Saturday, December 6, 2014

Scarf International

თუ ევროპის ჩრდილოეთით ცხოვრობ და ყოველდღე ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით ატარებ ველოსიპედს, შარფი მოდური აქსესუარი კი არა, უბრალოდ აუცილებლობაა. მეც სტუდენტობის დროს დამეწყო შარფების მანია. თუ მაინცდამაინც ზაფხული და პაპანაქება არაა, ყოველთვის შარფი მიკეთია. ცივ სეზონზე მთლად ვნეტარებ: ყოველდღე სხვადასხვას ვუხამებ ჩაცმულობას. ჩემი შარფების უჯრა ხან აირევა, ხან დალაგდება. ჩემა მეგობრებმა იციან ჩემი შარფებისადმი სიყვარულის შესახებ და ხშირად მჩუქნიან. ახლა ჩემს ინტერნაციონალურ შარფებს გაგაცნობთ. წესიერების გამო, მხოლოდ რამდენიმეს.

ზაზას ნაჩუქარი. ირანიდან.


თამუნას ნაჩუქარი. შვეიცარიიდან.
ეს შარფი ლაშამ მიყიდა თბილისში, ინდონეზიელი ქალების მოქსოვილია.

Friday, November 14, 2014

"მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა"

"მიდის ოპერა "ლაკმე"/ბუტაფორიის შეხლა!/განა ეს არის საქმე?/მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა." გალას ეს ლექსი დღეს რაღაც შემთხვევამ გამახსენა. 

რუსეთი უკრაინითაა დაკავებული და დროებით ჩვენთვის არ სცალია. კახა ბენდუქიძე ლონდონის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. ტრანსგენდერი დანით აჩეხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქმრები ცოლებს კლავენ. ძალიან კარგი, ახია მაგათზეო, - ასეთებიც არიან, ბლომად. 

თითო დღე - თითო ბომბი ამბავი. პროტესტის ტალღა აზვირთდება და ჩაქრება, მორიგ ამბამდე, როგორც სტადიონზე - ორგანიზებულად დაწყობილი მაყურებელი. დღეს შემთხვევით ვნახეთ ჩემი ძველი, საყვარელი მეგობარი. ის ამბობდა ჩვენს საერთო ახლობლებზე, როგორი თაობაა და როგორ ცხოვრობსო. როგორ და ჩუმად, თმენით. მათი მთელი ცხოვრების ნაგროვები ცოდნა უკეთეს დროებას უცდის. ჩემი თაობა მთლიანად გაუგებრობაში გაიზარდა, ახლაც ვსხედვართ და ჩვენს თვალწინ, ბოლო ოცი წელია, მიდის ოპერა "ლაკმე"... დღის ბოლოს ჩემი საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრების წერილები მხვდება: მორიგ ბომბ ამბავზე მეკითხებიან, კარგად გამაგებინე, რა მოხდაო. "ბუტაფორიის შეხლა!" დღეს რომ ვნახე, ის მეგობარი ყველა სიკეთესთან ერთად კარგ ლექსებსაც წერდა, ერთი ბწკარი მახსოვს: "არავინ უშლის სიმღერას ყვავს."

დღეს ჩემს სხვა მეგობარს სულელური მიზეზით ევროპის ვიზა არ მისცეს. როგორი დამამცირებელია ჯერ უარი და მერე, როცა ვიზას გიწყალობებენ, ზუსტად იმდენი დღე, რამდენიც ვიზიტს სჭირდება. ლუპით უყურებენ ბილეთის ჯავშანზე მითითებულ დაბრუნების თარიღს. არცერთი ზედმეტი ყლუპი ჰაერი! არცერთი ზედმეტი თვალის შევლება დაგვილი ქუჩების და დაწყნარებული სახეებისთვის. 

Tuesday, October 28, 2014

თამარა ბებოს ლექსიკონი

ნათელა, დიანა, თამარი
ბებოს სიტყვების და გამოთქმების შეგროვებას დიდი ხანია ვაპირებდი. გთავაზობთ პირველ, არასრულ გამოცემას.

გენაცვალა ბებია - გენაცვალოს ბებია
გკოცნი, გეხვევი და გემუდარები - ასე ამბობს სატელეფონო საუბრის ბოლოს;
იზაკუსკე? - ისაუზმე?
ერიანი სახე აქვს - სასიამოვნო იერი აქვს
იძგიბება - თვალებს ქაჩავს;
უნირო და უსაქციელო - ასე ამბობს, როცა ვინმეს ქცევა არ მოსწონს;
ნაირიანად მოდი, კამათელო - ამბობს ნარდის თამაშის დროს;
უღირსი - უნახავს რომ გაგხდის, ისეთი; საქები სიტყვაა;
რიზინა - რეზინა
ჩუმი მაკეთებელი - საოჯახო საქმის მცოდნე და ჩუმად მკეთებელი ქალი;
რიკვილები - რიკულები
მუნჩქი - მოუხდენელი ადამიანი
ჟრუნი - ჟღალი, ჭრელი
ებრიელი - ებრაელი
ბრეწაული - ბროწეული
ხპო - ხბო
სხვათაშორის ნუ აკეთებ საქმეს - ამბობს, როცა ვინმე უგულოდ და უხალისოდ მუშაობს;
ალღვანელები - ავღანელები
ჩხუპი - ჩხუბი, ომი
კაჩაღი - ყაჩაღი
რამდი - სანამ
დაჯედი - დაჯექი
არალი - არ არის
ციგანო შენ - ამბობს, როცა ბავშვს უჯავრდება;
ჟულიეტა - ჯულიეტა
ენუქიძე - (კახა) ბენდუქიძე
ქარდამაძე -(გიორგი) თარგამაძე
გრიგოლ გრიგოლავა - იგორ გიორგაძე
გადიტანე - გადაიღე (კერძი, სუფრაზე)

ახლა მთავარი სიურპრიზი:

ბებო და გოგი ჭუმბაძე შარშან დედას დაბადების დღეზე:


 ბებო ვიდეომოკითხვას უგზავნის თავის შვილიშვილს, ჩემს დეიდაშვილს - მაიკოს მოსკოვში:

 

ბებოს საფირმო სიმღერა "საპოვნელა".

 

Saturday, October 18, 2014

Beanie და მოკაჩინო, ანუ Vanilla და ვინილი

რადგან ბულეთებიანი პოსტები მოგენატრათ, here it is. კონკრეტულად არაფერი, უბრალოდ, დაკვირვებები.

  • დიზაინერი Paul Smith (როგორ გინდა, შოთიკო არ გაგახსენდეს) ქართულად გამოდის პავლე მჭედლიშვილი. წარმოიდგინეთ, რომელიმე hot spot-ში შედიხართ, იქ ნაცნობი გხვდებათ, რომელიც თქვენს შარფს ან პულოვერს აქებს. თქვენ ეუბნებით, ხოო, გოგო, პავლე მჭედლიშვილია.
  • დაკვირვებიხართ აღმოსავლეთ აზიელ (ჩინეთი, კორეა და ა.შ.) გოგოებს აეროპორტებში? მოსაცდელ დარბაზში აუცილებლად შეხვდებით მათ. იქ ჩოჩქოლია, ბარგზე გადაბიჯებები, ნამძინარევი სახეები, მაღაზიებში უსაქმობისგან შეხეტებული მგზავრები... ესენი კი სულ რაღაცას ეძებენ, დაბნეული იყურებიან. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საწოლი ოთახიდან პირდაპირ აეროპორტში აღმოჩნდნენ. თმა გაურკვევლად აქვთ შეკრეჭილი, ერთ დროს კარე და მერე მხრებამდე ჩამოზრდილი, სახე უმაკიაჟო, ფორმები ბავშვური. აცვიათ პიჟამისმაგვარი შორტი, რომელიც ვერ უფარავთ მუცელს და ზედა ფეხებს, და თხელძირიანი შლოპანცები. ხელში უჭირავთ თხელი პლედი და ნეთბუქი. ladies? hello!

Tuesday, October 14, 2014

ირმების გადასახედი

გაცდები თბილისის ხმაურს და იწყება perfection. ზუსტად ასეთი დღე იყო, უქარო და მზით გაჩახჩახებული. საჩუქრის ყუთს რომ გახსნი და სახე გიბრწყინდება, დაახლოებით ასე აღვწერდი დღევანდელ მოგზაურობას.

ღმერთის და ადამიანის ხელით შექმნილი

ბოდბეს ეზოში

 სიღნაღის ქუჩა

Saturday, October 11, 2014

Regards Croisés. Paris - Tbilissi.

დღეს ეროვნულ გალერეაში ფრანგი ქართველი მოქანდაკის - დარეჯან ბერეკაშვილის და ქართველი მხატვრის - ლევან ჭოღოშვილის გამოფენა გაიხსნა. ჩემი სამსახური გამოფენის პარტნიორია. პროექტმა საშუალება მომცა, არტისტები პირადად გამეცნო და მათთან ერთად მემუშავა. ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, თუ როგორი უბრალო და თავმდაბალი ადამიანები არიან.


არ ვიცი, სხვა ერების წარმომადგენლები ასე მძაფრად, იდეალისტურად და ტკივილიანად თუ აღიქვამენ სამშობლოს სიყვარულს, როგორც ქართველები. ამაღელვებელი იყო ამ ორი შემოქმედის უსაზღვრო ნიჭიერება, მათ მიერ ყველაფერი ქართულის ლოლიავი, ქართული სინამდვილის ასე დახვეწილად გადმოცემა და ყველაზე მეტად ის ამბები, რასაც მათი სხვადასხვა დროს შესრულებული ნაწარმოებები ჰყვებიან. 


დარეჯან ბერეკაშვილი პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალია. პარიზში დაიბადა. იქ ცხოვრობს და მუშაობს. დღეს ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, ბაბუაჩემის სამშობლოში ჩამოვედიო. მის ქანდაკებებს ჰქვია: "ნაბადი", "მწყემსი", "ვაჟა", "შოთა", "იაზონი", "მოსეირნე", "წყვილი", "ოჯახი", "მოცეკვავე"... მაოცებს, როგორ შეიძლება, პატარა ბრინჯაოს ქანდაკება ამდენს ამბობდეს. მწყემსის ფიგურა მაღალი და აწოწილია, საქართველოს მთებივით. თითქოს იქედან მარტო თავის ფარას კი არა, მთელ ქვეყანას გადაჰყურებს. ცერებზე შემდგარი მოცეკვავე ჩვენი წინაპრების ცხოვრების ამბებს ჰყვება, როგორ შრომობდნენ, ზრდიდნენ შვილებს, იცავდნენ სამშობლოს. მადლიერი ვარ, რომ მისი არტისტული აზროვნება მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოს დატრიალებდა. 

მგონი გრიგოლ რობაქიძე ამბობდა, საქართველოს ყველაზე სწორად მაშინ დაინახავ, როცა მის საზღვრებს გასცდებიო. ჩემი აზრითაც, ყველაზე საინტერესო გლობალური პერსპექტივიდან დანახული საქართველოა.

ლევან ჭოღოშვილი მისთვის დამახასიათებელ, შერეულ ტექნიკას იყენებს. როგორც ფიქრის მდინარებაში ერთად ჩნდება სახეები, ფიგურები, ფერები, ისე ერთად, ჰარმონიულად გვაჩვენებს საქართველოს ახლო წარსულს. ვუყურებდი თავადაზნაურთა სახეებს და მინდოდა, ახლაც ისეთ საქართველოში მეცხოვრა, ისეთი ადამიანებისთვის მეყურებინა, ჩიხტიკოპიანი ქალებისთვის, სათნოსახიანი პატრიარქებისთვის, წითელჩოხიანი, წვრილულვაშიანი და დატალღულთმიანი კაცებისთვის, მრისხანესახიანი მხედრებისთვის... და ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც წითლების შემოჭრამდე იყო.

დღეს ხელოვნების კრიტიკოსმა თქვა, ლევანი და დარეჯანი თავიანთი შემოქმედებით საქართველოს იცავენო. ერთი პარიზში დგას სადარაჯოზე, მეორე - თბილისშიო. ბოლო ოცი წელია, საქართველოს ცხოვრებას ფერით და ფიგურით წერენ. ექსპოზიცია მძაფრ ემოციას იწვევს - ეს ნაწარმოებები ერთმანეთს ავსებს, თითქოს არტისტები ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ.





ერთ ტილოს ერქვა: "ლადიკო ნიჟარაძის გამარჯვება მილანში." დღეს ხელოვანებმა თბილისში გაიმარჯვეს, - იმ ცენზურაზე, ვინც ნაწარმოებების გამოფენას უკრძალავდა, იმ წითლებზე, რომლებმაც მათი საყვარელი ქვეყანა ინდუსტრიალიზაციის ნიღბის ქვეშ დაიპყრეს და იმ ძალაზე, რომელიც საქართველოს ბევრს ვერაფერს დააკლებს იმიტომ, რომ მას ზუსტად ასეთი არტისტები იცავენ.



ფოტოებისთვის მადლობა ფიქრიას.

Saturday, October 4, 2014

სკოლისფორმიანი ბიჭი

დღეს გამახსენდა ლაშას მოყოლილი ამბავი:

გვიან შემოდგომაზე და ზამთარში სკოლაში ადრე უყვარდა წასვლა. სახლიდან რომ გადიოდა, ჯერ კიდევ ბნელოდა. მის ქუჩაზე სულ კერძო სახლები იყო, სკოლამდე ფეხით მისვლას სულ რამდენიმე წუთს უნდებოდა. სპეციალურად ისეთ ქუჩებს ირჩევდა, რომ გზა გაემრუდებინა. ეგონა, ასე სულ უცხო ქუჩაზე გავიდოდა, სათავგადასავლო წიგნების გმირებივით, სადაც არასდროს ყოფილა. ჰოდა, მიდიოდა ასე, სკოლის ფორმით, მაღალი და გამხდარი ფეხებით, დიდი, ცნობისმოყვარე თვალებით, იჭყიტებოდა ღობეებში, უყურებდა, როგორ ინთებოდა შუქები, როგორ ფხიზლობდნენ ძაღლები, როგორ იდგნენ ხეები ბნელში. კლასში ყველაზე ადრე მივიდოდა, კარს დარაჯი უღებდა, დაჯდებოდა და ინტერესით ელოდა, მისი კლასელებიდან ვინ შემოვიდოდა პირველი. 

ახლაც ასეთია, ასეთი დამოკიდებულებით აღმოაჩენს სიახლეებს და საოცრებებს და ჩვენი წიგნის ფურცლებს თავგადასავლებით ავსებს.

რეზო გაბრიაძის ილუსტრაცია: "ვარსკვლავები წრიულად მოძრაობენ"