Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის. 

მეც ასე გავედი და როცა უკან მოვიხედავ, რაღაცები დღესაც მაკვირვებს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამა დაიღუპა, ამიტომ საერთოდ არ მახსოვს, მარტო ფოტოებიდან და მონათხრობიდან ვიცნობ. დედა მიყვება, რომ ლაპარაკი ადრე დამიწყია. თურმე, მამა მსოფლიოს ქვეყნებს და მათ დედაქალაქებს მასწავლიდა და უხაროდა, როცა სწორ პასუხებს ვცემდი. მერე ისე მოხდა, რომ ყველა ეს დედაქალაქი ვნახე. გზა კი, როგორც ხედავთ, დიდი ხნით ადრე დამილოცეს. ერთხელ, დეიდაჩემმა სოხუმში თავის სამსახურში წამიყვანა. მაშინ, მგონი, ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი. მომწონდა დიდი დაწესებულება და ხალხმრავლობა, განსაკუთრებით ის, რომ კარი ხშირად იღებოდა და თანამშრომლები შემოდიოდნენ, რომ დერეფანში ბევრი კარი იყო და სადაც გინდოდა, შეხვიდოდი. მუშაობა სტუდენტობის პირველი წლებდან დავიწყე, ესეც იმ სცენარით, დიდდერეფნებიან და ბევრკარიან დაწესებულებებში. ანა ფრანკის ამბავი ბავშვობაში, ლოგინში წავიკითხე სიცხიანმა, როცა სკოლას ვაცდენდი. მაშინ ანას ასაკის ვიყავი და მისი განცდები უფრო მაინტერესებდა, ვიდრე დანარჩენი ამბავი. მერე, როცა ამსტერდამში პირველად ვნახე ანას სახლი, ის ოთახი დამიდგა თვალწინ, ჩემი საწოლი და კლასელისგან ნათხოვარი წიგნი. მაშინ ხომ ვერც წარმოვიდგენდი, თუ იქ აღწერილ ოთახებში თვითონ გავივლიდი. ანას სახლმუზეუმის ერთ ოთახში სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნებია გამოფენილი, მათ შორის ქართული გამოცემა. მაშინ გავიფიქრე, ჩემი ამბავიც მოუტანიათ აქ-თქო. საოცარია, აბა რა.

საკვირველი ამბავია ისიც, რომ ჩემს ქმარს, რომელსაც ყოველ საღამოს, სამსახურის მერე პაემანზე მოსულივით ვხვდები, სამი წლის წინ საერთოდ არ ვიცნობდი. ვერ დავიჯერებდი, რომ ჩემთვის რომ მქონდა წარმოდგენილი, ისე, რომ ვერც აღვწერდი ან გადმოვცემდი, ზუსტად ისე მიდის ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა, ყველა წვრილმანი დეტალით. ამ სახლზე, სადაც ახლა ვცხოვრობთ, წარმოდგენაც არ მქონდა, ამ ქუჩაზე მანამდე ფეხითაც არ გამევლო. იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, დიდ დროს ვატარებ, ვახლობლობ და სრულ ჰარმონიაში ვარ, ორი წლის წინ საერთოდ არ ვიცნობდი.

მამას ბავშვობის ფოტო ვნახე ორი დღის წინ, კლასელებთან ერთად ბაგრატის ტაძრის ეზოში გადაღებული. თავისი ხელით მიუწერია უკან, თარიღი და ბაგრატის ტაძარი. ბოლოს აღდგომას ვიყავი იქ, ლაშასთან ერთად. ბევრი ფოტო გადავიღეთ, ტაძარი პირველად ვნახეთ აღდგენილი. ეზოდან ქალაქს გადავხედეთ. ახლა, ეს ფოტო რომ ვნახე, გული დამწყდა, რომ ბაგრატზე ყოფნისას მამაჩემი საერთოდ არ გამხსენებია, არ მიფიქრია, რომ ვინ იცის, რამდენჯერ ასულა იქ. ასე რომ მეფიქრა, მის ნაფეხურებზე კარგად და სხვანაირად გავივლიდი.

მიყვარს, ალბათ იმიტომ, რომ მჭირდება დროის მდინარებაზე და წასულ ადამიანებზე ფიქრი, მათზე, ვინც იმ დროს ჩემს ირგვლივ იყო. ჩემს სახლზე, სადაც დავიბადე, რომელიც უკვე აღარ არსებობს, დიდი ხნის წინ დაანგრიეს, ქუჩაც შეცვალეს, ახალი გზა გააკეთეს და შესახვევიც ვერ ვიცანი... მეორე ბინაზე, აი იმაზე, საიდანაც ქალაქის შუქებს ვუყურებდი, მერე აქეთ გადმოსვლაზე, დედაჩემის ბინაზე, მეზობლებზე, სარდაფის სუნით გაჟღენთილ სადარბაზოზე...

ჰოდა, დედაჩემთან ძველ ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, თვითონ ამომძახეს, ვინ ვარ. მე ვარ ის ადამიანები, ვინც დღესაც სათუთად ინახავს 30 წელზე მეტი ხნის წინ წასული მამაჩემის ხსოვნას, მასთან დაკავშირებული ყველა ამბავი გუშინ მომხდარივით ახსოვს და როგორც ის, ისე ვუყვარვართ ჩვენ, მისი ცოლი და შვილები. მე ვარ ის ხალხი, ვისაც კარგად ახსოვს ჩემი პატარაობა, ვინც ჩემთან ყველაზე მეტი გაჭირვების წლებში მეგობრობდა, ვისთანაც ჩემს ძმას წერილებს ვატანდი უნივერსიტეტში, როცა ავად ვხდებოდი და ლექციებზე ვერ მივდიოდი, ვინც ახლოს, ან შორს ცხოვრობს ჩემგან, ვინც აქ არის ან უკვე წავიდა, სულერთია, ღმერთს მაინც ყველანი ცოცხლები ვყავართ (ეს ერთი სასულიერო პირის სიტყვებია). მე ვარ დედაჩემი, რომელიც სტუდენტობაში, როცა ას ადგილას ვმუშაობდი, სადმე მომაკითხავდა და ლანჩის პაკეტს მომიტანდა; რომელიც ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობების დროს არასდროს მაჩვენებდა, რა ცუდად იყო უჩემოდ, რომელიც თვითონ მირჩევდა ბროწეულს, ხელები გაგიშავდებაო... მისი სახე, როცა შაბათობით მასთან მისულს, კარს მიღებს. მე ვარ რეზო ინანიშვილის მოთხრობები, ისინი, ყველა სიტყვას რომ უნდა ეფერო. ბებო, რომლის გამოთქმებიც ყველა მეგობარს ვასწავლე, კიდევ სოხუმის სანაპირო, სადაც სრულიად უდარდელი ზაფხულის საღამოები დამრჩა.

არ ვიცი, არეულად ვწერე, მაგრამ ძალიან მინდოდა, როგორმე გადმომეცა, რომ რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო ვუახლოვდები ჩემს წარსულს და ცხოვრებაც, თავის კანონებით, მით უფრო მისტიკური ხდება ჩემთვის.

დედა სტუდენტობის წლებში.
მამა
მე და ჩემი ძმა დეიდაშვილებთან ერთად, სოხუმი.
ჩემი ძველი სახლის ეზო, სადაც დავიბადე. მე და ჩემი ძმა, ზაზა მამიდებთან ერთად.
მე და ზაზა

24 comments:

  1. სიტყვები არ მყოფნის, თიკო! ემოციებით ამავსო. თან მგონი იმანაც იმოქმედა, რომ პარალელები ვიპოვე საკუთარ თავთან და სათქმელთან...


    პ.ს. მაგ ცხენზე მეც მაქვს ფოტო გადაღებული:)

    ReplyDelete
  2. თიკო, ცრემლები მახრჩობს... წარსულთან დაშორება მტკივა... ფიზიკური დაშორება. სულიერად მეც ვუახლოვდები და ხშირად მეძახის :-). ამ ბოლოს ხანს დამჩემდა - დღევანდელ დღეს წარსულის თვალით ვაფასებ. ვფიქრობ, წარმოვიდგენდი მაშინ, რომ დღევანდელი დღე ასეთი იქნებოდა?.. მე ასეთი.... ჩემს ირგვლივ სულ სხვა ადამიანები. ისინი, ვინც მაშინ მეგონა ჩემი ყოველდღიურობა იქნებოდა, გამომეცალნენ. ჩემი ლერის სიყვარული მომაწვა. გამახსენდა, როგორ განვმარტოვდებოდი ხოლმე, რომ ხმამაღლა მესლუკუნა... მადლობა ამ წერილისთვის. ბაგრატზე ასვლა მომინდა ძალიან, რადგან ახლა უკვე ვიცი, როცა ავალ, რაზე უნდა ვიფიქრო და ვის მოვეალერსო

    ReplyDelete
  3. ქეთი, რა კარგია, თუ ასეა ... შენც გვითხარი, როცა მოგინდება.
    იცი, რომ ამ ცხენის მეშინოდა? თვალები ჰქონდა რაღაცნაირი და იმიტომ :)))

    მზიკა, შენ მადლობა. იმ ფოტოებზე კიდე იცი რა შევამჩნიე, სულ ბურთი უჭირავს ხელში. ზაზაც გიჟია ფეხბურთის, ოღონდ არ თამაშობს :)))) მართლა საოცარია, რაც შენ თქვი. რომ გგონია, ვინც ახლა გყავს ირგვლივ, სულ მათ გარემოცვაში იქნები და მერე რომ ყველაფერი იცვლება. მეც ამის თქმა მინდოდა ზუსტად. დრო და ადამიანები.

    ReplyDelete
    Replies
    1. თიკო, როგორ შორსაც არ უნდა ვიყოთ ერთმანეთისგან, ძალიან ახლოს ვართ მაინც, მაშინაც კი როდესაც ამას ვერ ვამჩნევთ. მე მეამაყები...

      Delete
    2. ნამდვილად ასეა! <3

      Delete
    3. ჰო, მაგ თვალების გამო დღემდე არ მომწონს:))

      Delete
  4. თიკო, შენ მწერალი ხარ, ნამდვილი მწერალი! <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ოჰოჰო :))) ცოტა მაკლია. kiss

      Delete
  5. შენ ყოველთვის გამორჩეული იყავი, სკოლიდანვე - ჩვენზე ნათელი გონების მქონე.

    ოდესმე მეც გადავიღებ იმ ფოტოს, ჩემს სათქმელსაც რომ იტყვის :-)

    ReplyDelete
    Replies
    1. kto bi govoril :)
      i am sure you already have taken that one ;)

      Delete
  6. თიკო <3 როგორი რაღაცნაირი პოსტია <3 და როგორი ახლობელ <3

    ReplyDelete
  7. ზუსტად წარმოვიდგინე სად იყო აღწერილი სახლი. ალბათ სტურუას ქუჩაზე ხომ? :) მეორე ნაპირი და გორა მაქედან ჩანს. თუმცა, რავიცი ერთი ფაქტია: თეთრი ხიდის მიდამოებია :)

    კარგი პოსტია.

    ReplyDelete
    Replies
    1. არა, წერეთლის ქუჩის ბოლო იყო. :) :)

      Delete
  8. dghes, am dilautenia, ukve meored davsevdiandi.

    ReplyDelete
  9. Tin, hoi ra xar shen ra xar, ise shegidzlia chemi abgavleba vitomc araperi :-) oh, kidev ramdens davcerdi, ase lamazad gamoxatvis unari rom mkondes...shensavit. es detalebi, detalebi...sul rom tvalcin gvidgas da ragac ertobriobas rom kmnis, mec davpikrebulvar amaze magram ase ver gadmovcemdi albat. xandaxan tavsac varideb am pikrebs, rom mojardebian jariskacebivit :-) ukan vkri. positiuri mogonebebic ki memdzimeba. isev ise xom agar ikneba kvelaperi rogorc iko, chaiara da agar mobrundeba. ho, vici cin unda vixedo, an acmkoshi unda vicxovro, es albat bevrad upro racionaluria...magram dges tavs davanebeb racionalurobas, isedac ishvaitad gamomdis da :-) gkocni, axla chamogijdebodi da hoi ramdens gechukchukebodi tbilisis romelime mkudro barshi. xxx Nanuka

    ReplyDelete
  10. ყველამ თქვა, რისი თქმაც მინდოდა და საერთოდ, ყოველ წინადადებაზე შეიძლება კიდევ პოსტის დაწერა. ყველას თავისი ბავშვობა გაახსენდა და დეტალები, რომლებიც ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანია.

    თიკო, მე კიდევ ყველაზე მეტად, უნდა გითხრა, დედაშენით მოვიხიბლე. ნამდვილი გმირი დედა უნდა იყოს, ქმრის ისე ადრე დაკარგვა (თანაც ასეთი სასწაულად სიმპათიურის და თავად დედაშენიც რა მომხიბვლელია!) ალბათ როგორი ტრაგედია უნდა ყოფილიყო მისთვის და ნახე, როგორი შვილი გაგზარდა (სავარაუდოდ, შენი ძმაც არანაკლები უნდა იყოს).
    უდიდესი პატივისცემა შენს დედიკოს ჩემგან!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი, დიდი მადლობა, გადავცემ დედას აუცილებლად! დიდობაში ამის გააზრება ძალიან მძიმეა, რამდენი გადაიტანა და რამდენს გაუძლო, რამდენი შეძლო.
      ზაზა მართლაც ძალიან საყვარელი ბიჭია :) ჭკვიანი და მზრუნველი, ოღონდ სიტყვაძუნწია, როგორც კაცების უმეტესობა.

      Delete