Wednesday, January 29, 2014

წელიწადის ოთხი დრო


ეს ჩემი ბავშვობის წიგნია. სულ პატარები ვიყავით, რომ გვაჩუქეს, ძველი, ხელახლა აკინძული და აღდგენილი. 1954 წლის გამოცემაა. მე და ჩემმა ძმამ ზეპირად ვიცოდით, რის მერე რა მოდიოდა. უკვე წაკითხულ ლექსებს და მოთხრობებს მეასედ ვკითხულობდით. როგორც სკოლის ბავშვებს სჩვევიათ, გვერდებზე რაღაცებს ვაჯღაბნიდით. ქვემოთ გამოჩნდება კიდეც რამდენიმე ასეთი "ნამუშევარი".  ერთ გვერდზე გვიყვებოდნენ, როგორ მივიდა პარადზე პიონერი გოგონა სტალინთან და გადაეხვია; მათი სიტყვებით, "მხურვალედ მიესალმა". იქვეა ამ თეთრბაფთებიანი გოგონას და ყურებამდე გაღიმებული სტალინის ამაღელვებელი ფოტოც. რომელიღაცას ამ გოგონას, ვერა კონდაკოვას ასაკი გვიანგარიშებია იქვე, ქვეშმიწერით. წიგნი დიდხანს ძველ ბინაში იყო. ახლა ზაზამ მე მაჩუქა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი მადლობელი ვარ მისი.

"გაზაფხულის" განყოფილება "ვარდს გაეფურჩქნა კოკორით" იწყება. მერე მოდის სტალინის დატირება, ლენინის ხოტბა, მისი ბავშვობის განდიდება, საბჭოთა დედების სიყოჩაღე, ბავშვების სიმალხაზე და სიფუნჩულე, რელიგიის დრომოჭმულობა, ომგამოვლილი თაობის საუკეთესო თვისებები, საბჭოთა კავშირის სწრაფი აღმშენებლობა, ამერიკის მოსახლეობის აუტანელი საცხოვრებელი პირობები... ქართველი ავტორებიც არიან და თარგმანებსაც გვთავაზობენ. ერთ მწერალზე ანოტაცია ასე იწყება: "ლენგსტონ ჰიუზი ცნობილი ზანგი მწერალია. მას ბევრი მოთხრობა აქვს დაწერილი ამერიკელი ზანგების მძიმე მდგომარეობის შესახებ." ზოგი მოთხრობის მართლა გვეშინოდა, მაგალითად, ერთის: "სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს".  ახლაც მაჟრჟოლებს ერთ ამბავზე, როგორ მოიპარა დილაუთენია მამა-შვილმა ფურგონიდან რძე, იმიტომ რომ დედას შიმშილისგან რძე გაშრობოდა და ბიჭის პატარა დას ვერ აჭმევდა. მამა ბიჭს უხსნიდა, რომ ქურდობა ძალიან ცუდი რამეა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ მისი და შიმშილით არ მოკვდეს. მოკლედ, წიგნი ნამდვილი რელიქვიაა შინაარსითაც, ილუსტრაციებითაც და პოლიგრაფიითაც. რამდენიმე ფავორიტს გთავაზობთ: 


Add caption
ამ ზღაპარზე ვგიჟდებოდით. ბოლოს კუდიან დედაბერს რომ სჯიდნენ, განსაკუთრებით ის ფრაზა გვიყვარდა.




ეს გოგონა, ნენსი, ძალიან მეცოდებოდა. ბოროტმა მაღაზიის მეპატრონემ დედამისს უთხრა, ზანგის განასინჯს არავინ იყიდის, მერე რა, რომ პატარა მოუვიდა, ადექით და იყიდეთო. მშველელად ლურჯ სამუშაო კომბინეზონში გამოწყობილი ქერა კაცი მოევლინათ, რომელმაც ნენსის განასინჯი ფეხსაცმელი თავისი გოგონასთვის იყიდა. 

6 comments:

  1. მაშინ გვიყვარდა და ზოგ რამეზე გვეცინებოდა, მაგრამ ეხლა რომ ვნახე ეს წიგნი, ვფიქრობ, რომ მისი რედაქტორი, მასში არსებული ნაწარმოებების ყველა ავტორი და იმ სტამბის თითოეული თანამშრომელი, სადაც ეს მავნებლობა დაიბეჭდა, უმკაცრესად იყო დასასჯელი :)
    ასეთ იდეალებზე აღზრდილი ხალხის სახელმწიფომ, 70 წელიც როგორ გაძლო მიკვირს...
    მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა მწარე, ეხლა უკვე ტკბილად გახსენდება :)

    ReplyDelete
    Replies
    1. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. ის რა ტრაგიკული მოთხრობა იყო კიდევ, "იყიდება 4 ბავშვი". ასე რომ გვზაფრავდნენ და გვაშინებდნენ ბავშვებს, სად იყვნენ მაშინ უფლებადამცველები? :))))

      Delete
  2. თამუნაMay 5, 2014 at 9:58 PM

    გენიოსი ქალი ხარ თინიკო ამ წიგნის და იმ დროინდელი ჩვენი მსოფლმხედველობის აღმზრდელობითი წყაროების (მომტყდა ენა :)) გამოქვეყნებისათვის.

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :) :) დიდი მადლობა... მართლა როგორი სპეციფიკურია, არა? და დღევანდელი გადასახედიდან უცნაური.

      Delete
    2. თამუნაMay 6, 2014 at 3:59 PM

      ჰო, ამას ვერ გაიგებს ახალი თაობა, თუმცა ეს წიგნი ჩვენი მშობლების დროისაა, იმიტომ რომ სტალინის კულტი ჩვენ დროს უკვე აღარ იყო. მაშინ გამოვიდა ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული, ჟურნალი ”დილა” გამოდიოდა ნაკლებად პოლიტიზირებული და ცოტათი შეგვიმსუბუქდა გარემო ...

      Delete
    3. "დილა" მახსოვს :) მანამდე იყო "ნორჩი ლენინელი". გამოწერილი გვქონდა და რუს ფოსტალიონს მოჰქონდა, ია ვამ ნორჩი პრინესლა, ასე იტყოდა :)

      Delete