დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ.
მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს.
გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია? - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა.
იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.
მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის...
სანამ დაბნელდებოდა, ლისზე გვინდოდა ასვლა, მაგრამ ქარი გაძლიერდა და გადავიფიქრეთ. ჩვეულებრივი შაბათი იყო: ტრანსპორტით გადაჭედილი გზები, საჭესთან - გვიან გაღვიძებული და არასამსახურულად ჩაცმული ქალები, ვიღაცას ასაფლავებდნენ, ვიღაც ქორწინდებოდა და სიგნალებით და თეთრი ლიმოთი ჩაიარა... ჩვეულებრივი და თან იდეალური.
ახლა ფოტოები. ავტორი - ლაშა. (პირველი რამდენიმე - ჩემი ტელეფონით გადაღებული).
როგორი თბილის პოსტია. რა ლამაზი სურათები. შარფი როგორ შეესაბამება შემოდგომის ფერებს <3 ძალიან გიხდება.
ReplyDeleteყველის ფესტივალის შესახებ არ მსმენია, მაგრამ როგორი არაჩვეულებრივი იდეაა. როგორი გემრიელი ყველი ვიცით. მე იმერული მიყვარს და მენატრება უზომოდ. ძალიან მოვიხიბლე იმით რომ ყოველი კუთხის სახლში იქაურ რომელიმე კერძს ამზადებდნენ სხვადასხვა დღეს. შემდეგში რომ თბილისში ვიქნები არ გამოვტოვებ კახურ სახლს:)
ანო, მადლობა, მეც მიყვარს ეს შარფი. :)
Deleteჰო, მეც მიხაროდა, რომ ამდენი ქართული კომპანიაა ყველის მწარმოებელი და ძველი ტექნოლოგია რომ აღადგინეს.
გელოდებით, როცა ჩამოხვალ დაგახვედრებთ გემრიელ ფესტივალებს! :)
რა სილამაზეა ტექსტშიც და ფოტოებშიც. ვისიამოვნე:)
ReplyDelete>3 ირენ!!!
Deleteქალბატონო თინათინ, მოხიბლული ვარ თქვენით. ნამდვილად არ ვიცოდი ამ ბლოგის შესახებ, სრულიად შემთხვევით ვნახე და ძალიან ვისიამოვნე :)
ReplyDeleteდიდი მადლობა! :)
Deleteროგორ შემიშალა ამინდმა ხელი, ძალიან მინდოდა ასვლა. იქნებ ხვალ მოვახერხო. იქნებ ასეთმა გარემომ გაფანტოს ჩემი აშლილი ფიქრები... რა ლამაზი პოსტია და როგორ ვიგრძენი მეც შემოდგომა :) <3
ReplyDeleteეგ ფიქრები უნდა გაატარო :) გადაიყარო, როგორც თმას გადაიყრი ზურგზე, ისე. მართლა კარგი იყო. სულ მინდოდა იმ ფოთლებში და სიჩუმეში ყოფნა. თან კვამლის სუნი და გრილი ჰაერი ერთად! :) ხვალ ალბათ უფრო იოლად დააყენებთ მანქანას.
Deleteხან რა რთულია ხო იცი ;)
Deleteკიდევ უფრო მომინდა ასვლა :) მადლობა პოსტისთვის <3
გუშინ ვერ მოვახერხე ფესტივალზე წასვლა და იმედია დღეს ავირბენ ცოტახნით მაინც <3 ძალიან კარგი ფოტოებია, შემოდგომური : ))
ReplyDeleteShemodgoma ulamazesia, magram adrec davwere, mgoni, rom saswaulad masevdianebs da moaxloebuli zamtari mashinebs.
ReplyDeleteRa kargia dedastan stumroba, yava sa tbili saubrebi...
Madloba aseti lamazi postistvis.
ნატალია, მადლობა. იმედია იყავი და ისიამოვნე :)
ReplyDeleteსოფი, მესმის შენი :) მაგრამ სილამაზე მაინც მომაჯადოვებელია. იმედია, შენც მალე ნახავ შენს დედიკოს.
თიკო, 19-ში მე ქალაქგარეთ ვიყავი, ჰოდა მთელი დღე დამყვებოდა აზრი, რომ ეს იყო შემოდგომის ყველაზე ლამაზი დღე. სული შემეკრა ლამის. არ ვიცი, ამ ქარიანი დღეების მერე კიდევ თუ დარჩა გზისპირები და მთები ისე ლამაზი. ჰოდა ამას მოწმობს შენი ფოტოებიც! :) ისე მომწონს!
ReplyDeleteეს ფესტივალიც როგორ მაინტერესებდა, მაგრამ არ მომიხერხდა. ძალიან თბილი ჩანაწერია! <3
ქეთი! <3 :* კი, მართლა ასეთი დღე იყო და რა ტელეპათიური გრძნობა გქონია. მიხარია.
Delete