Monday, December 9, 2019

ნისლში და ქარში

photo by: Daniel J. Schwarz
სამსახურში ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხის კენწეროები და ცის პატარა ნაწილი ჩანს. ღრუბლიან დღეებში ცაზე ხანდახან უცხო ფრინველები გადაიფრენენ ხოლმე გუნდებად. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც მაოცებს. თავიანთი ცხოვრება აქვთ, სხვა რეალობაში არიან, თან ჩვენი თვალსაწიერის ფარგლებში. აქ საცხობები და წვენების ფარდულებია, გათბობის მილები, გამომშრალი კანი, ინკასაციის მანქანები. ისინი ფრენენ, ცა და სივრცეები აქვთ.

ხელოვნებაში სულ ასეთ ადგილებს ვეძებ, ცნობიერებიდან გამოტანილს, სიზმრებში შერეულ მოგონებებს. დღეს თამუნას ძველი წერილები გადავიკითხე. მადლიერი ვარ ამდენი წლის მეგობრობის და იმ ამბების, რაზეც მაშინ მწერდა, იმ რეალობის, რომელშიც იყო და იმ განცდების, რასაც მისი გარემო იწვევდა. ლაშა ადრეც და ახლაც ხშირად მიყვება თავისი ბავშვობის ფანტაზიებზე, წიგნების და ფილმების შთაბეჭდილებებზე და იმაზე, თუ რად გარდაისახა ისინი მის ცნობიერებაში. ეს დიდი საიდუმლოს განდობად მიმაჩნია და მზად ვარ, უსასრულოდ ვისმინო.

ახლა ზამთრისპირის ბურუსში ვდგავარ. თოვლიანი კადრები მახსენდება "ნატვრის ხიდან", თეთრი სიჩუმის და სიტყვები, როგორც კარლო კაჭარავას ნახატებზეა, გამოსახულებასთან ერთად: "ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნი მიჰყვება ფიქრებს ნისლში და ქარში." ინგლისურ ბაღებში მინდა ვიარო  და ვნახო, როგორ ჩააყუჩებს და მიაძინებს ყველა საწუხარს, ძველსა და ახალს. მერე "სარკეში" გავჩერდები, ტარკოვსკის მამის ლექსებს მოვისმენ, ამ სოფელში ნიავის ხმას... ალბათ სხვა ადამიანების შექმნილ ხატებთან ზიარებაა, რაც უმძიმეს ადამიანურ განცდებსაც კი ყველაზე ასატანს ხდის.


რა მოაქვს ჩემთვის ასეთ ფორიაქს? რატომ მიყვარს ყოფნა განცდების ლაბირინთებში? მხოლოდ იმის გაძლებაში მეხმარება, რასაც ვერ ვცვლი, თუ სიმუქიდან დანახული სილამაზე მჭირდება იმისთვის, რომ ყოველდღიურობაც პოეზიად იქცეს? მაგალითად, ორშაბათ დილით სიბნელესა და ქარის ზუზუნში გაღვიძება, სიჩუმეში ორი სუნთქვის მოსმენა, ლოცვის სიტყვების თქმა უხმოდ, ტუჩებით, პალტოსა და ჩექმებში გამოწყობილი თბილი და ჯერ ისევ ჩუმი სახლის დატოვება, გარეთ, როგორც ქაოტურ მაკროსამყაროში თითქოს დამცავი გარსის ქვეშ სიარული, სამუშაო საათების შემდეგ სახლში დაბრუნება, როგორც  თავგადასავლიდან და ქარიშხლიდან სახლში შეღწევა, უსაფრთხოების განცდა და ერთადყოფნის რიტუალის გამეორება. ასეთ დროს სულ ერთი ფილმის გმირის სიტყვები მახსენდება: ცოლთან და შვილთან ერთად იღვიძებს და ამბობს, ყველაფერი, რაც გამაჩნია, ამ საწოლზე ეტევაო.


ეს კადრიც პოეზიაა, ბევრ ამბავს მიყვება. სკამი რეზო გაბრიაძის კაფეს ინტერიერს მახსენებს, პიპინიას სახლის სამზარეულოს, ფანჯრებზე გაკრულ დაჭრილი ქაღალდის დეკორს, მარკ ბერნესის სიმღერებს, ომისდროინდელ ოჯახებს, ქალი და ქნარი კი ოჰ, იმდენ რამეს! მაქმანის კაბა,  საყურე და რბილი ვარცხნილობა - როიალს, ცხელი ბეჭდით დაბეჭდილ წერილებს და შანდლებს, კიდევ ჩემს ბავშვობაში ჩვენთან სახლში გამართულ წვეულებებს, დედას მეგობრებს, სანთლებს რომ აანთებდნენ და ისე კითხულობდნენ გალაკტიონს. ერთმანეთს არ აწყვეტინებდნენ, კარგად უსმენდნენ, პროზიდანაც ბევრი ციტატა იცოდნენ ზეპირად. წარმოუდგენელი სიდუხჭირის წლებში, როცა სასწაულით ვარსებობდით, ყოველდღე რაღაც მაინც ხდებოდა ისეთი, რასაც სიხარული და კმაყოფილება მოჰქონდა.  სტუდენტობისას, როცა საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, ხშირად დავდიოდი მარტო, მაშინდელი პოეზიის მოსასმენად, ჩემს გაურკვეველ მომავალზე საფიქრად და იმ მღელვარების შესაგრძნობად, რასაც ის წყნარი ქალაქი მაძლევდა. უმეტესად ღრუბლიანი დღეები იყო, ჩრდილოეთის ზღვიდან ქარი უბერავდა, არხთან კაცები თევზაობდნენ და ისინიც ჩუმად იყვნენ.








სანდრა მალე ორი წლის გახდება. ფიროსმანი ისევ უყვარს. როცა მის ნახატებს აღვწერთ, სახეზე დიდი სიხარული ეწერება. ჩემს ნათქვამ სიტყვებს ჩუმად, ტუჩებით იმეორებს, განსაკუთრებით, თუ მისთვის ახალ ცნებას გაიგონებს. მასაც მუქი ფონიდან აღქმული სამყარო გვრის ასეთ თრთოლას. ველოდები იმ დროს, როცა ნორშტეინის მულტფილმებს ვნახავთ ერთად და მის გარდა, კიდევ სხვა ჯადოსნობებს გაეცნობა. 

4 comments:

  1. აუ თინა, როგორ გამიხარდა, ახალი პოსტი რომ დავინახე!
    პირველი ფოტო როგორი კარგია, ჯერ მარტო ეგ ყვება მთელ ამბავს.

    შენს კომენტარს ვკითხულობდი ახლა ჩემს ბოლო პოსტზე, მერე შენს პოსტზე გადმოვედი, და დავფიქრდი, რომ ზამთარს უფრო ღრმა ემოციები და განცდები მოაქვს, ზაფხულისა კი უფრო მსუბუქი და წარმავალია. ჩემთვის ასეა ნამდვილად, ზამთარში გარეთ სიარული სულ სხვა დატვირთვას ატარებს, თან რომ ცივა, მაგრამ თავს სხვანაირად კარად გრძნობ და მერე თბილ სახლში ბრუნდები. არ ვიცი, ახლა ეს კომენტარი თუ makes sense, უფრო ცნობიერების ნაკადი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ზამთარს ცალკე და გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩემს გულში :)

    ReplyDelete
    Replies
    1. აი, ზუსტად, ზუსტად მიგიხვდი. ჩემთვისაც იდეალურია ეგ მდგომარეობა. "ჰოლიდეიში" კამერონ დიასი რომ დადის ინგლისის ველებზე, აი, ისაა იდეალური სურათი. ის სინაცრისფრე, სიმკაცრე, თან მოვლილი ბაღები და თბილ ტანსაცმელში და ფიქრებში გახვეული ხეტიალი.
      თან რა მაგარ ადგილას იყავი ზამთარში!

      Delete
  2. ძალიან მიყვარს შენი ჩანაწერების კითხვა, ყიველთვის სავსეა განცდებით, ემოციებით, სახე-ხატებით, თან გადამდები განწყობებით <3

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ნინ! მიხარია! <3 <3

      Delete