Friday, May 6, 2016

დარდების შემგროვებელი

2015. თვით მე. შევცქერი დაისს. ფოტო ლაშასი. წიგნის საკითხად სინათლე აღარ მყოფნიდა და სანამ ბოლო სხივი არ გაქრებოდა, ვუყურებდი.
ელენეს ვუმადლი ამ ლექსს. მთელი დღეებია, გულში ვიმეორებ ლოცვასავით:

"ქარი დაცხრა სიბობოქრის,
შავი ზღვიდან სიო მოქრის,
მე გიცქერი, როგორც ოქროს,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს...
მე გიცქერი, როგორც ქარვას,
შორითშორად ფიქრი წარვალს,
თან გაატანს ქართა ქარვას,
ჩამავალ მზეს, ჩამავალს.
ო, ფიქრებო, მსვენო ტაძრად,
ო, ქცეულნო მტვრად და ნაცრად,
რად მიყვებით ასე მკაცრად
ჩამავალ მზეს, ჩამავალს..."

ალბათ რამდენიმე წუთში დაწერა იმ დიდმა კაცმა. ხატები, სურათები და დღეები დაშიფრა სიტყვების უკან, როგორც ექსელის ცხრილში, უჯრების შიდა შრეებში შიფრავენ ინფორმაციას. ალბათ ჩვენი დღეებიც იცოდა, როგორი იქნებოდა. თუნდაც, ეს აღდგომის დღეები: სიახლის და მადლიერების გრძნობა, დღესასწაულის სიდიადის და ელვარების რიდი და იმქვეყნად მყოფების გახსენება. 

გოდერძი ჩოხელმა მგონი სადიპლომოდ გადაიღო ის ფილმი, "აღდგომა". მისი სოფლის მკვდრებს ჩამოუვლის და ელაპარაკება. ერთი ქალი ჩამოურაკრაკებს, ასე ვიშრომე, ამდენი ჩავაბარე. გოდერძი ეკითხება, ისე ხომ კარგად ხარ, ქარი ხომ არსაიდან გიქშუტუნებსო. ქალი პასუხობს, ამინდის მესვეურები რაც შეიძლება ყველა ღონეს ხმარობენ, რომ კარგი ამინდი იყოსო. 

ზაზამ მითხრა, დარდი სპარსულადაც "დარდიაო". გოდერძის დარდების შემგროვებელს ერთი თანასოფლელი ეუბნება, მე ის მადარდებს, დარდი რომ არ ილევაო.

მგონი, ოსკარ უაილდიც ამ აზრზე იყო. ნანუკამ გამახსენა მისი მოთხრობა "ვარდი და ბულბული". მეოცნებე სტუდენტი პროფესორის ქალიშვილზეა უიმედოდ შეყვარებული. ზოგჯერ თავს ეკითხება, მისთვის ვინ ვარო, მაგრამ უმეტესად მაინც მასზე ტირის. გოგოსთვის მთავარი ღირებულება ძვირფასეულობა და ვიღაც ჩემბერლენის ძმისშვილის ვერცხლისბალთიანი ფეხსაცმელია. ბიჭს ერთხელ უთხრა, თუ წითელ ვარდს მომიტან, შენთან ვიცეკვებო. ვარდის ბუჩქი ბიჭის ფანჯრის ქვეშ იდგა, ოღონდ უვარდებოდ, ყინვისგან იყო დამზრალი. ბულბულმა იფიქრა, კაცის გულთან შედარებით ფრინველის გული რა არისო. მთელი ღამე მღეროდა ვარდის ბუჩქთან. მკერდი ეკალზე ჰქონდა მიბჯენილი. მისი გულის სისხლი გადავიდა ვარდის ძარღვებში, გააცოცხლა და ყვავილი გააშლევინა. გულის ბოლო ფეთქვამ ყვავილის ფურცლები წითლად შეღება. მერე რაც მოხდა, ადვილი მისახვედრია... ყველაზე მეტად ის მეტკინა, არავინ რომ არ იცოდა, ვინ გაიღო მსხვერპლი. წითელი ვარდი ეტლის ბორბალმა გათელა, გოგო თავის ბრჭყვიალა სამყაროში დარჩა, გულგატეხილი და ჭკუანასწავლი ბიჭი წიგნებს მიუჯდა, ბულბული უსულოდ ეგდო. ერთნი - ჩუმი თავგანწირვისთვის, მეორენი - ყველაფრის არდანახვისთვის, სხვანი - შეცდომებზე სწავლის და წვალებისთვის. მწერალი ამ სიტყვას ხმარობს: "სასიცოცხლო სისხლი" (life's blood). "გულიდან სისხლის წვეთები". ეს გრანელისაა. იმ დარდის გაგრძელება. 

ნეტავ, შეიძლებოდეს ჩვენი მკვდრებისთვის წერილის გაგზავნა. აი, ის იქნებოდა, თუ იქნებოდა დარდების მატიანე. და იქედან მიღებული პასუხი რაღა იქნებოდა ?