ამონარიდი ჩემი მეგობრის, ნანას ელექტრონული წერილიდან. რასაკვირველია, მისი თანხმობით ვაქვეყნებ.
"1 საათზე ჩეხეთის საელჩოში ვიყავი ჩაწერილი, პასპორტის წამოსაღებად და ცოტა ადრე გამოვედი ოფისიდან, გზად მკერავთან უნდა გამევლო, გადასაკეთებლად მქონდა მიტანილი ქვედაბოლო. ეს მკერავი სომეხი ქალია, გაია. რუსთაველზე, ერთ-ერთ არკას თუ დაუკვირდები, სანამ "ანტრემდე" მიხვალ, არკის შესასვლელში აბრაა გამოკრული "მოდისტა". ეს აბრა გვაუწყებს, რომ მკერავი გაია აქვეა სულ ორ ნაბიჯშიო და თან უბრალოდ მკერავი კი არაა, მოდისტა არისო.:) გაიას მართლაც რომ ოქროს ხელი აქვს, ძალიან ხარისხიანად კერავს, და საფასურსაც შესაბამისს იღებს. სიმართლე რომ გითხრა, ძვირსაც კი იღებს. მაგრამ, იმდენად მოსახერხებელია იქვე რომაა და შედეგიც რომ იცი ნამდვილად ხარისხიანი იქნება, მიგვიჩვია მთელი ოფისი. მოვიტანთ რაიმეს მის გაკეთებულს და ვწუწუნებთ: "ამაში ამდენის მოთხოვნა რა უბედურებააო", მაგრამ არ გაივლის ცოტა ხანი და ისევ გაიასთან მივდივართ, თუ მკერავი გვჭირდება.
იტალიურ ეზოში აქვს "სამკერვალო" გაიას. სულ რაღაც ორი პატარა ოთახია. ეზოში უზარმაზარი ხე დგას, ჭადარი. ეხლა სულ გადაყვითლებულ - გადაოქროსფერებულია ჭადარიც და ეზოც. მივუკაკუნე კარებზე გაიას, მომესმა "zaxodite, otkrito". შევედი, გაიამ იქვე ელექტრო-გამაცხელებელზე რკინის ჩაიდანი შედგა. იცი, როგორი გამაცხელებელი აქვს, სპირალები რომ ანათებს წითლად. მერე მეორე ოთხში შემიძღვა, ჩემი ქვედაბოლო მოძებნა და მოისინჯე, აბა, როგორი გამოვიდაო. მართლაც, კარგად გამიკეთა. 18 ლარიო, მე 20 ლარიანი მქონდა და დამელოდე ერთი წუთითო, ხურდა არა მაქვს და დავახურდავებო. წავიდა.... მე ოთახის დათვალიერება დავიწყე და უცებ რა ვიგრძენი, იცი? დამცინებ ეხლა :D გაია მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახად მომეჩვენა მთელს მსოფლიოში. გარეთ ცრიდა, აქ კი წითლად ანათებდა სპირალიანი გამაცხელებელი, ჩაიდანი კიდე ზემოდან ქოთქოთებდა, გარშემო სხვადასხვა ფერის უამრავი ნაჭერი და ძაფები იყო და ძველთაძველი საკერავი მანქანა. ყველაფერი ისეთი პრიმიტიული იყო და თან ისეთ სიმყდროვეს ქმნიდა. არ მინდოდა არც ჩეხეთის საელჩოში წასვლა, მერე ოფისში დაბრუნება, საღამოს სალონში შერბენა მანიკურზე, მერე სახლში მოსვლა, სადაც გათბობაც ცენტრალურია, ჩაიდანიც თანამედროვე. ეს ყველაფერი ცივილიზაციის ისეთ გულისამრევ კომპონენტებად მომეჩვენა იმ წუთებში და ისე შემშურდა გაიას ამ ორი მოცუცქნული ოთახის, ჟანგიანი ჩაიდნით და ძალიან გასარეცხი ფარდებით.
ბავშვობაში მემართებოდა ასე. დიდი სახლი გვქონდა და იქვე მამაჩემის ძმის სახლი იდგა კიდევ. ჩემი ბიძაშვილები და ჩვენ სულ ერთად ვიყავით. განსაკუთრებით ზამთარში ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რა იყო, იცი? ნეტავი პატარა ქოხში ვცხოვრობდეთ ყველანი ერთადთქო და დიდი ბუხარი იდგას და კაცები ბუხართან გაზეთებს კითხულობდნენ, ქალები რაღაცეებს აცხობდნენ, ჩვენ კი იქვე დავრბოდეთთქო. ბებიაჩემი სულ დამცინოდა, შვილო, ღვთის მადლით, ამხელა სახლი გაქვს და ეს პატარა ქოხი რატომ გინდა ასე ძალიანო. მე კი როგორ მინდოდა პატარა ხის ქოხში ცხოვრება :D :D :D მოკლედ, ბავშვობიდან "ვაფრენდი".
ჩემი ბიძაშვილი 3 წლით უფროსია ჩემზე, მოსკოვში ცხოვრობს და რომ ჩავდივარ, ეხლაც მაბრაზებს, ნან, როგორ იყო ეგო, პატარა ქოხი და სიმყუდროვეო?! :D
ეტყობა, გაიას ოთახმაც ეს ძველი სურვილი გამახსენა."
ზუსტად ასეთი ფიქრების და განწყობის სეზონია, არა? ასეთი გემრიელი მონათხრობის შემდეგ ძალიან მაინტერესებს და იმედია, ოდესმე მოვხვდები მოდისტას ოთახში. გავაგრძელებ ნანას ფიქრებს და ჩემებს მივამატებ:
- ბავშვობიდან მიყვარს ღამით სახლებიდან გამომავალი შუქების თვალიერება. როცა ტროლეიბუსი ნელა მიირწეოდა, შუქებს ვათვალიერებდი და წარმოვიდგენდი, იმ სახლებში რა ხდებოდა, რომ ალბათ სითბო იყო, ხალხმრავლობა და მხიარულება. ერთხელ, პარიზში ყოფნისას, სასტუმროს ფანჯრიდან ვუყურებდი ხოლმე საღამოობით საცხოვრებელი კორპუსის შუქებს ქუჩის მეორე მხარეს. დამახსოვრებული მქონდა ერთი ბინის ლამაზი ფარდა, მეორის წიგნის თაროები, მესამის აივანი ვარდებიანი ქოთნებით. ქუჩის კუთხეში პატარა მაღაზია იყო. გვიან საღამოს თანამშრომელი შუქს ჩააქრობდა, მაღაზიას დაკეტავდა და მეტროს სადგურისკენ ფეხით მიდიოდა.
- ჩემი საყვარელი დროა ცივი საღამოები სავაჭრო ადგილებთან ახლოს, როცა სანაგვე ურნები გადავსებულია, მოვაჭრეები დახლებს ალაგებენ, მაღაზიებს კეტავენ, საყიდლებზე გამოსულები კი სავსე პაკეტებს მანქანებში აწყობენ, ტაქსებს აჩერებენ ან ფეხით მიდიან შინ. ამ დროს ყველა ჩქარობს, საყელოები ამოწეული აქვთ, ქუდები - ჩამოფხატული. ერთი სული აქვთ, სახლში მივიდნენ, მოისვენონ, გათბნენ და გემრიელად ივახშმონ. ასეთი სცენა ჰოლანდიაში გადავიღე.
- ბავშვობაში მე, ჩემი ძმა და დეიდაშვილები ხშირად ვთამაშობდით ასეთ თამაშს: წარმოვიდგენდით, რომ ვცხოვრობდით ქოხში, რომელიც ტრიალ მინდორზე იდგა. ქოხი ვითომ პლედი იყო, გადავიფარებდით და ქვეშ ვძვრებოდით. ჩვენს "სცენარში" ღამე, თოვლი და ქარი უნდა ყოფილიყო. ამ დროს ერთი ჩვენგანი გვიანი მგზავრი იყო, რომელიც ამ ტრიალ მინდორში ღამით მიდიოდა. ჩვენ, ქოხში მყოფები, მგზავრს დავუძახებდით, ქოხში შემოვიყვანდით, ცეცხლთან გავათბობდით და რაიმე ცხელს დავალევინებდით. სიამოვნებას გვანიჭებდა ეს თამაში: ადამიანის სიცივიდან შინ შემოყვანა და მისთვის კომფორტის შექმნა.
თქვენ როგორ აღიქვამთ სიმყუდროვეს? რა მოგონებები, ასოციაციები და განწყობილება გაქვთ?
ბოლო აბზაცი ძალზედ ნაცნობი შეგრძნებებია, თუმცა პირადად ცოტა ეგოისტური გრძნობებიც მიჩნდებოდა როცა გარეთ წვიმდა, ცივი ქარი უბერავდა ან გადაუღებლად თოვდა და ამ დროს სახლში ვიყავი...
ReplyDeleteაგერ ფაქტიც, ქუთაისში ადრე დაწერილი განწყობის პროქსი...
უაზრო ვაკუუმი (Handel, suite #4)
უძილობა.
წამლის აბს პირში ვუძახებ და ბოთლიდან წყალს ვაყოლებ.
გარეთ ღამეა და მთვარე.
მთვარის შუქზე ქარისაგან თავმობეზრებული ხეების სილუეტები ჩანს.
მძულს მთვარე.
თვალებს ვხუჭავ და ძილისათვის ვემზადები.
ოთახში მძიმე, ნიკოტინიანი კვამლით დიფუზირებული ჰაერია.
ძლიერი ქარი მძვინვარედ ეხეთქება სახლის კედლებს და გუგუნებს.
ქარის ხმა საოცრად მსიმოვნებს.
ეგოისტური სიამაყით ვივსები, რომ საწოლში ვარ, რადგან ამ დროისთვის შესაძლოა ვინმე ქუჩაში ღამეს მიარღვევს და გიჟმაჟი ქარი ალბათ თმებს უწეწავს.
მე კი თბილადა ვარ ჩემს ოთახში.
საოცრად მეზიზღება კუჭი, რომელშიც ახლადდალეული წამლის აბი ცივად ბუყბუყებს.
გულზე ლოდი მაწევს.
მინდა ლოდი მოვისროლო, ვდგები, სიგარეტს ვუკიდებ და კვლავ ლოგინში ვწვები.
ღამის სამი საათია.
სიგარეტი საოცრად მსიამოვნებს და ღრმა ნაფაზებს ვურტყამ.
ანთებული ღერი სიბნელეში წითელ, გაურკვეველ ტრაექტორიებს ხაზავს.
ძილი აღარ მსურს, ვნანობ, წამალი რომ დავლიე.
ქუთუთოებზე, როგორც გაჩხაპნილ კინოფირზე, უფორმო ხაზები დარბიან და ფერად კვალს ტოვებენ.
მინდა არაფერზე ვიფიქრო.
სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე, რომ არაფერზე ვიფიქრო.
ვბრაზდები და
... ვიძინებ.
ქუთაისი 9.05.1993. (su)
სულ ჩემი იყავი და ჩემიანი. <3
Deleteთიკო,მოძებნე რაიმე გადასაკეთებელი გექნება და მომავალ კვირას რომ დავბრუნდები თბილისში, ვესტუმროთ გაიას ერთად :)
ReplyDeleteთქვენი ბავშვობის თამაშზე რომ ვკითხულობდი, მეღიმებოდა. როგორი ერთნაირია ყველა ბავშვი :) ჩვენ ოთახის შუაგულში დიდი, მრგვალი მაგიდა გვედგა და იმ მაგიდას ჩამოვაფარებდით გარშემო გადასაფარებელს და მაგიდის შიგნით შევზიდავდით თუ რამის შეზიდვა შეიძლებოდა და ვთამაშობდით "სახლობანას" :D
როგორც ყოველთვის, თბილის მონათხრობი გამოგივიდა. ზამთარს რომ შეჰფერის ისეთი :*
Thank you for inspiration, darling!
Deleteმე კიდევ ძალიან მომინდა ჩემს საფოსტო ყუთში ყოფილიყო ასეთი წერილი და შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ ამიხდა კიდეც, რაკი ყველას წაგვაკითხე :)
ReplyDeleteარაჩვეულებრივად არის მოთხრობილი, თვალწინ დამიდგა გაიას ორი ოთახი. "მოდისტა" კი შემინიშნავს, მაგრამ შიგნით არ შემიხედავს.
ჩემი ბავშვობის სახლობანა ორნაირი იყო: თბილისში ფარდას გავაბამდით აივნის კუთხეში და იქ შეგვქონდა სათამაშო ჭურჭელი და თოჯინები, ქალაქგარეთ უფრო შორს მივდიოდით – მაშინ მშენებლობა გვქონდა ეზოში და საშენი მასალებიც ბლომად მოგვეპოვებოდა. ჰოდა უფროსების დახმარებით შემოვისაზღვრეთ აგურის სახლი. იქ გვქონდა ბინა :)
სურათებს რომ ვუყურებდი, უცებ კითხვა გამიჩნდა, მანდ როგორ გვიან ქუჩებს? უცებ დამავიწყდა, რომ ეს უცხოეთია და ვიფიქრე, ჩვენებური მეეზოვე ჩამოივლიდა დილით დიდი, გაბარდღული ცოცხით :)
რა კარგია! ავტონომიური ბინა ეზოში! :)
Deleteმტვერსასრუტებით, ქეთი, დილაადრიან გამოდიან. ეს ბაზრობაც ძველი ტრადიციაა, შუასაუკუნეობრივი. კვირაში ოთხჯერ, ზუსტად იმავე დღეებში იმართება, როგორც ადრე. ამ მოედანსაც Vismarkt - თევზის ბაზარი ჰქვია.
რა მაგარია, ასეთი ტრადიციები საუკუნეების მანძილზე რომ გრძელდება
ReplyDelete