აღდგომას და ქუთაისში წასვლას მთელი წელი ველოდები. როცა უღელტეხილს გადავივლით და იმერეთის სოფლები იწყება, გული სიხარულით მიცემს. ყველაფერს ვეფერები: სოფლების სახელწოდებებს, გვარებს, მწვანე ეზოებს და უბრალო სახლებს. იმ მხარეში ჩემთვის სხვა ჰაერი და ფერებია.
გაოცებული ვარ, როგორ აქვს ღმერთს ჩვენთვის აწყობილი სიხარულების მთელი ბუკეტი: დღესასწაულის მოლოდინი, მისი მოახლოების მღელვარება, შუაღამით ეკლესიის საზეიმო ზარი და ერთბაშად გადმომსკდარი სიხარულის ცრემლები, ნაწვიმარი, ახალი ჰაერი და სულ ახალი სიმწვანე, ნამარხულევზე გემოების ხელახალი აღმოჩენა, ბევრ მოყვარულ ადამიანთან ჩახუტება და მიცვალებულების გახსენება, რაღაცის დასრულება და რაღაც დიდსა და ახალში ახალი ძალით შებიჯება.
სააღდგომო ლიტურგია ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. წინამძღვარი - დეკანოზი ალექსი სინაურიძე.
ქალაქი ისევ ისეთი დამხვდა... რკინიგზის სადგურთან ჰაერში ეკიდნენ რეზო გაბრიაძის ესკიზები. იქვე ზემოთ ნეკრასოვის ქუჩა იწყებოდა, იქ დიდი ხნის უნახავი ადამიანები ცხოვრობდნენ მდუმარე სახლებში. სადგურის წვრილ-წვრილი მაღაზიები სადღაც გამქრალიყვნენ. რკინიგზელთა კულტურის სახლი ნანგრევებად იყო ქცეული, მაგრამ მაინც ღირსეულად იდგა. როცა დედას საბავშვო ბაღიდან მოვყავდი, ამ შენობის ფასადის დეკორაციებს ვუყურებდი: ბიჭი სალამურს უკრავდა, გოგო მგონი ცეკვავდა. ისინი ცოცხალ ადამიანებად მყავდა წარმოდგენილი და რატომღაც მეგონა, რომ თოკით ეკიდნენ და უნდა გადამერჩინა. ორივეს გულში ველაპარაკებოდი და ვპირდებოდი, რომ მალე მივაკითხავდი. კიროვის ქუჩის შესახვევში საკუთარი თავი დავინახე, ახლადფეხადგმული. მშობლებს მოვყავდი ხელჩაკიდებული. მეც მოვდიოდი და ორივეს რიგრიგობით ვკოცნიდი ხელზე. იმ ჩიხს მივაკითხე, სადაც დავიბადე. კიროვის 95. იქ ყველაფერი შეცვლილია, ჩვენი სახლი, დიდი ხანია, იქ აღარ დგას. მეზობლებიც მაშინ სხვადასხვა უბნებში გაგვანაწილეს. ახალი გზა გააკეთეს და ქუჩას თამარ მეფის სახელი უწოდეს. ერთ შუახნის კაცს გამოველაპარაკე. ქუჩის პირას მარტო იჯდა. ფეხი შეხვეული ჰქონდა. როცა დაინახა, რომ მანქანა გაჩერდა და მისკენ მივდიოდი, იმ მტკივანი ფეხით წამოდგა და ჩემს მოსასმენად მოემზადა, ეზოშიც შეგვიპატიჟა.
ამწვანებულ რიონის ჭალას ბევრი ფოტო გადავუღეთ. ყველგან სიჩუმე იდგა. სახლებიდან არაფრის ხმა არ ისმოდა.
ერთსართულიანი საკუთარი სახლები, ცოტა მანქანა და სიჩუმე უჩვეულო, მაგიურ და ტკბილ შეგრძნებას მიჩენს. ამ ქუჩებში შეღამებისას გავლა არც მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ როცა დარაჯს ჩაეძინება, თოჯინების თეატრიდან ბურატინო გაიპარება და მზისგან გახუნებულ სახურავებზე ირბენს. ბალახვანში, მუსიკალურის წინ, ქუჩაში, ჭადრები მაგიურად იშრიალებენ. სასწავლო ოთახებში კედლებზე ისევ ეკიდება მჭმუნვარე სახის კომპოზიტორების პორტრეტები, მოსწავლეებს კი ძველისძველი როიალები თავახდილი ექნებათ დატოვებული. შაუმიანის სახლების ბალკონებზე მაქმანებიან კაბებში გამოწყობილი ქოლგიანი ქალების აჩრდილები დასხდებიან და წმინდა გიორგის ეკლესიისკენ დაიწყებენ ცქერას. გაბრიაძის ჩიტი ბორია ალბათ მესამე სკოლის წინ მდგარ გიმნაზისტკას ქანდაკებასთან მიფრინდება და უმღერებს, სანიმუშე ფურნედან აწაპნილ ბულკს მიართმევს, ან ბანკის ტიტანების ნებართვით საცავიდან აღებული თუმნიანით რამე საჩუქარს უყიდის.
ამ ჩასვლაზე გელათი და მოწამეთა არ გვინახავს, ბაგრატიდან კი გადავიხედეთ. მამაჩემის საფლავიდან და ბაგრატის ეზოდან იშლება ხედი, რომელსაც ვერაფერი შემიცვლის.
ქრისტე აღდგა!!!
|
ხედი მწვანეყვავილას ქუჩიდან |
|
სოფელ ჭოგნარის სასაფლაო |
|
ქუთაისი გაზაფხულზე |
|
ხედი საფიჩხიის სასაფლაოდან
|
|
ლაშას ფოტო. ასე ჩანს ბაგრატის ტაძარი გაპონოვის ქუჩიდან. |
|
მწვანეყვავილას ქუჩა. ვამზადებ ფოტორეპორტაჟს ნანუკასთვის.
|
|
just the two of us :) |
ჭეშმარიტად აღსდგა!
ReplyDeleteროგორც სულ ემოციური დაწერილია, თითქოს მეც მწვანეყვავილაზე გავიაე...
ქუთაისი წელს პირველად ვნახე და საოცრად მომეწონა, არ მეგონა ასეთი კარგი თუ იყო, ძალიან მყუდრო, თბილი ადამიანებით :)
ReplyDeleteგილოცავ აღდგომის დღესასწაულს თინიტა!
am postis kitxvisas ra damemarteboda xom xvdebi Tin ;-) ugrmesi madloba!!! amisrule is survili, rac ganuxorcieleblad mimachnda am agdgomis lamaz dgeebshi- chamikvane tbilisidan kutaisshi (mec rom zustad imas ganvicdi rasac shen am gzaze!) da momatare monatrebuli adgilebi...suratebi,madloba, ramdens nishnavda rom icode.
ReplyDeletemraval agdgomas daescari, shens usakvarlesebtan ertad, Nanuka
მადლობა, კახა! გამიხარდა შენი კომენტარი :)
ReplyDeleteნატალია, მახსოვს შენი პოსტი და შთაბეჭდილებები...კი, ჩემს ბავშვობაშიც კარგი იყო... ახლა სევდიანად ლამაზი და ტკბილია. იმედია, დაწყებული რეფორმები გაგრძელდება და სიძველესთან ერთად ძალიან კარგ ეფექტს მოგვცემს. მეც გილოცავ!
ნანუკა! <3 ვიდეოებსაც რომ ვიღებდი, შენ მახსენდებოდი, გამოგზავნა სხვაგვარად არ მოხერხდა, ასე გაზიარება ჯობია :) მრავალს დავესწროთ და ფიზიკურად სად ვიქნებით, სულერთია, სულიერად ხომ ერთად ვართ! :) გკოცნი.
ჭეშმარიტად აღსდგა! თიკო, როგორც ყოველთვის ზედმიწევნით ქრონოლოგიურად და ისე ოსტატურად აღწერ ყველაფერს, მეც დიდი მონატრებულივით ვკითხულობ და ვმოგზაურობ შენს ბლოგებთან ერთად. ერთია, როცა მშობლიური ქალაქი მოგნატრებია და სხვაა, როცა ამ ქალაქში ცხოვრობ და მაინც მონატრებულივით გულს უხარია ყველაფერ ამის ისევ გახსენება...
ReplyDelete<3 <3
Deleteეკლესიის ეზოში ,ღამის ლიტანიობაზე, პირველად ნათქვამი ხმამაღალი "ქრისტე აღდგა" და ერთიანი პასუხი "ჭეშმარიტად", ძალიან მიყვარს ლიტანიობა.
ReplyDeleteჰო !!!! მეც !!! ზუსტად. :) მრავალს დაესწარი ოჯახით!
Delete