Wednesday, September 20, 2023

столовая


სექტემბერია, ჰაერში თან შემოდგომაა, თან ზაფხულის ნარჩენები. აქტიურ განათლებას და მუშაობას დავუბრუნდით, კალენდარი შეივსო. საქმეების პარალელურად ჩემს ცნობიერში 80-იანების დასაწყისის ამბები ტრიალებს. მგონი, ვამართლებ ტყუპის ჰოროსკოპს: თან აქ ვარ, დავალებები მემატება, დედლაინებში ვიხლართები და თან ჩემს სიღრმეში ვიძირები, სადაც ბავშვობის ფილმს აჩვენებენ.

როცა სანდრა ბაღში და წრეებზე დამყავს, სულ ის შეგრძნებები მახსენდება, ბავშვს რომ მქონდა, როცა დედას საიდანმე გამოვყავდი და სახლში მივდიოდით. ის სიტუაცია იმდენად მიყვარდა, რომ ყოველ გახსენებაზე ხელახლა ვაგემოვნებ. იმ დღეებიდან მცირედი დისკომფორტიც კი არ მახსენდება და ყველაზე მეტად ეს მომწონს. არაფერი მაწუხებდა, საერთოდ არაფერი, ყოველდღიურობის თანმდევი მომაბეზრებელი წვრილმანებიც კი - დაღლა, მოსამზადებელ გაკვეთილებზე ფიქრი, მძიმე ჩანთა, ქუჩის ქაოსი... უბრალოდ, მშვიდად ვიყავი და თავს დაცულად ვგრძნობდი: მე ხომ დედა მახლდა! შევივლიდით რომელიმე გასტრონომში, შემომეგებებოდა სუნების ბუკეტი. ვანილის ვაფლის და გაყინული ქათმის სუნები ერთმანეთში ირეოდა, თუმცა ყველაფერი სწორად და ჩვეულებრივად იყო. შუქი ენთო, ჩართული მაცივრები ხმაურობდა, ხალხი სწრაფად მოძრაობდა, საკვებს იმარაგებდა და შინ მიჰქონდა - ეს დინამიკა კარგ სიგნალებს მაძლევდა. ქალაქის ცენტრში რომ იყო, იმ სასურსათო მაღაზიის სექციები ახლაც ზეპირად მახსოვს. პრიმიტიული კოსმეტიკის სექციაში პუდრები, ვაზელინები და სველი ხელსახოცის პატარა შეკვრები ეწყო. ვიტრინა ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ ჩემთვის მიმზიდველი. დედას ალბათ ჩანთები ჰქონდა, თავისი, სურსათის, მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად იყო, არავინ ოხრავდა და წუწუნებდა, უბრალოდ, ჩვეულებრივი დღე/საღამო გვქონდა. ტრანსპორტში, უმეტესად ტროლეიბუსში ადგილებს ვპოულობდით. არც იქაურობაზე მქონდა ჭუჭყისადმი ზიზღის გრძნობა. უბრალოდ, ტრანსპორტი იყო, სადაც მყუდროდ ვსხდებოდით. საღამოვდებოდა, ქალაქის შუქები ინთებოდა და ტროლეიბუსი სახლისკენ მიდიოდა.

ერთ ასეთ დღეს, როცა ფანჯარასთან ვიჯექი, სასადილოს აბრაზე ამოვიკითხე - столовая, უფრო სწორად, ბოლომდე ვერა, რადგან я ჯერ არ გვქონდა ნასწავლი. დედას უზომოდ გაუხარდა, რომ ამ სიტყვის დამოუკიდებლად წაკითხვა შევძელი. მისმა რეაქციამ მეც გამახარა, დღევანდელი გამოთქმით, მოტივაცია მომცა და ეს მოგონება ალბათ ამიტომაც მაქვს ასეთი ცხადი. 

ამ დილით, როცა ბაღში წასასვლელად ვემზადებოდით, სანდრა იატაკზე ჩაჯდა და ფეხსაცმელს იცვამდა, როცა მკითხა, თავკომბალა ინგლისურად როგორ იქნებაო. ცალ ხელში მისი საწრუპიანი ჩაის ფინჯანი მეჭირა, მეორეში - ბაღის ზურგჩანთა, ზემოდან დავცქეროდი და ჩემს თავში ისევ ბავშვობის კარუსელი ტრიალებდა. მადლიერი ვიყავი, რომ ყოველდღიურობის შუაგულში სანდრაც ზუსტად ისე არხეინად გრძნობდა თავს, როგორც მისი ტოლი ან მასზე ცოტათი უფროსი დედამისი წლების წინ. 

Thursday, August 31, 2023

Blue Moon



ინსპირაცია - გუშინდელი ლურჯი მთვარე და ჩემი მეგობრების ფოტოები;

ხმის და ვიდეორეჟისურა - ლაშა;

ვოკალი - თიკო

ფოტოები: კლიპში გამოყენებულია გელა რიაბუხას ფოტო, პოსტში - ანუშაკა კახიძის და ნინო ჟვანიასი.


Tuesday, August 22, 2023

I get along without you very well

ფოტოგრაფია, მონტაჟი და ხმის რეჟისურა - ლაშა :) 


Sunday, August 20, 2023

Thursday, August 10, 2023

ვარსკვლავებთან ახლოს

აბასთუმანში ჩვენი სასტუმროს წინ პატარა სახლია. მისი პატრონი არ დამინახავს, სარეცხი კი ჰქონდა გაფენილი ერთ დღეს. უბრალო, ძველებური ხის ცისფერი ჭიშკარი აქვს, სახლიც პატარა, მცენარეებში ღრმად, მოკრძალებულად დგას. ციცქნა ეზოში ყვავილები აქვს, ისინიც ძალიან უბრალო, მინდვრის ყვავილებს გავს. სადღაც ძაღლიც დასუნსულებს. ყველაფერი იმდენად კარგად ეხამება ერთმანეთს, თითქოს დიზაინერს დაეგეგმოს. ეს სახლი ჩემი აქაური ზღაპრის წიგნია. არავისთან ვახსენებ - თითქოს, მეშინია, არ გაქრეს. ვიდეო კი გადავიღე (ქვემოთ). 

იმ საღამოს, როცა მანქანა მოხვეული გზით სულ ზემოთ და ზემოთ ადიოდა, ვიფიქრე, რომ ვარსკვლავებთან ყველაზე ახლოს ვიყავი და მათთან შესახვედრად მივდიოდი. ტელესკოპში სატურნი ყვითლად ლივლივებდა. ხან კონტურები გაუმკვეთრდებოდა, ხან გაბაცდებოდა, მაგრამ იქ იყო. მის წინაშე ვილოცე, ვღელავდი, თითქოს სამყაროს შემოქმედი განსხეულებული, პლანეტის სახით ვნახე, 40 სმ-იანი რეფრაქტორით კოსმოსს დავუკავშირდი და მასთან ერთად მაგიური ენერგიის საერთო ველში აღმოვჩნდი. სულ რამდენიმე წამი ვუყურე, მაგრამ საკმარისი იყო. 

არ ვიცოდი, რომ ზაფხულში ოჯახთან ერთად დასვენების დროს სამყაროს ჩემთვის ასეთი დიდი საჩუქარი ჰქონდა.



Friday, July 28, 2023

Nature Boy

This mama has a new hobby now. It's official. ვერთობი ქავერებით. ამ ჩანაწერის "ექსტრა" მეზობლის ძაღლის ყეფაა ფონზე.

 

Saturday, June 17, 2023

სანდრას შემოქმედებითი ცხოვრება

 15 ივნისს მზიურის კაფეში სტუდიის სხვა ბავშვების ნახატებთან ერთად სანდრას ნამუშევარი გამოიფინა. 


Tuesday, June 6, 2023

My Way of Dealing with Stress

 დღეს ასტრუდ ჟილბერტუ გარდაიცვალა. როცა მისი შვილი ბავშვი იყო, ეს სიმღერა მამასთან ერთად შეასრულა. მეც მისი ინსპირაციას ავყევი.


Monday, May 1, 2023

Goodbye, Sadness!

 My rendition of Astrud Gilberto's Tristeza - Goodbye Sadness (1972) 


Saturday, April 15, 2023

სეფოს სამყაროში

დღეს "რედისონში" ჩემი საყვარელი შემოქმედის გამოფენა დავათვალიერეთ. რაც ყველაზე ძვირფასია და რასაც ბლოგზე ვაარქივებ, დროის, ადამიანების, გონების და ფანტაზიის კინეტიკური კავშირია. მისი მოყოლილი ამბები ჩვენს გონებაში გრძელდება, მდიდრდება და ყოველ ჯერზე ახლდება.

Saturday, March 4, 2023

გაზაფხულის ძებნაში



ჩვენი საღამოს საკითხავებიდან ბოლო პერიოდში სანდრას "ბაყაყუნას და გომბეშიკოს თავგადასავალი" მოსწონს. ბაყაყუნა და გომბეშიკო მეგობრები არიან. ერთ მწვანე სოფელში მყუდრო, ლამაზ სახლებში ცხოვრობენ, საუზმეს ღია ფანჯარასთან მიირთმევენ, ერთმანეთს ყოველდღე სტუმრობენ, ერთად თამაშობენ, მდინარეში ბანაობენ, ფრანს უშვებენ. საღამოობით აივანზე სხდებიან, ვარსკვლავებს უყურებენ და ამბებს ჰყვებიან. 

ამ საღამოს გაზაფხულის ზღაპრის წაკითხვა მთხოვა. ამ ზღაპარში ბაყაყუნა და გომბეშიკო სოფელში სეირნობისას თავსხმა წვიმაში მოყვებიან. გასაშრობად ბაყაყუნას სახლს შეაფარებენ თავს, ცეცხლთან თბებიან, ჩაის და ნამცხვარს მიირთმევენ და საუბრობენ. ბაყაყუნა გომბეშიკოს უყვება, როგორ ეძებდა გაზაფხულს, რადგან, როცა პატარა იყო, მამამ უთხრა, შეიძლება ნაცრისფერი დღე იყოს, მაგრამ გაზაფხული ჰაერში ტრიალებდეს და მალე კარს მოგვადგესო. ბაყაყუნამ გაზაფხულის ძებნაში ბევრი იარა, მოიარა ტყეები და მდელოები, დაიქანცა, მაგრამ ვერსად იპოვა. ბოლოს, სიარულით დაღლილს გაუწვიმდა და ისევ სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. თავის ეზოში კი ბაღში მოფუსფუსე დედა და მამა დახვდნენ. მოლზე ყვავილები ამოსულიყო, ხეებზე კი ჩიტები ისხდნენ და ჭიკჭიკებდნენ. ასე მიაგნო ბაყაყუნამ გაზაფხულს. ამ ეპიზოდის ილუსტრაცია ასეთია (გუგლში ვერ ვიპოვე): დედა და მამა ბაღში ჩითილებთან დგანან და შინ დაბრუნებულ შვილს ხელს უქნევენ. 

სანდრას სიტყვებიდან მივხვდი, რომ ამ ეპიზოდის იდეამ და ემოციურმა ნაწილმა იმოქმედა მასზე ყველაზე მეტად. კითხვის დროს წიგნი დახრილი მიჭირავს, რომ თან სურათებს შეხედოს და ამბით ბოლომდე დატკბეს. 

მიკვირს ხოლმე, როგორ იცის ადამიანმა თავიდანვე, რაა მნიშვნელოვანი და რა სჭირდება: სამყაროში გასულს და თავგადასავლიდან შინ დაბრუნებულს მისი მთავარი დასაყრდენის, მშობლების ერთად ნახვა და მათთან ერთობის განცდა. მახსოვს, ჩემს ძმას სპეციალურად არ დაჰქონდა გასაღები, რომ საღამოს შინ დაბრუნებულს მისთვის დედას გაეღო კარი. სანდრაც, როცა სადმე ხალხმრავალ ადგილას ერთობა და თამაშობს, ყველაზე მხიარულ წუთებშიც კი თვალით მეძებს, რომ დარწმუნდეს, რომ იქ ვარ და ვუყურებ. გაზაფხულის პირველი კვირაა და თითქოს ამ ამბებმა სპეციალურად მოიყარა ერთად თავი.

[ინფორმაცია წიგნის შესახებ: Arnold Lobel, Frog and Toad. გამომცემლობა "ზოლიანი კატა" 2020. თარგმანი: ლელიკო და გია გოკიელების; რედაქტორი ანა ჭაბაშვილი; გამოიცა აშშ საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.]

ალბათ, ბაყაყუნას მამა ასეთ დღეებს გულისხმობდა, როცა შვილს გაზაფხულის მოახლოებას უხსნიდა. სანდრა ამბობდა, წვიმა გვეფერებაო, გუბეებში დააბოტებდა, ხეზე კოდალას აკვირდებოდა.


Monday, January 30, 2023

Piensa En Mi

 ისევ გავკადნიერდი და ვასრულებ ლუს კასალის სიმღერას Piensa En Mi, რომელიც აჟღერდა ალმოდოვარის ფილმში "მაღალი ქუსლები".

ვიდეო მოგზაურობის ფოტოებით გავაფორმეთ.


Sunday, January 22, 2023

მზე და ნაძვი


რამდენიმე დღე ჩვენს საყვარელ კურორტზე გავატარეთ. საუზმის შემდეგ სოფლის გზებს მოვეფინებოდით, თოვლში ვსეირნობდით. უმეტესად სიჩუმე იდგა. იყო კრიალა ჰაერი, მზე და ყინვა. ანა კალანდაძის ის ლექსი მახსენდებოდა: "ჩუ... ვინ ჩურჩულებს? მზე და ნაძვია. ეს ჩემი სულის წვეული ორი."

მზემ და ნაძვებმა კარგად მიგვიღეს. ხუთი საათის შემდეგ მზე მთების უკან იმალებოდა, აცივდებოდა, რაც ნიშნავდა, რომ სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავით.  ვინც ზამთარში სოფელში რჩებოდა, სახლთან ლამაზად ეწყო დაპობილი შეშა. სხვათა სახლები მდუმარედ, მოკრძალებულად იდგნენ და თმენით ელოდნენ პატრონებს. მიყვარდა მათ მიერ დატოვებული ნივთების თვალიერება. სახლის გარეთა კედელთან გადასაგდებად გაუმეტებელი ავეჯი და სახლის ტექნიკა ეწყოთ, სამუშაო იარაღებთან ერთად. წითელი კენკრის ხეები, ძველი და მერე შემომატებული ფერადი პლასტმასის საქანელები და სამეურნეო დანიშნულების ფიცრულა ნაგებობები თოვლს დაეფარა. სიჩუმის მიუხედავად ეზოში მაინც სიცოცხლე იგრძნობოდა. გეგონებოდა, ჰა, ჰა და მწვანე ბალახი გამოჩნდებოდა, ეზო ახმაურდებოდა, სახლიდან ადამიანები გამოვიდოდნენ. მახსენდებოდა რეზო გაბრიაძის სპექტაკლში ნანახი ომისდროინდელი პერიოდის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. რამხელა შინაარსს ატარებს მავთულებდახლართული ელექტრონის ბოძი, 40-იანების დიზაინის საწოლები და სკამები, ტანსაცმლის საკიდები, ნაქარგები საწოლის თეთრეულზე! ჩემს მეგობრებს ხშირად ვუზიარებ ამ განცდას, ბაბუას ფოტოალბომებში ნანახი უცნობი ადამიანების ჩაცმულობის დეტალებს, ჩავლილი დროიდან გადმოსულ სიცოცხლეს.

როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, აქაც ერთად გვხვდებოდა ძველი და ახალი: ახლადაშენებული სასტუმროები, ბეტონის გზა, მუნიციპალური დაწესებულებები, მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმების და პიონერთა ბანაკების ტერიტორიები, რკინიგზა, სადგურის შენობა, რომელიც ასე გვიყვარს და რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება დიდგვაროვან ხანდაზმულ ქალს, სამხრეთამერიკული რომანების გმირს. 

მეც ეს ვარ, ახალ დროში მცხოვრები და ძველს ჩაჭიდებული. თან დამაქვს, თითქოს მეც ის ქალი ვარ, სასახლეში ვცხოვრობ და სიამაყის გამო გარეთ არ გავდივარ. ფანჯრიდან ბაღი, კარიბჭე და ქანდაკებები ჩანს, - ყველაფერი ძველი, მორღვეული და მაინც სიცოცხლით სავსე. 

ეს დღეები სულ მამას წერილი მახსენდება, დედამისს წერდა სოხუმიდან სტუდენტობის წლებში: არ ინერვიულო, კარგად ვარ, ლექციები შუადღის შემდეგ მეწყება და სახლიდან რომ გავდივარ, უკვე კარგად მომთბარიაო. სიცივე და ზამთარი გადალახეს, იცოცხლეს.

წლევანდელი ზამთრის მოსაგონებლად ლაშამ ვიდეო ჩვენი გადაღებული ფოტოებით გააკეთა და ჩვენი საყვარელი მუსიკით გააფორმა (David Kitay, Ghost World soundtrack). სანდრამ ყურადღებით უყურა და ბოლოს თქვა, მოწყენილი ფილმიაო.

Tuesday, January 3, 2023

ზამთრის დღეები, მუსიკას ადევნებული ფიქრი

ახალ წელს ძველი რომანსების მღერით ვიწყებ. ხმის რეჟისორი - ლაშა, ფოტოების უმეტესობაც მისია.