Thursday, February 13, 2014

The Older, The Better

წარმოიდგინეთ, რომ აღებთ ჭურჭლის შესანახ სტილიზებულ კარადას, მრავალგანყოფილებიანს, აი, ისეთს, სასტუმრო ოთახებში რომ გვიდგას ხოლმე, გადმოსაწევი კარი და სასმელების ბარი რომ აქვს. აღებთ კარს და იყნოსავთ ხის და ძველი კონიაკის სუნს, ერთმანეთში არეულს. კიდევ თქვენს სახლში გამართული წვეულებების სუნს, სადაც ძველი მეგობრები ილხენდნენ. ამ განყოფილებაში გიდევთ შინნამზადი "საშობაო სასმელი", თეთრი მშრალი ღვინო, წამლად მისაღები "საფერავი", "ჯეკ დენიელსი", მარტინი "როსსო" და ავიარეისიდან წამოღებული ლიქიორის მინიბოთლი.

კაფეში ხედავთ ახალგაზრდა ქალს. კარგად ნახმარი ზურგჩანთა იატაკზე უდევს, ყავა კარგა ხნის დალეული აქვს, ჭიქა უკვე სულ ამომშრალია. თმა ზურგზე დაყრილი, სახე უმაკიაჟო. შუათითზე ვერცხლის ბეჭედი, მაჯაზე - მექსიკური ჭრელი სამაჯურები. მაგიდაზე ალბომი აქვს გაშლილი და წიგნიდან იხატავს ვენერა მილოსელის ქანდაკების დეტალს. მხარზე გადასაკიდ ჩანთაში უდევს პლანშეტი, ჰენრი პერსელის დისკი და ფრანგი პოეტების კრებული.

მიდიხართ სემინარზე, სადაც უნდა მოისმინოთ თქვენი პარტნიორი კომპანიის ტექნოლოგიური სიახლის შესახებ. მზადაა გამომსვლელის მაგიდა, პროექცია, დამსწრეთა სავარძლები, ბლოკნოტები, კალმები,  კორპორაციული სუვენირები, ყავა და წვენი. ჟურნალისტები კითხულობენ პრესრელიზს, ოპერატორები მართავენ აპარატურას. ოთახი, სადაც სადაც სემინარი ტარდება, ისტორიულ შენობაშია. კედელთან ვიტრინები დგას, ძველებური ჭურჭლით, მონეტებით, ნაქარგი ცხვირსახოცებით და ხავერდის ხელთათმანებით. ჭერის სანათზე ჩამოკიდებულია ხევსურული სამკაულების დეტალები.

თუ თქვენთვისაც ეს ყველაფერი საჭირო და აუცილებელ ჰარმონიაშია ერთმანეთთან; თუ თქვენს ირგვლივ თანაარსებობენ: კონსერვატორია, თეთრი აბრეშუმის პერანგი, პუანტები, "ვარსკვლავური ომები", ძველი თბილისის ფასადები, თომ უეითსის ბალადები, ნახშირის უთო, ინსტაგრამის კოლაჟები, მუთაქებიანი ხის ტახტი, დაღესტნური თუნგი, ლუვრის მინის პირამიდა, ოთარ იოსელიანის ფილმები, კაპუჩინოს აპარატი, გოიას დროის მოჯირითე ინფანტები და ჯიმი ჩუს ლუქბუქი, მაშინ თქვენც ჩემსავით შეგიყვარდებათ ირაკლის ფეხსაცმელი. 

ყოველთვის მინდოდა, ისეთი ფეხსაცმელი მქონოდა, რომელიც ერთდროულად ელეგანტურიც იქნებოდა და ხულიგნურიც.  ჩვენი ყოველდღიურობაც ხომ ზუსტად ასეთია: სამხატვრო გალერეიდან - როკფესტივალზე, ოფისიდან - სავარჯიშო დარბაზში, შუალედში - საყვარელი სპექტაკლის ან შემეცნებითი ლექციის აუდიოვერსია. შემოქმედებითი მიდგომის, გემოვნების (მასალის და კერვის ხარისხზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია) და მოსმენის კულტურის გარდა, ირაკლის პროდუქციაში ის მხიბლავს, რომ, მისი სიტყვებით, ფეხსაცმელი "რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ტიპი ხდება". ამაში მეც ვრწმუნდები: დეკემბრის მერე ჩემი ჩექმა გაუხდელად მაცვია. აქამდე შარვალი ყველაფერს მერჩივნა, ახლა ამ ჩექმის ხათრით ქვედაბოლოები აღარ მყოფნის. ირაკლი მისი ცოლის, ნატალიას საშუალებით გავიცანი, რომელიც მხატვარია და იდეალური გემოვნება აქვს. 



ეს ჩემი პირველი "შუზოფრენიას" ჩექმაა. მხოლოდ პირველი ;) 

4 comments:

  1. dzalian momtsons stili. tqvens adgilas erts mec ar davjerdebodi :)))

    ReplyDelete
  2. მადლობა! :)) ცდუნება ნამდვილად დიდია, მაგრამ სინდისი არ მიშვებს. რამდენიმე წყვილი მაქვს და სხვებიც ხომ უნდა ჩავიცვა. :)))

    ReplyDelete
  3. zustad stilis aseti sintezis gamo mikvars mec iraklis produqcia . . . sul ragac axali minda xolme. :)

    ReplyDelete
  4. მართალია! :) მეც.

    ReplyDelete