Sunday, September 16, 2012

A Trip to Stockholm

მე და ლაშა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით სტოკჰოლმიდან. ვეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები ისევე მშვიდად გადმოვცე, როგორი მშვიდებიც შვედები არიან; თუმცა, რამდენად გამომივა, არ ვიცი, რადგან "ჩრდილოეთის ვენეციად" მონათლულმა ქალაქმა ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლად მოასწრო ჩემი მოხიბლვა. კიდევ ერთი ჩრდილოევროპული ქვეყნის ნახვამ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სამხრეთის, სამხრეთული ტიპის ადამიანების, კულტურის, ცხოვრების სტილის შესახებ და დამარწმუნა, რომ თავიდან ბოლომდე ვემხრობი და მომწონს ჩრდილოეთი, თავის სიმშვიდით, სტაბილურობით, ლანდშაფტით, არქიტექტურით, ურთიერთობებით, უბრალო, არაამაყი და მშრომელი ადამიანებით. ბუნებრივია, ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე ჰოლანდიასთან. მასაც, იმედია, მალე ვესტუმრებით.

ჩრდილოეთ ევროპისთვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება აქაც თვალშისაცემი იყო და ძალიან მიზიდავდა. ყველა მუზეუმში ექსპონატები სადად და კრეატიულად იყო გამოფენილი. ეს ლაშამაც შენიშნა და ჩემი აღფრთოვანება გაიზიარა. უბრალოდ და სუფთად იყო მოწყობილი ქალაქის პარკები. საერთოდ, ქალაქი თავიდან ბოლომდე მწვანეა და ეს სიმწვანე ყველასთვის მისაწვდომი და თან ხელშეუხებელია. 


უბრალოდ ჰქონდათ გადაწყვეტილი საფლავების დიზაინიც Woodland Cemetery-ზე. დაბალ, მწვანე ბალახს და არყის ხეებს შორის პატარა, სადა საფლავის ქვები იყო ჩალაგებული, უბრალო ყვავილებით, სასანთლეებით და ქვის პატარა ანგელოზებით. სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში დაკრძალვის ცერემონიალს შევესწარით. სადად ჩაცმული ხალხი მოდიოდა, ყველას ხელში თითო ვარდი ეჭირა. ჭირისუფალი კართან იდგა და მომსვლელებს ხელს ართმევდა. ბოლოს ყველა სკამებზე განთავსდა და მღვდელმა კარი დახურა. მეტი დრო რომ მქონოდა, ბევრ რამეს ვკითხავდი, ღიმილიანი კაცი იყო და როგორც შვედების აბსოლუტური უმრავლესობა, ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობდა. 

ჯაზკლუბ "ფაშინგშიც" ბევრი მომხიბლავი, ნიჭიერი და უბრალო ადამიანი ვნახეთ, პროფესიონალებიც და მოყვარულებიც თანაბარი თავმდაბლობით უკრავდნენ და აპლოდისმენტებსაც მდაბლად იღებდნენ. ჩვენს გვერდით მაგიდასთან ოჯახი იჯდა. ახალგაზრდა საქსოფონისტს, გამხდარ, ქერა, სათვალიან ბიჭს ოსკარი ერქვა და სავარაუდოდ, კონსერვატორიის სტუდენტი იყო. როცა jam session დაიწყო და ოსკარი პატარა სცენაზე მიიწვიეს, ნერვიულობა დაეტყო. მისმა მშობლებმა, სიმპათიურმა შუახნის წყვილმა, თბილი მზერით გააცილეს სცენამდე. მათ სახეზე სიამაყის ნატამალიც ვერ ამოვიკითხე. 

ძველი ქალაქი, Gamla Stan, როგორც ტურისტული ბუკლეტები და ინტერნეტში წაკითხული სტატიები გვიყვებოდნენ, შუასაუკუნეების ცოცხალი მუზეუმი აღმოჩნდა თავისი კლასიკური ატრიბუტებით: ქვაფენილიანი ქუჩებით, ხის თაღიანი კარიბჭეებით, ხის უხეში დარაბებით, ბოქლომით დაკეტილი ცხაურებიანი სარდაფის სარკმლებით და სახლებს შორის ვიწრო გასასვლელებით. ტურისტებით სავსე სტილიზებული მაღაზია-სალონები, გალერეები და კაფეები ამ იდილიას სრულებით არ არღვევს. გგონია, რომ შემდეგ მოსახვევში დაინახავ სახლის წინ მიყენებულ უცხენო ხის ორთვალებს, ჯვალოსმოსასხამიან კაცებს და სკარლეტ იოჰანსონისსახიან ქალებს გახამებული თეთრი თავსაბურავით. ამ უბანში ყველა შენობის ფასადი განსაკუთრებული ფერისაა, მუქი ყვითელი, ვარდისფერი, აგურისფერი ან ჟანგისფერი, რაც ცოტათი იტალიურ სახლებს გაგონებს და კარგად ეხამება თეთრღრუბლებიან ცისფერ ცას. 

შვედეთთან ჩემი ემოციური მიზიდულობა საბავშვო ლიტერატურით და ინგმარ ბერგმანის ფილმებით იყო განპირობებული. კინოს მუზეუმში, Filmstaden-ში და შესაბამისად, ბერგმანის სამყაროში ვიზიტზე ცალკე დავწერ. ამ ვიზიტის შემდეგ შვედურ ასოციაციებს ჩემთვის მოდერნ არტიც დაემატა. შვედებს ძალიან უყვართ თანამედროვე ხელოვნება. ბევრ მიმდინარეობაში ვერ ვერკვევი და ამიტომ ამ სფეროს ცოტა ზედაპირულად ვუყურებდი, შვედების გემოვნებამ კი სასიამოვნოდ გამაოცა. მოდერნ არტის ნიმუშებს ყველგან შეხვდებით: ქუჩებში, მაღაზიების ვიტრინებში,   მუზეუმებში, მეტროს სადგურებში, სადაც სივრცე დიდია და ლამის თითო სადგური თითო თემას ან მიმდინარეობას ეთმობა. ძალიან პოპულარულია პერფორმანს არტი. ჩვენმა მასპინძელმა, თავად მხატვარმა ანდრომ ამ თემაზე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მოგვცა. 

როგორც ყველა მოგზაურობის შემდეგ, ახლაც ცოტათი გაბრუებული ვარ, რადგან ჩემი გონება "ვერ ეწევა" იმ მანძილს, რასაც ავიალაინერი რამდენიმე საათში ფარავს და სლაიდებივით მაჩვენებს კეთილგანწყობილ, ღიმილიან ადამიანებს, ხალხით გადატენილ რესტორნებს, ცენტრალური სადგურის წინ შეკრებილ ყველა რასის და ჯურის თინეიჯერებს, დარბაისელ შუახნის ადამიანებს ოპერის წინ, იაპონელ მოგზაურ გოგონებს, ბაღიდან სახლში დაბრუნებულ ლუკას, რომელიც არასდროს ჭირვეულობს, მშობლების უთქმელად ესმის და თამაშის დროს შვედურად რაღაცას გულმოდგინედ გიხსნის, გაღვიძებას სოფოს და ანდროს ოთახში, ფანჯრის გაღებას და უსუფთავესი ჰაერის შესუნთქვას, წყნარ და მწვანე უბანს, ბავშვებით და ძაღლებით მოსეირნე მეზობლებს, ძველ ფოტოებს ანტიკვარების მაღაზიებში, არომატულ ყავას და თევზის და ყველის ნაირსახეობას, ლაშას ბედნიერ სახეს, როცა მუსიკალური დისკები იყიდა. 

დანარჩენზე მერე, როცა ცოტას ამოვისუნთქავ. ახლა ფოტოები.

    Gamla Stan


    Light vs. Darkness


    Somewhere in Old Town

უფრო მეტი ფოტო აქ:

8 comments:

  1. ამ მშვიდ და უბრალო სტოკჰოლმში მინდა

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, შენი ნაწერები წავიკითხე და მივხვდი, რომ იქ მართლა საშენო გარემოა. იმედია, ის დროც მალე მოვა, როცა შვედეთიდან ჩამოსული მოგვიყვები, რამდენმა რამემ შთაგაგონა. :)

      Delete
  2. რა საინტერესოა. სამწუხაროდ მე მხოლოდ სამხრეთი და ქაოსი მიზიდავდა აქამდე და ვატყობ ნელნელ სიწყნარის მოთხოვნილებაც მიჩნდება.

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, საოცარია, როგორც იცვლება შეხედულებები და გემოვნება დროსთან ერთად. შტატებში ალბათ უფრო დაბალანსებული სიტუაციაა :)))

      Delete
    2. 1 წელი გავიდა ამ კომენტარის შემდეგ და დავასკვენი რომ ქალაქს არ ააქვს ისეთი მნიშვნელობა რამდენადაც გადამწყვეტია ჩვენი შინაგანი განწყობა, დამოკიდებულება და თუ რამდენად ძლიერია სურვილი რომ შევქმნათ ჩვენს გარშემო ის გარემო რაც ჩვენ გვინდა. იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია.

      Delete
    3. მართალია, ანი, ზუსტად ასეა. მერე, დრო რომ გადის, ზუსტად ის გენატრება, იქ მაშინ თავს როგორც გრძნობდი.

      Delete
  3. მეც ძალიან მიზიდავს შვედეთიდა სტოკჰოლმი, შენი მონაყოლიც ამძაფრებს ამას :))

    ReplyDelete