვარი იყო. ვიკითხე და ვიკითხე გვარები. როგორ მინდოდა, ამ ოჯახების ამბები მომესმინა!



აღდგომისწინა პერიოდში, როცა ლოცვიდან სახლში ვბრუნდები, მგონია, ყველა ჩემი საყვარელი პოეტი ცოცხლდება და ხელახლა წერს ბზაზე, საღამოსა და გალობაზე. ასეთ დროს სიცივისგან ცოტათი მაჟრჟოლებს, თავს ვარწმუნებ, რომ სიცივე უკვე მოტყდა და გაზაფხულის ნიშნები მომრავლდა. ბავშვობაში დედაჩემს ვთხოვდი, უკვე თბილა და გეტრებს ჩავიცვამ-თქო. ჭკუა მის მერე დიდად არ მომმატებია: თბილ ტანსაცმელს შესანახად ვამზადებ იმ იმედით, რომ აღარ დამჭირდება. თუმცა, ერთი რამ არ შემინახავს: ლაშამ ინდური წინდები მიყიდა, ჟრუნი ფერის, აქლემის ბეწვისაა და სულ გამიღუღუნა ფეხები.

მარტივით არეული პოსტია, რომელშიც ყველაზე ხშირად იკითხება სიტყვა "მიყვარს." ჰო, მართლა: სათაურის სიტყვები ჩარლი ჩაპლინის "გაზაფხულის სიმღერიდანაა", რომელსაც "რამპის ჩირაღდნებში" მღერის.  

7 comments:

  1. ხო, ხეები მართლაც დიდი სასწაულია , ვგიჟდები მეც მათზე. მიხარია როცა ხეს დავრგავ და ის იხარებს :) რატომღაც ყველა ჩემი დარგული ხე ხარობს და როცა ჩემებთან მივდივარ მათ რო ვუყურებ მეამაყება და ვიძახი ეს ჩემი დარგულია ეს კიდე ჩემითქო :) თბილისში როცა ვსავლობიდ დეფიციტი მქონდა ხეები და გაზაფხულის სურნელი მენატრებოდა :) მახსოვს სააღდგომოდ რომ ჩამოვედი ქუთაისში სხვა სურნელი იდგა, აყვავებული ტყემლების, ეკალის და სხვადასხვა ყვავილების, ტაქსიდან თავი მქონდა გადმოყოფილი და ღრმად ვისუნთქვდი :)

    წარმატებები თინიტა :)

    ReplyDelete
  2. ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა მის საფლავზე იები ამოვიდა, ძველი სასაფლაო, სხვებიც არიან დაკრძალული, იები კი, მხოლოდ მის საფლავზე ამოვიდა, თავთან, თითქოს განგებ დაერგა ვინმეს.
    ნაზიარები იყო და მისი სულიც გამოარჩია უფალმა - თქო , მაშინ ვიფიქრე.
    მარტს, გაზაფხულის სუნი მოჰყვება, თან ქალის ხასიათს აბრალებენ , დღესასწაულების გამოც , მარტი ქალის თვეა...
    და ყველაზე მეტად უხდება სიტყვა ,, მიყვარს"

    ReplyDelete
  3. ხატია, რა ბედნიერებაა, საკუთარ დარგულ ხეს რომ უყურებ, რომელიც გაიზარდა და გაიფურჩქნა! საოცრებაა მართლაც. რა სწორად თქვი, ჩვენი მხარე უფრო რბილი და წვნიანია ყველა თვალსაზრისით :)

    ირი, მეც ასე ვიფიქრებდი. ეს დიდი ნუგეშია. დიდება უფალს! მეც მიყვარს ეს არეული თვე, ზამთრის და გაზაფხულის ბრძოლა და რაღაც ახლის დასაწყისი. კარგი გაზაფხული გვქონოდეს! :) :*

    ReplyDelete
  4. "Nothing's gonna change my love for you" <3 "უკვე თბილა და გეტრებს ჩავიცვამ-თქო" :-) "მიყვარს" ;-) - Tinita, xxx Nanuka

    ReplyDelete
  5. მარტივით არეული და მარტივით ცოცხალი <3
    ასე მგონია ზაზას რომ ახსენე მაგ დროს ყველაზეეეე ბედნიერი ხდები დედამიწაზე...
    ჩემს ძმას რომ ვუყურებ ასე მგონია ვერც ვისუნთქებდი მის გარეშე... და ვერც ვისუნთქებ!

    პოსტმა კი ლექსი გამახსენა:
    ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
    ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.
    ქარიშხალი მოდის საიმდროო,
    ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.
    მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
    ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.
    დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.
    ქარი კივის, ქარი კივის, კივის.
    ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
    ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,
    თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი…
    ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, მართლა ასეა :)

      როგორ მიყვარს ეს ლექსი!!! ხანდახან თავისით ამეკიდება ეს სიტყვები.

      ესეც:

      იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ,
      იმგვარადვე მდევ, იმგვარადვე მკლავ...
      ოო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
      იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე...
      იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა.
      იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა.
      ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს
      იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს.

      ამ სიტყვებზე წარმომიდგება აღდგომის დღეები, ქუთაისის სასაფლაო, მზე და ქარი. :) და კიდევ ბევრი ხალხი :) თან ზეიმი გულში და თან სევდა :)

      Delete