Thursday, April 18, 2013

Blue Melody

სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე").  ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.

Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  

Monday, April 1, 2013

ჩანთა: მაშინ და ახლა

ჩემი პირველი ჩანთა ჩვენმა ახლობელმა, უძვირფასესმა გურამ ბიძიამ მაჩუქა. სკოლაში შევდიოდი. მოსკოვიდან ახალთახალი ტყავის ჩანთები ჩამოგვიტანა მე და მის შვილებს, ნინიკოს და ნიკუშას. ახლაც მახსოვს, როგორ იდგა ღია კარში საჩუქრებით. ზურგზე მოსაკიდებელი, რკინის ბალთა-შესაკრავიანი ჩანთა იყო, რვეულებისთვის ცალკე განყოფილება ჰქონდა. ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. ორი წელი ვატარე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დიდი ქალების ჩანთების ცქერა და იმის წარმოდგენა მიყვარდა, რამდენი ბრჭყვიალა და მიმზიდველი ნივთი იდებოდა შიგ. ჩვენთან ხშირად მოდიოდა დედას მეგობარი ნანა, რომელიც სულ მაძლევდა კევებს. მისი ჩანთაც საღეჭი რეზინის, პომადების და კიდევ რაღაც ლამაზ-ლამაზების საცავად წარმომედგინა. როცა მეორე ოთახში გავიდოდნენ ყავის დასალევად, ნანას ჩანთას ხარბად ვუცქერდი და ველოდებოდი, როდის ამოიღებდა იქედან მარწყვის კევს და მომცემდა. მასწავლებლების ჩანთებიც მომწონდა, ყველასი არა, ვინც ჩემს თვალში ლამაზი და გაპრანჭული იყო, იმის.