Wednesday, January 26, 2022

იკი-გაი: ბედნიერების იაპონური ფორმულა ქართველი მომხმარებლისთვის


წლების წინ, როცა ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, გამოცდისთვის სხვადასხვა ისტორიული ეპოქის აღწერას გვთხოვდნენ. მაშინ კარგად არ მესმოდა, რომ ისტორიული მოვლენების ცოდნა იმ პერიოდის მწერლების ცხოვრების და შემოქმედების უკეთ გაგებაში დაგვეხმარებოდა. არ მესმოდა, რადგან მოვლენებს შორის კავშირის დანახვასა და ანალიზის გაკეთებაზე მაშინდელ სისტემაში აქცენტი არ კეთდებოდა.

მოგვიანებით, სხვა სკოლაში, პიროვნული ზრდა საგნად ისწავლებოდა. ვწერდით ესსეებს, ვაანალიზებდით საკუთარ მდგომარეობას, მიზნებს, დამოკიდებულებას სასწავლო პროგრამისადმი. მენტორთან ინდივიდუალური კონსულტაცია საშუალებას გვაძლევდა,  თეორიული საგნები პიროვნულ განვითარებასთან დაგვეკავშირებინა და პროგრესი თავად შეგვეფასებინა.

პიროვნული ზრდა და მასზე ორიენტაცია ოთხი მომხიბლავი ახალგაზრდა ქალის ბიზნეს-იდეის ცენტრალურ თეზისად იქცა. ბავშვობის მეგობრებმა: ანი მარღიშვილმა, მარიამ ესებუამ, მაკა კელენჯერიძემ და თათია კალანდაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი კომპანია დაეარსებინათ, რომლის მთავარი კონცეფცია პიროვნული ზრდა, ბედნიერების გასაღების პოვნა, საყვარელი საქმით დაკავება და ამით ენერგიის მიღება იქნებოდა. კომპანიას „იკი-გაი“ დაარქვეს, რადგან ეს უძველესი იაპონური მოძღვრება, რომელიც არსებობის მნიშვნელობის ან ცხოვრების ღირებულების პოვნას გულისხმობს, ზუსტად გამოხატავს პარტნიორების ჩანაფიქრს - თავიანთი პროდუქციით, კომფორტული ტანსაცმლით, მომხმარებელს ცხოვრების ხარისხის და შინაარსის უკეთ შეგრძნობაში დაეხმარონ.

ინფორმაციით გადატვირთულ სოციალურ ქსელში „იკი-გაის“ პროდუქციამ - თბილმა ფერადმა ქურთუკებმა - ისე სწრაფად და მძაფრად მიმიზიდა, რომ მივხვდი: ყველა ბიზნეს-კონსულტანტი მართალია, როცა უპირველესად იდეის სისწორეზე გვიქადაგებს. ბრენდის ერთიანი პრეზენტაცია: გვერდის სახელწოდება, ფოტოს ხარისხი, რაკურსი, პროდუქციის ფერები და  თარგი სრულყოფილად ქმნის იმ „ღირებულებათა ჯაჭვს“, რომელსაც მომხმარებლის გულამდე მივყავართ. კომპანიის პარტნიორთა ჩანაფიქრი მათ პროდუქციაში შესანიშნავადაა განსახიერებული. მისგან იკითხება, რომ პროდუქცია იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც პიროვნული ზრდა მნიშვნელოვანია, ვინც პასუხისმგებლობით აკეთებს საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის, უხარია, როცა იცის, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებს; ამასთან აქვს ჰობი, სხვა საყვარელი საქმე. მისთვის სიახლისკენ პატარა ნაბიჯების გადადგმა და ყოველდღიური საქმეები, ოჯახის მოვლა, ახალი მისწრაფებების ჩამოყალიბება - ყველაფერი ენერგიის წყაროა. „იკი-გაის“ პროდუქციის მომხმარებელს შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება თავად უნდა გაიხანგრძლივოს და მეტი მიმართულებით განვითარდეს.

მომხმარებელთან კომუნიკაციაც ისეთივე ხარისხისაა, როგორც თავად პროდუქცია. წინასაახალწლო დღეებში, როცა ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა გადატვირთულობის პიკზე იყო, „იკი-გაის“ დამფუძნებლებმა ქურთუკი თავად მომიტანეს. მიხარია, რომ მათი ენერგია, სიცოცხლის წყურვილი და კეთილგანწყობა პირადად გაცნობისას მეც გავიზიარე. “Pay it forward”-ის პრინციპით ჩემი სიხარული ჩემს მეგობარ ანუშკას გადავეცი (ფოტოზე ქვემოთ). უფრო სწორად, სანამ რამეს ვეტყოდი, თვითონ მკითხა, რა გაცვიაო. ახლა ის ყოველდღიურ საქმეებზე სითბოში და საყვარელი ფერის (camel) ელეგანტურობის საბურველში გახვეული დადის. იკი-გაიც ხომ სწორედ ესაა?


ბრენდმა მოახლოებული გაზაფხულის სეზონიც გაითვალისწინა (იმერეთში ამ პერიოდს „პირგაზაფხულს“ ეძახიან) და ბაზარზე 70-იანებით შთაგონებული ვილვეტის ფერადი ქურთუკები გამოიტანა. დარწმუნებული ვარ, თბილი სეზონებისთვის უკვე აქვთ გეგმები, რადგან ჩვენთვის, მათი პროდუქციის მომხმარებლებისთვის, იკი-გაი მთელი წელი გრძელდება.

მოგვიყევით თქვენს კომპანიაზე: რამდენი ხანია, რაც „იკი-გაი“ არსებობს? ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები და პარტნიორები?

კომპანია ,,იკი-გაი“ ჩვენი დიდი ხნის ჩანაფიქრია, თუმცა განხორციელება 4 თვის წინ დავიწყეთ. ამ იდეის გარშემო  ოთხი ბავშვობის მეგობარი გავერთიანდით: ანი მარღიშვილი, მარიამ ესებუა, მაკა კელენჯერიძე და თათია კალანდაძე.

რა იყო თქვენი მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?

ჩვენ ყველა სხვადასხვა სფეროში ვართ დასაქმებული. გვინდოდა, ისეთი საერთო საქმე წამოგვეწყო, რომელიც გაგვაერთიანებდა, მაქსიმალურ სიამოვნებას მოგვანიჭებდა და ამ ემოციის სხვებისთვის გაზიარების საშუალებასაც მოგვცემდა.

როგორც სახელწოდება გვეუბნება, „იკი-გაის“ მისია გულისხმობს მიზეზს, რის გამოც დილით გაღვიძება გვიხარია. გვსურდა ადამიანების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში მცირედი წვლილი ჩვენც შეგვეტანა.

დღეს ბაზარი გაჯერებულია მსგავსი პროდუქციით. რა არის „იკი-გაის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

თავიდანვე გააზრებული გვქონდა, რომ იმ კომპანიებთან კონკურენცია მოგვიწევდა, რომლის მომხმარებლებიც ჩვენ თვითონ ვართ. ვცდილობთ, ბაზარზე ადგილი დავიმკვიდროთ პირველ რიგში ხარისხით, ფერებისა და მოდელების მრავალფეროვნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია დიდი ზომის გემოვნებიანი სამოსის შეძენა. ჩვენი მიზანია, ჩვენ მომხმარებლებს  ამ  თვალსაზრისით მაქსიმალურად დიდი არჩევანი შევთავაზოთ და  მათთვის სასურველი ზომის ნებისმიერი მოდელი მივაწოდოთ.

რა არის თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და როგორ ახერხებთ ამ რისკების მართვას?

საქმინობასთან დაკავშირებული მთავარი რისკი უშუალოდ ამ საქმის წამოწყება იყო. სრულიად გამოუცდელებს მოგვიწია ამ სფეროს ძირეული შესწავლა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამ დროისთვის მთავარი გამოწვევა ონლაინ საქმიანობაა.

გვინდა, ძალიან მალე შევქმნათ სივრცე, სადაც მომხმარებლები  ადგილზე შეძენას შეძლებენ. ამ მომენტისთვის კი მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს ინდივიდუალურად მივუდგეთ და შეძენის პროცესი მაქსიმალურად გავუმარტივოთ.

ვინ არიან თქვენი პროდუქციის მომხმარებლები? რისი მოლოდინი აქვთ თქვენთან ურთიერთობისას?

გვახარებს ის ფაქტი, რომ „იკი-გაის“  მრავალფეროვანი მომხმარებელი ჰყავს. მოლოდინი აქვთ, რომ მათ ნდობას გავამართლებთ, მიიღებენ ხარისხიან პროდუქციას და მუდმივად შევთავაზებთ სიახლეებს, რისთვისაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.

რა ნივთი გაყიდა პირველად ახლადდაარსებულმა „იკი-გაიმ“?

პირველი ნივთის გაყიდვა ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის.  ეს იყო ფოსფორისფერი ქურთუკი, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის გემოვნება და ყიდვითი ქცევა პანდემიურ გარემოებებში?

ჩვენი საქმიანობა  უშუალოდ პანდემიის დროს დაიწყო, აქედან გამომდინარე, გაგვიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. იმედია, ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

თქვენი აზრით, რა როლი აქვს სოციალურ მედიას მოდის ინდუსტრიაში?

დღევანდელ ცხოვრებაში სოციალური მედია ნებისმიერი სფეროს გავითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. ინფორმაციის სახით ძალიან დიდი რესურსის გაცვლა ხდება, რაც მუდმივი პროგრესისკენ გვიბიძგებს.

მოდის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ჩნდება ახალი ტრენდები. როგორ უნდა მოიქცეს დიზაინერი, რომ ამ პროცესში არ დაიკარგოს?

ტრენდული ყოველთვის არ ნიშნავს გემოვნებიანს. მნიშვნელოვანია, ამ დიდ ინდუსტრიაში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ და მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს ჩვენს მომხმარებელთან.

რომელი სამუშაო და პიროვნული უნარებია აუცილებელი ტანსაცმლის ბიზნესით დაკავებული ადამიანისთვის?

სამუშაო და პიროვნული უნარები,  როგორც მოდის, ისე ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პროგრესულობა, ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი, გახსნილობა სიახლეებისა და კრიტიკის მიმართ.

რას უსურვებთ ბლოგის მკითხველებს?

ბლოგის მკითხველს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და მშვიდობას. ბლოგს - წარმატებას. ჩვენი სურვილია, ყველამ აღმოაჩინოს თავისი იკი-გაი. 

იკი-გაის ფეისბუქის გვერდი: 
ინსტაგრამის გვერდი: 

მე და ანუშკა "იკი-გაის" ქურთუკებით.









No comments:

Post a Comment