Monday, August 29, 2016

შოკოლადის ფანტელები

http://ermonia.blogspot.com/2010/07/i-old-kutaisi.html

ის ძველი სანაყინე ბაღის შუაგულში იდგა. მგონი, დასაშვები კედლები ჰქონდა. პირდაპირ შიგნით აბიჯებდი, თან კაფეში იჯექი და თან გარეთ, ბაღის სიმწვანეში. იმ პერიოდში ყველა კაფეს ერთნაირი, სტანდარტული სანაყინე ჭურჭელი ჰქონდა: ზედა ნაწილი პრიალა ვერცხლისფერი მეტალის იყო, ფეხი - სპილოსძვლისფერი პლასტმასის. ხანდახან ვუყურებდი, როგორ ასველებდა კაფეს თანამშრომელი ამოსაღებ მრგვალ კოვზს ჯერ წყალში, და შემდეგ ვერცხლისფერ ზედაპირზე კოხტად აწყობდა სამ ნაყინის ბურთს. იმ სანაყინე ვაზის დანახვა ჩემთვის სიხარულის დასაწყისს ნიშნავდა. ყველაზე მეტად შოკოლადის ფანტელებით ვიყავი მოხიბლული, რომლებსაც ვანილის ბურთებზე აფრქვევდნენ. რაღაც ძალიან უცხო და განსაკუთრებული იყო ჩემთვის და მეგონა, ნაყინის მირთმევის მთელ პროცესს უფრო ჯადოსნურს ხდიდა. იმ სანაყინეში ხშირად დედასთან და მის მეგობრებთან ერთად დავდიოდით. ალბათ, საუბარს გათიშული ვიყავი: ჩემი გონება ამ ფანტელებით იყო დაკავებული. მეჩვენებოდა, რომ განსაკუთრებულ გემოს სძენდა ნაყინს, თან მყარი იყო და პირში არ დნებოდა. ალბათ, ჩვეულებრივ შავ შოკოლადს სამზარეულოს სახეხზე ხეხავდნენ და ზოგიერთი ფანტელი ამიტომაც იყო ხის ბურბუშელასავით აპრეხილი.