Thursday, June 19, 2014

CITIZEN COMMITMENT GAMES: ENSEMBLE, NOUS AVONS ÉTÉ PLUS LOIN !

მოგიყვებით, როგორ გავინავარდე პარიზში "სოსიეტე ჟენერალის" დაბადების დღეზე. ბედნიერი ვარ, რომ ისტორიული მნიშვნელობის, მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. 
150 წლის წინ, ფრანგმა მეწარმეებმა დააარსეს ბანკი, რომელსაც უწოდეს Société Générale pour favoriser le développement du commerce et de l'industrie en France. (საფრანგეთში ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება) 
როგორც სახელწოდება მოწმობს, „სოსიეტე ჟენერალის“ საქმიანობის მთავარი მიზანი ეკონომიკური განვითარება იყო. ალბათ იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ მისი ხელშეწყობით შეიქმნა საფრანგეთის წამყვანი ინდუსტრიული და ეკონომიკური ჯგუფები. მისი მეშვეობით დაფინანსდა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სიმბოლოებად იქცა: პარიზის მეტროპოლიტენი, საფრანგეთის და საერთაშორისო სარკინიგზო ხაზები, პანამის არხი, სუეცის არხი და ეიფელის კოშკი.
ცხადია, იცით, რომ „სოსიეტე ჟენერალი“ ჩვენთან ბანკ "რესპუბლიკითაა" წარმოდგენილი. 150 წლის იუბილესთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ აღნიშვნის მთავარი ფორმა სოლიდარობა იქნებოდა. გარე კომუნიკაციაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ ჯგუფის მთავარი ღირებულება "გუნდური სულისკვეთებაა." ჰოდა, ამ მნიშვნელოვან დღეს, ვფიქრობ, კარგად ვაჩვენეთ, რომ ერთად დგომით შეგვიძლია სიკეთის კეთება. სპორტი და ქველმოქმედება - უკეთესად როგორ შეიძლება გამოხატო ერთ გუნდად ყოფნის ძლიერება და სოლიდარობა? წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ბანკის თანამშრომლებისგან შემდგარი რაგბის ექვსი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. საკვალიფიკაციო თამაშებამდე ჩვენი მეგობარი ბავშვთა სახლისთვის უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა შევაგროვეთ. ასე მოქცნენ კიდევ 28 ქვეყნის კოლეგები: აირჩიეს თავიანთი ქვეყნის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის სასარგებლოდაც შეწირულობა შეაგროვეს და პარიზში "მოქალაქეობრივი სოლიდარობის თამაშებზე" წამსვლელი ფინალისტები გამოავლინეს. 
თამაშის წინ


წარმოიდგინეთ დიდი, მწვანე, გაშლილი ადგილი, სადაც ათასობით ადამიანი აღტაცებულია მთელი მსოფლიოდან ჩამოსული კოლეგების გაცნობით, თამაშების მოლოდინით და იმის გააზრებით, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილია,  საუკუნენახევრიანი ისტორიის გაგრძელებაში მონაწილეობს და შრომის შედეგებს თავის დიდ გუნდთან ერთად პარიზში აღნიშნავს. ყველას "ფედორა" ქუდი ახურავს და საიუბილეო მაისური აცვია, უკრავს ჯაზბენდი, აკრობატები თავიანთი ნომრებით ზეიმის განცდას უფრო აძლიერებენ. აი, პატარა ვიდეოც. 
მერე თამაშები იწყება.  ჩვენი საგულშემატკივრო შემადგენლობა ყველაზე გამორჩეული და ხმამაღალია. მოდიან კორესპონდენტები და იწერენ კომენტარებს, გვისინჯავენ მაისურებზე გამოსახულ ბორჯღალს, ათვალიერებენ რუპორზე მიწებებულ სტიკერებს. 

ეს პატარა ბიჭუნა მამის საგულშემატკივროდ მოვიდა, რომელიც საფრანგეთის რაგბის გუნდში თამაშობდა. ჩვენი ბრენდირებული ატრიბუტიკა ძალიან მოეწონა.
გულშემატკივრები დღის განმავლობაში მშვენივრად ვერთობით: თამაშებს შორის შუალედებში ვსეირნობთ პარკში, ვისვენებთ შეზლონგებზე, ვაკითხავთ მხატვრებს, რომლებიც ლოყაზე საქართველოს დროშას გვახატავენ, ვაგემოვნებთ ნაყინს, თვალს ვადევნებთ წმინდა ფრანგული თამაშის  - პეტანკის ტურნირს. ჩემი თავგადასავლიდან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს საიუბილეო ლატარიაში მონაწილეობა, რომელიც გასართობებთან ერთად გულისხმობს პარაოლიმპიურ აქტივობაში ჩართვას. ტენტში მხვდებიან პარაოლიმპიელები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მიხსნიან, რა უნდა გავაკეთო. მსვამენ ინვალიდის სავარძელში პინგ-პონგის სათამაშოდ. შემდეგ ხელზე ჩამოკიდებული სიმძიმით ვცდილობ ჩოგნის დაჭერას. ვისვრი მიზანში ლაზერის თოფით. ვიკეთებ სხვადასხვა სათვალეს, მხედველობის გაუარესების სხვადასხვა ხარისხის იმიტაციით. რამდენიმე ხნით ფიზიკურად გამოვხატავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან სოლიდარობას და მიხარია, რომ ევროპული ღირებულებების ვიზუალიზაციაში ვმონაწილეობ. 
ჩვენი ბიჭების საოცრად ძლიერ თამაშს და იმ დღის მთელ ჯადოსნურ ამბავს ისიც ემატება, რომ რაგბის ლეგენდა, ჯონი ვილკინსონი ჩვენი გუნდის კონსულტანტი ხდება. ჯონის უამრავი ადამიანი ეხვევა გარს, თხოვენ ავტოგრაფს, იღებენ ფოტოებს. 
ვილკინსონი ფანებთან ერთად
ჯონის რჩევა ასეთია:  ითამაშეთ თქვენებურად, ოღონდ ერთად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება. მართლაც, მეორე საპრიზო ადგილზე გავდივართ. ფინალს ვაგებთ ინგლისის გუნდთან, რომელიც მადლობას გვიხდის, ლამაზი თამაში რომ ვაჩვენეთ.

დასრულების ცერემონია ფრანგულია: თბილი, უშუალო და ემოციური. ჯგუფის პრეზიდენტი ფრედერიკ უდეა თავის პატარა ბიჭთან, პიერთად ერთად გამარჯვებულებს აჯილდოებს, დაბადების დღეს გვილოცავს და ფრანგულ ღვინოზე გვეპატიჟება. 
პურისჭამა ფრანგულად :)


ავტობუსები გველოდებიან და სასტუმროში უნდა დავბრუნდეთ, თუმცა დაშლა არავის უნდა. მაგიდებიდან ისმის გამარჯვების სიმღერები სხვადასხვა ენაზე. მხიარულება ავტობუსში გრძელდება. ინდოეთის დელეგაციასთან ერთად ვბრუნდებით. ავტობუსში ქართულ-ინდური ექსპრომტ-დისკოთეკა იმართება. 
ალბათ, ცოტა ხანი კიდევ დამჭირდება ემოციების დასაცხრობად. ვერც წარმოვიდგენდი გლობალური, სოლიდური, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის 150 წლის იუბილეს ასეთ ორიგინალურ, კონცეპტუალურ აღნიშვნას. ახლა, უწინდელზე მეტად ვართ სავსე შეგნებით, რომ 76 ქვეყნის კოლეგები ერთი გუნდი ვართ და რომ ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია.

6 comments:

  1. mets tsavidodi aset dabadebis dgeze :D SG logoebi khshirad minakhavs da atsi ufro davakvirdebi.

    ReplyDelete
  2. hey hey Tinita it was a great and memorable day indeed! Cheers!

    ReplyDelete
  3. მე ის პატარა ბიჭი მომწონს! :) და ვილკინსონი.

    ReplyDelete
  4. ახლაც მომყვება იმ დღის განწყობა! :) merci a tous !

    ReplyDelete
  5. რა კარგი მოგზაურობა გქონია, თიკო, თანაც პარიზში, თან ასეთი კარგი მიზნით... ძალიან მომწონს! :)

    ReplyDelete
  6. ჰო, მართლაც განსხვავებული იყო :) არ მეყო :)

    ReplyDelete