Wednesday, December 29, 2021

Tinano - აქსესუარის თანამედროვე ხელოვნება

ამასწინათ ვანის მუზეუმი მოვინახულე. მის შემდეგ სულ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანს შექმნის უნარი მისცა, რითაც ყველაზე დიდი თავისუფლება მიანიჭა. ამ ნაჩუქარი უნარის წყალობით, ჩვეულებრივ დაბადებულს, ბიოლოგიურ ადამიანს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მასზე დიდხანს იარსებებს და სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებს სიხარულს მოუტანს. თუ ნივთს პრაქტიკული დანიშნულება აქვს - ცხოვრებას გაუადვილებს. ამიტომაა ჩემთვის ძალიან ემოციური ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდის ნიმუშების გაცნობა: საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამყაროს მასშტაბურად აღიქვამდნენ, გემოვნება, თემების არჩევანი და ფანტაზია ცოდნის შესაბამისი ჰქონდათ.

ძველ ხელოვანებს ნამდვილად გაუხარდებოდათ, თუ გაიგებდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ, დაჩქარებულ და ქაოტურ დროში ცხოვრობს ახალგაზრდა ქალი, რომელიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

ჩემი ბლოგის სტუმარი თინანო კალანდაძეა. ის დასავლეთ საქართველოში დაიბადა, სადაც მიწა რბილია, ზღვა კი ახლოსაა, რომელიც ამ მხარეს დიდ ისტორიასთან, ბერძნულ და რომაულ კულტურებთან აკავშირებს. ეს კავშირი ბევრ რამეში ვლინდება, პირველ რიგში კი ადამიანების უნარში, ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ.  როცა თინანოს შემოქმედების ნიმუშები გავიცანი, სწორედ ეს დავინახე: შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნივთად გარდაქმნის ნიჭი. თინანო ბუნებრივი ტყავისგან ქმნის სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს: მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ზურგჩანთებს, მობილურის აქსესუარებს, საფულეებს, ლეპტოპის ქეისებს.

ცნობილი ფილმის, ეშმაკს აცვია პრადას“ პერსონაჟი ამბობს: „აქსესუარი იკონოგრაფიის ნიმუშია, რომელიც ინდივიდის თვითმყოფადობის გამოსახატად გამოიყენება.“ ჩემთვის ჩანთა ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ჩაცმულობის წამყვანი ნაწილია. ამიტომ, თინანო სასიხარულო და იმედისმომცემი აღმოჩენაა. მისი კონტურები ფაქიზია, ფერები კი ისეთია, სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებს.

ცნობილ მიზეზთა გამო, ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერე. წინასადღესასწაულოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი შეკვეთა აქვს, მაგრამ ჩემს კითხვებზე საპასუხოდ დრო მაინც გამოძებნა. თინანოს თავის საქმიანობაზე, შემდეგ კი საკუთარ სტილზე ვესაუბრე.

მოგვიყევით თქვენს ბავშვობის წლებზე, სტუდენტობაზე. როგორ მიხვედით პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?

ბავშობის წლები  გურიას უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე. პროფესიის არჩევაზე დედის ფაქტორმა იმოქმედა. დედა მხატვარია, გამორჩეული ხედვა აქვს, რაც ჩაცმულობაშიც გამოიხატება. მისგან მიღებულმა შთაგონებამ ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადამიაში სწავლა. ასეც მოხდა.

რამდენი ხანია, რაც ბრენდი „თინანო“ არსებობს?

ჩემი ბრენდი 2016 წელს შეიქმნა.

რა იყო თქვენი მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?

ბრენდის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა: ეს თავისთავად მოხდა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც და გამოცდილებაც.

როცა შეკვეთაზე ვმუშაობ, პირველ რიგში ვფიქრობ, ისეთი ნივთი შევქმნა, რომელიც მე მომეწონება და სიამოვნებით გამოვიყენებ. ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი ხარისხია. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანებია სიმარტივე და ფერთა სასიამოვნო კომბინაცია.

თქვენი აზრით, ყველა ბიზნესი უნდა გაიზარდოს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოგება, თუ მცირე მასშტაბითაც შესაძლებელია შედეგის მიღება?

ახლა კომფორტის ზონაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. თუ ჩემი საქმის დიდ ბიზნესად ქცევას გადავწყვეტ, ამ სიმყუდროვის დარღვევა მომიწევს.

ვინ მიგაჩნიათ თქვენს მასწავლებლად და რა რჩევა მოგცათ, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად გამოგადგათ?

ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ჩემი პირველი კურსის ლექტორი ნინო ქვრივიშვილია, რომელმაც  კომპოზიცია და ფერების შეგრძნება მასწავლა.

რომელია თქვენი საყვარელი მუსიკა? უსმენთ თუ არა მუშაობის დროს?

მუშაობის დროს ყოველთვის ვუსმენ მუსიკას, ფილმებსაც კი ვუსმენ. სხვადასხვა მუსიკა მომწონს, ბოლო დროს შემიყვარდა Peggy Gou.

რომელია სამუშაო პროცესის თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი?

მიყვარს, როცა სამუშაო დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი ისე გამოდის, როგორც ჩაფიქრებული მქონდა.

თქვენი აზრით, რა როლი აქვს სოციალურ მედიას მოდის ინდუსტრიაში?

მედია კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სოციალური მედია ყველა სფეროს ადამიანს აძლევს საშუალებას, სწორად და კარგად წარმოაჩინოს საკუთარი თავი და თანაც ამ მიზანს უმოკლეს დროში მიაღწიოს.

მოდის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ჩნდება ახალი ტრენდები. როგორ უნდა მოიქცეს დიზაინერი, რომ ამ პროცესში არ დაიკარგოს?

ვფიქრობ, „სწრაფ მოდას“ ზურგი უნდა ვაქციოთ. რასაკვირველია,  მოდის განვითარებაზე უარის თქმას არ ვგულისხმობ. როცა ნივთებს მოკლული ცხოველის ტყავისგან ვქმნი, სინდისი მაწუხებს. თუმცა, არის იმედი, რომ ბაზარზე მალე ბუნებრივი ტყავის ალტერნატივა გამოჩნდება.

ბევრი იტყვის, რომ შესაძლო ალტერნატივა ტყავის შემცვლელია, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ შემცვლელისგან დამზადებული ნივთები ძალიან სწრაფად ფუჭდება. მათ სწრაფადვე ვანაცვლებთ ახლით, გაფუჭებული კი უნდა გადავყაროთ. ამგვარად დაგროვილ ნარჩენს კი გარემოზე არანაკლებ მავნე ზემოქმედება აქვს.

რა შთაგაგონებთ, როცა ახალი პროდუქციის შექმნაზე ფიქრობთ?

პირველ რიგში, ადამიანები შთამაგონებენ, უმეტესწილად მათი სტილი და ხასიათი მაინტერესებს.

თქვენი ახლანდელი საქმიანობა რომ არა, რა საქმეს მოკიდებდით ხელს?

დიზაინერი რომ არ ვიყო, ვეტერინარი ვიქნებოდი. განსაკუთრებით მიყვარს ძაღლები.

თუ საიდუმლო არაა, როგორ ჩანთებზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა?

დღეს ყველაზე მეტად ფერადი აქსესუარები მოსწონთ, რაც ძალიან მახარებს.


როგორ უნდა განავითაროს ახალგაზრდა პროფესიონალმა ნებისყოფა? როგორ უნდა დაძლიოს შეცდომის/წარუმატებლობის შიში?

მიზნის დასახვა ნებისყოფის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ნებისყოფის მომზადების საუკეთესო მეთოდი კი - მოქმედება.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობის გრძნობა?

დამოუკიდებლობა აუცილებელია დასახული მიზნების მიღწევისათვის. ეს კი თავისი არსით შრომაა, რაც  ადამიანებს ხშირად გვეზარება. პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, ინტელექტუალური ქმედებაა.



ახლა თქვენს პირად სტილზე ვისაუბროთ. ვინ შთაგაგონათ ბავშვობაში? ვისმა სტილმა მოახდინა თქვენზე ზეგავლენა?

ჩემი სტილის ჩამოყალიბებაზე, როგორც ვთქვი, დედაჩემმა იქონია გავლენა. ის ირჩევს ღია ფერის და პრაქტიკულ სამოსს, ზედმეტი დეტალების გარეშე.

როგორ ჩაცმულობაში გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

მიყვარს ფართოჯიბიანი სამოსი, როგორც დოჩანაშვილის პერსონაჟს. მართლა ასეა, მიყვარს დრაპირება: ფართო, კლასიკურ-სპორტული სტილის სამოსი.

რას ნიშნავს თქვენთვის აქსესუარები? როგორ ჩანთას ატარებთ ყოველდღიურად?

ეს არის დეტალი, დანამატი, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურობას გამოხატავს. ყოველდღიურად ვატარებ დიდი ზომის ჩანთას, ზოგჯერ რამდენიმე ჩანთასაც კი. აუცილებელია, აქსესუარი პრაქტიკული იყოს.

სილამაზის რომელი პროცედურა გიყვართ ყველაზე მეტად?

თმის შეჭრა მიყვარს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ამ პროცედურას ვიცნობ.

როგორ მოქმედებს სეზონის ცვლილება თქვენს ყოველდღიურ ანსამბლზე?

განსაკუთრებით მიყვარს ზაფხულის და შემოდგომის პერიოდი. ზაფხული ასოცირდება პასტელურ ფერებთან და ტილოს ქსოვილებთან. შემოდგომის ჩაცმულობა  ქსოვილის რამდენიმე ფენისგან შექმნილი სილუეტია.

გთხოვთ, ბლოგის მკითხველებს მიულოცოთ დამდეგი დღესასწაულები.

გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს თქვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

თინანოს შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

https://www.instagram.com/tinano_o/

https://facebook.com/Tinano-451487648279183/

მე - ბედნიერი მომხმარებელი, "თინანოს" ჩანთით:




No comments:

Post a Comment