Monday, February 4, 2013

Dianita - the Girl with a Big Smile

ამ ჩანაწერის ქვესათაური უნდა ყოფილიყო: Dianita Chiquita Loca Flaca Delgadina Mevrouw Chillindrina

ყველა ეს სახელი (ერთი ნამდვილი, დანარჩენი ჩემი შერქმეული) ერთ ადამიანს ეკუთვნის, ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარ დიანას. მისი სრული სახელია დიანა სოფია სოლორსანო მარტინესი. ის სხვა კონტინენტზე, დედამიწის სარტყელთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ოთხი სეზონი არ არსებობს, ერთ დღეში ყველა ამინდს და ტემპერატურას გამოსცდი, სადაც მხიარული ადამიანები ცხოვრობენ, ზღვაც აქვთ, მთაც და ტროპიკული ტყეებიც. დიანიტა სულ მენატრება, ახლაც, და ამ ჩანაწერით ვეხმაურები. ბევრი რამის დაწერა მინდა და ვიცი, ვრცელი ამბავი გამომივა; ვრცელი და დიანიტასავით მრავალფეროვანი და მხიარული. შევეცდები, დალაგებულად მოვყვე. 

ნიდერლანდებში ახალი ჩასული ვიყავი, სულ რამდენიმე დღის, სწავლა ჯერ არ იყო დაწყებული. დიანიტა ჩემთან მოვიდა და ფრთხილად მითხრა, მაცივარში თევზს სუნი ასდის, მგონი თქვენი უნდა იყოსო. (ჩვენს საერთო სამზარეულოში ერთ საზიარო მაცივარი ყოველ ოთხ ოთახზე იყო განაწილებული) ეს იყო ჩვენი პირველი გაცნობა და დიალოგი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ოთახის პირდაპირ ცხოვრობდა, ექსკურსიაზეც ერთად ვიყავით (დეკანატმა ახალი ჩასული სტუდენტებისთვის დიდი ექსკურსია მოაწყო კუნძულ სხირმონიკოხზე.) და მოგვიანებით, კურსზეც ერთად მოვხვდით.

ასე გამომიჩინა ღმერთმა, შემახვედრა და ჩემს ცხვირწინ ოთახში დაასახლა.


Sisters forever! ჩვენს "ჯიანტზე" - სურსათის პარკები

ტყუპი დები

კურსელებმა ტყუპი დები შეგვარქვეს, რადგან სულ ერთად გვხედავდნენ. ლექციებზე ერთად ვისხედით, შესვენებებზეც ერთად გავდიოდით, ეზოში ან კაფეტერიაში ვისხედით და ვლაქლაქებდით, სახლშიც ერთად მივდიოდით, სამზარეულოში ერთად შევიდოდით, ერთად ვსადილობდით, მერე ვმეცადინეობდით, საღამოობით ქალაქშიც ერთად დავდიოდით ლუდის დასალევად ან საცეკვაოდ. თუ ჯგუფური დავალება გვქონდა, რასაკვირველია, ერთად ვამზადებდით, თუ არა, მაშინ კარს ღიას ვტოვებდით და დროდადრო ერთმანეთს ვეხმიანებოდით. გამოცდების წინ, როცა ძალიან დავიღლებოდით მეცადინეობით, რამეს შევჭამდით და სასაცილო ამბებს ვყვებოდით. კვებისთვის საერთო ფონდი შევქმენით და კვირაში ერთხელ სუპერმარკეტში წასვლა რიტუალად ვაქციეთ. Jumbo-ში უფასო ყავა, ცხელი შოკოლადი და გასასინჯად გამოტანილი ნამცხვრები იყო. იქვე ვსხდებოდით ჩვენი საყიდლებიანად და ვქაქანებდით. თვეში ერთხელ თმას მიღებავდა და "ჩოლკას" მჭრიდა. მისი ოთახი მზიანი იყო და ტანსაცმლის საშრობი ფანჯარასთან ედგა. ჩემს ტანსაცმელსაც გაიტანდა და თავისებთან ერთად აშრობდა. "ტინიტა" მისი შერქმეულია, ახლო მეგობრებს ესპანური მანერით "იტა"-თი მოგვმართავს (ჩვენი "კო" სუფიქსის ეკვივალენტია). გაუხარდა, რომ ბლოგსაც "ტინიტა" დავარქვი. ზოგ ჩანაწერს გუგლის თარჯიმნით კითხულობს.

ველოპრაქტიკა გაზელიტათი, დიანიტას ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით. დამხმარე ძალა – სტივ შელტონი.

ჩვენი ჩვეულებრივი მდგომარეობა
საღამოები
ოჯახი

მასავით მზრუნველი და ოჯახზე გადაყოლილი ადამიანი იშვიათია, ალბათ საქართველოშიც კი. დიდი ოჯახი ჰყავს: დედა, მამა, ორი და და ორი ძმა, კიდევ მათი შვილები. დედა, დონია ესტელიტა, ესპანურის დამსახურებული მასწავლებელია, ძალიან მხიარული და ენერგიული. ზაფხულში დიანიტას ჩამოაკითხა ჰოლანდიაში, მერე სხვა ქვეყნებიც ერთად მოიარეს. მაშინ უტრეხტში ვცხოვრობდი. ჩემთან რამდენიმე დღით დარჩნენ. საყვარელი ბებო ჰყავდა, მისთვის სულ თბილ წინდებს და რაღაც საჩუქრებს ყიდულობდა. თავისი ოჯახის წევრების ფოტოები კედელზე ჰქონდა გაკრული. მათზე ხშირად მელაპარაკებოდა. ყველას ამბავი ვიცოდი, ზოგს სკაიპითაც ველაპარაკებოდი ხოლმე. როცა ჩემთან ჩემი ძმა ჩამოვიდა და დიანა გავაცანი, იმ ფოტოებთან მივიყვანე და მის დაუხმარებლად ავუხსენი, ვინ ვინ იყო... შეეძლო, ცოტა ხნით ჰოლანდიაში დაჩენილიყო, მაგრამ გადაწყვიტა, სახლში წასულიყო, - ჩემს ოჯახს ვჭირდებიო. მისი უამრავი ნათესავი, ბიძაშვილები და ა.შ. ოჯახის წევრებად ითვლებიან. დიანიტას დაბადების დღის სურათებზე ას ადამიანს მაინც თავისუფლად დათვლი.

დიანიტა დისშვილ ემილიასთან ერთად
დიანიტას მამა დონ ხოსე და დისშვილი ბორის ხოაკინი
დიანიტა დედასთან და დებთან, ანიტასთან და პაულინასთან ერთად

სამშობლო

როგორც ოჯახი, სამშობლოც ძალიან უყვარს. როცა ლექციებზე რაღაც საკითხებზე ვმსჯელობდით, აუცილებლად მოიყვანდა ეკვადორის მაგალითს. გააკეთებდა რამე ზოგად განცხადებას და მერე დააყოლებდა: "for example, in Ecuador," ["მაგალითად, ეკვადორში..."]... ამაზე ყველას კეთილად გვეცინებოდა და როცა მსჯელობას დაიწყებდა, ერთმანეთს გადავხედავდით და ველოდით, როდის იტყოდა, for example, in Ecuador... მიყვებოდა თავისი ქვეყნის უნიკალურ ფლორა-ფაუნაზე, სანაპიროზე, ტროპიკულ ტყეებზე, სპეციფიკურ კლიმატზე, ინდიელთა ნასახლარებზე, ღრმად ფესვგამდგარ კათოლიციზმზე, აბორიგენთა შთამომავლების სოციალურ მდგომარეობაზე... ერთხელ ყველას დაგვავალეს საკუთარ ქვეყანაზე პრეზენტაციის მომზადება. დიანიტამ ძალიან შთამბეჭდავად მოგვიყვა ეკვადორზე. ერთ საგანში დაგვევალა საერთაშორისო გაყიდვების თემაზე პრეზენტაციის მომზადება. წინა დღეს მოედანზე ყვავილების დახლებთან ჩავიარე და ეკვადორული ვარდები შევამჩნიე. ბევრი აღარ გვიფიქრია: ერთი დიდი კონა ვიყიდეთ და პრეზენტაციის შემდეგ მთელ კურსს დავურიგეთ. მანამდე კი მოვყევით, როგორი წარმატებით ზრდიან ეკვადორში ვარდებს საექსპორტოდ. ამაში ბუნებრივი პირობები უწყობთ ხელს. წინა ღამით გვიანობამდე ვამზადებდით პრეზენტაციას. ღამის სამ საათზე დავასრულეთ. უკვე ვრთავდი კომპიუტერს, როცა სკაიპში დიანიტას მოწერილი ამოხტა: Tinita, we forgot the conclusions!!! ["ტინიტა, დასკვნები დაგვავიწყდა!"] (ინგლისური ჩანართებისთვის ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ თხრობას ასე სჭირდება.)

ეკლესია

დიანიტა ეკლესიასთან ახლოსაა. ეკვადორში ესპანელებმა წარმატებით შეიტანეს კათოლიციზმი. დიანიტაც კათოლიკურ სკოლაში დადიოდა, მონაზვნები ჰყავდა მასწავლებლებად. საკმაოდ "მკაცრი რეჟიმის" სკოლა იყო, კონცერტებზეც კი არ უშვებდნენ. ჩვენს ქალაქში კათოლიკური ეკლესია იპოვა და ყოველ შაბათს, ან კვირას იქ დადიოდა. მე ხანდახან წავიზარმაცებდი და წირვას არ ვესწრებოდი (რუსულ ეკლესიაში დავიოდი, ამაზე მერე დავწერ), ის კი – არასდროს! ყველაზე ცუდ ამინდშიც კი მიდიოდა. ხანდახან, დილაობით ვხედავდი ხოლმე, რა გამალებით ატრიალებდა ბორბლებს, რომ მესსაზე არ დაგვიანებოდა. სქელი ხელთათმანები ეცვა და თბილი ქუდი შუბლზე ჰქონდა ჩამოფარებული. საერთოდ, ყველაფერს გულიანად აკეთებდა. ეკლესიაში ხალხი დაიმეგობრა და მერე მათ ამბებსაც მიყვებოდა.

ასეთ ჭილის ქუდებს მის ქვეყანაში ხელით ქსოვენ. დიდი ხნის ტრადიციაა. მთელი ოჯახი დაგვასაჩუქრა სხვადასხვა დიზაინის ქუდებით!

ხუანიტა

თავის ეკვადორელ მეგობრებსაც, ოჯახის წევრებივით, თან ყვება. ყველას გულშემატკივარი და დამხმარეა. კვირაობით, ნაშუადღევს, რაღაც სახლური თრობა მოგვიცავდა ხოლმე, ამ დროს ვერაფერს ვაკეთებდით, ამ ბანგს ვემორჩილებოდით, დავსხდებოდით ჩემს, ან მის ოთახში და სახლის ამბებს ვყვებოდით. ამ დროს ჩაის ვსვამდით, შარვალზე ღილს ვაკერებდით, ან ვაუთოვებდით. ამ საუბრების დროს ხშირად ახსენებდა თავის მეგობრებს: ვის მომთხოვნი მშობლები ჰყავდა, ვის ქმარი ღალატობდა, ვის კარიერული აღმასვლა ჰქონდა და შვილები ენატრებოდა... მერე, როცა იმ ადამიანს ისევ ახსენებდა, იტყოდა, ხომ იცი, ლული, კარინა, აი ის, შარშან რომ ოპერაცია გაიკეთა, ბავშვი რომ შეეძინა და ა.შ. ჩვენი კანადელი მეგობარი მის მოყოლილს ასე გამოაჯავრებდა ხოლმე: "her cousin's neighbor's boyfriend's dog". ["მისი ბიძაშვილის მეზობლის მეგობარი ბიჭის ძაღლი."] მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს ხუანიტა ჰქვია. ერთხელ, მისი ოთახის კარი შევაღე, ზურგით იჯდა თავის კომპიუტერთან, სკაიპში იყო ჩართული. მობრუნდა და გაბრწყინებული სახით მითხრა: It's Juanita !!! ["ხუანიტაა!"] ისე მითხრა, თითქოს მეც უნდა გამხარებოდა, რომ ის ხუანიტას ელაპარაკებოდა. აი, ასეთი სუფთა გულის გამო მიყვარს! მე და ჩვენი მეგობარი ელენა მთელი წელი ვახსენებდით ხოლმე, როგორ თქვა: It's Juanita !!! თავისიანებთან საუბრის მერე კიდევ უფრო ბრწყინავდა სიხარულით.

ტოლერანტობა 

არ მახსოვს, დიანიტას ვინმე გაეკრიტიკებინოს, განეკითხოს ან გაელანძღოს. როცა რაიმე უსიამოვნო ამბავს მოყვებოდა, სადაც ვინმე არასწორად მოიქცა, ბოლოს მაინც დააყოლებდა: somehow, i understand him. ["როგორღაც, მესმის მისი."] ამაზეც ხშირად ვიცინოდით ხოლმე. ზეპირად ვიცოდი, როდის იტყოდა: somehow, (პაუზა) i understand him. იქ ყველა ადამიანთან ერთნაირად ვერ ვმეგობრობდი. ზოგს არ ვენდობოდი, ან უბრალოდ, არ მომწონდა. დიანიტა ყველასთან რამე საერთოს გამონახავდა, რამეთი დაეხმარებოდა, მოიკითხავდა და სითბოს გამოიჩენდა. ამის გამო ტერეზასაც ვეძახდი.

ღიმილი

დიანიტას დიდი, თეთრი, ჯანმრთელი კბილები აქვს და გაღიმება ძალიან უხდება. ისედაც, ხშირად იღიმება. იქ ყოფნისას ჩვენი ურთიერთობის 80% სიცილი და ღლაბუცი იყო. კბილებს დღეში 50-ჯერ იხეხავდა. ამ რიტუალს არაფრისდიდებით არ გამოტოვებდა. როცა სადმე ძალიან გვეჩქარებოდა, ბოლო წამს გაიქცეოდა ტუალეტში თავის კბილის ჯაგრისით...

საერთოდ, ისეთია, არაფერს გაართულებს, რაც მოსაწყენად გეჩვენება, სახალისოდ დაგანახებს. ცხოვრებისეული საკითხებისადმი ლათინოამერიკელების დამახასიათებელი ეს მიდგომა მე ძალიან მშველოდა. ხანდახან, გარემოებების, ან წვრილმანი პრობლემების გამო უხასიათობა მომეძალებოდა. ამ დროს დიანიტა ნამდვილი წამალი იყო, თავის დიდი ღიმილით!


ასე ვემზადებოდით ჩათვლისთვის ელემენტარულ ნიდერლანდურში
ძილი

თუ არ გააღვიძებ, შეუძლია დღე და ღამე გადაბმულად იძინოს. თავის გასამართლებლად დედამისის სიტყვებს მოიშველიებს ხოლმე, რომელიც ამბობს, როცა გეძინება, 5 წუთით მაინც აუცილებლად უნდა მოატყუო თვალიო. როცა საქალაქთაშორისო მატარებლით ვმგზავრობდით, ამოიღებდა წიგნს და გამოაცხადებდა: don't disturb the genius.["არ შეაწუხოთ გენიოსი."] სულ ცოტა ხანში უკვე გემრიელად ეძინა. ხანდახან კარზე ბრახუნით ვაღვიძებდი. როცა ლექციები არ გვქონდა, დილაობით არსად მეჩქარებოდა: ფოსტას ვამოწმებდი, ახალ ამბებს ვკითხულობდი, საქართველოში ხალხს მოვიკითხავდი, ყავას ვსვამდი, მანიკურს ვიკეთებდი, სავარჯიშო დარბაზში დავდიოდი... ნაშუადღევის ორი საათისთვის უკვე ძალიან მწყინდებოდა და კარზე ვუბრახუნებდი. ალბათ, ხვდებით, ვინ გააკეთა ეს წარწერა მის კარზე.

ტბის პირას, პიკნიკზე
დროის მართვა

მაოცებდა, რომ ყველაფერს ბოლო წუთისთვის იტოვებდა, მაგრამ მაინც ასწრებდა. დავალებას წინა ღამით დაწერდა, მთელ ღამეს გაათევდა, კარგად და ხარისხიანად მოამზადებდა, ოღონდ, სანამ ჩაბარებამდე რამდენიმე საათი არ დარჩებოდა, მუშაობას ვერ იწყებდა. ერთხელ, მატარებელზე გვაგვიანდებოდა, ორი წამიც და მატარებელი გავიდოდა. ავტომატიდან ბილეთები გამოვგლიჯეთ და გავიქეცით. სიჩქარეში ერთი ბილეთი ავტომატში დაგვრჩა. მერე კონტროლიორისთვის ვრცელი ამბის მოყოლა და ახსნა მოგვიხდა. უკანა გზაზე ბარათიდან ამონაწერი ამოვიღეთ, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ორი ბილეთი ვიყიდეთ. ასე გავექეცით ჯარიმას. მის გვერდით ასეთი კურიოზები გარანტირებული მქონდა. ერთხელ გერმანიაში მიდიოდა, თავის მეგობრებთან, საშობაოდ იყო მიპატიჟებული. წინა ღამე საჩუქრების შეფუთვაში გაათენა. ერთი დიდი ზურგჩანთა გაავსო. მეორე დილით რომ გავიღვიძე, გავიფიქრე, რა საყვარელია, რომ არ გამაღვიძა და სადგურში მარტო წავიდა–მეთქი. მაინც მივუკაკუნე. აღმოჩნდა, რომ ჩასძინებოდა. როცა მიხვდა, რომ აგვიანებდა (ბრემენამდე ავტობუსი დადიოდა ხრონინგენიდან და მისთვის უნდა მიესწრო), დაფაცურდა. როცა გზაზე გავედით, ვუთხარი, როგორ გაუხარდებათ შენი საჩუქრები–მეთქი. თავში ხელი იტკიცა, ვაიმე, საჩუქრები დამრჩაო! შებრუნდა სახლში, ის დიდი ზურგჩანთა აიღო და სადგურში გავიქეცით. ავტობუსს მაინც მიუსწრო, ბოლო წუთში.

მაღაზიები

პრეზენტაციის, ჩათვლის ან გამოცდის შემდეგ თავს ქალაქის ცენტრში შეჩერებით და მაღაზიებში სიარულით ვაჯილდოვებდით. როცა უნივერსიტეტში საქმეებს მოვრჩებოდით, დიანიტა მკითხავდა: Tinita, shall we stop in town? ["ტინიტა, ქალაქში გავიაროთ?"] ნეტა განახათ, ამ დროს რა სახე ჰქონდა. ალბათ, მეც, იმიტომ, რომ ეს წინადადება ნიშნავდა რამდენიმე უზრუნველ საათს, ლამაზი ნივთების თვალიერებას, ატმოსფეროს შეგრძნობას, კაფეში ყავის დალევას და ბევრ სიცილ–ხარხარს. ფულის ხარჯვის გამო ორივეს დანაშაულის გრძნობა გვქონდა. ამის გასაბათილებლად დიანიტა იტყოდა, არა, არაფერი ვიყიდოთ, ისე დავათვალიეროთო. მისი გამოთქმა Just to have a look [ისე დავათვალიეროთ] კიდევ ერთ ფრთიან ფრაზად იქცა. ჩვენი სისულელე იქამდე მივიდა, რომ ერთხელ, ჩვენი საყიდლების პარკებიანად დიანიტას "ჯიანტით" სახლში წასვლა მოვინდომეთ. არაფერი გამოვიდა და ორივე შუა ქუჩაში გავიშხლართეთ. ველოსიპედი ცალკე ეგდო, პარკები – ცალკე, ჩვენ კი უხერხულობისგან ვიცინოდით. ერთხელ უჩემოდ წავიდა მაღაზიებში საბოდიალოდ. მერე გაირკვა, რომ ჩემი დაბადების დღისთვის "მექსის" წითელი ჩანთა ეყიდა.

ბოშათა ბანაკი

უტრეხტში გადასასვლელად რომ ვემზადებოდი, დიანიტა, რა თქმა უნდა, მეხმარებოდა: ერთად ვათვალიერებდით ბინებს საქირავებლად. ერთ–ერთი ჩასვლისას, საქმეებს რომ მოვრჩით, მაღაზიებში ვიბოდიალეთ. მატარებელში პარკებით და სასუსნავით დატვირთული ავედით. ვაგონი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ ჩვენს გასწვრივ სავარძელზე იჯდა ახალგაზრდა კაცი. ქალაქში ბევრი ვიარეთ და ფეხები გვტკიოდა. დიანიტამ ჩექმები გაიძრო და იქვე დაყარა. შვებით ამოისუნთქა და საჭმელს გახედა. სუსნაობას რომ მოვრჩით და მაგიდაზე ნარჩენები დავახვავეთ, დიანიტამ ნაყიდები ამოალაგა. ბედნიერებისგან ბრწყინავდა, რადგან თავისი უთვალავი ბიძაშვილის და ნათლულისთვის საჩუქრები ჰქონდა ნაყიდი. ყველა სვიტრი და პერანგი სათითაოდ ამოალაგა და გაშალა, თან გაუთავებლად ტიტინებდა, ხომ მოერგება ხუან დიეგოს ეს მაისურიო. ის ახალგაზრდა კაცი დროდადრო მალვით გამოგვხედავდა. იცოდა, რომ გადასხდომა გვიწევდა და შეგვპირდა, წინასწარ გეტყვით, რომელ გაჩერებაზე უნდა გახვიდეთო. შუა თვალიერებაში რომ ვიყავით, უცებ გვითხრა, მგონი სჯობს, ჩექმა ჩაიცვათო. დიანიტა შეწუხდა, რატომ, რაიმე კანონია, რომ ფეხზე გახდა არ შეიძლებაო? არა, უბრალოდ, თქვენი გადასხდომის სადგურში შევდივართო. ჩვენი ბოშათა ბანაკი ერთ წამში უფრო დიდ ქაოსად იქცა. დიანიტამ სწრაფად ჩაიცვა ფეხზე, ლუისის, ხოსეს და დიეგოს პერანგები უცებ ჩაალაგა, მე კი ნამუსრევს მივხედე. კარში ერთმანეთს ვასწრებდით. იმ კაცს მადლობა მივაძახეთ. თავშეკავებული ჰოლანდიელი იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში ღიმილს როგორ შეიკავებდა? აი, ასე დავპრუტუნობდით მთელი წელი.

ბოშათა ბანაკის დედოფალი
გამომგზავრება 

ჩემი გამომგზავრების დილა სევდიანად მახსენდება. ჩვენი ქალაქიდან ამსტერდამში მატარებლით უნდა წავსულიყავი, რომელიც პირდაპირ აეროპორტამდე მიმიყვანდა. ძალიან ადრე იყო, ბნელოდა. ვთხოვე, არ მოსულიყო, რადგან დამშვიდობებას ვერ ვიტან. ამ დროს ცრემლიც მიშრება და უბრალოდ, ვითიშები. დავინახე, ბინდში როგორ მოჰქროდა ველოსიპედით. ეს სურათი სულ თვალწინ მექნება. პატარა პაკეტით საჩუქრები გადმომცა. მათ შორის წერილიც იყო. მწერდა: "გერმანიაში ყოფნისას მე და ჯუდის მამა დიდ მანძილზე მივდიოდით ველოსიპედებით. მე არ ვიყავი ამხელა დისტანციას მიჩვეული და ძალიან სწრაფად მივდიოდი, რომ მას არ ჩამოვრჩენოდი. ამ სისწრაფემ ძალიან დამღალა და ცუდად გავხდი, თან ძალიან განვიცდიდი, რომ ვერ შევძელი. ჯუდის მამამ დამამშვიდა და მითხრა: ადრე თუ გვიან ხომ მაინც მივალთ დანიშნულების ადგილამდე? ჰოდა, რატომ ჩქარობ? ჯობია, ნელა ვიაროთ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. ვხვდები, რომ მართალი იყო. ტინიტა, შენც იმავეს გეტყვი: One day, you will get there. [ერთ დღეს იქ მიხვალ]"

საქართველო

ჯვრისწერაზე ვერ ჩამოვიდა, რადგან მარხვის დაწყებამდე უნდა მოგვესწრო. 2011 წლის მარტის დასაწყისში ევროპაში ვიზიტი დაგეგმა და ამსტერდამიდან თბილისში გამოფრინდა. სულ ერთი კვირით იყო ჩემთან. ჩემი ოცნება ახდა, დილით სტუმრის ოთახიდან გამოსულიყო, აღტაცებისგან გვეყვირა და ერთმანეთს გადავხვეოდით. ზუსტად ისე მოხდა, როგორც წარმოვიდგენდი ხოლმე. მაინც უკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ჯერ ერთი, ადრე გაზაფხული იყო და ბუნების სილამაზეს ვერ ნახავდა, მერეც, მაშინ უმანქანოდ ვიყავით და თან ის კვირა ლაშა ავად იყო და იწვა. ჩემიანები გავაცანი. ახლა ყველა იმეილში აბსოლუტურად ყველა ადამიანს პირადად მოიკითხავს, ვინც აქ გაიცნო, მათ შორის ბებულის. ბებოც სულ მეკითხება, შენი მეგობარი რომ იყო, მხიარული გოგო, როგორ არისო. დედაჩემის სახელი – ნათელა გააესპანურა და დონია ილუმინადა შეარქვა... უკან დაბრუნებულმა თავის გადაღებული ფოტოებით საქართველოს შესახებ ახლობლებისთვის პრეზენტაცია მოაწყო. იმედი მაქვს, რომ კიდევ ჩამოვა, უფრო დიდი ხნით. ისიც ძალიან მინდა, მისი ქვეყანა ვნახო, სალსა ვიცეკვო და მის მეგობრებთან ესპანურად ვიქაქანო. იმედია, ეს ოდესმე მოხდება. ახლა დიანიტა შეყვარებულია და ზღაპრულ ამბებს ველოდები!


მცხეთაში, სვეტიცხოველთან
დიანიტა და თამარა ბებო

ეს ვიდეო ბონუსად. დიანიტა და დედამისი, დონია ესტელიტა ცეკვავენ ჩემთან სტუმრობისას. 2008 წლის ზაფხული. უტრეხტი, კრუსელანი (ჯვრის ქუჩა).

26 comments:

  1. Replies
    1. ღიმილი ღიმილის წილ ! :)

      Delete
  2. Thank you so much darling for your words, there are no words to thank you for sharin our wonderful days together with your friends!! Miss you a lot, and everyday I think on you and thank God for being so lucky to have someone like you in my life!!!! Hugs and Kisses from Ecuador!!!
    Dianita, Chiquita Loca Flaca Delgadina Mevrouw Chillindrina :)

    ReplyDelete
  3. არ მიყვარს კომენტარების დადება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა იმას ვაკეთებ ხოლმე რაც არ მიყვარს :)
    ასეთი, სითბო და სინაზე მეგობრის მიმართ, ამხელა სიყვარული,
    ბედნიერია დიანიტა და ცოტათი ვეჭვიანობ კიდეც!
    თიკო, შენ ნათელი დატოვე ჩემ სულში. დიდი, დიდ მადლობა!

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 <3 საეჭვიანო არაფერი გაქვს, ბობოძი!

      Delete
  4. such a beautiful friendship. Just lovely:)))

    ReplyDelete
  5. Hola Diana. ¿Cómo estás? Soy Zaza. Mis mejores deseos para usted. Espero que nos vemos de nuevo :)

    ReplyDelete
    Replies
    1. Hola Zaza!!!!!! Wowow your spanish is really good!!!! Espero que nos vemos de nuevo también, eres siempre bienvenido a Ecuador!!!! Abrazos!!!! Dianita LFDC :)

      Delete
  6. რამხელა სიყვარულია ამ ამბებში და ემოცია – გადმომედო, თითქოს მეც ვიცნობ უკვე დიანიტას. ისეთი აღმოჩნდა , როგორიც წარმომიდგენია ზოგადად ესპანურენოვანები, განსაკუთრებით ლათინელები: მომხიბვლელი, მხიარული, ღიმილიანი, მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრებით, თბილი და ყურადღებიანი.
    დიდი მადლობა, თინიტა (რა კარგია, რომ შენი სახელის ესპანური დაბოლოების ახსნაც დაწერე, აი თურმე ვინ ყოფილა ნათლია) ამ ისტორიის გაზიარებისთვის და დიანიტას გაცნობისთვის. :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი, შენი გადასარევი,ჭკვიანური და თბილი კომენტარი უკვე ვუთარგმნე და გავუგზავნე. ყველას თბილად გეხვევათ და მადლობას გიძღვნით ეკვადორიდან.

      Delete
  7. ra sakvareli postia!!! chemi megobari Lucy momagonda...Chiledan. isits gavda dianitas xasiatit,chvevebit.
    siamovnebit gavitsnobdi Dianitas,ase mgonia ukve vitsnob da axlobelia am postis shemdeg.
    Madloba Tinita, visiamovne am posts kitxvit.

    To Dianita- all the best wishes from Germany!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა! გადავეცი დიანიტას თქვენი თბილი სურვილები! :)

      Delete
    2. Tinita tserdi vrtseli posti gamomivao,atjer upro vrtselits rom kopiliko maints gemrielad chavikitxavdi.da saertod ver vdzgebi sheni blogit:-)

      Delete
    3. დიდი მადლობა! სახელიც მიგეწერა, კარგი იქნებოდა :) :) :)

      Delete
  8. რახანია ამ ბლოგზე ჩემი კომენტარი არ წაშლილა :)

    ReplyDelete
  9. მეც ზუსტად იმავეს თქმა მინდოდა, კიდევ უფრო ვრცელი რომ ყოფილიყო, მაინც წავიკითხავდი სიამოვნებით.

    ისეთი გოგოა დიანიტა, ცხოვრებას რომ გიხალისებენ და ყველაფერს ლამაზად განახებენ. მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში თუ შეიძლება ასეთი ადამიანები დაიბადონ. მიყვარან! :)

    ReplyDelete
  10. "All your friends are very sweet!!!!! I wish I could write them back in Georgian......" დიანიტას მეილიდან.

    ReplyDelete
  11. ახლა უკვე ჩვენც ვიცნობთ დიანიტას :)
    კარგია ასეთი მეგობარი და ტკბილად მოსაგონებელი ერთად გატარებული დრო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :) მადლობა და მიხარია, რომ იცნობთ და მოგწონთ! :)

      Delete
  12. აგვისტოში საქართველოში დავბრუნდები და ჩემს განუყრელ მეგობარს, შირინს ჰოლანდიაში დავტოვებ. ავტირდი.
    მადლობა პოსტისთვის და ასეთი მეგობრობისთვის :)

    ReplyDelete
  13. მესმის, მზია, ძალიან ძნელია მეგობართან განშორება და რაც ერთად გაიარეთ, იმ ყველაფრის მოგონებებად ქცევა :( რომელ ქალაქში ხართ? მენატრება მაქაურობა...

    ReplyDelete
    Replies
    1. თქვენი კომენტარი შვიდი წლის დაგვიანებით ვიპოვე. თქვენი ბლოგის მეორეჯერ გადაკითხვა გადავწყვიტე და შემთხვევით გადავაწყდი ჩვენს "დიალოგს" :) ამსტერდამში ვიყავი, წამოსვლას და დამშვიდობებებს ბევრი დრამა ახლდა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია :)))
      ძალიან მიყვარს თქვენი ბლოგი და როგორ მიხარია რომ ისევ წერთ. მადლობა!

      Delete
    2. მე კი ახლა ვნახე შარშანდელი კომენტარი! :)
      იმედია თქვენც და შირინიც თავს კარგად გრძნობთ, სადაც არ უნდა იყოთ...

      Delete