Thursday, January 23, 2014

წრიალისა და მოკითხვებისა

როგორ იქცევა ჩვენი ხალხი სხვადასხვა შეხვედრაზე, გამოფენაზე, ღონისძიებაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე? ძალიან სასაცილოდ. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და არ მინდა, ჩემი ჩანაწერი ისე გაიგოთ, თითქოს ყველაფერს ვემიჯნებოდე. მეც ისევე ვგავარ და განვსხვავდები უმრავლესობისგან, როგორც ამ პოსტის ყველა მკითხველი.
  • ოცი წუთით დაგვიანება და სრულიად მშვიდი სახით მოსვლა ნორმალურია. ყველაფერი რომ გვიან იწყება, დიდი ხანია მივეჩვიეთ. გგონია, დარბაზი არ შეივსება, მაგრამ ყველა ბოლო წუთში, ან (ისედაც გვიან) დაწყებისას შემოფუთფუთდება და დაიწყებს ადგილების ძებნას.
  • კარი იღება, შემოდიან და როგორ გგონიათ, საითაა მიმართული მათი მზერა? სცენისკენ არა, აუდიტორიისკენ. თვალების ცეცებით ეძებენ ნაცნობებს. იწყება ერთმანეთის მოკითხვა, გადაძახილი, გაბმული ზუზუნი და ხშირ შემთხვევაში, ღონისძიების დასრულებამდე არ წყდება. 
  • ცალკე ფენომენია ავტონომიური კუნძულები. დგანან, ეწევიან, საუბრობენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რის/ვის გამოც შეიკრიბნენ. 
  • შეხვედრის დროს ხშირად გადიან, მერე ისევ შემოდიან, იცვლიან ადგილს. მოსმენის საოცარი მანერა აქვთ: ათვალიერებენ აუდიტორიას, იჭერენ მზერას, ჭკვიანი და სერიოზული გამომეტყველებით. ცმუკავენ, წრიალებენ, წრიალებენ. 
  • წრიალი გამძაფრებულია ღია ცის ქვეშ ჩატარებულ თავყრილობებზე. ძალიან საქმიანი გამომეტყველებით დადიან წინ და უკან. რევოლუციონერები რომ დადიოდნენ ძველ ფილმებში, ლაბადის აწეულ საყელოებში სახეჩარგული, დაახლოებით ისე.
  • ავტონომიურ კუნძულებზე გადანაწილებული გაპრანჭული გოგოები დაფარულად ათვალიერებენ ერთმანეთის ფეხსაცმელს, ჩანთას, კაბას. მერე ჩურჩულით ვარაუდობენ, საიდან გამოიწერა, სად შეაკერინა, სად იყიდა.
  • დაუფარავად ათვალიერებენ ექსტრავაგანტულად ჩაცმულ ტიპებს. ისინი თავიდანვე თამამად შემოაბიჯებენ, გამომუშავებული აქვთ, როგორც საკუთარი იმიჯი. აუცილებლად ახლობლები არიან ყველასი, სტუმრებისაც და ღონისძიების მასპინძლისაც. 
  • თუ ახალი წიგნის გამო არიან შეკრებილი, ერთს გადახედავენ, მერე იღლიაში ამოიდებენ უკვე ავტოგრაფიანს და აგრძელებენ გადაძახილებს.
  • საცქერად მეტად საამოა ჩაბნელებულ დარბაზებში ტელეფონის ეკრანით განათებული სახეები. ამ დროს სტატუსებს წერენ ("აეეე!" "აქ ვარ და მაგარიააა!"), ჩექინდებიან, ან ხმა აქვთ გათიშული და თამაშებით ერთობიან. 
  • გასასვლელებთან, კიბეებზე, გარდერობებთან თავპირის მტვრევაც სახასიათო და კომიკურია. მოსვლას აგვიანებენ, ოღონდ ღირსეულად, წასვლა კი ძალიან ეჩქარებათ. კინოში შუქის ანთებამდე უკვე ღია კარში გადიან. თეატრში შედარებით მოკრძალებულად,  თუმცა, დიდი განსხვავება არაა.
  • თვითმფრინავში ბარგის ზემოთ აწყობას რომ მორჩებიან, მერე ტუალეტებთან ატყდება წრიალი. ამ დროს საჭმელ-სასმელი უკვე დარიგებულია. სიგნალები არ წყდება, იძახებენ ბორტგამცილებლებს და თხოვენ სასმელის დამატებას. ამ დროს სალონი ორიგინალურ ბარს ჰგავს. სასმელით ხელში ერთმანეთის სავარძლებს აკითხავენ, იქ დაეყუდებიან და თუ სადმე ბავშვი წამოიტირებს, იჭყანებიან და უფრო ხმამაღლა აგრძელებენ ერთმანეთის მოკითხვას. მიწაზე დაშვებისას ყველაზე ადრე იხსნიან ღვედებს, სასწრაფოდ მოძებნიან ბარგს და გასასვლელებთან ჩამწკრივდებიან. დგანან და წუწუნით ელოდებიან, როდის მიადგამენ ტრაპს. 

ახლა კი, დროებით! მალე შევხვდებით ისევ სადმე, სადაც გამომსვლელს არ მოვუსმენთ, ჭკვიანურ კითხვებს დავსვამთ, ვიტყვით რომ ეს ნანახი გვაქვს, ჭიქას ლამაზად დავიჭერთ ხელში, ყველა სტუმარს დავიმახსოვრებთ და ჩვენს თავსაც დავანახებთ, ცოტა ხანს კიდევ ვისუნსულებთ და წავალთ მერე სახლებში. :) 


8 comments:

  1. თიკო, რამდენი ვიცინე :))) ძალიან ზუსტად არის დაჭერილი თითოეული ნიუანსი!
    >3

    ReplyDelete
  2. ჰაჰა ზუსტად!
    ასე კარგად შენ გარდა ვერავინ დაწერდა "წრიალის" ფენომენზე :D

    ReplyDelete
  3. tiko :)))) arcerti ar iyo, rom metqva, aseti ar minaxavstqo :))))

    ReplyDelete
  4. :) :* მადლობა! თქვენი დაკვირვებებიც გამიზიარეთ! :)

    ReplyDelete
  5. :)) არ მგონია, მარტო ჩვენს ხალხს ახასიათებდეს ეს ყველაფერი. სადაც ხალხი არეულია, იქ ყოველთვის იქნება გამიჯნული ჯგუფი, ერთმანეთის დათვალიერება და ა.შ. ნუ კინოსა და თეატრზე ალბათ ჩვენ განსაკუთრებით "კარგები ვართ". ნეტავს სადმე სხვაგან კინოში ფილმის დასრულებისას ტაშს უკრავენ? :D

    ReplyDelete
    Replies
    1. :))) კი, ისიც მინახავს, სხვები როგორ იქცევიან, თან ბევრი. დედამიწის რომელი ნახევარსფეროდანაა, იმის თქმაც შემიძლია. ტაში მაგარია :))))

      Delete
  6. "ძალიან საქმიანი გამომეტყველებით დადიან წინ და უკან..." - მოკლავთ ამდენი ხალხზე ფიქრი - ჯერ პატარ-პატარა ფიქრები, მერე განსხვავებული ფიქრები... სად იყო უგულავა მე რომ დიეტაზე ვიყავი ;)

    ReplyDelete
    Replies
    1. :)))))) "რა მამკლავდა"

      Delete