Wednesday, January 29, 2014

წელიწადის ოთხი დრო


ეს ჩემი ბავშვობის წიგნია. სულ პატარები ვიყავით, რომ გვაჩუქეს, ძველი, ხელახლა აკინძული და აღდგენილი. 1954 წლის გამოცემაა. მე და ჩემმა ძმამ ზეპირად ვიცოდით, რის მერე რა მოდიოდა. უკვე წაკითხულ ლექსებს და მოთხრობებს მეასედ ვკითხულობდით. როგორც სკოლის ბავშვებს სჩვევიათ, გვერდებზე რაღაცებს ვაჯღაბნიდით. ქვემოთ გამოჩნდება კიდეც რამდენიმე ასეთი "ნამუშევარი".  ერთ გვერდზე გვიყვებოდნენ, როგორ მივიდა პარადზე პიონერი გოგონა სტალინთან და გადაეხვია; მათი სიტყვებით, "მხურვალედ მიესალმა". იქვეა ამ თეთრბაფთებიანი გოგონას და ყურებამდე გაღიმებული სტალინის ამაღელვებელი ფოტოც. რომელიღაცას ამ გოგონას, ვერა კონდაკოვას ასაკი გვიანგარიშებია იქვე, ქვეშმიწერით. წიგნი დიდხანს ძველ ბინაში იყო. ახლა ზაზამ მე მაჩუქა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი მადლობელი ვარ მისი.

"გაზაფხულის" განყოფილება "ვარდს გაეფურჩქნა კოკორით" იწყება. მერე მოდის სტალინის დატირება, ლენინის ხოტბა, მისი ბავშვობის განდიდება, საბჭოთა დედების სიყოჩაღე, ბავშვების სიმალხაზე და სიფუნჩულე, რელიგიის დრომოჭმულობა, ომგამოვლილი თაობის საუკეთესო თვისებები, საბჭოთა კავშირის სწრაფი აღმშენებლობა, ამერიკის მოსახლეობის აუტანელი საცხოვრებელი პირობები... ქართველი ავტორებიც არიან და თარგმანებსაც გვთავაზობენ. ერთ მწერალზე ანოტაცია ასე იწყება: "ლენგსტონ ჰიუზი ცნობილი ზანგი მწერალია. მას ბევრი მოთხრობა აქვს დაწერილი ამერიკელი ზანგების მძიმე მდგომარეობის შესახებ." ზოგი მოთხრობის მართლა გვეშინოდა, მაგალითად, ერთის: "სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს".  ახლაც მაჟრჟოლებს ერთ ამბავზე, როგორ მოიპარა დილაუთენია მამა-შვილმა ფურგონიდან რძე, იმიტომ რომ დედას შიმშილისგან რძე გაშრობოდა და ბიჭის პატარა დას ვერ აჭმევდა. მამა ბიჭს უხსნიდა, რომ ქურდობა ძალიან ცუდი რამეა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ მისი და შიმშილით არ მოკვდეს. მოკლედ, წიგნი ნამდვილი რელიქვიაა შინაარსითაც, ილუსტრაციებითაც და პოლიგრაფიითაც. რამდენიმე ფავორიტს გთავაზობთ: 

Thursday, January 23, 2014

წრიალისა და მოკითხვებისა

როგორ იქცევა ჩვენი ხალხი სხვადასხვა შეხვედრაზე, გამოფენაზე, ღონისძიებაზე, სპექტაკლზე, კონცერტზე? ძალიან სასაცილოდ. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და არ მინდა, ჩემი ჩანაწერი ისე გაიგოთ, თითქოს ყველაფერს ვემიჯნებოდე. მეც ისევე ვგავარ და განვსხვავდები უმრავლესობისგან, როგორც ამ პოსტის ყველა მკითხველი.
  • ოცი წუთით დაგვიანება და სრულიად მშვიდი სახით მოსვლა ნორმალურია. ყველაფერი რომ გვიან იწყება, დიდი ხანია მივეჩვიეთ. გგონია, დარბაზი არ შეივსება, მაგრამ ყველა ბოლო წუთში, ან (ისედაც გვიან) დაწყებისას შემოფუთფუთდება და დაიწყებს ადგილების ძებნას.
  • კარი იღება, შემოდიან და როგორ გგონიათ, საითაა მიმართული მათი მზერა? სცენისკენ არა, აუდიტორიისკენ. თვალების ცეცებით ეძებენ ნაცნობებს. იწყება ერთმანეთის მოკითხვა, გადაძახილი, გაბმული ზუზუნი და ხშირ შემთხვევაში, ღონისძიების დასრულებამდე არ წყდება. 
  • ცალკე ფენომენია ავტონომიური კუნძულები. დგანან, ეწევიან, საუბრობენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რის/ვის გამოც შეიკრიბნენ. 

Thursday, January 2, 2014

Northern Landscape

video

ახლა ზუსტად ის დროა, არდადეგები რომ გვქონდა და უფროსები ჯადოსნურ ზღაპრებს გვიყვებოდნენ შორეულ მხარეებზე. ახლა მინდა, ლარისასავით თეთრი ღუნღულა შალი მეხუროს, ბევრს დავდიოდე სიცივისგან ცხვირგაწითლებული და ასეთ პეიზაჟს ვხედავდე. დიდხანს ვივლიდი და ვუყურებდი ეკლესიის გუმბათებს, ტყვიისფერ ცას, საავდრო ღრუბლებს, გაშიშვლებულ ტოტებს ქარში, ცაში აჭრილ ფრინველთა გუნდს, თეთრ კვამლს, მდინარის ტალღებს, სავაჭრო გემებს და ყვითელ ქუჩის ფანრებს. ასე მგონია, სიცივესაც არაფრად ჩავაგდებდი.  :) 

მადლობა ლაშას ვიდეოსთვის. 

კარგი ახალი წელი გვქონოდეს, ბევრი სილამაზე გვენახოს, გულში დღესასწაული გაგრძელებულიყოს!