Monday, January 16, 2017

Bridget Says Cheers




სადღესასწაულო და საშვებულებო დღეების დღიური ბრიჯიტ ჯონსის სტილში:

- ძილის საათები - რეკორდული;

- მონატრებული მეგობრების ნახვის მაჩვენებელი - დამაკმაყოფილებელი;

- დანაშაულის (მირთმეული ტკბილეულის) გამოსწორების მიზნით ჩატარებული სამუშაოები: კოჭას და ლიმონის კოქტეილი დილით, გვირილის ნაყენი საღამოთი, სახის ანტისეპტიკური და დეტოქს-ნიღბები, ხანგრძლივი დრო ჰაერზე.

- კითხვა - დაგეგმილზე ბევრად მცირე, ძველი ფილმების ნახვა - სეზონის განწყობის შესაბამისი.

- ხეტიალის მაჩვენებელი - ამინდის შესაბამისად მაღალი.

- ნეტარად ზარმაც დღეთა თანამდევი მუსიკა: I got a gal in Kalamazoo, მთელი Sun Valley Serenade-ის საუნდტრეკი, Life is so peculiar, Route 66 და სხვა ძველი კარგი ჯაზი.

- რეაქცია რუტინასთან დაბრუნებაზე - ზოგადი პასუხისმგებლობის ადეკვატური.

Cheers to the new day, new week and the New Year!







Friday, January 6, 2017

ქარი არხევდა იტალიანურ შობის ხეს ტრიპოლისში

Christmas Angel; +Iren m 
გზას დაადექით, იოსებ და მარიამ,
გაიარეთ გაყინული პამპასები, 
ნარშავის და ჭინჭრის მდელოები.

აქ არც სასტუმროა, არც სხვა თავშესაფარი.

მინდვრის ყვავილო, ჰაერის მიხაკო,
თუ არავინ შეგიფარებს, სად უნდა დაიბადო?

სად დაიბადები, პატარა ყვავილო? 
უკვე იზრდები, შემკრთალო მტრედო, უძილო ჭრიჭინავ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
მალულად ღმერთი მიგყავთ, რომელსაც არავინ იცნობს.

იარეთ გზაზე, მომლოცველებო,
დამითმეთ პატარა ქოხი ჩემი შვილისთვის.

ველზე მდგომო პატარა სახედარო, წითელო ხარო,
ჩემი შვილი მოდის, ცოტა ადგილი დაუთმეთ.

იარეთ გზაზე, იოსებ და მარიამ,
ბევრი მზე და მთვარე გაიარეთ,
ნუშის თვალები, ზეთისხილის სახე.

მხოლოდ ისლის ქოხია ჩემი თავშესაფარი;
ახლოს ორი სუნთქვა - ხარის და სახედრის.
მთვარე - კრიალა. 

("მომლოცველობა" მუსიკა: არიელ რამირესი, სიტყვები: ფელიქს ლუნა, არასრული თარგმანი ჩემი)

ჩვენთვის დაბადებულო და მკვდრეთით აღმდგარო, მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელო, დიდება შენდა! მადლობა ცხელი გულისთვის, ცხელი ცრემლებისთვის, ამ ჯადოსნური ღამისთვის. მადლობა ჩვენთან მყოფობისთვის და იმ სიყვარულისთვის, შენ რომ გვაჩვენებ და ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვსწავლობთ, შენს მცნებებს ვარღვევთ და ვოხრავთ, თუ როგორი ძნელია შენი შვილობა. 

მთვარე - კრიალა, 
ნარშავები - გაყინული,
ბაგა - თბილი,
ნათელი მხიარული.