Sunday, July 26, 2015

Summer Blues

ეს ფოტო ცნობილ ბლოგზე ვიპოვე, რომელზეც ორიგინალურად ჩაცმული ადამიანების ფოტოები ქვეყნდება. პირველად რომ შევხედე, ვიფიქრე, ჩემი ზაფხულის სევდა გადაუღია-თქო. 

Source: http://www.thesartorialist.com/

ზოლიანი ტენტების მიღმა მყოფი ადამიანები სულ ცოტა ხანში, მზის ჩასვლისას გამოვლენ აივნებზე და ხმამაღლა დაიწყებენ ლაპარაკს. მათ სამზარეულოებში გაზქურის თავზე კაფელი მოზაიკურად იქნება გაწყობილი, გაზზე ბიალეტი იდგმება, მაგიდაზე - გაჭრილი ლიმონი. მათ არ იციან, რომ მე, მათ კულტურასა და კინოზე გაგიჟებით შეყვარებულს, ზაფხული ისე ძალიან აღარ მიყვარს, როგორც ადრე.

წელს ზაფხული სევდიანად დაიწყო, უბედურებით და სიკვდილით. უფრო მასევდიანებს ის, რომ ასეთი უბედურება თითქმის ყოველ ზაფხულს ხდება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; ჩვენ საინფორმაციოში სიუჟეტს ვნახავთ და გვავიწყდება. 

ერთ ახალგაზრდა ქალს ვიცნობდი, რომელმაც ცუდი სენი დაამარცხა და ახლა სხვა ქალების დახმარებას გეგმავდა. ამბობდა, ევროპაში მრავალმხრივი მკურნალობის პრაქტიკას გავეცანი და ძალიან მინდა, ქართველმა ქალებმაც გაიგონ მისი სიკეთეო. სჯეროდა, რომ ფსიქოლოგიური დახმარება დაავადების დაძლევაში უმთავრესი იყო. ახლა მასზე წარსულ დროში ვწერ. 

ის გრძნობა ახლაც ცოცხლად მაქვს, რაც ბავშვობაში: როცა სოხუმში ვიყავი, მარტო იმის გააზრება მაბედნიერებდა, რომ ზღვა სადღაც ახლოს იყო, იდგა, ბრწყინავდა და ანათებდა. რაღაც მუდმივი სიხარულის წყაროდ მესახებოდა. დეიდას მეზობელი ჰყავდა, ნუნუკა. უკანა ჭიშკრიდან გადავდიოდით მის ეზოში. ჩრდილიანი, გრილი ეზო ჰქონდა. იმ დღეს თმის სამაგრების თუ სათამაშოების აწყობაში ვეხმარებოდით, იმ დროისთვის ახლადდაარსებულ კოოპერატივში მუშაობდა. მაიკოს უთხრა, ხედავ თიკო როგორი ბავშვია, იცის, რომ კევის ღლაჭუნს ვერ ვიტან და რაც აქ ვზივართ, ერთხელაც არ დაუღეჭავსო. იმ ეზოს მიღმა, ჭადრების ქვეშ, ქვის მაგიდასთან თურქულ ყავას უსხდნენ დედა, დეიდა და მისი მეგობარი ნაზი. სამოციანების პარიჟანკას სტილის იყო. წვიმიან საღამოს ჩვენთან ერთად ტახტზე ფეხებმოკეცილი უყურებდა მაშინ ახალგამოსულ ტომ კრუზის "კოქტეილს" ვიდეოკასეტაზე.  ჭუბერიდან ფეხით რომ გადმოდიოდნენ თოვლში, უცებ ცუდად გახდა, ბიჭებს სარკე თხოვა, ჩაიხედა და თქვა, არა, მომაკვდავს არ ვგავარო. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. ნუნუკა ცოტა ხნის წინ წავიდა. მანამდე ორი შვილი დაკარგა, ერთი ომში. 

ომამდე ჩვენი ზაფხულის მელოდია ეს იყო. ღამით სახლის წინ კიბეებზე ვსხდებოდით და მთელ ხმაზე ვამღერებდით ამ სიმღერას. მომწონდა, რომ სოფელში კორპუსების სიმაღლე ხმას არ ახშობდა და მუსიკა კვამლივით, თავისუფლად ედებოდა მეზობელ ეზოებს.  


ფელინის "ამარკორდი" ჩემთვის მხატვრული ტილოებისგან შედგება. დილის ნისლი, ქორწილი და სტუმრების დაშლა, უსინათლო აკორდეონისტი, გაზაფხულზე ბუმბულების ფრენა... და გემის ეპიზოდი. მთელი ქალაქი მის სანახავად მიცურდება ნავებით. შეჰყურებენ, როგორც განივთებულ და სულ ახლოს მოსულ იდეალს. ქალაქელები იხსენებენ ყველაზე სანუკვარ სურვილებს, თითქოს გემს, როგორც ნატვრის ხეს, უყვებიან.  მართლა ასეა. ჩვენს წინ სინათლეა.

19 comments:

  1. martlac saidan modis silamaze...an sad midis...sad ikargeba...tu droebit miepareba...

    ReplyDelete
    Replies
    1. ბროწეულს რომ ყვავილი გამოუვა, იმას ვკითხოთ :) :*

      Delete
    2. მართლა მაოცებს, როგორ გახსოვს ყველა წვრილმანი დ დეტალი.....და ასე ხოხცლად შეგიძლია აღწერო წარსული, წარმოგვადგენინო მომვალი....

      Delete
  2. არ ვიცი რა ჰქვია გონების ასეთ წყობას შენ, რომ გაქვს.
    თავიდან, როცა გაგიცანი სულ მიკვირდა, ასე დეტალურად და ღრმად, როგორ აღიქვამდი რეალობას, საიდან გახსოვდა წარსულის უწვრილმანესი ეპიზოდები. მერე დრო გავიდა შევეჩვიე, მაგრამ ყოველი შენი ნააზრევის წაკითხვის მერე მიახლდება ეს განცვიფრება და აღფრთოვანება. სუნსაც კი ვგრძნობ იმ რეალობისას შენ, რომ აღწერ.
    მინდა, რომ უფრო ხშირად წერო ან საერთოდ მწერლობა მიჰყო ხელი. ეს შენი საქმეა თიკო.


    ReplyDelete
    Replies
    1. Donia Tamara!!! <3 <3 vi obo mne ochen visokogo mneniya :D

      Delete
  3. вовсе нет, я очень разборчива в своих суждениях.

    ReplyDelete
  4. თინი , ერთხელ ფელინის "ამარკორდი" შენ მაყურებინე , ახლა კიდე ,ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ,სამსახურიდან მივალ სახლში , ჩქარ -ჩქარა ვჭამ, ცოტა მოვშინაურდები , მოვამზადებ ცივ ყავას და ისევ ფელინის "ამარკორდით" ამოვითქვამ ამ ნაწერს სულიდან !
    თინი, სასიამოვნო ზაფხულის დღეებს გისურვებ.

    ReplyDelete
    Replies
    1. რა კარგია! :) :)

      შენც კარგი ზაფხული, ჩემო ირი! :*

      Delete
  5. მე მგონი ნიჭია, დიდი ნიჭი ამბების და ადამიანების დროში ასე გაცოხლება, მათთან ყოფნის შეგრძნება და მათი მზიანი მხარეების ასე თვალისმომჭრელად აღწერა... თუმცა ცხოვრება ზოლიანი ტენტების მიღმა არსებულ მაგიდაზე დადებული გაჭრილი ლიმონივით მჟავეა, რადგან ადამიანებს სანუკვარი ოცნებების მთელი ჯარი რჩებათ ხოლმე რომლესაც ვერ იხდენენ... რომელსაც ერთი ცხოვრება უმეტესად ვერ ჰყოფნის-ხოლმე...

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაიიი :) შემრცხვა. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის!

      "თუმცა ცხოვრება ზოლიანი ტენტების მიღმა არსებულ მაგიდაზე დადებული გაჭრილი ლიმონივით მჟავეა".... მართლაც ასეა! :* რა კარგად თქვი! საოცრად.

      ამ ადამიანების გახსენებით ჩვენც შეგვიმსუბუქდება დარდი და ალბათ მათაც, ასე მგონია. :)

      :* :*

      Delete
  6. ზაფხულის სევდა – სხვა რა უნდა უწოდო ამ ფოტოს...
    ეს სიმღერა კიდევ, სადღაც მიმალული იყო, საერთოდ არ მახსოვდა და უცებ იმდენი ემოციები მოჰყვა:) როგორი იყო არა ბავშვობის დროინდელი სიმღერები – ყველა რომ უსმენდა, ყველა ფანჯრიდან, ეზოდან რომ გამოდიოდა. ახლა ყურსასმენებში უსმენს ხალხი მუსიკას და ვერ გაიგებ, რა საუნდტრეკი დაჰყვება ქალაქს

    ReplyDelete
  7. თინა, მშვენიერო, ცხოვრების ყველაზე დიდი, კეთილი რეცენზენტი ხარ smile emoticon და ეს ზემოდან გაქვს, რადგან გიყვარს ადამიანები და სიცოცხლე! კია სევდა და სიმძიმე ირგვლივ, მაგრამ ძვირფას თვლებს ისე ალაგებ იმედი არ გველევა...საუკეთესო მომავალშიც გადმოაღწევს და მადლობა თინათინ! kiss emoticon heart emoticon

    ReplyDelete
  8. თინიი 2013 წელს მეც ვიფიქრე, რომ ზაფხული აღარ მიყვარდა ... ერთი-მეორეს მიყოლებით ერთად ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე იმ ზაფხულს... ჩემი იმედი კი რომელმაც ზაფხულის სიყვარული ისევ დამიბრუნა ჩემი შვილია, რომელიც 2013 წელს დაიბადა და მიმახვედრა სიცოცხლე გრძელდება, მიუხედევად იმისა რომ შეიძლება ჩვენს გვერდით ბევრი ჩვენი საყვარელი ადამიანი აღარ იყოს...

    თინიი მუდამ პოზიტივი მოდის შენგან... ეს კი დიდი ნიჭია... წარმატებებიი

    ReplyDelete
    Replies
    1. ხატია, რა საოცარი ამბები მითხარი! ღმერთმა მრავალი ბედნიერი ზაფხული მოგცეს შენიანებთან ერთად! :*

      Delete
  9. <3

    პ.ს სარტორიალისტი როგორ მიყვარს, მარტივ და გენიალურ ფოტოებს იღებს. დიდი ხანია დაწყებული მაქვს მასზე პოსტის წერა და ვერ ვამთავრებ.

    ReplyDelete
    Replies
    1. მომენატრა მე შენი პოსტები, რომ იცოდე :)
      მეც ვერ ვწყდები სარტორიალისტს. რენდომ რუბრიკა როა, გადავდივარ და გადავდივარ :) ფოტოდან ფოტოზე. გარანსს რომ დაშორდა? მერე ვიჭორაოთ მაგაზე.

      Delete