Saturday, March 24, 2018

მაიკო

Tristeza não tem fim.
Felicidade sim.
ბედნიერებას ბოლო აქვს, სევდას - არა.
(ბრაზილიური სიმღერიდან)




არ ვიცი, უდიდეს ტკივილზე როგორ  ვწერო. როგორ გამოვხატო, თუნდაც ჩემს მშობლიურ ენაზე, მაიკო ჩემთვის რას ნიშნავდა.

ჩემი ბავშვობის ყველა მოგონება მას უკავშირდება. ბლოგზე წარსულის შესახებ ყველა პოსტში მაიკოა. სხვაგვარად არც შეიძლება, ჩემი ცხოვრების იმხელა ნაწილი იყო. 

იყო და აღარ არის.

მთელი წელი არდადეგებს ველოდებოდი. არდადეგები სოხუმში მასთან ერთად ყოფნას ნიშნავდა. მის ოთახში, უამრავ ჩემთვის ლამაზ და მიმზიდველ ნივთს შორის მეძინა. დილით მის გვერდით ვიღვიძებდი. მისი ფოტოების ალბომი ზეპირად  ვიცოდი. ასევე ზედმიწევნით ვიცნობდი მის მეგობრებს. მას ვბაძავდი ყველაფერში. მისი ყველაფერი უპირობოდ მომწონდა. მას ეცვა, ის ამბობდა, ის აკეთებდა, მას მოსწონდა, ის უკრავდა - ე.ი. კარგი იყო და პირდაპირ გადმომქონდა. ლამაზად ჩამაცმევდა, სულ თავის ტანსაცმელს, და სოხუმის მთავარ პროსპექტზე მასეირნებდა. აღარ იცოდა, რა ეყიდა, ყველაფერს მთავაზობდა. მისი ტანსაცმლით სიარული დიდი ბედნიერება იყო. სკოლაში ამაყად ვატარებდი მის ნაჩუქარ ახალ ჩანთას, ფეხსაცმელს, წინდას, კაბას. სტუდენტი გავხდი და პირველ სექტემბერს მისი კაბა მეცვა, კოპლებიანი. ყურები მან გამიხვრიტა, როცა სკოლა დავამთავრე და თავისი ოქროს საყურეები გამიკეთა. მის კლასელებთან ერთად მასეირნებდა სოხუმის სანაპიროზე, დავყავდი ლამაზ კაფეებში, სალონში თმის შესაჭრელად, სტუმრად მის მეგობრებთან. როცა დეიდას დედა და ზაზა სასეირნოდ მიჰყავდა ბოტანიკურ ბაღში ან აფხაზეთის სხვა საოცარ ადგილას, მე არ მივყვებოდი, მაიკოსთან ვრჩებოდი სახლში. მოდიოდნენ მისი მეგობრები, ეზოში, ქვის დიდ მაგიდასთან სხდებოდნენ, ყავას და კოქტეილებს სვამდნენ. მეც მათთან ყოფნა მერჩივნა ყველაფერს.

ახლა, როცა აღარ არის და ყველას მის შესახებ ვეუბნები, მიკვირს (და არც მიკვირს), რამდენ ადამიანს ახსოვს, თუნდაც ერთხელ ჰყოლოდათ ნანახი. ყველას მასზე რაღაც მოგონება აქვს შენახული, თანაც, ძალიან ცხადად. რამდენიმე ხანს ჩვენთან ცხოვრობდა, დევნილობის პერიოდში. მაშინაც ჩემზე ზრუნავდა: მაცმევდა, მიქსოვდა, მიკერავდა. მისი და ზაზას მაიმუნობა ამხიარულებდა და აფერადებდა 90-იანი წლების გაჭირვებას. იშვიათად იბადება ადამიანი სიცოცხლის ისეთი ენერგიით, როგორიც მას ჰქონდა. მის გვერდით ცხოვრება ძალიან იოლი და სამხიარულო მეჩვენებოდა. სიცილით და ხალისით აკეთებდა ყველაფერს: ხელსაქმეს, სახლის საქმეს, საჭმელს, სამეცადინოს... მას და დეიდას განსაკუთრებული, ტკბილი სუნი ჰქონდათ, რომელიც მარტო მე ვიცოდი. როცა სახლის კარს გავაღებდი, ზუსტად ვიცოდი, რომ ისინი იყვნენ ჩვენთან. 

ეს მოგონებები ჩემშია, ცხოვრებამ კი თავის სისასტიკით ასე განაწესა: აფხაზეთი აღარ არის, იქ დარჩა მათი სახლი და ეზო, ნიავიანი სანაპირო. ასეთ მხიარულს და კეთილს ლაღად და მოსვენებულად თითქმის არ უცხოვრია, სოხუმის წლებს თუ არ ჩავთვლით. დევნილობაში დაამთავრა უნივერსიტეტი, მერე ოჯახი შექმნა და ემიგრაციაში ცხოვრობდა, ბევრს შრომობდა მისი შვილისთვის. მერე ცუდი სენი გაუჩნდა, დიდხანს არც უბრძოლია, ისე წავიდა. 

მის შემდეგ ისევ გათენდება, შეიცვლება სეზონები, მისი შვილი - ლუკა უნივერსიტეტს დაამთავრებს, პროფესია და იმედია, უკეთესი ცხოვრება ექნება. კიდევ, არ ვიცი, რა მოხდება. მაიკო, იქნებ, შენ იცი? ახლა აღარაფერი გეტკინება. ყველა ფიქრზე, ყველა სიმღერაზე, ყველა ხუმრობაზე, ნაცნობი და ახალი ადგილების ნახვისას შენ გამახსენდები.




10 comments:

  1. ;( თინი, როგორ მინდობილი ხარ მთელი არსებით ფოტოებზე. ეს მარადიული სიყვარული, ფიქრები, მოგონებები გაუნათებს გზას მაიკოს... ❤

    ReplyDelete
  2. გულით ვიზიარებ შენს ტკივილს თინი, ასე მოუწყვია წუთისოფელი ღმერთს, როგორც არ უნდა გვიყვარდნენ ან ვუყვარდეთ წავლენ და წავალთ, მზე კი ისევ ამოვა, ზღვა ისევ ილიცლიცებს, ჩიტები ისევ იჭიკჭიკებენ და ადამიანებიც ისევ გაიღიმებენ ტკივილის მიუხედავად, ჩემთვის მთავარი ისაა რომ ვინმემ ხანდახან მაინც გაიხსენოს ის და მეც როცა გვერქმევა "წასული" ასეთი დიდი სითბოთი და სიყვარულით შენ რომ წერ ეხლა...
    სულ გოდერძი მახსენდება, როცა საყვარელი ადამიანი მიდის ჩემი ცხოვრებიდან...

    "ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო..."

    სიკვდილი ამ ყველაფერს უხეშად და სამუდამოდ გვართმევს ხოლმე საყვარელ ადამიანებთან ერთად...

    ReplyDelete
    Replies
    1. მე სულ უმწეობის განცდა მაქვს და დანაშაულის.
      კი, მართლა უხეშად გვართმევს.
      დიდი მადლობა, ვერიკუნა <3

      Delete
  3. ზემოთ მიწერილის ნაწყვეტის საპასუხოდ:
    "- რა არის სიცოცხლე?
    - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
    - სიკვდილი?
    - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა..."

    ReplyDelete
    Replies
    1. ძვირფასი სიტყვებია! :(

      Delete
  4. ერთ დიდ მეუფეს ვკითხე: - დედის გარდაცვალება მტკივნეული იქნებოდა თქვენი ასკეტურად ცხვრების ფონზე, როცა მასთან მიდით და უკვე გარდაცვლილი იყოთქო. მან მითხრა:- არა, პირიქით, საზეიმო განწყბა იყო ჩემს სულშიო. თუ ნამდვილად გარდაიცვალე ამაზე დიდი ბედნიერება არაფერიაო. მაიკო გარდაიცვალა და მოგონებად ადამიანებისთვის კეთილი მსახურის სახელი დატოვა....

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგად თქვი - კეთილი მსახური
      მადლობა

      Delete
  5. აუ თიკო :(
    ვწუხვარ.
    ვიზიარებ.
    საშინელებაა ხოლმე ადამიანის გარდაცვალება ყოველ ჯერზე. რაღაც პროტესტის შეგრძნება მაქვს და ვერ გამაქვს ჩემი. ყველა იქით მივდივართ, უბრალოდ დროის ამბავია. საშინელებაა.

    ReplyDelete