მინდა აქ ჩავიწერო, რომ არ დამავიწყდეს: ამ ზაფხულს, თითქმის ყოველდღე მახსენდებოდა ბებია.
როცა ვახშმად დაჯდებოდა და სხვა სიტუაციებშიც, სიმღერის თქმა უყვარდა, ახალგაზრდობაშიც და მერეც. ხმის შეწყობის დროს, მუსიკით მოგვრილ ეშხს ხელის აწევით გამოხატავდა. სახეზე სიხარული ეწერა, პარტნიორს სახეში უყურებდა და ისე მღეროდა. ამ დროს მისი ხელი ცალკე სათქმელს ამბობდა: შრომისგან გაგანიერებული ხელის მტევანი ჰქონდა, ცერათითი - აპრეხილი, კანი - მზისგან გამუქებული, მკლავები - გამხდარი. ამ მარჯვენა ხელის ჟესტები ასრულებდა სიმღერის ფრაზებს, პარტნიორს ანიშნებდა მახვილებს ან პაუზებს, ან სიმღერის ხასიათს გამოხატავდა.
ზაფხულში ის ადგილები არ მინახავს, სადაც ბებია ცხოვრობდა და მაინც, ყველგან ვხედავდი ჰაერში აწეულ მის ხელის მტევანს, დაბალ ხის სკამს, ღვინის თლილ ჭიქას და სამღერად გამზადებულ სხეულს.
| ჭოგნარის ეკლესიის სამრეკლო, 2021 |

No comments:
Post a Comment