Tuesday, August 31, 2021

Ivan Franko


Ivan Franko

ცოტა ხნის წინ ბიძაჩემი - მურადი დავკარგეთ, კოვიდთან დამარცხდა. სოხუმის ომის დროს უბანში შტაბის უფროსად დანიშნეს. ის და მეზობელი კაცები დიდხანს დარაჯობდნენ სანაპიროს, სანამ იძულებული არ გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ის მაინც გამარჯვებულია ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოიარა. გამარჯვებულია იმ სიკეთის გამო, რასაც მრავალი წელი გვიკეთებდა, სოხუმის წლებში და დევნილობაში. დეიდამ ვერ დაიტირა, საავადმყოფოში იწვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო ჟანგბადის აპარატის გამო. მათი შვილი, ჩემი უფროსი და - მაიკო, რომელმაც სამი წლის წინ დაგვტოვა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რა ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ომგამოვლილ მის მშობლებს რომ გატეხდა. გუშინ ვფიქრობდი: ნეტა, ბოლოს რა უთხრეს ერთმანეთს, სანამ ჯერ კიდევ სასწრაფოს მიჰყავდა და სხვადასხვა პალატაში გაანაწილებდნენ? 

ამასწინათ დედას სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, როცა ის დღე გამახსენდა, სოხუმის პორტში გემი "ივან ფრანკო" რომ ჩამოდგა. ირაკლიმ სახლში შემოირბინა, "ივან ფრანკო" შემოვიდა, გავიქცეთ და ვნახოთო. ის დღე ისე ცხადად გამახსენდა და ისეთი მდუღარე ცრემლები წამსკდა, სიღრმეში შევიმალე, რომ ოჯახის წევრები არ შემეშინებინა. გრანდიოზული გემი იყო, სულ თეთრად ქათქათებდა. არც ივან ფრანკო ვიცოდი, ვინ იყო და არც "ამარკორდი" მქონდა ნანახი, რომ გემის სანახავად წასული ქალაქელები გამხსენებოდა. ჩემთვის მაშინ იმ გემის ნახვა დიდ და უცნობ სივრცეებთან ზიარება იყო, იმის წარმოდგენა, გემზე რა ხდებოდა, რამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოჰყავდა, როგორ იყო მოწყობილი, რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცურავდა. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და თავზე დამყურებდა. ქვემოთ წყალი ტყლაშუნებდა და გემის კონტურებს ირეკლავდა, ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, ვახშმობამდე სასტუმროში მისვლა და გამოცვლა უნდა მოესწროთ, ჰაერში მარილის და საწვავის სუნი იდგა, ბავშვები ახლო მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდით, უცნობს, უცხოდ ამაღელვებელს და აუცილებლად კარგს.

ხშირად ვსეირნობდით ხოლმე შედარებით მცირე ხომალდით, ახალ ათონამდე და უკან. ბევრი ახალი სიტყვა მესმოდა, ყველაფერი მაჯადოებდა, როგორც ახალი სათავგადასავლო წიგნი და მსუბუქ ბურუსში მხვევდა. ერთი ასეთი სიტყვა "სკატი" იყო. ამბობდნენ, დაელექტროებული კუდი აქვს, შეიძლება "ვალნარეზს" მოარტყას და მოცურავეებსაც მოხვდესო. სადაც ჩვენ "ვცურავდით", ნაპირთან ახლოს, რკინის ფირნიშზე აქა-იქ ჟანგმოდებული ნეპტუნი იყო გამოსახული, თავისი სამკაპით. ცოტათი მეშინოდა და იმედი მქონდა, რომ ზღვის სიღრმეში შორს ცხოვრობდა და მის რისხვას ავცდებოდით. სანაპიროზე რესტორან "დიოსკურიას" იმ დროისთვის ნოვატორული მოძრავი აბრა ჰქონდა: ლურჯი დელფინი ბრუნავდა. მზად ვიყავი, მთელი დღე მეცქირა მისთვის. 

სოხუმის შემდეგ მთის კურორტზე მივდიოდით ყველა ერთად. მურადი დაგვტოვებდა და შემდეგ ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. ერთხელ შუა ტყეში ვიყავით, როცა მოგვადგა და დაგვიძახა. ოთხივე ბავშვი გავრბოდით მასთან შესახვედრად, ერთმანეთს ვასწრებდით. იქ წასვლამდე შამპუნის დაცლილი ბოთლი წყლით ავავსე, თავზე ქაფი მოიყენა. საბჭოთა პერიოდის ბულგარული შამპუნის ბოთლი იყო, სურასავით წაგრძელებული ყელით. სოხუმის სახლში მარტო დარჩენილ ბიძაჩემს თავზე დაუსხამს და შამპუნის ნაცვლად წყალი შერჩენია ხელში. ჩვენთან ჩამოსულმა ძალიან წყნარად გვკითხა, რომელმა ითამაშეთ, ბიძიაო? ამ ეპიზოდს თბილისში ცხოვრების დროს ხშირად ვიხსენებდით, როგორც ძველი დროის სიმბოლოს, როცა კრემის და ყავისფერებში გაწყობილი სააბაზანოს იატაკს სულ სველს ვტოვებდით და შემდეგ მუქად აჩნდებოდა ნაფეხურები. მოწმენდა მაიკოს უწევდა, როგორც ყველაზე უფროსს - არასდროს უსაყვედურია. სააბაზანოს პატარა სარკმელი ჰქონდა. კორპუსთან შედარებით ეს დეტალი ისე მომწონდა - ორთქლი გარეთ გადიოდა. 

როცა ბოლოს შევხვდით, დედამისი, მარგო ბებო გავიხსენე, რომელსაც მამაჩემის საფლავზე აღდგომას მისი გამომცხვარი მთელი ლანგარი "ნაპოლეონი" მოჰქონდა, გადაშლილი წიგნივით დაჭრილი და შაქრის პუდრმოყრილი. მისი ხსენება ესიამოვნა და გვერდულად გამომხედა. მას და დედამისს ზუსტად ერთნაირი ცისფერი თვალები ჰქონდათ. 

ახლა ზუსტად ის პერიოდია, არდადეგები რომ მთავრდებოდა და სახლში ვბრუნდებოდით. სასკოლოდ უამრავ რამეს გვიყიდდნენ, მანქანას გაავსებდნენ და ისე გვიშვებდნენ შემდეგ შეხვედრამდე. მე და ირაკლი წერილებს ვწერდით ხოლმე ერთმანეთს. ამასწინათ წავაწყდი: მწერდა ახალ ანეკდოტებს, მიყვებოდა, როგორ ჩაიარა მისმა დაბადების დღემ, სკოლაში რომ ბევრ დავალებას აძლევდნენ და მნიშვნელოვან პირად ამბებს. ზაფხულის იმ უცხელეს დღეს, როცა მამამისის სხეულს საფლავისთვის ამზადებდნენ, ტიროდა, მე შორს ვიდექი, ვერც კი მოვეხვიე. ის მშვიდად იწვა, სახეზე ნაცრის ფერი ედო, უკვე გზაში იყო. ხშირად იტყოდა ხოლმე, თუ დაბრუნება იქნება, პირველივე დღეს წავალო.

რადგან დაბრუნება ვერ მოასწრო, "ივან ფრანკო" ჩამოდგა და წაიყვანა იქ, სადაც "არა არს ჭირი, მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრებაი იგი დაუსრულებელი." 

8 comments:

  1. დაე, დაე!

    ReplyDelete
  2. თინა, ძალიან ვწუხვარ :( იმედია იქ ყველა ბედნიერია, ამ სამყაროს მიღმა.

    გემის შემოსვლის ამბავი ისე გაქვს აღწერილი, მეგონა, მეც იქ ვიყავი.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, იქ ყველა ბედნიერია, ზღვაც აქვთ და უსაზღვრო ცაც. <3

      Delete
  3. <3 ახლა უკვე მეც ვიტირე მურადი ბიძია..

    ReplyDelete
  4. არაჩვეულებრივად დაგმოცემული, ამატირე <3
    ღმერთმა ნათელში ამყოფოს

    ReplyDelete