Sunday, February 9, 2014

თებერვლის ორი გასეირნება

ადრეც ვწერდი, როგორ მიყვარს თებერვლის ჩუმი დღეები: შიშველი ტოტები, ოდნავ მოძლიერებული მზე, ზამთრის გაწელილი სიზანტე და გაზაფხულზე ფიქრი. ასეთ დღეებში, სცენიდან რომ რაიმე მძიმე რეკვიზიტს გაათრევ, ისე გინდა, დააჩქარო გაზაფხულის მოსვლა, ყველგან მის ნიშნებს ეძებ და დილით გაღვიძებული, კარგად აყურადებ, ჩიტების ხმა მართლა გესმის თუ გეჩვენება. ქალაქს რომ გასცდები, სულ შიშველი და გაყინული მიწა ჩანს, ყურებთან ოდნავ ზუზუნებს ქარი, კლდეები და მთებიც თითქმის მიწისფერია. არა, არაფერი არ მეჩქარება, ისეთი ლამაზია თებერვლის პეიზაჟი. იდეალური დროა ახალი ლექსების საკითხად, ქალ მწერლებზე საფიქრად და ზაფხულის დასაგეგმად.

თებერვალი, 2009. ეკა.

ეკას ფოტო.

იმ დღეს ეკას ბელიკო პირველად ვნახე. დიდი მეძაღლე არც მაშინ ვიყავი და არც ახლა, პირიქით, სადაც ვნახავ, ვერიდები. ბელიკომ კი თავიდანვე შემიყვარა, ფეხებთან დამიწვა, ხელებმა თვითონ გაიწიეს მისკენ და ბევრი ვეფერე. როცა ვსეირნობდით, წინ მიდიოდა, დროდადრო ჩერდებოდა, პატრონივით უკან მოგვხედავდა, გვამოწმებდა და გზას განაგრძობდა. ნამდვილი კავალერი იყო. მე და ეკა ბევრს ვლაქლაქებდით, თემიდან თემაზე ვხტებოდით, განვიხილავდით ერთმანეთის სიხარულს და საწუხარს.  დროში და გაურკვევლობაში ვიყავით ჩაყურყუმალავებული. 

ეს ფოტო იმ გასეირნებიდან არ არის. ეკას ფეისიდან მოვპარე :) 

ეკას ფოტო. ბელი და მე.
 თებერვალი, 2008. დიანიტა.

ჩვენი სტუდენტთა სახლის მიმდებარე ქუჩა

ავად იშვიათად ვხდები, იმ ზამთარს კი რაღაც ვირუსი დადიოდა და ძალიან დამასუსტა. იმ დღეს უკვე ავადმყოფი აღარ მეთქმოდა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებულიც არ ვიყავი. დიანიტამ იძალა, კარგი ამინდია და გასეირნება მოგიხდებაო. ჩუმი ნაშუადღევი იყო. ჩვენი მეგობრები, ვინც სემესტრი დაამთავრა, თავთავიანთ სახლებში გაემგზავრნენ. მზე და სითბო მართლა მესიამოვნა. არხთან კაცები თევზაობდნენ. ჯერ ცვლილებებზე ვილაპარაკეთ: სადაც ვიყავით, მერე როგორც ვიქნებოდით. მერე სახლის ამბების მოყოლა დავიწყეთ. დიანიტამ დედამისის სიარულის მანერა განასახიერა: ხელებს უკან დაიწყობს და ისე დადისო (სურ). ერთ სახლთან მანქანა გაჩერდა. ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა დატვირთული. ზარი მისცა. სახლიდან ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ ბავშვები და კაცს კისერზე დაეკიდნენ. ახლა დიანიტა მეტყვის, ასე დეტალებში როგორ გახსოვსო. 






პოსტის ინსპირაციისთვის მადლობა ნატალიას. ამასწინათ წერდა, მოდით, პატარ-პატარა ბედნიერებები დავაფიქსიროთ და გავიხსენოთო.

7 comments:

  1. თინიტაააააა, როგორ გამათბეეეეე <3 <3 <3 როგორ მჭირდებოდა ეს პატარ-პატარა ბედნიერებები საქმეში ჩაფლულს <3 <3 <3

    ReplyDelete
  2. წერ იმას რაც ხარ, რაც შენთანაა - ყოველთვის ნაღდია შენი პოსტები. და როგორ მიყვარს და მომწონს როცა ამ ემოციებს გვიზიარებ <3 <3 <3

    ReplyDelete
  3. თინიტა, როგორ გამახარე, თუ მცირე 'მონაწილეობა' მაინც მივიღე პოსტის შექმნაში. ყოველთვის მახარებს შენთან ახალი პოსტის დანახვა, ისეთი ბლოგი გაქვს, ყავის ჭიქით ხელში რომ უნდა ჩამოუჯდე და იკითხო :)

    ReplyDelete
  4. თი, მართლა როგორი დეტალები გახსოვს :) ბელიკო სადმე რომ შემხვდეს ალბათ ისე ჩავეხუტები, ვერ გამაშვებინებს ხელს ეკა :))

    ReplyDelete
  5. ეკა! <3 :)

    ირენ, ოხ, ეს რა დამიწერე! რა კარგია, თუ ის, რაც მე ვარ, სხვისთვისაც მისაღები და სასიამოვნოა.

    ნატალია ;) მეც ძალიან მიყვარს შენთან სტუმრობა!

    ელიზა, ბელიკო მართლაც ძალიან კარგი ბიჭია! :) ეკა ხუმრობს, ქუჩაში მე არავინ მიყურებს, ყველა ბელის ეთამაშებაო! :))))

    ReplyDelete
  6. Tinita... what a great memory you have got!!! Thank you for bringing me back such a great time!!!!! Miss you a lot!!!!!

    ReplyDelete
  7. DIANITAAAAAAAAA !!!!!!!!! Besos Besos <3 These memories will be with us always.

    ReplyDelete