რამდენიმე წლის წინანდელი დღე მინდა გავაცოცხლო. ეს ახლა იმიტომ მომინდა, რომ უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა, შესვენებაზე რომ გავდივარ, მცხელა. ასეთი სითბო ყვითელ ფოთლებთან ცოტა შეუსაბამოა. ჰოდა, მზეზე დავფიქრდი. რამდენი გვაქვს, ზაფხულში გვბეზრდება, თუ შემოდგომა მზით ჩამტკბარი და ჩაშაქრულია, წვიმა გვენატრება. თუ ზამთარი გაიწელა, მზეს ვნატრობთ. მოკლედ, нам не угодишь!
იმ დღეს ჩახჩახა მზიანი დილა იყო. ნიდერლანდებში წლის უმეტეს პერიოდში წვიმს, ამიტომ მზიანი ამინდი ნამდვილი მოვლენაა. ასეთ დღეებში ხალხს სახეზე სიხარული ეფინება. გამოდიან, კაფეებში სხდებიან, მოხდენილ სხეულებზე თეთრ ჯინსებს იცვამენ, ბევრს სეირნობენ, მოკლედ, ნეტარებენ. იმ დღეს პირველი ლექცია "ოპერაციების მართვა" მქონდა. ეს საგანი დიდად არ მიყვარდა, უბრალოდ ლექტორი მყავდა ძალიან პოზიტიური და ცნობისმოყვარე. ჰოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა პრეზენტაციის ზუსტად შვიდ წუთში ჩატევას, როგორც ამას ლექტორი მოითხოვდა. ფიქრი ერთმა სცენამ შემაწყვეტინა: საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი თავისი სახლის წინ იდგა. პრაქტიკულად ეცვა: ბოტები, ჯინსი, ქურთუკი. სახლიდან გამოსული მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. საცაა, ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახურისკენ გასწევდა. ოღონდ, იმწუთას არსად ჩქარობდა: თვალები დაეხუჭა, ხელები ფართოდ გაეშალა და სახე მზისთვის მიეშვირა. იდგა და იმუხტებოდა სინათლით, ახალი, თბილი სხივებით. როცა შემნიშნა, გამიღიმა, ოღონდ ადგილიდან არ დაძრულა.
ლექცია ძალიან დატვირთული იყო: ჩემი კურსელები ვერ ეტეოდნენ შვიდწუთიან რეგლამენტში. ცდილობდნენ, აზრი მაინც დაესრულებინათ. მოკლედ, დიდი ვნებათაღელვა იყო. (რადგან ბიზნესსკოლა იყო, განსაკუთრებულად გვთხოვდნენ პრეზენტაციის უნარების დახვეწას.) როცა ჩემი ჯერი დადგა, ყველა დაღლილი იყო, ერთმანეთის მოსმენა უჭირდათ. უცებ, ის ქალი გამახსენდა. შთაბეჭდილება ჯერ კიდევ მძაფრი იყო. სპონტანურად გადავწყვიტე, ამბავი ყველასთვის მომეყოლა. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ისედაც მიყვარს და თუ ისეთ თემაზე ვსაუბრობ, რაც თვითონვე მომწონს, მიმზიდველი გამოდის. დაღლილი სახეები უცებ გამოცოცხლდა, ყველა ყურადღებით მისმენდა, თან ზუსტად გავიმეორე იმ ქალის დგომის პოზა. მერე მთავარ ამბავზე გადავედი, პრეზენტაციის თემად "ფორდის" კომპანიის ისტორია მქონდა არჩეული, აქცენტით მისი ოპერაციების ეფექტურობაზე. შვიდ წუთში ვერც მე ჩავეტიე, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც გამოვძვერი.
იმავე დღეს, ლექტორისგან დაახლოებით ასეთი შინაარსის იმეილი მივიღე: "გთხოვ, უზრდელობად არ ჩამითვალო ჩემი კითხვა, მაგრამ ხომ იცი, როგორ მიყვარს სიახლეების გაგება. რატომ მოგვიყევი დღეს ის ამბავი?"
მე ვუპასუხე, რომ ძალიან მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, რომ ამით ვსწავლობ განსხვავებებს და საერთოდ, ადამიანის ბუნებას; ისიც ვუთხარი, რომ ჰოლანდიელები წყნარი ხალხია და ასეთ სცენას ყოველდღე არ წააწყდები. "ამბის მოყოლა" პრეზენტაციის წინ ყურადღების მიპყრობის ცნობილი ხერხია, მაგრამ იმ დღეს შეგნებულად არ გამომიყენებია, უბრალოდ, შთაბეჭდილება ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ასეთ დროს გაზიარება მიყვარს. მერე გალაკტიონზე მოვუყევი, რომელიც ბავშვობაში ერთ დილით საწოლიდან წამოხტა და ფანჯრის მინებზე მზის შუქს კოცნიდა (ეს ჩანაწერი რამდენიმე წლის წინ ზეპირად ვიცოდი), მერე ოთახში დედა შემოვიდა, გალაკტიონს შერცხვა და თავი დახარა, ვერც იმის ახსნა შეძლო, რას აკეთებდა. ბერნაუდს (ასე ერქვა ჩემს ლექტორს) ვუთხარი, რომ გალაკტიონიც და მზეც ძალიან მიყვარს.
პასუხად მომწერა: "თინა, მადლობა პასუხისთვის. როცა ამბის მოყოლა დაიწყე, მაინტერესებდა, რატომ. თავში სამი ვერსია მიტრიალებდა: 1) ველოდი, რომ იტყოდი: ...და იგი შიშველი იყო. ამ დროს უკვე იმაზე ვფიქრობდი, წესიერების ფარგლებში ამაზე როგორი რეაქცია უნდა მქონოდა. 2) პრეზენტაციის დაწყებამდე ატმოსფეროს შესაქმნელად "ამბის მოყოლის" მეთოდს მიმართე. 3) გამოცდილებას გვიზიარებდი (რაც შენს ხასიათშია). გეთანხმები, რომ არაფერი სჯობია დილით პირველი მზის სხივების ნახვას/შეგრძნობას. ეს რაღაც დაპირებასავითაა, რომ ახალი დღე უნდა დაიწყოს."
პასუხად მომწერა: "თინა, მადლობა პასუხისთვის. როცა ამბის მოყოლა დაიწყე, მაინტერესებდა, რატომ. თავში სამი ვერსია მიტრიალებდა: 1) ველოდი, რომ იტყოდი: ...და იგი შიშველი იყო. ამ დროს უკვე იმაზე ვფიქრობდი, წესიერების ფარგლებში ამაზე როგორი რეაქცია უნდა მქონოდა. 2) პრეზენტაციის დაწყებამდე ატმოსფეროს შესაქმნელად "ამბის მოყოლის" მეთოდს მიმართე. 3) გამოცდილებას გვიზიარებდი (რაც შენს ხასიათშია). გეთანხმები, რომ არაფერი სჯობია დილით პირველი მზის სხივების ნახვას/შეგრძნობას. ეს რაღაც დაპირებასავითაა, რომ ახალი დღე უნდა დაიწყოს."
ასეთი ადამიანები ცხოვრობენ იქ, სადაც მზე ცოტაა. ახლა მზიანი ფოტოები.
მზის ჩასვლა პატარა ქალაქ ემენში |
ასეთ დღეებში გარეთ ვმეცადინეობდით |
ეკლესიის ეზო ქალაქ ენსხედეში |
nice story :)
ReplyDeleteнам не угодишь! - გეთანხმები. ერთი სული მქონდა, გათბობას როდის ჩართავდნენ და 2 დღეა ვიგუდები :D
:*
Deleteრა ლამაზი ისტორიაა გალაკტიონზე, არასოდეს გამეგო აქამდე. მზის სხივების კოცნა – ულამაზესად ჟღერს.
ReplyDeleteჰოლანდიაში ჯერ არ ვყოფილვარ და ძალიან მომინდა.
იქ ყოფნისას ხშირად და სიამოვნებით დავდიოდი გერმანიაში :)
Deleteიმ ჩანაწერში გალაკტიონი ამბობს, რომ გათენებამდე კითხულობდა დიკენსის "დიდ იმედებს" და ამიტომ გვიან გაეღვიძა. როცა ნახა, რომ მზე თავისი დიდებულებით მის ფანჯარას მისდგომოდა, წამოხტა და კოცნა დაუწყო მზის შუქს. ოთახში შესულ დედას შეეშინდა. ჰკითხა, რა მოგივიდაო. მან წაიბუტბუტა: "დიდი იმედები, დედა, დიდი იმედები"... თურმე დედას უფრო შეეშინდა, გულზე ხელი მიიდო და სკამზე მიესვენა :) მერე, როცა ოთახში მარტო დარჩა, ისევ გახედა ფანჯარას. მზის შუქი უკვე აღარ ეჩვენა ისე მიმზიდველად.
ბავშვობაში ერთი მოთხრობა წავიკითხე, თურქულიდან ნათარგმნი. ერთ ობოლ ბიჭზე იყო, რომელსაც დედა არ ჰყავდა და მამასთან ერთად ღარიბულ ბინაში ცხოვრობდა. ნახევრად მშივრები იყვნენ. უსიხარულო ცხოვრება ჰქონდა, სკოლაში წასვლაც არ უნდოდა. მის იმედად მზის სხივი გამოჩნდა, ერთ დილით ლაპარაკი დაუწყო. მთელი დღე ერთად იყვნენ, ლაპარაკობდნენ და მხიარულობდნენ. სკოლაშიც წაჰყვა. საღამოს მათი განშორების დრო დადგა. მზის ჩასვლასთან ერთად სხივიც გაქრა. სამწუხაროდ, ავტორი არ მახსოვს, ძალიან მინდა, ვიპოვო ეს მოთხრობა. "მშვიდობით, მზის სხივო!" ასე ერქვა.
რამხელა კომენტარი არ გამოქვეყნდა. გული დამწყდა...
ReplyDeleteვწერდი, როგორ მომეწონა ეს ისტორია, როგორ მიყვარს და მჭირდება მზე, როგორ დავინახე იმ ჰოლანდიელი ქალის ღიმილიც კი.... და რომ მზის სხივების კოცნაც შეიძლება მოგინდეს ადამიანს, იმდენად მნიშვნელოვანია.
არაჩვეულებრივი ამბავია, თინიტა. და არაჩვეულებრივი ფოტოები!
როგორ ვმწარდები ხოლმე, როცა ასე აკეთებს :( მადლობა თბილი სიტყვებისთვის...
Deleteის თურქული მოთხრობა ხომ არ გეცნობა მზის სხივზე?
ეს თურქული მოთხრობა არ წამიკითხავს, მაგრამ ბიბლიოთეკის კატალოგში მოვძებნე და არის: ულქუ თამერია ავტორი. ორშაბათამდე ვისვენებ და შემდეგ კი შევძლებ, ასლი გამოგიგზავნო მეილზე :)
ReplyDeleteვაშააა!!!!!!!!!!!!
Deleteთინი, მეც დავიმუხტე ძალიან დადებითად... ოღონდ, ახლა ცივი ზამთარია და შუაღამე მოდის. ამიტომ შენგან წამოსული სინათლე მათბობს და ალბათ საკმაოდ ხანგრძლივად მეყოფა. ძალიან ამაყი ვარ! ძალიან პატარაობიდან გეტყობოდა, რომ გამორჩეული იყავი
ReplyDeleteახლა შენში მამიდა ლაპარაკობს! :)))) kiss
Delete