Tuesday, March 19, 2013

ხრონინგენის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია

დიდი ხანია, მინდა, ხრონინგენის ეკლესიის შესახებ მოვყვე. ახლა აღდგომის მოლოდინში ვარ და სულ ბზის სუნი, ნაწვიმარი ჰაერი, სასაფლაოზე ჩიტების ჭიკჭიკი, ღამისთევა და დღესასწაულის მღელვარება მელანდება. ჰოდა, ალბათ, ახლა საამისოდ კარგი დროა.

პირველად ჩემს მეგობარ ქართულ ოჯახთან ერთად მივედი. მერე რეგულარულად დავიწყე სიარული, ჯერ ფეხით, მერე ველოთი. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო შორეულ ჩრდილოეთში მართლმადიდებლობის პატარა კუთხე. ჰოლანდიის და გერმანიის სამხრეთ ნაწილებში კათოლიციზმი ასე თუ ისე ცოცხლობს, ჩრდილოეთში კი ადამიანები უბრალოდ არცერთ აღმსარებლობას არ ეკუთვნიან, შვილებს არ ნათლავენ და არსებულ ტაძრებსაც საკონცერტო დარბაზებად, წიგნის მაღაზიებად ან კაფეებად იყენებენ. თუმცა, თუ ღმერთისკენ ისწრაფვი და მასთან ურთიერთობა შენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნდები, რომ ის ყველგანაა, რა შორსაც არ უნდა წახვიდე. აი, ისე, ეზოდან ამოსულ, თამაშით დაღლილ ბავშვს რომ მშობელი ხელგაშლილი დახვდება და ჩაიხუტებს. მე და ლაშამ სტამბულის "საშიშ" უბანში აღმოვაჩინეთ ბერძნული ეკლესია. გუმბათი და ჯვარი რომ დავინახეთ, ორიენტაციით მივყევით და ვიწრო ქუჩებით მივადექით. სარესტავრაციოდ იყო დაკეტილი, რესტავრატორი კი ქართველი გიორგი აღმოჩნდა! ასეთი მაგალითები ალბათ ბევრია ყველა ადამიანის ცხოვრებაში.

ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ონოფრე დიდხანს მოღვაწეობდა პოლონეთის მამათა მონასტრებში, ამიტომ კარგად იცის ძველი სლავური ენა. წირვას ნიდერლანდურ და ძველ სლავურ ენებზე ატარებს. რუსული საგალობლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ნიდერლანდურად და ძველსლავურად მსახურება არასოდეს მომესმინა, ამიტომ სულ მონუსხული ვიდექი. მოდიოდა მრევლი, ერთგულად, პუნქტუალურად. ჰოლანდიელებიც იყვნენ და ემიგრანტებიც, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მართლმადიდებელი არაბებიც. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანები სულ სხვადასხვა ბედის იყვნენ. ზოგი ყოფილ იუგოსლავიაში ომს გაექცა, სხვები იქ გაჭირვებამ ჩაიყვანა. ერთი მოხუცი კაცი იყო, ყოფილი იუგოსლავიის რომელიღაც ქვეყნიდან. მითხრეს, ყველა ახლობელი დაკარგაო. ვხვდებოდი, რას ნიშნავდა მისთვის ეკლესიაში სიარული. არასდროს გამოვლაპარაკებივარ, არ შემეძლო, ისე მეცოდებოდა. რუსები და უკრაინელები ბლომად იყვნენ. ყველა თავის ენაზე აზროვნებდა და ლოცულობდა გულში, მაგრამ რწმენა საერთო ჰქონდათ და ღმერთთან სიახლოვე ერთნაირად სჭირდებოდათ. როცა მათთან ერთად წირვაზე ვიდექი, სულ ერთი აზრი მქონდა, რომ რწმენა ადამიანს ამშვენებს და ასხივოსნებს, დიდი, ბრდღვიალა ბრილიანტივით. სახლიდან წასულმა, როგორც საერთოდ ხდება, ამ საკითხსაც სხვა თვალით შევხედე. 

მრევლის უმეტესობა სხვა ქალაქებიდან ჩამოდიოდა, ამიტომ მამა ონოფრე ანგარიშს უწევდა და წირვას დილის 11–ის ნახევარზე იწყებდა. მე ზარმაცსაც მეტი რა მინდოდა და, კარგად გამოძინებული მივდიოდი. ხანდახან, როცა ველოს ვაყენებდი, რომელიმე ბარებში ღამენათევი და გამობრუჟული ბიჭი გამომელაპარაკებოდა ხოლმე, აქ რა გინდა, დღეს კვირაა, ეკლესია დაკეტილიაო. უმეტესად ჩემს მეზობელ, უკრაინელ იგორთან ერთად დავდიოდი. აეყუდებოდა ხოლმე კვირაობით ჩემს კართან და მივდიოდით. სხვა მეგობრები რიგრიგობით დამყვებოდნენ, ძალიან აინტერესებდათ, სად დავდიოდი კვირა დილით. ბელგიელმა ანამ მითხრა, საოცარი ატმოსფერო იყო, წამოსვლა აღარ მინდოდაო. ალბათ, კათოლიკურ ეკლესიაშიც ასე იყო საუკუნეების წინო. კანადელი რაიანი თავად მგალობელი იყო ბავშვობაში და ამიტომ დიდი ინტერესით წამომყვა. გერმანელი მიხაელი რამდენჯერმე მახლდა. პირველ მოსვლაზე მგალობელთა გუნდს უსმენდა განაბული და თვალებმოჭუტული (თვითონაც მღეროდა და ინსტრუმენტებზე უკრავდა). ფაქტებს და დეტალებს გერმანული სიზუსტით სწავლობდა, კითხვებს სვამდა. სააღდგომო ლიტურგიაზე თეთრი პერანგით და ბაფთით მოვიდა. მისი ეს პატივისცემა ჩვენი ზეიმისადმი ძალიან დავაფასე.


ხრონინგენის ფერისცვალების სახელობის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია. ყვავილებს რომ უვლის, თბილისელი სომეხი ბიჭია, რომა. :)



ტაძრის კარიბჭე

ქართული წარწერა ტაძრის შესასვლელის კედელზე
ჩემი სიხარული ერთიორად გაიზარდა, როცა ეს წარწერა ვნახე. მერე გავიგე, რომ მამა ონოფრე რამდენჯერმე ყოფილა საქართველოში და რა თქმა უნდა, ძალიან ვუყვარვართ. :) კედელზე ჩვენი პატრიარქის ფოტოების სტენდი აღმოვაჩინე: ვიზიტად ყოფილა ჩვენს ტაძარში და ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე. ამ ამბების გაგებამ იქაურობა უფრო ახლობლად მაგრძნობინა და თითქოს უფრო ამაყი გამხადა: იქ იცოდნენ, რა არის საქართველო. იმ წელს მამა ონოფრემ განსაკუთრებულად აღნიშნა გიორგობა ქართველი მრევლისთვის.

ზიარება
2008 წლის აღდგომა და მისი წინაპერიოდი ძალიან ძვირფასი დრო იყო ჩემთვის და სულ მემახსოვრება. ახლაც ვგრძნობ იმ დღეების კაშკაშა ნათელს, მომძლავრებულ გაზაფხულს და მოლოდინის მღელვარებას. რადგან მარხვა სრულად ვერ შევინახე, გადავწყვიტე, ვნების კვირა მაინც დამეცვა. ღმერთმა ხელი შემიწყო. ზემოხსენებული ბატონი მიხაელი თავის გერმანიაში გაემგზავრა რამდენიმე დღით და უკან დაბრუნებულმა გერმანული პური ჩამოგვიტანა საჩუქრად. ჩვეულებრივი პური არ იყო: რუხი, სქელი, უსაფუვრო და ცომში მზესუმზირას მარცვლები ჰქონდა ჩატანებული. იმდენად მსუყე იყო, რამდენიმე ლუკმის მეტს ვერ შეჭამდი. იმ პურით გავიტანე მძიმე მარხვის დღეები. ისე დაემთხვა, რომ იმ სემესტრის ყველაზე რთული გამოცდა ვნების კვირამდე ჩავაბარე. ყველამ იცის, ეს რა გრძნობაა. ჰოდა, ეს თავისუფლებაც მიხაროდა, გაზაფხულის თბილი მზეც და ყველაზე მეტად - აღდგომის მოახლოება! 

წირვის შემდეგ, ტრადიციულად, მესამე სართულზე ავდიოდით ყავის დასალევად და სასაუბროდ. მრევლს ყოველთვის გემრიელი დესერტები მოჰქონდა ყავასთან მისაყოლებლად. 
ვიცოდი, რომ აღდგომის წინ ტაძარში საქმეები იქნებოდა, ამიტომ იმ დღეებში ხშირად დავდიოდი. მე და ერთი რუსი გოგო მოძღვარს საშინაო საქმეებშიც წავეხმარეთ (იქვე ცხოვრობს, სადაც ტაძარია). ეს უზომოდ მსიამოვნებდა და მიხაროდა. აღარ მახსოვდა, რომ ბავშვობაში დღიურში ვწერდი, როგორ მინდოდა ეკლესიის და მისი ეზოს დასუფთავება. მოძღვარმა მითხრა, დიდ ხუთშაბათს სახარების კითხვაა და იქნებ, გრაფიკში ჩაეწეროო. სახარება ყველას თითო საათით, ჩვენს ენაზე უნდა წაგვეკითხა. ჩემი ადგილი შუაღამის თორმეტიდან იყო დარჩენილი. გამიკვირდა და გამიხარდა ეს პატივი. მრევლში ქართველებიდან მამაკაცებიც იყვნენ, მაგრამ მან მე ამირჩია. შუაღამისას ეკლესიაში წასვლა მიხაროდა და თან რაღაც შეუცნობელი მღელვარებით მავსებდა. მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი. ჩემმა მეზობელმა, მაკედონიელმა დანიელამ, რომელიც ტაძარში ხშირად დადიოდა ჩემთან ერთად, არ იცოდა, რა "მისია" უნდა შემესრულებინა იმ ღამით. საღამოს მისი ოთახისკენ წავედი, უნდა მეთხოვა, გამყოლოდა. უხალისოდ მივდიოდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ უარს მეტყოდა. პირიქით კი მოხდა: სახე გაუბრწყინდა, სიამოვნებით წამოვალო. მერე მითხრა, იცი, სულ ამას ვნატრობდი, ნეტა, ეკლესიაში წამიყვანა და უბრალოდ დამსვაო, მეტი არაფერი მინდოდა, სიჩუმე და ტაძარში ყოფნაო.  

ჩემამდე არაბები კითხულობდნენ. (მამა ონოფრე არ ჩანდა, სადღაც ზედა სართულზე იყო.) ხშირად მესმოდა სიტყვა "მაკტუბ". კოელიოსგან ვიცოდი, რომ "დაწერილიას" ნიშნავს. წასვლისას მითხრეს, რომელი სახარების რომელ თავზე გაჩერდნენ, საიდანაც მე უნდა გამეგრძელებინა (საკუთარი სახარება მქონდა მიტანილი). ჩემი ერთი საათი ყველაზე მღელვარე და ჯადოსნური იყო ჩემთვის. შუაღამე, სანთლებით განათებული ტაძარი და ჩემი ხმა, რომელიც მევე მეუცხოვებოდა და ზოგიერთი ადგილის კითხვისას მიწყდებოდა. აღდგომა ახლოვდებოდა. მე ქრისტეს ეკლესიაში ვიდექი და მის ისტორიას ვკითხულობდი

ზედი ზემოდან. მეორე სართულზე საეკლესიო ნივთების მაღაზია იყო მოწყობილი.

სააღდგომო ლიტურგია კიდევ ერთი ძვირფასი და სასწაული ღამე იყო. ტაძარი ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბანშია. როცა გალობით, ხატებით და სანთლებით გარს ვუვლიდით, გამვლელები ჩერდებოდნენ და გვიყურებდნენ. როცა თორმეტი შესრულდა და ზარი დარეკეს, მამა ონოფრე და მამა ევსევი საკურთხევლიდან გამოვიდნენ და ყველას ჩვენს ენაზე მოგვილოცეს აღდგომა! აღმოჩნდა, რომ ტაძარში თერთმეტ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები იყვნენ. შემდეგ ჩამოგვიარეს და სათითაოდ გადაგვეხვივნენ. ყველა იქ იყო: დანიელა, მიხაელი, ბერძენი მეზობელი მარია, ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები, მრევლი ოჯახებით. წინ სააღდგომო კალათები ეწყოთ. . . 
                                                                          - - -
რადგან მარხვა დაიწყო, ჩემთვის ყველაზე ზუსტ და მგრძნობიარე სინანულის არიას გაგიზიარებთ. "ბახი - მათეს ვნებანი", "უფალო, შემიწყალე." ამ ნაწარმოების ყველა ტაქტი და ყველა გადასვლა ძალიან მაღელვებს და ნათელი სევდით მავსებს.

12 comments:

  1. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რას ვგრძნობდი ამ ბლოგპოსტს რომ ვკითხულობდი!ძალიან მშვიდად და თან ისე ემოციურადაა აღწერილი ყოველი დეტალი, მეგონა თითქოს მეც იქ ვიყავი :) მადლობა, თიკო!

    ReplyDelete
  2. რა კარგად დაგიწერია! :))

    ReplyDelete
  3. დიდება შენდა დედა-ეკლესიავ! ასე ძლიერ რომ შეგიძლია გონებას ნათელი მოჰფინო. ეს ტექსტი უნდა წაიკითხოს ურწმუნომ და უფლის ძიებას მაშინვე შეუდგება.

    ReplyDelete
  4. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, ჩემო თინათინ :)! უდიდესი სიტყვებია, სულში ჩაწვდება ადამიანს...

    ReplyDelete
  5. რა ლამაზი ტაძარია და თბილი ჩანაწერი.

    ReplyDelete
  6. არ მახსოვს, ვინ თქვა ან სად წამიკითხავს, მაგრამ ურწმუნოების გეშინოდეთო, მახსენდება, აი ისეთი ადამიანების, არაფერი წმინდა რომ არ გააჩნიათ, არც თავისი უყვართ და შესაბამისად, სხვისი როგორ ეყვარებათ. ზუსტად ეს მახსენდება, ფსევდოლიბერალებს რომ ვუსმენ/ვკითხულობ :|

    როცა ადამიანს მთელი სულით და გულით (და გონებაც აუცილებელია) სწამს ღმ–ერთის, მნიშვნელობა არა აქვს მაშინ რელიგიურ მიმდევრობას, ჩემი აზრით.
    სამყარო ყველასია და არავის აქვს განსაკუთრებული უპირატესობა.

    ხო, გერმანიაში ეგრეა ზუსტად. იმ დღეს გაზეთში ვკითხულობდი ლაიპციგის სტატისტიკას და მოსახლეობის 85% ათეისტია :/ შემეშინდა, ცოტა არ იყოს.

    ლამაზი და ტკბილი ჩანაწერია.
    თუმცა, აი, გალობა, სიმართლე გითხრა, თითქმის ყველა მართლმადიდებლური ერების მაქვს მოსმენილი და ქართული ყველაზე უტკბესია :)

    ReplyDelete
  7. @ ნანიკო, მადლობა!

    @ მიუ! :)

    @ ლევან, შენზე უკეთ ვინ იცის, ეს რა არის! ამდენი წელია ასე შორს ხარ.

    @ მარი, შენთან ერთად!

    @ ქეთი, მადლობა! :)

    @ სოფი, მართალი ხარ, ეს "რაღაც" ან სინდისია, ან რწმენა, ან რაღაც ორიენტირი მაინც, ამის გარეშე, არ ვიცი ... რა კარგად თქვი გონებაზე! გული და გონება რომ ჰარმონიაშია, აი ესაა, რაცაა! :)))) ერთი ჰამბურგელი მეგობარი მყავს და როცა თქვა, არცერთ რელიგიას არ ვეკუთვნიო, მეც შევცბი :)...... ჰო, ჩვენ საოცარი საგალობლები გვაქვს! :) თან ძალიან მდიდარი მემკვიდრეობა.

    ReplyDelete
  8. Tinita es posti shedevria! ra kargia rom sheni blogi agmovachine. milioni madloba am postistvis.dzalian sakvareli xar.
    P.S. ak germaniashi martlats umetesoba ateistia, arc ki dapikrebulan gmertze da mis arsebobaze,arc sindisi acuxebt shesabamisad, rom gmerttan axlos ar arian.
    chventan leipzigshits aris rusuli martlmadidebluri eklesia. adre kovel kviras davdiodi,axla movikochleb da sindisma shemacuxa... ai am shenma postma axali motivacia da dzala momca rom isev ganvaaxlo cirvaze siaruli,damapikra imaze tu raoden mnishvnelovani iko da aris es chemtvis.
    ketili survilebit, Nanuka

    ReplyDelete
  9. ნანუკა, დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის! შედევრის რა გითხრა და ისე კი ნამდვილად ძვირფასია ეს მოგონება ჩემთვის, ამიტომაც მინდოდა, დამეწერა. მეც მადლობელი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოვცადე. ის კი ორმაგად მიხარია, რომ ჩემმა ჩანაწერმა ახალი ბიძგი მოგცა. გაზაფხული და აღდგომის მოლოდინი მართლაც რომ ჯადოსნური დროა. :)

    ReplyDelete
  10. ესეთი დადებითი ემოციების მომგვრელი პოსტი არასდროს წამიკითხავს.
    მადლობა!!!

    ReplyDelete
  11. რა მყუდრო ტაძარია, და ეს მოგონება, როგორც ფასდაუდებელი ნავსაყუდელი

    ReplyDelete