Friday, July 18, 2014

July Loves

ისე დაემთხვა, რომ ივლისის თვეში ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანია დაბადებული. სიამოვნებით გიამბობთ მათზე:

7 ივლისი. ნათია ჭულუხაძე. ჩემი ბავშვობის მეგობარი, უახლოესი ადამიანი, ბევრი ჭირის და სიხარულის გამზიარებელი, ჩემი ნათლულის, იოანეს დედა. ერთმანეთი საბჭოთა ბაღში გავიცანით. ჩვენი დედები ერთად მუშაობდნენ და ერთ ბაღში დავყავდით. იქ ძალიან დავმეგობრდით და ჩვენი სიახლოვის აღსანიშნავად ნათიამ ასეთი გამოთქმა გამოიყენა: დედამისს უთხრა, იცი, თიკო როგორ მიყვარს? ბლინებზე მეტადო... ჩემი ბლინების მეგობარი წლების შემდეგ ისევ შემხვდა, სამხატვრო გალერეაში. აბიტურიენტობისას ინგლისურში ერთად ვემზადებოდით. ავტობუსის გაჩერებაზე მეწვრილმანეებისგან ჩემთვის შოკოლადებს ყიდულობდა. კურსზეც ერთად მოვხვდით. მაშინ პარალელურად ათას ადგილას ვმუშაობდი. ჩემზე ნათია ზრუნავდა: გამოცდების წინ კონსპექტებს მიგროვებდა, ქსეროასლებს კოხტად დამიწყობდა, თბილად მოღუღუნე შეშის ღუმელთან დამსვამდა და დედამისის მომზადებული გემრიელობების თანხლებით მაკითხებდა ვოლტერის და რუსოს ბიოგრაფიებს. მასთან დაკავშირებით გასახსენებელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი: მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი რწმენასთან დაახლოებისათვის. რელიგიურად უმეცარს ეკლესიისკენ პირველი ნაბიჯები მან გადამადგმევინა, ლოცვები და გალობა მასწავლა. იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღესაა დაბადებული და თავადაც იოანეს და ბესარიონის დედაა. მისი არაჩვეულებრივი მეუღლე, ნიკო დევდარიანი, ასევე ივლისშია დაბადებული. მეოჯახე, პროფესიონალი, ინტელექტუალი, ქრისტიანი და მეგობარი. მათ მყუდრო სახლში სტუმრობა ძალიან მიყვარს და მინდა, ხშირად ვახერხებდე.

ნათია და იოანე

ბესარიონი და იოანე

13 ივლისი. ირინა მამასახლისი. ჩემი უახლოესი მეგობრის, ლევან ნამიჭეიშვილის მეუღლე და ოთხი ანგელოზი ბავშვის დედა. მასზე პირველი შთაბეჭდილება ლევანისგან მოვისმინე. ირინა ახალი გაცნობილი ჰყავდა და ისეთი აღფრთოვანებული საუბრობდა, იქვე ვუთხარი, რომ მისი ცოლი გახდებოდა. პროფესიული და ცხოვრებისეული უნარების გარდა, ჯადოსნური ხელები და ენერგია აქვს. დიდ გარჯად სულაც არ მიაჩნია ერთ-ორ საათში ნიკოლოზისთვის ჩოხის შეკერვა, ნინოსთვის ტორტის გამოცხობა, დავითის მეცადინეობა, გიორგისთვის ზღაპრის წაკითხვა, მთელი ოჯახისთვის სადილის მომზადება, გარე საქმეებზე გასვლა, მერე ინტერნეტში ანჯელინას კაბის დიზაინის ნახვა და თარგის მომზადება. საღამოს განვლილ დღეს შეაჯამებს, მეორე დღის გასამზადებლებს მოილევს და კიდევ უკმაყოფილოა, ბავშვებს რამე ხომ არ დავაკელიო. ირინა და მისი ოჯახი ძალიან მენატრება და მინდა, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, რომ დავტკბე მათთან ურთიერთობით.

ირინა და ლევანი

ნინო, დავითი, ნიკოლოზი ლევანთან ერთად

13 ივლისი. მაკა ხეცურიანი. ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ჩემთვის - ფაჩული და მერი. სოხუმელი მაკა რომელიღაც კურსზე გადმოვიდა ჩვენთან, ომის დროს. მოკლედ გაკრეჭილი თმის გამო მათე ბიჭს ეძახდნენ. მხიარული და აქტიური იყო, ყველა ღონისძიებაში ერთვებოდა. სტუდენტობის მერე დავიკარგეთ. ერთხელ ტკბილი და საყვარელი მეილი მომწერა, თავისი ჩვეული იუმორით გაჟღენთილი. მერე კი ისე მოხდა, რომ ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით. ფაჩული და მერი იმ პერიოდში შეერქვა (ფაჩული - საპნის რეკლამიდან, მერი - მის ტკბილ და სათნო დედიკოსთან, მერისთან ფიზიკური მსგავსების გამო). თვითონ დაარქივებული აქვს ჩემი გამოთქმები, მე ერთი მახსენდება, როგორ შევაჯამე მისი შესვენების საათები: ჯიბეებში ხელებჩაწყობილი პლეხანოვზე სეირნობა, თურქულ კაფეში მუზოსთან გემრიელად მირთმევა, წარბების გასაკეთებლად მეგისთან წასვლა და სამუშაო დღის ბოლომდე მოშიების ვარაუდით სასუსნავის მომარაგება. მაკა კარიერაში წარმატებული პროფესიონალი, ცოლი და ვაჟკაცი ბიჭის - ვახოს დედაა. ახლა უჩემოდ სეირნობს შუადღეზე, ვახოსთვის ისევ თხელ კურტკას ეძებს, უცნაური გვარების გაგონებაზე, ოდნავ აციებულზე ჩასაცმელი ფეხსაცმლის და სახის ნიღბების დანახვაზე კი მე ვახსენდები.
მაკა

15 ივლისი. თამარ იობიძე. ჩემი ბებია. 91 წლის. მეტი რა უნდა ვთქვა . . . 

15 ივლისი. ანა სხილაძე. ჩემი არც ისე დიდი ხნის მეგობარი, კოლეგა და უშუალო ხელმძღვანელი წინა სამსახურიდან. ერთ ცივ თებერვალს კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობისადმი მიძღვნილ სემინარზე გავიცანი. ისეთი ადამიანია, მალევე რომ იგრძნობ, მიენდობი და დაეყრდნობი. თავიდანვე ჩემიანად ვიგულე და შვება ვიგრძენი, რომ შემეძლო მასთან გულახდილად მეთქვა ყველაფერი, პირადიც და საქმიანიც. როცა ჩვეულებრივი სამსახურული საგიჟეთი გვქონდა, მის მშვიდ სახეს გავხედავდი და ყველაფერი იოლი მეჩვენებოდა. არ ვიცი, რა უნარი ჰქვია იმას, რომ დღის განმავლობაში ყველაფერი შეუძლია იყოს: ჩაატაროს საქმიანი შეხვედრა, მიხედოს კორესპონდენციას, იურთიერთოს გუნდთან, მიიღოს სტუმარი ან პოტენციური საქმიანი პარტნიორი, იხუმროს, მერე უყუროს მულტფილმს და პატარა ლეკვის ამბავზე იტიროს, გაგამხნევოს და ხუთ წუთში ჩამოგიყალიბოს შენი პროფესიული პოტენციალი, მერე მსოფლიოში საუკეთესო რეკომენდაცია დალოცვასავით დაგიწეროს და წინ გიბიძგოს, თითქოს მისი შვილი იყო და თეთრი პერანგით სკოლაში გიშვებდეს.... საღამოს თმა გაიქუჩქუჩოს, გიუნას გიტარის თანხლებით ტკბილად იმღეროს და კარგად მოილხინოს. მის უნიკალურ ტემპერამენტს დასავლეთ საქართველოს და ჩრდილოეთ ევროპის გენეტიკა ქმნის. რასაკვირველია, მისი სიკარგე მხოლოდ ამაზე არ დაიყვანება. ბოლო პერიოდია, დაკავებული სამსახურების გამო შეხვედრები გაგვიძვირდა, ამიტომ, მოუთმენლად ველოდები ჩვენს ფილოსოფიურ საუბრებს. მანამდე მასთან რაიმე სტატიის, ინფორმაციის, ნაწყვეტის მეილით გაზიარებით ვიფარგლები. მის ანალიზს და რეაქციას ისეთი სიამოვნებით ველი, რომ ზოგჯერ პასუხის წაკითხვას ძალით ვაჭიანურებ. ერთმა ენამოსწრებულმა სტუმარმა, ვითომ სახელი დაავიწყდა და ასე მიმართა: "კაითვალიან, კაიკბილიან, კაიგულიან."

ანი (ფოტო გია აბდალაძის)
ანი მორიგი მოგზაურობისას
15 ივლისი. ეკა ლომიძე. ჩემი დიდი მეგობარი და საკურთხეველთან მიმყვანი, ფლორა-ფაუნის დედოფალი, ქალი და ჟურნალისტი. რასაც ქვედა ფოტოზე ხედავთ, ისაა ეკას ნამდვილი სახე: ძუ ლომი, რომელიც სიყვარულით გიღრენს და გეპრანჭება. თავიდან ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა, ირინემ გაგვაცნო ერთმანეთი. მაშინ ეკას პატარა ბინა ეჭირა ქირით სოლოლაკში, როგორც ძველი რომანების ახალგაზრდა, ნიჭიერ გმირებს. მაცივარი არ ჰქონდა და ქუჩის კუთხის მოვაჭრეებთან შეთანხმებული იყო ერთი პამიდვრის, ორი კიტრის და ოთხი ცალი ატმის ყიდვაზე. კედლებზე თავისი ნახატები და ბენ აფლეკის ფოტოები ჰქონდა გაკრული. იქვე უწესრიგოდ იდო წიგნები და ფურცლები სტატიების მონახაზებით. ენერგიული, მოთუხთუხე, მხიარული და უშუალო რომ იყო, იმან მომხიბლა. იმ საღამოს უცებ გადაიცვა სარაფანი და პედროს ფილმზე წაგვიყვანა... იმ ხისიატაკიან ოთახში სიცხიანი რომ იწვა, მაშინაც მხიარულად იყო და იქეთ გვაცინებდა. ერთხელ ჩემთან მოვიდა, რაღაც სიაფანდი წერილი უნდა დაგვეწერა სივიზე მისაკრავად. წერილი ასე იწყებოდა: ძვირფასო ბატონო/ქალბატონო. ამაზე დიდხანს ვიცინეთ მაშინ. ახლა კი მუდმივად სასაცილო რამეების ჩამოყალიბებული სისტემა გვაქვს, თუნდაც გადამეტებული იმერული კილოთი მიმართვები, პირადად, ხალხში, ტელეფონით... როცა ტელეფონის ზარს ასე ვპასუხობ: "რა გინდა, გოგო!" ყველამ იცის, ვინ რეკავს. ეკა არის ადამიანი, რომელიც თავის მთავარ ფუნქციად სიყვარულის დანახვას, გამოხატვას და გაცემას მიიჩნევს. მისთვის არ არსებობს საზოგადოების მიერ დადგენილი პირობითობები. არ შეუძლია ბუნების და ცხოველების გარეშე არსებობა. მალამუტი ბელიკო, უერთგულესი მეგობარი და უენო ადამიანი, ახლახან დაკარგა. სახლში ჰყავს პრანჭია ფისო - მიმი. მის გამო კატის დედას ვეძახი. ეკას ტიპური დღე ასეთია: დილით ნებიერი ძილი (აქამდე ბელიკოსთნ ერთად სეირნობდა), წინა ღამით დაწყებული სტატიის დასრულება, ინტერვიუზე წასვლა, მეორე ინტერვიუზე წასვლა, მძიმე სოციალური თემებით დატვირთვა, რაც ფეისბუქის აღშფოთებული სტატუსებით გამოიხატება და რეალურად საზოგადოების დისკუსიის დასაწყისია, შუალედებში ზოოპარკის გაშინაურებულ მხეცებთან სტუმრობა, მეგობრებთან კრუტუნა ზარები მხრების ტკივილის, შაბათკვირის აქტივობის, ივ როშეს ახალი კრემის, ლაქის ფერის და ვახოს გამონათქვამების შესახებ... მერე, გაზეთის გამოსვლამდე, რომელშიც მისი სტატია უნდა დაიბეჭდოს, ისევ რესპონდენტები, დედასთან ჩარბენა, არსებული სოციალური მდგომარეობის შესახებ გულისტკენის გამოხატვა და ... უფაქიზესი ლირიკული ნაწარმოები, რომელიც, მისი  თქმით, უცებ დაიბადა. 

გაზაფხულის დიოფალი

ეკა თავის მეორე სახლში - ზოოპარკში ბიძაშვილთან ერთად

17 ივლისი. ინგა არაბიძე. ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრი. სასულიერო პირის მეუღლე და სამი ულამაზესი ახალგაზრდის დედა. ინგა ლაშასთან ჯვრისწერამდე რამდენიმე დღით ადრე გავიცანი. თავის დროზე სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა, თუმცა ამის გამო სიამაყით არ აღვსილა. ახლაც მდაბლად იღებს მისდამი გამოხატულ აღტაცებას. ყოველთვის იმდენად ლამაზად და მოვლილად გამოიყურება, ვერავინ იტყვის, რომ დიდ ოჯახს, ცხოველებს და საკუთარ, ეზოიან სახლს უვლის. ყველაფერს დადებითი მხრიდან უყურებს და უამრავი საზრუნავის მიუხედავად, სულ მხიარულია. სამსახურში საკმაოდ დაკავებულია, მაგრამ ოჯახის საქმეებს მშვენივრად ასწრებს. ლევანი და გიორგი სტუდენტები არიან, მარიამი დამამთავრებელ კლასშია. ის ცალკე ჩანაწერს იმსახურებს, იმდენად საოცარი გოგოა. როცა მათთან ვართ სტუმრად, მე, ინგა და მარიამი ცალკე ოთახში ვიპარებით საჭორაოდ. მალე ჩვენი ოთახიდან ისეთი სიცილ-კისკისის ხმები გამოდის, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც ჩვენთან უნდებათ ყოფნა...

ინგა

მამა ალექსი, ინგა, მარიამი, ლევანი და გიორგი

ესეც ჩემი ივლისის ხალხი. . . 

8 comments:

  1. რამდენი სითბოა თითოეულ სიტყვაში...

    ReplyDelete
  2. chvenc shegvakvare kvelani, ase dauscreblad... Nanuka

    ReplyDelete
  3. თინათინ რა კარგი გოგო ხარ, აქ შენზე ბევრი რამ გავიგე, მეგობრები ხომ ჩვენი სახე და სარკეა. პირველ რიგში შენს ტკბილ ბებოს დიდ ხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ყველა შენს მეგობარს ყველაფერს საუკეთესოს, ივლისი კი სასიამოვნოდ დატვირთლი გქონია :)

    ReplyDelete
  4. ქეთი, მადლობა! :) ნანუკა, რა კარგია, თუ ასეა! :) მეც ეს მინდოდა. ირინა, დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, ძალიან გამახარე. ისე მიხარია, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები თქვენთვისაც ახლობლები ხდებიან... ხომ არ იცნობ რომელიმეს ? :)

    ReplyDelete
  5. თინათინ მამაო მეცნო, ოღონდ ზუსტად არ ვიცი სად წირავს :)

    ReplyDelete
  6. ირი, აი, აქ: (ჩასმული ვიდეოს სათაური) http://kokinia.blogspot.com/2014/04/christ-is-risen.html

    ReplyDelete
  7. ირინას ენერგია და გამძლეობა მისცეს ღმერთმა, 4 შვილი ხუმრობა არ არის :)
    როგორი სითბოთი ყვები <3

    ReplyDelete