Tuesday, August 21, 2012

სამხრეთული ინტერიერები

ამასწინათ კიდევ ერთხელ ვნახე Central do Brasil, წლების შემდეგ, ახლა უკვე ლაშასთან ერთად.  იდეა, რომ ყველა მამასთან მივდივართ და მისკენ სავალ გზაზე გვეძლევა ბევრი შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ, და ამ იდეის გადმოცემის ფორმა ერთნაირად მომწონს და მაღელვებს... ფილმის მეორედ ნახვისას სადგურის და მთავარი პერსონაჟის ბინის ინტერიერებს მივაქციე ყურადღება, მერე გამახსენდა სტუმრად ყოფნისას, ფოტოგამოფენებზე და ფილმებში ნანახი სხვა სამხრეთული ინტერიერები  და მომინდა, მათთვის ჩანაწერი მიმეძღვნა.

სადგურზე, სადაც ფერნანდა მონტენეგროს გმირი მუშაობს, ყოფის სისასტიკეში, სიცხეში, მატარებლის ქშენაში, მტვერსა და ჭუჭყში, სიღატაკეს შეჭიდებულ, შეწუხებულ მგზავრთა სიმრავლეში, სავაჭრო დახლებს, გადავსებულ სანაგვე ურნებსა და წვრილ კრიმინალებს შორის სულ რამდენიმე წამით ჩანს ნიშა ღვთისმშობლის ქანდაკებით და სანთლებით. მის ბინაშიც საინტერესო გარემოა: სივიწროვე და სიღარიბე, კიტჩური აქსესუარები, გახუნებული კედლების თბილი ფერები, ძველი ავეჯით კოხტად გაწყობილი ოთახები, მეზობელი ქალის კამპანიაში გატარებული საღამოები.

ამ ცხელ დღეებში გონებით ხშირად ვმოგზაურობ წარმოსახვით ინტერიერებში.  ვგრძნობ მყარად და დიდი ხნით დაკეტილი დარაბებით შემოსაზღვრულ სიჩუმეს, ამ სიჩუმეში გაწოლილ ჩახუთულ სიცხეს, ვხედავ მოწყენილ ქოთნის ყვავილებს, დამტვერილ ხელოვნურ ყვავილებს ლარნაკებში, წმინდანთა ქანდაკებებს, ფოტოებს მოხდენილად ჩაცმული და გულიანად მომცინარი ადამიანებით, მინებიან ჭურჭლის კარადებს, ოჯახური წესრიგის და ჩვეულების მიხედვით განლაგებულ ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც ყოველთვის  სიმპათიას აღძრავს, რადგან პატრონის ხასიათს გადმოსცემს. ამ ოთახებში ჰაერიც სავსე და შინაარსიანია: ინახავს წასული ადამიანებს ხმებს, სიცილებს, მათ ამბებს, უკვე ზრდასრული ან ხანშიშესული ქალების და კაცების ბავშვობას. გარეთ შუადღეა, შიგნით კი ყველაფერი თბილი, თბილად ლამაზი, მოგონებებიანი, ცხოვრების და ერთმანეთის მოყვარული ადამიანების მიერ შექმნილი. ამ ადამიანებისთვის გრძნობაა ყველაფერი. დასრულებულის, დაკარგულის ან ჩავლილის გამო სინანული და სევდა არა, თვითონ განცდა, გამოცდილებაა ძვირფასი.

ამიტომ მიზიდავს ასე სამხრეთის ქვეყნების ინტერიერები და შეგრძნებების განახლებისთვის ვიხსენებ ხოლმე ჩემი მოგზაურობების დროს ნანახ ინტერიერებს, მარკესის აღწერილ შუშაბანდს და სამზარეულოს, კაბირიას ოთახს, რომლითაც ამაყობდა და ტრაბახობდა, ტოტოს ოთახს, სადაც დედამ ბავშვობის ნივთები გამოუფინა, პედროს ფილმებს(!), სადაც ინტერიერს ესთეტიკურის გარდა შინაარსობრივი დატვირთვაც აქვს და ფერადი ფილებით გაწყობილ სამზარეულოს, სადაც პირანდელო დედის აჩრდილს მშვიდად ესაუბრება. 

აქვე ფოტოები:
Central do Brasil
პატარა კაფე მადრიდში, 2008; ფოტოს ავტორი ჩემი ძმა ზაზა. 

იქვე

Plaza Mayor, Madrid, 2008

ბარი მადრიდის ტურისტულ ქუჩაზე. სანგრიას ფონზე კედლის დეტალი და ფოტოები.


კოლორიტული ტაქსი ალმოდოვარის ფილმში "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე". როცა მადრიდში ვიყავი, იმედი მქონდა, რომ ასეთ ტაქსის დავინახავდი.

"დაბრუნება"

"შეწყვეტილი ამბორი"

10 comments:

  1. მაგარია!
    შემდეგი გაჩერება - ექსტერიერები? :)

    ReplyDelete
  2. ჰაჰა! არქიტექტურაში ვარ გადავარდნილი! :)

    ReplyDelete
  3. მეც შენთან ერთად ვიმოგზაურე და ყველაფერი თვალწინ წარმომიდგა რაც აღწერე. ძალიან ვისიამოვნე!
    Central do Brasil არ მაქვს ნანახი და აუცილებლად უნდა ვნახო.

    ReplyDelete
    Replies
    1. please do!!! მერე შთაბეჭდილება მომიყევი!!!

      Delete
  4. "Corrida Bar" ერქვა იმ ბარს, Plaza Mayor-ზე :)
    ბევრი სულისშემძვრელი ფოტოც იყო კედელზე.
    ეს ერთადერთი ესპანური ტრადიციაა, რომელიც არ მომწონს :)
    2008 წლის ივლისის ბოლო იყო. სულ რაღაც 2 კვირაში კი საქართველოს მოუხდა დაუნდობელ ხართან შებმა...

    ReplyDelete
  5. ირენ, მადლობა :)

    ზაზა, ბარს რა ერქვა, არ მახსოვდა... ის კოშმარი მერე დაიწყო, შენ რომ საქართველოში დაბრუნდი...

    ReplyDelete
  6. chems gulshi da sulshi zixar Tinit am postiturt :-)Love,Nanuka

    ReplyDelete
  7. რომ იცოდე,როგორ მიყვარს ეგ ფილმი :))) მახსოვს, ბავშვობაში "ფსიქოში" ვუყურე, დიდი გავლენა მოახდინა მაშინ და ძაან ტკბილად მახსოვს :))

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, პირველად მეც გოგი გვახარიას გადაცემაში ვნახე, ოღონდ, აღარ მახსოვდა, რომელში! :)

      Delete