სტოკჰოლმში ყოფნისას, როცა მუზეუმების დახმარებით უფრო ახლოს ვეცნობოდი შვედების ყოფა–ცხოვრებას და ტრადიციებს, ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი რეჟისორის – ინგმარ ბერგმანის ფილმები. მოთმინება სულ გამომელია და ბავშვივით ხტუნვა დავიწყე, როცა ტურისტულ ბუკლეტში Filmstaden–ს (კინოქალაქი) წავაწყდი. ტექსტიც მაცდური იყო: "follow the footsteps of Ingmar Bergman, Greta Garbo, Ingrid Bergman and other stars of the Swedish film industry."
"ფილმსტადენი" სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში, სოლნას რაიონშია. მეტროთი რამდენიმე წუთში მივედით. გავიარეთ მისი ცნობილი თაღოვანი კარიბჭე, რომელთანაც თურმე ავტოგრაფების მომლოდინე კინომოყვარულების რიგი იდგა. იქვე, მარცხენა მხარეს დგას ყოფილი დარაჯის ჯიხური, რომელიც გაადიდეს, გაარემონტეს და კაფედ და მაღაზიად აქციეს. ვიზიტორთა მასპინძელი ძალიან სიმპათიური შუახნის ქალი იყო, არასამუშაო დროის მიუხედავად თავაზიანად მოგვემსახურა და არ გვაგრძნობინა, რომ დროს ვართმევდით. ბილეთები გააფორმა, აუდიოგიდები მოგვცა, ჩვენს კითხვებსაც უპასუხა და ბევრი ღიმილიც გაგვატანა.
"ფილმსტადენის" ტერიტორიაზე რამდენიმე "გაჩერებაა". თითოეულს თავის ისტორია აქვს. მე, ლაშა და ანდრო ერთდროულად ვუსმენდით საკუთარ აუდიოგიდებს, ამიტომ ვერ ვასწრებდით მოსმენილზე წამოძახილების და კომენტარების გაზიარებას. ბერგმანის ადრეული შემოქმედებიდან "ფილმსტადენის" პავილიონში რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის "მეშვიდე ბეჭედი" და "ზაფხულის ღამის ღიმილები." დანარჩენს ფოტოებით მოვყვები.
ეს ძალიან სიმპათიური კაცი ჯერ ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა, მერე ადგა და ერთ-ერთი შენობისკენ გაემართა. ჩუმად კამერითაც გადავუღე. რადგან ფანტაზიის სამყაროში ვიყავი, თავად გადავწყვიტე, რომ მსახიობი იქნებოდა. მასპინძელმა ქალმა მითხრა, სრულიად შესაძლებელია, მსახიობი იყოს, ამ ტერიტორიაზე ხომ ახლა ფილმებს ახმოვანებენო.
როგორც აუდიოგიდმა გვითხრა, ამ შენობაში მსახიობების საგრიმიორო, სარეპეტიციო და დამხმარე პერსონალის ოთახები იყო განლაგებული. ახლა იქ კინოთეატრია, შენობის დარჩენილი ნაწილს კი თეატრალურის სტუდენტები იყენებენ.
რესტორანი, სადაც გადამღები ჯგუფი სადილობდა და ისვენებდა. შიგნით პატარა მაგიდებია ჩამწკრივებული, "შიკს და ბლესკს" ვერსად ნახავთ. როგორც გვითხრეს, იქ ყველა ერთად სადილობდა და ვახშმობდა, მსახიობებიც, რეჟისორებიც და დამხმარე პერსონალიც. მხოლოდ ბერგმანი იყო ის ერთადერთი რეჟისორი, რომელმაც ითხოვა, განცალკევებულ ოთახში განმარტოებულს ევახშმა და დღის ემოციებისგან დაესვენა. რესტორნის ერთ-ერთი დარბაზი კერძო წვეულებისთვის იყო გაქირავებული, რის შესახებაც ერთმა ახალგაზრდა ქალმა, კამერით რომ დამინახა, ღიმილით და ხაზგასმული თავაზიანობით მაცნობა. ერთი წამით მაინც შევავლე თვალი სუფრასთან მსხდომ ძალიან სასიამოვნო გარეგნობის, დახვეწილად ჩაცმულ ადამიანებს.
რესტორნის ინტერიერი.
გრეტა გარბოს, ინგრიდ ბერგმანის, ვიქტორ შესტრომის და სხვათა ფოტოები რესტორნის კედელზე.
ინგმარ ბერგმანის სამუშაო ოთახები. სამწუხაროდ, შიგნით აღარაფერია სანახავი. ეს პატარა მოედანი ახლა სულიერის ნაცვლად, გასტრონომიულ მოთხოვნილებას ეთმობა. ვიზიტის ამ ნაწილმა ნამდვილად დამაღონა.
ინგმარ ბერგმანის მოედანი "ფილმსტადენის" ტერიტორიაზე.
"ფილმსტადენის" კაფეში რამდენიმე საფოსტო ბარათი ვიყიდეთ. თბილისში დაბრუნების შემდეგ ბარათები პასპარტუში ჩავასმევინეთ. ვამაყობთ ამ კომპოზიციით!!! სწორად შერჩეული ფერის, ჩარჩოს და გლუვი მინის წყალობით, ასეთი გამოვიდა. მარცხნივ ზემოთ: ბერგმანი მისი მშობლიური ქალაქის, უფსალას კათედრალის წინ (რამდენი სიმბოლოა!). ზემოთ შუაში: ინგრიდ ბერგმანის ახალგაზრდობის პორტრეტი. საინტერესო ფონი აქვს: სახლის ფასადი და მის წინ გასაშრობად გაფენილი წინდები! :) მარჯვნივ ზემოთ და ქვემოთ: ბერგმანის სხვადასხვა წლებში გადაღებული პორტრეტები. მარცხნივ ქვემოთ: "ფილმსტადენის" ცნობილი კარიბჭე.
თეატრი "დრამატენი", სადაც ბერგმანი სპექტაკლებს დგამდა. ფერადი დროშა-აფიშებიდან ერთ-ერთს "ფანი და ალექსანდრე" ეწერა. "ფილმსტადენისგან" განსხვავებით, "დრამატენის" შენობა ქალაქის შუაგულშია, აი, ისეთ ადგილას, თვალდახუჭული რომ უნდა დადგე, ქალაქის რიტმი შეიგრძნო და ხმები დაიმახსოვრო.
ამ დღეებში მე და ლაშა ისევ ვნახავთ ბერგმანის რამდენიმე ფილმს, ახლა უკვე შვედური ენის ნაცნობი ჟღერადობით, ნაცნობი ადგილებით და ასოციაციებით.
ამ დღეებში მე და ლაშა ისევ ვნახავთ ბერგმანის რამდენიმე ფილმს, ახლა უკვე შვედური ენის ნაცნობი ჟღერადობით, ნაცნობი ადგილებით და ასოციაციებით.
ქუჩაც, სადაც ფილმსტადენი მდებარეობს, გრეტა გარბოს სახელობისაა. ძალიან კარგია, რომ რესტორანი ისევ მუშაობს და ნებისმიერს შეუძლია იქ თუნდაც რაიმე აღნიშნოს. ცუდი ისაა, რომ „ფილმსტადენის“ მხოლოდ ერთი შენობა მუშაობს გახმოვანებისთვის და მის ტერიტორიაზე ამერიკული „უნივერსალის“ ფილიალია გახსნილი.
ReplyDeleteმიუ, მადლობა შევსებისთვის! მიუ! :)
Deleteმადლობა ეს პოსტი რომ მანახე თინათინ. მარტო იმის წარმოდგენაც კი მაშინებს, გარბოსთან ასე ახოს რომ იყავი. შვედეთის კინოსამყაროდან გარბო პირველი იყო, რომელმაც მომნუსხა და დამისაკუთრა. დღემდე ასე ვარ.
ReplyDeleteბერგმანის ფილმებს ვუყურებ სწორედ ახლა, ყველა მინდა ვნახო და მერე ერთი პოსტიც დავწერო.
რა კარგი ფოტოებია, იმედი მაქვს, როდისმე მეც მოვივლი ფილმსტადენს :)
გამახსენდა, ადრე გარბოზე წერდი! :)
Deleteმე კიდევ სიმკაცრემდე მისული სისადავე მხიბლავს ყველაფერში.
კი, აუცილებლად ნახავ. :)
"ქალწულის წყარო" და "მეშვიდე ბეჭედი" ნახე აუცილებლად. რომ არ ელი, ისეთებია. თანაც, მაგ პავილიონშია გადაღებული.
კი, აი ჩემი გარბოს სიყვარულის ახსნები, ყველაფერი აქ მოვაქციე: http://popularpopcorn.blogspot.com/p/blog-page_9.html
Deleteბერგმანი არის ყველაზე "ადვილად" გასაგები რეჟისორი დამოუკიდებელ კინოში. და მიზანთროპულად რეალური და თან ამავდროულად მაგიური. მოჯადოებული ვარ, შემიძლია ვთქვა.
მეც! ლატერნა მაგიკასაც წაიკითხავდი. იქ ბევრი რამე ვნახე, რითაც ავხსენი ნაწილობრივი მისი ფილმები. თან რა პროდუქტიული რეჟისორია, ყველაფერთან ერთად. კუნძულ ფაროზეც უნდა წახვიდე. მისია გაქვს :)
Deleteმემგონი მანდაა გადაღებული "ბნელი მინის მიღმა" http://www.imdb.com/title/tt0055499/.
შენს პოსტს ვკითხულობ ახლა მონუსხული.
კი, წავიკითხე. მის ფილმებს რომ ვნახავ, კიდევ უნდა წავიკითხო.
Deleteრა სასიამოვნო მისიები დამეკისრა :)
გარბოზე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა და ზოგჯერ ახლაც მიტივტივდება ხოლმე :დ იმდენად დიდი იყო მისი გავლენა, იმდენად გამაოგენებელი მისი ფილმები და ბიოგრაფია ცალკე. ეს ამხელა პოსტიც სახეზეა :დ