Tuesday, March 19, 2013

ხრონინგენის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია

დიდი ხანია, მინდა, ხრონინგენის ეკლესიის შესახებ მოვყვე. ახლა აღდგომის მოლოდინში ვარ და სულ ბზის სუნი, ნაწვიმარი ჰაერი, სასაფლაოზე ჩიტების ჭიკჭიკი, ღამისთევა და დღესასწაულის მღელვარება მელანდება. ჰოდა, ალბათ, ახლა საამისოდ კარგი დროა.

პირველად ჩემს მეგობარ ქართულ ოჯახთან ერთად მივედი. მერე რეგულარულად დავიწყე სიარული, ჯერ ფეხით, მერე ველოთი. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო შორეულ ჩრდილოეთში მართლმადიდებლობის პატარა კუთხე. ჰოლანდიის და გერმანიის სამხრეთ ნაწილებში კათოლიციზმი ასე თუ ისე ცოცხლობს, ჩრდილოეთში კი ადამიანები უბრალოდ არცერთ აღმსარებლობას არ ეკუთვნიან, შვილებს არ ნათლავენ და არსებულ ტაძრებსაც საკონცერტო დარბაზებად, წიგნის მაღაზიებად ან კაფეებად იყენებენ. თუმცა, თუ ღმერთისკენ ისწრაფვი და მასთან ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდები, რომ ის ყველგანაა, რა შორსაც არ უნდა წახვიდე. აი, ისე, ეზოდან ამოსულ, თამაშით დაღლილ ბავშვს რომ მშობელი ხელგაშლილი დახვდება და ჩაიხუტებს. მე და ლაშამ სტამბულის "საშიშ" უბანში აღმოვაჩინეთ ბერძნული ეკლესია. გუმბათი და ჯვარი რომ დავინახეთ, ორიენტაციით მივყევით და ვიწრო ქუჩებით მივადექით. სარესტავრაციოდ იყო დაკეტილი, რესტავრატორი კი ქართველი გიორგი აღმოჩნდა! ასეთი მაგალითები ალბათ ბევრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ონოფრე დიდხანს მოღვაწეობდა პოლონეთის მამათა მონასტრებში, ამიტომ კარგად იცის ძველი სლავური ენა. წირვას ნიდერლანდურ და ძველ სლავურ ენებზე ატარებს. რუსული საგალობლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ნიდერლანდურად და ძველსლავურად მსახურება არასოდეს მომესმინა, ამიტომ სულ მონუსხული ვიდექი. მოდიოდა მრევლი, ერთგულად, პუნქტუალურად. ჰოლანდიელებიც იყვნენ და ემიგრანტებიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მართლმადიდებელი არაბებიც. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები სულ სხვადასხვა ბედის იყვნენ. ზოგი ყოფილ იუგოსლავიაში ომს გაექცა, სხვები იქ გაჭირვებამ ჩაიყვანა. ერთი მოხუცი კაცი იყო, ყოფილი იუგოსლავიის რომელიღაც ქვეყნიდან. მითხრეს, ყველა ახლობელი დაკარგაო. ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისთვის ეკლესიაში სიარული. არასდროს გამოვლაპარაკებივარ, არ შემეძლო, ისე მეცოდებოდა. რუსები და უკრაინელები ბლომად იყვნენ. ყველა თავის ენაზე აზროვნებდა და ლოცულობდა გულში, მაგრამ რწმენა საერთო ჰქონდათ და ღმერთთან სიახლოვე ერთნაირად სჭირდებოდათ. როცა მათთან ერთად წირვაზე ვიდექი, სულ ერთი აზრი მქონდა, რომ რწმენა ადამიანს ამშვენებს და ასხივოსნებს, დიდი, ბრდღვიალა ბრილიანტივით. სახლიდან წასულმა, როგორც საერთოდ ხდება, ამ საკითხსაც სხვა თვალით შევხედე. 

მრევლის უმეტესობა სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა, ამიტომ მამა ონოფრე ანგარიშს უწევდა და წირვას დილის 11–ის ნახევარზე იწყებდა. მე ზარმაცსაც მეტი რა მინდოდა და, კარგად გამოძინებული მივდიოდი. ხანდახან, როცა ველოს ვაყენებდი, რომელიმე ბარებში ღამენათევი და გამობრუჟული ბიჭი გამომელაპარაკებოდა ხოლმე, აქ რა გინდა, დღეს კვირაა, ეკლესია დაკეტილიაო. უმეტესად ჩემს მეზობელ, უკრაინელ იგორთან ერთად დავდიოდი. აეყუდებოდა ხოლმე კვირაობით ჩემს კართან და მივდიოდით. სხვა მეგობრები რიგრიგობით დამყვებოდნენ, ძალიან აინტერესებდათ, სად დავდიოდი კვირა დილით. ბელგიელმა ანამ მითხრა, საოცარი ატმოსფერო იყო, წამოსვლა აღარ მინდოდაო. ალბათ, კათოლიკურ ეკლესიაშიც ასე იყო საუკუნეების წინო. კანადელი რაიანი თავად მგალობელი იყო ბავშვობაში და ამიტომ დიდი ინტერესით წამომყვა. გერმანელი მიხაელი რამდენჯერმე მახლდა. პირველ მოსვლაზე მგალობელთა გუნდს უსმენდა განაბული და თვალებმოჭუტული (თვითონაც მღეროდა და ინსტრუმენტებზე უკრავდა). ფაქტებს და დეტალებს გერმანული სიზუსტით სწავლობდა, კითხვებს სვამდა. სააღდგომო ლიტურგიაზე თეთრი პერანგით და ბაფთით მოვიდა. მისი ეს პატივისცემა ჩვენი ზეიმისადმი ძალიან დავაფასე.


ხრონინგენის ფერისცვალების სახელობის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. ყვავილებს რომ უვლის, თბილისელი სომეხი ბიჭია, რომა. :)

Wednesday, March 6, 2013

ცარიელი შენობების სევდა

ადრეულ სკოლის ასაკში ცარიელი შენობების მეშინოდა. მერე მივხვდი, რომ ეს შიში კი არა, უფრო იმის წუხილი იყო, რომ ისინი ძალიან სევდიანი მეჩვენებოდა უადამიანებოდ. ერთხელ, ჩემი სკოლის შენობასთან საღამოხანს ჩავლა მომიხდა. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ის ქუჩაც (ქალაქის ისტორიულ ნაწილშია, აღდგენილ–გალამაზებული), წელიწადის ყველა დროს ჰარმონიული და პოზიტიური იყო, სიძველის სიტკბოთი სავსე. იმ წიგნებში, მაშინ რომ ვკითხულობდი, ყველა ბავშვი რომელიმე წმინდანის სახელობის სკოლაში ან გიმნაზიაში სწავლობდა, რასაც ყოველთვის ვნატრობდი და ამიხდა კიდეც: ეროვნული მოძრაობის პერიოდში სკოლამ ძველი, საუკუნის წინანდელი სახელი დაიბრუნა. ახლა ქუჩაც და სკოლაც წმინდა ნინოს სახელს ატარებს. ჰოდა, იმ საღამოს, სკოლასთან რომ ჩავიარე, შენობას გავხედე და უსიამოვნო გრძნობა გამიჩნდა: წარმოვიდგინე ჩაბნელებული დერეფნები, უბავშვებოდ, უხმაუროდ, მდუმარე, ცარიელი საკლასო ოთახები. მერე "თავს ვიწვალებდი" იმის წარმოდგენით, რა სევდიანი იქნებოდა ყველაზე ხალხმრავალი შენობები, მაგალითად, ცირკის არენა, თეატრის ან სპორტული დარბაზი, მოქალაქეთა მომსახურების დაწესებულებები ღამით, ნახევრადგანათებული და მდუმარე.