Tuesday, January 20, 2015

არგაბედო, ნუიზამ, გრცხვენოდეს

- მე და ზაზას ბავშვობაში გვიხაროდა, როცა სოფლის გზაზე ურემი ჩამოივლიდა. ჩვენთან ახლოს ორი მეურმე ცხოვრობდა: ილუშა და ვასილი. სიხარულისგან აღარ ვიყავით, როცა რომელიმე ურმით გაივლიდა. ჭიშკარზე ავძვრებოდით და სანამ თვალს არ მიეფარებოდა, გაფაციცებული ვუყურებდით. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს: რაღაც მისტიკური აგებულება ჰქონდა, ხის თვლები, სატვირთო ადგილზე დაყრილი ჩალისღერები და მოძრაობის სიჩქარე. ქუთაისში ჩვენი ბინა რკინიგზის გადასასვლელთან ახლოს იყო. (ძალიან "ჭკვიანურად" ჰქონდათ კომუნისტებს ქალაქის ის უბანი დაგემილი.) თავიდან ძალიან გვაწუხებდა მატარებლის ხმა, განსაკუთრებით ღამით. მერე კი მივეჩვიეთ ჯერ კივილს და მერე დაგან-დაგანს. სამაგიეროდ, ჩვენთან სტუმრად მოსული ბავშვები გიჟდებოდნენ მატარებელზე: როგორც კი ხმას გაიგონებდნენ, მატარებელიო და მიაწყდებოდნენ ფანჯარას. ზღვაზე ყოფნა ჩვენთვის როგორი ნეტარებაა. მთელი წელი ველოდებით ზღვაზე წასვლას, ვაკვირდებით, პირველად როდის გამოჩნდება გზიდან, ჩემი ქობულეთელი მამიდაშვილი კი სერიოზულად ამბობდა, ვერ გამიგია, ზღვის გულისთვის როგორ ჩამოდის ამდენი ხალხი აქ, ზღვაა, დიდი ამბავიო.


- ღარიბი ქვეყნები ვგიჟდებით ყველაფერ მდიდრულზე. გვიყვარს სიტყვები: უნიკალური, მსოფლიოში ანალოგის არმქონე, უძველესი, გრანდიოზული, პრესტიჟული. სასტუმროებს და კაფეებს არქმევენ "პრესტიჟს." "ბათუთაქუარი" ერქვას, არ ჯობია?

- როცა გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს ვკითხულობდი, ნათარგმნ ტექსტებში ხშირად მხვდებოდა სიტყვა "მიაბარეს". მაგალითად, "მშობლებმა 12 წლის ვიქტორი პანსიონში/გიმნაზიაში მიაბარეს." ამ სიტყვაზე ახლაც ისეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს ვინმეს მოიშორებ და სადმე მიაბარებ, ვინმეს მიანდობ მის თავს.

- ერთხელ ზაზამ ვიღაც კაცს ქუჩაში საათი ჰკითხა. იმან ხელი აუქნია, - "ადრეა ჯერ" და გზა გააგრძელა.


- ჩემს თანამშრომელს, მძღოლს ვეუბნები, ამ მისამართზე ცხოვრობს ჩვენი მარკეტინგული კამპანიის გმირი. იქნებ, მიაკითხო და ფოტოსესიაზე მოიყვანო. თურმე, ანერვიულდა, დაიწყო კითხვა, ვინაა, რა გმირობა ჩაიდინა, რატომაა გმირი? ვაიმე, გმირთან მაგზავნიან სახლში და არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

-  ვერაფრით ამიხსნია ტუალეტში წიგნის კითხვის ფენომენი. დღემდე მისტიკაა ჩემთვის. კაცების ნოუჰაუა.

- სცენა ქუთაისის სახაჭაპურეში: ფეხზე დგომის მაგიდები, სკოლის ჩანთები კაუჭებზე ჩამოკიდებული. შევექცევით ფენოვან ხაჭაპურს. ნათია ბიბილეიშვილი ჩვენს შორის ყველაზე გამხდარია. ნელა ჭამს და ის ზარალდება ყველაზე მეტად. როცა ჩვენსას მოვრჩებით, მის ხაჭაპურზე გადავდივართ.

- პატარები რომ ვიყავით, ჩემი ძმა მარწმუნებდა, "პაექრობა" კაცის სახელიაო. კიდევ, გუდასტვირს სინამდვილეში "გუდასული" ჰქვია და ბადმინტონს - "ბადგიბურთიო". მეც ვეთანხმებოდი.

- დონალდ ბისეტის ზღაპარში იყვნენ მავნეები: არგაბედო, ნუიზამ და გრცხვენოდეს. ამ სახელებს მე, ზაზა და ირაკლი ვირქმევდით ზაფხულის არდადეგებზე თამაშების დროს.

- ამავე თემაზე: რუსეთის სამხრეთით ერთ მშვენიერ კურორტზე ვისვენებდით ხოლმე. ძალიან მოვლილი, ყვავილებიანი ეზოები ჰქონდათ. ბაღებიდან მალინის სუნი მოდიოდა. საღამოობით იმართებოდა კონცერტი. ლახტი ყოველთვის იყო შნურიანი მიკროფონი. მაშინ სხვანაირი არც არსებობდა. მაიკო იყო სოლისტი, დანარჩენები ვიყავით ბექვოკალები. მე ვიგონებდი ჩემი აზრით ლამაზ საცეკვაო მოძრაობებს, რომლებიც ჩვენ უნდა შეგვესრულებინა.

- ასეთი დასვენებებიდან ერთ დღეს მაგარმა წვიმამ დასცხო. მაშინ პირველად ვიტყაპუნე და ვირბინე იმდენი, რამდენიც მინდოდა ისე, რომ არავის დაუშლია. ძალიან კმაყოფილი ვიყავი.


- ჩვენი ბავშვობის გასართობი იყო ტელეფონზე ნომრების აკრეფა და სისულელეების ჩაყვირება ყურმილში. ირაკლის ტექსტი იყო ასეთი: "ია დრაკონჩიკ, ვავავავავავა." ამას ამბობდა და ჩვენ ვიგუდებოდით სიცილით.

- ნაწვიმარ ტყეში რომ სუნია, იმ სუნის სიხარბე და გაუმაძღრობა მჭირს... ერთ ზაფხულს შოვში სოკოები დავკრიფეთ ძალიან საქმიანად. მერე გაზეთზე გავფინეთ მზეზე გასაშრობად. დარწმუნებული ვიყავით, რომ დედა შეგვიწვავდა და გვაჭმევდა. თავის დასაძვრენად ასეთი რამ მოიფიქრა, როცა მოვიკითხეთ და აღარ დაგხვდა, გვითხრა, ხბოს შეუჭამიაო. ასე არც ჩვენ გავბრაზდით და მოწამვლასაც გადავრჩით.

- გარშემომყოფებს ვაწუხებ იმით, რომ სადაც არ უნდა ვიყო, არ მყოფნის და არ მომწონს ჰაერი. ვეცემი ხოლმე ფანჯარას და ვყინავ ოთახს. ამასწინათ ჩემი მკერავი აღშფოთდა, (ოთახიდან გავიდა თუ არა, ფანჯარა გავაღე მის უკითხავად) ვაახ, შენ ვინა ხარ, საკუთარ სახლში მოწევას მიკრძალავო?

- ერთი პერიოდი დასუფთავების გადასახადზე დადიოდა ქალი, რომელსაც მეზობლები ასე მოიკითხავდნენ ხოლმე, ნაგვის ქალი ხომ არ ყოფილაო. არ ვიცი, ვინ დებდა ნაგვის ფულს, მაგრამ ეს სასიამოვნო ქალი პერიოდულად კი ჩამოივლიდა ხოლმე. ერთხელ ჩვენთან ჩვეულებრივზე დიდხანს გაჩერდა, დედაჩემს თავის ამბებს უყვებოდა, ავეჯის რესტავრატორი ვარ და პარალელურად აქ ვმუშაობო. ზაზამ ამ ვიზიტს ასეთი რეზიუმე გაუკეთა: "ფორდიმ ნაგვის ქალს ყავა დაალევინა."

- ერთმა სტუმარმა სტუდენტებს მოგვიყვა ამბავი ხოსეზე, რომელმაც მოისმინა აშშ-ის ჰიმნი და პირველსავე სიტყვებზე:  Oh, say, can you see... ეგონა, რომ მას უმღეროდნენ, Jose, can you see... რამდენჯერაც ჰიმნს გავიგონებ, სულ ის ხოსე მახსენდება.

- ჩემს მეგობარს და მემანიკურეს, ნეშამას, კოპწია სალონი აქვს ქირით აღებული. რა თქმა უნდა, მორთო და გაალამაზა. ეს ციცქნა შენობა ნეტშიც მოხვდა ერთხელ იმიტომ, რომ ცოცხალი ხის ირგვლივ არის აშენებული. იქ როცა ვზივარ, ქარისგან ხე ოდნავგასაგონად ჭრიალებს. ფანჯრებზე პატარა ფარდები აქვს ჩამოფარებული. სალონი დედაჩემის სახლთან ახლოსაა და ხშირად მიწევს იქ ჩავლა. გავიხედავ ხოლმე, შუქი გამოდის იმ ფარდებიდან. ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს, გზაში რომ შემოგაღამდება და შორს რომ ქოხს ხედავ, ქოხში კი თბილა და შუქი ანთია. 


- ერთი ინდოელი კურსელი მყავდა ჰოლანდიაში. მისი ძმის ოჯახი ცხოვრობდა იქ, ხშირად ვსტუმრობდი და ვიცოდი, რომ სულ არ იყვნენ რელიგიურები. რაღაც წიგნი ვიპოვე მათთან და ღვთაებების იერარქიაზე ვკითხე. მორიდებულად გაიცინეს, დღემდე ვერ ვერკვევით ვინ ვისი შვილია და რისი მფარველიაო. ეს ჩემი კურსელი პირველად რომ შემოვიდა ჩემთან, ოთახში ხატები დაინახა და შეწუხდა, ვაიმე, ფეხზე რომ მაცვიაო? მათ კულტურაში სახლი სიწმინდეა და პატივისცემის გამოსახატავად ფეხზე იხდიან. ხატები რომ დაინახა, მიიჩნია, რომ ჩემს სიწმინდესთანაც ასევე უნდა მოქცეულიყო. "აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს (კომუნისტი" არა) მოქალაქე.

- ჩვენ დროს წიგნის მოვლაშიც გვიწერდნენ ნიშნებს. არ დავმალავ, კი მიყვარდა რაღაცეების მიჯღაბნა, ან სხვა მოსწავლეების გაშარჟებული ილუსტრაციების თვალიერება. განსაკუთრებით ისეთები მომწონდა, არაფერშუაში რომ არ იყო. ერთს მიეწერა ინგლისურის წიგნში: "უგალსტუკოდ არ ვყიდით, გალსტუკი გაიკეთე." წიგნის მოვლის სამოტივაციოდ პატარა სტროფიც ჰქონდათ შექმნილი და წიგნის შეფუთვაზე დაბეჭდილი: "გთხოვ, სათუთად მომიარო, ვით ძვირფასი განძის ბადალს, რომ შენს უმცროს მეგობარსაც ვემსახურო გაისადაც." იქვე ეხატა გადაშლილი წიგნი და ანთებული ჩირაღდანი.

- ერთი ასეთი დაჯღაბნილი, ძველისძველი წიგნი მაქვს, მამაჩემის ბავშვობისდროინდელი "ბურატინო." როგორც საბჭოთა ბავშვმა, პინოკიოზე ადრე ბურატინო გავიცანი. მელნის ლაქები, სხვადასხვა კალიგრაფიები, სასაცილო კომენტარები... "წავიკითხე და ძალიან ფანტაზიურია. პეპო" ნეტა მართლა პეპო ერქვა? ილუსტრაციები აქვს სასწაული. თავებადაა დაყოფილი და ამ თავებს ორწინადადებიანი სათაურები აქვს, რომლებიც თავში მოთხრობილი ამბების რეზიუმეს აკეთებს. დღევანდელ მკითხველებს ასეთი რეზიუმე სავსებით ეყოფათ წიგნის "წასაკითხად." ბლოგის მინი-ავატარად ამ ძველი წიგნის ერთ-ერთი ილუსტრაცია მაქვს არჩეული: ღამის მისტიკაში პატარა, პუსკუნა, სულელი ბურატინო, გასაღებჩაბღუჯული, თავგადასავლების საძიებლად მიეშურება.

- დღეს ჩემი ბავშვობის მეგობრის, თამუნას დაბადების დღეა. მე და თამუნა 90-იანების ბნელ ღამეებში ფეხით დავდიოდით ინგლისურის მასწავლებელთან. ვინ იცის, რამდენჯერ გადაგვივლია ჭავჭავაძის ხიდზე. სადარბაზოში სულ ბნელოდა, ჩვენი მასწავლებელი ბოლო სართულზე ცხოვრობდა და ჩვენთვის ჭერზე ნავთის ლამპას კიდებდა, რომ იქ ასვლამდე თავპირი არ დაგვემტვრია. ერთხელ მასთან მივედი დასარჩენად, "საზღვარგარეთის ლიტერატურის" გამოცდისთვის უნდა გვემეცადინა. დავიწყეთ კითხვა. თამუნას პატარა და, მეგი ჩუმად შემოიპარა, მოგვიცუცქდა და გვისმენდა. როცა შვეიცარიაში წავიდა, ერთმანეთს წერილებს ვწერდით. ამასწინათ მეუბნებოდა, შენი წერილები გადავიკითხეო. ჩვენს მოგონებებთან ერთად მეც ძალიან ვუფრთხილდები მის მაშინდელ წერილებს და ჩანახატებს. ახლა მწერალი და მთარგმნელია, ბევრს მუშაობს და მაინც, მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება განმარტოებით ყოფნა, კითხვა და სამზარეულოს რადიოში ოპერის მოსმენაა. როცა ანა ლილია პატარა იყო, პარკში წავიყვანდით სასეირნოდ, ჰაერზე მალე ეძინებოდა. ის სახლი დამანახა, სანაპიროსთან ახლოს, სადაც გრიგოლ რობაქიძემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. გამახსენდა მისი ჩანაწერი: აივანზე გამოვალ და რიონის ხმა მახსენდებაო. ჟენევაში მდინარეს რონი (Rhone) ჰქვია. ლექსიც ჰქონდა ასეთი: "წამიღო მზერამ სანაპიროსმან, თუ არ ვეწვიე სარდაფში ღამით, დამემდურება ნიკო ფიროსმან." ჩვენს მეგობრობაში ყველაზე ძვირფასი წარსულის გამოცდილება და საერთო სულიერი ღირებულებებია. ის ილუსტრაცია, ზემოთ რომ ვახსენე, ზუსტად ისე აღიქვა, როგორც მე. ახსნა არც დამჭირვებია. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმი, ტავიანების "ქაოსი" სწორედ მასთან ვნახე პირველად. იქ ერთი ეპიზოდია, დედა და შვილები სადღაც შორ გზაზე მიდიან. დასასვენებლად ზღვასთან გაჩერდებიან. ბავშვები სილიან დაღმართზე ჩაგორდებიან და ზღვაში ჭყუმპალაობენ, დიდი მხიარულება აქვთ. დედას ფარდაგი აქვს გაშლილი და ისვენებს. მისი ქალიშვილის კალთაში უდევს თავი. გოგონას ძალიან უნდა, და-ძმებს შეერიოს. დედა ამას ხვდება და ეუბნება, წადი და ითამაშე მათთან ერთად, არ გამოტოვო ეს წუთები, ვინ იცის, შემდეგ როგორ გაგახსენდება და რა ძვირფასი იქნება შენთვისო.


- "საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან." ამ სიტყვებზე მახსენდება ერთი საღამო ქუთაისში. ხარების ეკლესიაში შემხვდა ვიკა, რომელსაც ცოტა ხანი გაოცებული ვუყურებდი, ის კი მიღიმოდა და მელაპარაკებოდა. სათვალე ეკეთა და თმა ჰქონდა სხვანაირად, ამიტომ ვერ ვიცანი. მკერდზე მძინარე ელენე ჰყავდა მიხუტებული. მერე ელენეს მოშივდა და ბაღში შევედით, რომ ეჭმია. ეკლესიის გვერდით გრილი, ჩამობურული ბაღი იყო, კარიც ჰქონდა.

- ადრე მეგონა, რომ იტყოდნენ "სიყვარული აუხსნაო", რაღაც ფილოსოფიურ საუბარს ჰქონდა ადგილი და არა იმ სიტყვების თქმას. უფროსკლასელებისადმი რაღაცნაირი რიდი მქონდა, მეგონა, განსაკუთრებულ, სხვა ცოდნას ფლობდნენ, მეტი წიგნი ჰქონდათ წაკითხული და "სიყვარულის ახსნის" საიდუმლოც იცოდნენ. ამ ფიქრებზე ყოველთვის მახსენდება ტაბიძის ქუჩის შესახვევი, მაიკოს და მზიკას სახლის დაბალი ჭიშკარი, ტალავერი და ღამე.

- ბინებში ცენტრალური გათბობა სანამ მოიშლებოდა, ეზოში იდგა ე.წ. კაჩიგარიის შენობა. ამ კაჩიგარიაში მუშაობდა ჩვენი ძველი მეზობელი გიგლა ბაბუა. წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა. გამარჯობაზე ყოველთვის ასე გვპასუხობდა: "იცოცხლე!"

- ძალიან მომწონს სახელის "პაკო" ჟღერადობა. ესპანურენოვან ქვეყნებში "ფრანსისკოს" შემოკლებული ვერსიაა. ქალებს რომ ატირებენ და ანერვიულებენ, ისეთ კაცებს ჰქვიათ ფილმებში. და ჰოი, რამდენად უფრო ტკბილია ქუთაისურად შემოკლებული "პავლეს" ვერსია - "პაკოია!"

- სოხუმში ყოფნა ყველაფერთან ერთად იმიტომ მიყვარდა, რომ იქ განსაკუთრებული თავისუფლების გრძნობა მქონდა. ირგვლივ არაფერი იყო ისეთი, რაც მთრგუნავდა და ცხოვრებას სევდიანს დამანახებდა. მაიკოს კლასელებთან ერთად ვიჯექით ზღვაში შეჭრილ ღია კაფეში. მე სკოლის მოსწავლე ხუთი წლით უფროს ბავშვებთან ერთად. ეს კაფე ცნობილი იყო იმით, რომ სტუმრების გასართობი ზღვაში ნაყინის კოვზების გადაგდება იყო. ქვედა სართულზე პერსონალი იყო მიდარაჯებული. დაინახავდნენ ზემოდან ჩამოგდებულ კოვზს, ავიდოდნენ, გამოიცნობდნენ გადამგდებს და ღირებულებას მათ ანგარიშს მიამატებდნენ. სახლი, ეზო და ქუჩა არაფრით იყო გამიჯნული. შეგეძლო, სახლის ჩაცმულობით სანაპიროზე გასულიყავი, ქუჩაში ჩვეულებრივად გესეირნა. ეს ძალიან მომწონდა და თავისუფლების სიმბოლოდ მიმაჩნდა. "ჩაცმა და ჩასვლა" არ გჭირდებოდა, შორტებით და ქოშებით შეგეძლო ყოფილიყავი სახლშიც, ეზოშიც და გარეთაც. ერთხელ, ჭურჭელს ვამშრალებდი, თეამ შემოირბინა, მე რომ ბიჭი მომწონს, კომისიონკაში მოვიდა, წამოდი, უნდა დაგანახოო. ასე, ჭურჭლის ტილოთი ხელში გავედი და ეს ამბავი ოჰ, ისე მომწონდა!

- ზემოხსენებულ მავნეებს გვქონდა პროგრამა სოხუმში დამსვენებელი რუსი ტურისტების დასაშინებლად. მეორე სართულის აივნიდან ვუყურებდით ხელკავით მოსეირნე წყვილებს. მათი რომანტიკა სადღაც ქრებოდა, როცა გზის პირას შექუჩებული ჭადრის ფოთლებიდან გამოცოცდებოდა პატარა მწვანე ნიანგი, რომელსაც ჩვენ უხილავი ძუით ჩვენსკენ ვექაჩებოდით. ერთმა გოგომ ისე შეჰკივლა, რომ ბიჭმა ხელში აიყვანა და ისე უყურებდნენ ჩვენს რეზინის ნიანგუნას.

- ერთი ფოტო მაქვს ბაღის, ახალი წლის ზეიმია, თავში პლასტმასის თეთრი ფიფქები მაქვს ჩამაგრებული (ისეთი სრიალა თმა მქონდა, ყველა მომძვრა), უმოკლესი კაბა მაცვია და თეთრი რეიტუზი. ბავშვები მწკრივში ვდგავართ, სასურათედ გაჭიმულები. მარტო მე ვუყურებ პირღია ერთ გოგოს, რომელსაც დედოფლის კაბა აცვია და ფატა ახურავს. (ვასუნდარას most likely კომენტარი: თავიდანვე ყოვარი იყავი)

- ჩემს ბავშვობაში შუაღამის 12 საათზე ტელევიზია ითიშებოდა, დიქტორი გვემშვიდობებოდა, რის შემდეგაც ჩანდა ჯერ რაღაც ზოლიანი ეკრანი, შემდეგ ისიც ირთვებოდა, გამოსახულება ქრებოდა და ტელევიზორი შიშინებდა. სულ მეგონა, რომ რაღაც მაინც დაიწყებოდა, მაგალითად, უცებ გამოხტებოდა მოცეკვავე... ვიჯექი ხოლმე და რამდენიმე წუთს ვუყურებდი ამ შიშინა ეკრანს, ველოდებოდი რაღაცას, რასაც მარტო ჩემთვის აჩვენებდნენ.

- "ბურატინოს" ბელორუსიის სტუდიის ეკრანიზაცია ძალიან ლამაზი და სევდიანი "შარმანკის" მუსიკით მთავრდება. გმირები სადღაც იქით, სცენის ჩარჩოდან სიღრმეში აბიჯებენ და იქედან ხელს გვიქნევენ. ზღაპარი მთავრდება, მუსიკალური ყუთი იხურება.

- მეც დავხურავ დროებით ჩემს მოგონებების ყუთს... აი, ინებეთ კონცეპტუალური რუკა წინამდებარე ჩანაწერისა. აქა ამბავნი ჩემნი, თან ერთმანეთთან დაუკავშირებელი და თან მჭიდროდ გადაჯაჭვული.

24 comments:

  1. „იქვე ეხატა გადაშლილი წიგნი და ანთებული ჩირაღდანი“. -- ეგ მე მკლავზე მეხატა, სკოლის ფორმის კოსტუმის მარცხენა სახელოზე. :))

    უმაგრესი ჩანაწერებია. :*

    ReplyDelete
  2. არ ვიცი როგორ ახერხებ ასე შეინახო მეხსიერბაში გასული ამბები:) ძალიან კარგი ხარ <3
    ნუ, "პაკოიამ" ხო დაგლიჯა:))

    ReplyDelete
  3. ფორდიმ ნაგვის ქალს ყავა დაალევინა :-) :-) :-)

    ReplyDelete
  4. ზაზა და მისი კომენტარები - ეს კიდევ სხვა ფენომენია. თიკო, ძალიან კარგად წერ! რასაც ვკითხულობ, ყველაფერს ვხედავ :-)

    ReplyDelete
  5. :* რა კარგია, მაკა! :)

    ReplyDelete
  6. ვგიჟდები ამ შენს მოგონებების სკივრზე, თან ისე ყვები, თითო აბზაცში იმდენ რამეს ატევ, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატავად...

    სიყვარულის ახსნა მეც რაღაც იდუმალი პროცესი მეგონა, და ვინც ხსნიდა – განსაკუთრებული ცოდნის მქონე :))
    ტუალეტში წიგნის კითხვას მეც ვერაფერი გავუგე, როგორ ახერხებენ, მიფიქრია:)
    და პაკოზე გამეცინა – მეც მიყვარს ეს სახელი, ოღონდ ბავშვობიდან დღემდე მგონია, რომ ჩემს თუთიყუშს, ცხადია, თუ ოდესმე მეყოლება, უნდა ერქვას პაკო:))

    :*

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი! :* <3

      როგორ მიხარია, შენც რომ მსგავსი გამოცდილება გაქვს ხოლმე! :)))

      ძალიან მოუხდება თუთიყუშს ეს სახელი და თვითონაც კარგად იტყვის. :)))

      Delete
  7. მომენატრა, ამ ყველაფრის ჩემი ყურით მოსმენა მომენატრა უზომოდ!

    ReplyDelete
  8. სასიამოვნო და საინტერესო იყო ეს მოგონებები.
    მეც ვიმოგზაურე , ოღონდ მე, ჩემს ბავშვობაში და შენთან ერთად.

    ReplyDelete
  9. თინათიინ ამ დილა ადრიან გული გამითბო შენმა მოგონებებმა, ძალიან ვისიამოვნე... ხარების ეკლესია და მისი ბაღი ოხ რა ახლო და ტკბილია ჩემთვის :) ...

    ReplyDelete
  10. მადლობა, ირი და ხატია! :)
    ბევრი ლამაზი ადგილია ჩვენს ქალაქში და მადლობა ღმერთს ამისათვის.

    ReplyDelete
  11. Replies
    1. right back at you!
      ძაან მომეწონე ბოლო ფოტოებზე, winter wonderland-ში.

      Delete
  12. amdeni kargi ambavi ertad!!! emociebit ise var savse,vegarc vcer...
    sxva samkaroshi, ase shoreulshi da tan ase axlobelshi gvamogzaure Tinatin, genialuria!!!! madloba, pikreb aburduli Nanuka :DDD
    ertmanets jose, fordi,pakoia, kachigaria, cignis chiragdani,xarebis tadzris bagi, rioni,nagvis kali, mtsvane niangi da ra vici kidev ramdeni ram sheeria :-)

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაიმე, რამდენი მაცინე ბოლო წინადადებით! :) :*

      Delete
  13. თინი, უმაგრესი ჩანაწერებია. თითქოს განცალკევებული მოგონებები და მაინც ერთმანეთში რომ იკვრება. ერთი სულის ამოთქმით იკითხება. უბრალოდ, მანცვიფრებ - ბავშვობაშიც რომ გქონდა ყველა წვრილმანის განსაკუთრებული ხედვა... ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობები გაქვს!... იმედია, შენი მოგონებების სკივრიდან ჯერ მხოლოდ ნაწილია ამოყრილი და კიდევ უნდა ველოდოთ ბევრის გამომზეურებას :)

    ReplyDelete
    Replies
    1. "ზოგიერთებს უნდათ, დრომ თან წაიღოს წარსული, მე კი მინდა, დროს არაფერი გავატანო." ეს დიდმა მწერალმა თქვა, მაგრამ მეც ისე მენანება და მეძვირფასება ის დრო, მინდა რაღაცნაირად ჩავწერო და დავტოვო ხელშესახები.
      :* :*

      Delete
  14. გამახსენდა... პატარა უკვე ავლენდი გასაოცარ ნიჭს ... შენს უსაყვარლეს მამიკოს, შენ რომ სულ პატარა იყავი, შენი ასაკისთვის შეუფერებელი მოლოდინები ჰქონდა შენზე... შენი ასაკისთვის შეუფერებელ წიგნებს გაძლევდა, უამრავ მოზრდილ ინფორმაციას გაწვდიდა და შენ ისე შთანთქავდიი... ცოტა მიკვირდაა :) ცოტა მოგვიანებით, როცა ლერი აღარ იყო, ვფიქრობდი, რომ გრძნობდა, ბევრ რამეს ვერ მოასწრებდა... და ამიტომ ჩქარობდა. მაგრამ ახლა მჯერა, რომ ლერიკო კი არ ჩქარობდა... იგი, ხედავდა, რომ შენ განსაკუთრებული იყავი! მან მაშინვე გაგიგო <3

    ReplyDelete
    Replies
    1. :*:*
      ეგ მეც მიკვირს, დედაქალაქებს რომ მასწავლიდა, თითქოს იცოდა, იმ დედაქალაქებში რომ მოვხვდებოდი. მისტიკაა :) და თინა ბებოც ამბობდა ასეთ "წინასწარმეტყველურ' რამეებს, როგორც დედაჩემისგან ვიცი. განსაკუთრებული რა ვიცი, უბრალოდ, ისეთ გარემოში ვიყავი ან ვარ, რომ არ შეიძლება, არ შეამჩნიო :)

      Delete