Monday, December 9, 2019

ნისლში და ქარში

photo by: Daniel J. Schwarz
სამსახურში ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხის კენწეროები და ცის პატარა ნაწილი ჩანს. ღრუბლიან დღეებში ცაზე ხანდახან უცხო ფრინველები გადაიფრენენ ხოლმე გუნდებად. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც მაოცებს. თავიანთი ცხოვრება აქვთ, სხვა რეალობაში არიან, თან ჩვენი თვალსაწიერის ფარგლებში. აქ საცხობები და წვენების ფარდულებია, გათბობის მილები, გამომშრალი კანი, ინკასაციის მანქანები. ისინი ფრენენ, ცა და სივრცეები აქვთ.

ხელოვნებაში სულ ასეთ ადგილებს ვეძებ, ცნობიერებიდან გამოტანილს, სიზმრებში შერეულ მოგონებებს. დღეს თამუნას ძველი წერილები გადავიკითხე. მადლიერი ვარ ამდენი წლის მეგობრობის და იმ ამბების, რაზეც მაშინ მწერდა, იმ რეალობის, რომელშიც იყო და იმ განცდების, რასაც მისი გარემო იწვევდა. ლაშა ადრეც და ახლაც ხშირად მიყვება თავისი ბავშვობის ფანტაზიებზე, წიგნების და ფილმების შთაბეჭდილებებზე და იმაზე, თუ რად გარდაისახა ისინი მის ცნობიერებაში. ეს დიდი საიდუმლოს განდობად მიმაჩნია და მზად ვარ, უსასრულოდ ვისმინო.

ახლა ზამთრისპირის ბურუსში ვდგავარ. თოვლიანი კადრები მახსენდება "ნატვრის ხიდან", თეთრი სიჩუმის და სიტყვები, როგორც კარლო კაჭარავას ნახატებზეა, გამოსახულებასთან ერთად: "ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში." ინგლისურ ბაღებში მინდა ვიარო  და ვნახო, როგორ ჩააყუჩებს და მიაძინებს ყველა საწუხარს, ძველსა და ახალს. მერე "სარკეში" გავჩერდები, ტარკოვსკის მამის ლექსებს მოვისმენ, ამ სოფელში ნიავის ხმას... ალბათ სხვა ადამიანების შექმნილ ხატებთან ზიარებაა, რაც უმძიმეს ადამიანურ განცდებსაც კი ყველაზე ასატანს ხდის.