Tuesday, September 8, 2015

ვარდებსა და გვირილებში

ეს ბულეთები წერტილებია...გონების. a mind-mapping exercise. 


წყარო: ermonia.blogspot.com
  • სექტემბერში ჩემდაუნებურად ბავშვობაში ვბრუნდები. ხელახლა განვიცდი ქუთაისის ცხელ ამინდებს, მოწყენილად ცხელ მზეს და სწავლის დაწყების გამო აფუსფუსებულ ქალაქს. ზონარებიანი დახურული ფეხსაცმელი, ზაფხულში რომ მიყიდეს,  უკვე მიჭერს. გაკვეთილების შემდეგ ალბათ პარკში (იქ ბაღი ჰქვია) წავალთ და დიდ შადრევანთან გადავიღებთ ფოტოს. ყველას თეთრი პერანგი გვეცმება.
  • ფანჯრიდან ვუყურებ მეზობლის ბავშვებს: ყოველ წელს, პირველ სექტემბერს, ჟაბოიანი თეთრი პერანგით და ხელში ტიტების თაიგულით მიდიან სკოლაში. ზოგი პირველად. ასეთ დროს თვალების სიმშრალე შეუსრულებელი ამოცანაა.
  • ერთი საკრალური მოგონება მაქვს, საამჟამო, სასექტემბრო:  პირველკლასელი ბავშვი ვარ, გათიშული. დილაა და სკოლაში უნდა წავიდე. ძველ სახლში ვართ, კიროვის ქუჩაზე. დედა დიდ ოთახში მასაუზმებს. წინა ღამით დააყენებს ჩაის, თერმოსში ცხლად ინახავს. დილით თერმოსიდან მისხამს გამზადებულს. ჩემს წინ კედელში ჩაშენებული ხის ბარია, მამას გაკეთებული. იმ დროისთვის ნოვატორული. ხაზის რადიოში ისმის სიმღერა -  "თეატრონის" "ვარდებსა და გვირილებში." ასეთი სიტყვებია: "ო, რად მიყვარხარ/ყვავილს გადარებ/და ყვავილებში/ობლად გატარებ/მზე ჩავა და მზის უბეში/ბადრი მთვარე გაჩერდება/მე წავალ და ჩემზე კარგი/სიმღერები დაგშვენდება." მადლიერი ვარ, რომ ეს სურათი ცხადად მახსოვს. კარადაში გადანახული სუსნივით "გამოვიღებ" ხოლმე. არ ილევა, არის და არის.
                                                       
  • როცა სადმე ტექსტში შემხვდება სიტყვები "მიწისქვეშა მდინარეები", ძალიან მეშინია. 
  • ხომ არის ხოლმე დღეები, სახლში ბუნაგობის. რას ვაკეთებ ამ დროს: ნივთებს ვუცვლი ადგილებს, ვალაგებ ტანსაცმლის კარადას, ათას მეერთედ ვუყურებ უკვე ნანახ ფილმებს, ვიკეთებ სახის ნიღბებს, ზოგჯერ დანაშაულის დასაფარად (დანაშაული=განათებულ ადგილას გამადიდებელი სარკით შეიარაღება და სახის უმოწყალოდ ჩიჩქნა), ხელით ვრეცხავ ფაქიზ ტანსაცმელს. ამ დროს შეიძლება კითხვას შევყვე და გასავლებად დატოვებული სარეცხი სულ დამავიწყდეს. 
  • ჩვენი მეზობელი მუშაობს ქვესადგურში, სახლის პირდაპირ. არ მესმის, რას ნიშნავს "ქვესადგური", მაგრამ ვიცი, რომ რაღაცით ელექტროენერგიასთანაა კავშირში. შენობაში სპეციფიკური სუნი დგას. (ახლაც ზუსტად მახსოვს ის სუნი.) ერთმანეთზე გადაბმული სკამები დგას და კედლებზე პირველი დახმარების, ხელოვნური სუნთქვის და მსგავსი რამეების დიდი პლაკატებია გაკრული. სანამ უფროსები საუბრობენ, ამ პლაკატებს ვათვალიერებ და შიშით ვფიქრობ, რა ცუდად იქნება ის ადამიანი, ვისაც ასეთი "პირველი დახმარება" შეიძლება დასჭირდეს. მათი საუბრიდან მესმის სიტყვა "დეპუტატი."
  • მიყვარს, როცა ტელეფონით ველაპარაკები ძალიან ახლობელ ადამიანს. მშვიდად, აუჩქარებლად. ორივეს მოგვწონს ეს გაწელილი რიტმი. წინადადებებს შორის პაუზებია, მაგრამ საუბრის დასრულებას არ ვაპირებთ. ამ პაუზებს შორის მესმის ხოლმე პირის ოდნავი გაწკლაპუნება. არ ვიცი, რაა, მაგრამ ძალიან მიყვარს ამ ხმის გაგონება. ის ამ დროს ნერწყვს ყლაპავს, ან ახალი წინადადების თქმას აპირებს და მერე ჩერდება. ან უბრალოდ ჩუმადაა, მშვიდად სუნთქავს და ელოდება, მე რას ვიტყვი. თითქოს ის უხილავი ძაფია, ოღონდ "გახმოვანებული."
  • ერთი სამასხრო ამბავი: დღეს სამომხმარებლო საქონელს აღარ აწერენ Made in China. ამის ნაცვლად იყენებენ ტერმინს P.R.C. ("ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა"). სავარაუდოდ, ჩინურ საქონელთან დაკავშირებული ნეგატიური კონოტაციის შესანიღბად. ჩინეთის გასვეცკება რაღააო, იტყვი, ძვირფასო მკითხველო.
  • ლაშასთან ჯვრისწერის თარიღი ახლოვდება. შევდივარ ბუღალტრებთან. ამ ოთახში დავთრებში ჩაფლული ორმოცდაათი ქალი ზის: გაპრანჭულები, მშრომელები, ოჯახის ქალები. ფილმ "სლუჟებნი რომანის" ქართული რიმეიქი. ერთთან ვარკვევ რაღაც სამსახურის საქმეს. უცებ მეორე ამბობს, შენზე კარგი ამბავი გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდაო. მერე სხვები ერთვებიან, უი, რა ხდებაო. ერთი მეკითხება, ვინაა, შენსავით მაღალი თუ არისო. ოთახის სიღრმიდან მეორე პასუხობს: კი, კი, მაღალია, მე დავინახეო.

  • "შესხებ" და "ასთი" - ტელეჟურნალისტების ლექსიკონიდან.
  • სერგი და მეორე არხი რომ პოპულარული იყო, ბოლო კლასებში ვიყავით. ყველამ სერგის მსგავსად ჩავიცვით როლინგი და ზემოდან საროჩკა. (ხშირად მშობლების გარდერობიდან)
  • ისევ 80-იანების მუსიკაზე: ზღვის თემა იყო ხშირად, როგორც მისტიკურთან შეხების სიმბოლო, რაღაცასთან განშორების, რაღაცაზე მინდობის. ორი მაგალითი: "მაგრამ ზღვასთან აღარავინ არ იდგა, არც ტიროდა სიყვარულის გამო." "საით მიდის ასე მარტო გემი".  ორივე სიმღერის შინაარსს ძალიან მძაფრად აღვიქვამდი. ლიანები სოხუმში ვნახე პირველად და დიდხანს ვაკვირდებოდი ამ შავ, უცნაურად დაკლაკნილ ტოტებს. მიხსნიდნენ, ტროპიკებში ამ ხეებზე მაიმუნები დახტიანო.
  • ამასწინათ შევნიშნე, როცა ებრაელები ერთმანეთს დაბადების დღეს ულოცავენ, უსურვებენ, 120 წელი იცოცხლეო. მერე გამახსენდა, რომ მოსე სწორედ 120 წლის იყო, როცა მოკვდა. დიდებული რამაა და მეც რა ჭკვიანი ვარ, როგორ მივხვდი.
  • მენატრება ინტერნეტის ეპოქამდელი ერთმანეთთან სახლში გასვლები, როგორც დროის გატარების, გართობის და კომუნიკაციის ფორმა. განსაკუთრებით პატარა ქალაქებში: ვიწრო და ძალიან კარგად ნაცნობი ქუჩებით მეგობრის სახლამდე მისვლა ახალი ჟურნალის სანახავად ან კასეტის გადასაწერად, ნათხოვარი ტანსაცმლის ან ნივთის დასაბრუნებლად.
  • დილაობით, როცა სამსახურში მივდივარ, ქუჩის პირას და ტროტუარზე მხვდება მთელი ზაფხულის სიცხით გადამხმარი და ჩამოცვენილი ჭადრის ფოთლები. თითქოს ცხელმა ჰაერმა ერთბაშად მოჭმუჭნა და ძირს დაყარა. ურბანული სტრიტ არტის ცოცხალი (?) ნიმუში.
  • ეს ლარნაკი ლაშამ მაჩუქა და აქ ვაქვეყნებ, როგორც ჩვენი წლევანდელი ზაფხულის რელიქვიას.


8 comments:

  1. დილა ასე ლამაზად და ემოციურად დამეწყო... ადამიანი კი არა ემოციების მატიენე ხარ... მიყვარს, მიყვარს ეს ყველაფერი და ისინი ვისაც ფიქრი ასე შეუძლია...
    პ.ს. სახლში ბუნაგობაში ჩემი თავი ამოვიცანი, როგორც სხვა ბევრ რამეში... ნუ როგორც ყოველთვის!

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 <3
      ჩემთვისაც ასეა, ასაკში განსხვავების მიუხედავად, შენი განცდები ისეთი ახლობელია!

      Delete
  2. პირველ რიგში, ქუთაისის რა ლამაზი ფოტოებიაა და მერე სექტემბერის და პირველი კლასის გახსენებით სიცივე ვიგრძენი, იმ დილით სიცხემ მომცა, ემოციური ბავშვი ვიყავი და განვიცდიდი.

    მაშინდელი მუსიკა , მერაბ სეფაშვილი, ხმები, რომლებიც გინდა არ გინდა გესმის , იცი , მოგონებაა ბავშვობის , მახსოსვს ვთქვი ნუგზარ ერგემლიძე მიყვარს თქო :)) ბიძიას გაეცინა და მითხრა: ბებიადან გაოგინე და იმეორებო ? ძალიან მეწყინა ასე , რომ მითხრა , მეთქი რატო ვიმეორებ? მართლა მიყვარს-თქო ! ახლა ვხვდები, რომ ვიმეორებდი :)))

    ლარნაკი ლამაზია, იმიტომაც ლაშამ რომ გაჩუქა ...
    შემოდგომა კი ჯვრისწერისთვის ლამაზი დროა და რომელ ტაძარში დაიწერეთ ჯვარი თინი ?

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ირი, ლაშას გადაღებული ფოტოებია.
      ვიცოდი, რომ ემოციური ბავშვი იქნებოდი ... :)
      ის სიმღერა 1983 წელს გამოსულა, ო რად მიყვარხარ... ზუსტად იმ წელს შევედი სკოლაში. და "ლიანები" ერგემლიძის დაწერილი ყოფილა :)))) ტყუილად არ გყვარებია :))) ძალიან ვიცინე მაგ ამბავზე.

      მადლობა, მქრქალი ფერები აქვს... ნოემბერი იყო 2010 წელი, თბილისში, ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძარში.

      Delete
  3. :) მწერალი ბლოგერი ხარ. რაღაცნაირად სიტყვებით ხატავ.
    ძალიან მსიამოვნებს შენი პოსტების კითხვა, ძალიან <3

    ReplyDelete
    Replies
    1. თაკო!!! :)
      ძალიან მიხარია! მადლობა :)

      Delete
  4. რაღაცნაირი ჰარმონიული წყვილი ხართ შენ და ლაშა :) <3

    ReplyDelete