Monday, October 29, 2012

Dreams to Remember

სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.

როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...

ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.



მაინც, სად მიდის ჩვენი ოცნებები? ზოგი მათზე წერს, ახლობელს უყვება, ან თავისთვის ინახავს, მერე ივიწყებს კიდეც. ადამიანები რომ მიყვარს, მაშინ ვხვდები, როცა ვინმეს ნატვრის, სურვილის შესახებ ამბავს მოვისმენ. დედაჩემი ღიმილით იხსენებს, როგორ ნატრობდა მისი მამიდაშვილი ბავშვობაში, სახლის წინ დიდი ყინულის მოედანი ყოფილიყო და მის მოწონებულ ბიჭს ფანჯრიდან დაენახა, როგორ სრიალებდა, როგორც ის მსახიობი გოგონა "მზიური ველის სერენადაში." თითქოს, არაფერი, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მაინტერესებს, ვინ რას ნატრობს და რა უნდა. რამდენიმე წლის წინ ასეთი ოცნება მქონდა: მევლო დედამიწის ყველა კუთხის მოშორებულ სოფლებში, გავსაუბრებოდი ასაკოვან ადამიანებს და მეკითხა, ცხოვრებაში ყველაზე მეტად რას ნატრობდნენ, მერე კი მათი ამბები მოთხრობებად დამეწერა. ამით, ალბათ, ქვეცნობიერად მინდოდა, ამ ადამიანების აუხდენელი ნატვრები სადღაც "გამეტანა" და "გამეკიდებინა", როგორც "დარდების შემგროვებელს" გოდერძი ჩოხელის მოთხრობიდან.

მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ის, დამბადებელი, ჩვენს ოცნებებს "ინახავს" და "იმახსოვრებს". ყველაფერი მასთან მიდის. მას თავისთან აქვს გამოფენილი ის ტილოც, რომელზეც დედა თავის ორ შვილთან ერთად აფხაზეთის სანაპიროზე სეირნობს.

           

4 comments:

  1. რა კარგი პროექტი გქონიათ. შარშან ჩვენთანაც თქვეს, რომ მოაწყობდნენ ასეთ გამოფენას, მაგრამ არ ჩატარებულა.

    კარგი იქნებოდა ასაკოვანი ადამიანების ნატვრების შეგროვება. ძალიან მაღელვებენ ასაკოვნები. ხანში შესვლა ალბათ სევდას იწვევს და ნატვრებიც სევდანარევი იქნება.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, მე ისიც მაინტერესებს, ასაკში შესვლამდე რა უნდოდათ და ვერ აიხდინეს. მადლობა, ქეთი.

      Delete
  2. თინიტა და ქეთი, რა კარგი სამსახურები გაქვთ :)

    მე კიდევ ოცნებები და ნატვრები ცოტა მაშინებს... ზუსტად იმიტომ, რომ მიფიქრია, ჩემი ოცნებებიც ასე უკიდია დამბადებელს (რა კარგად დაწერე) და თავი სასწაულად პატარად მეჩვენება ხოლმე.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ასეა, სოფი :) ოღონდ, თავისუფალი ნება, გონება და ოცნების, მიზნების დასახვის უნარი ხომ საჩუქარია? თუნდაც ჩვენნაირი პატარებისთვის.

      Delete