Saturday, October 18, 2014

Beanie და მოკაჩინო, ანუ Vanilla და ვინილი

რადგან ბულეთებიანი პოსტები მოგენატრათ, here it is. კონკრეტულად არაფერი, უბრალოდ, დაკვირვებები.

  • დიზაინერი Paul Smith (როგორ გინდა, შოთიკო არ გაგახსენდეს) ქართულად გამოდის პავლე მჭედლიშვილი. წარმოიდგინეთ, რომელიმე hot spot-ში შედიხართ, იქ ნაცნობი გხვდებათ, რომელიც თქვენს შარფს ან პულოვერს აქებს. თქვენ ეუბნებით, ხოო, გოგო, პავლე მჭედლიშვილია.
  • დაკვირვებიხართ აღმოსავლეთ აზიელ (ჩინეთი, კორეა და ა.შ.) გოგოებს აეროპორტებში? მოსაცდელ დარბაზში აუცილებლად შეხვდებით მათ. იქ ჩოჩქოლია, ბარგზე გადაბიჯებები, ნამძინარევი სახეები, მაღაზიებში უსაქმობისგან შეხეტებული მგზავრები... ესენი კი სულ რაღაცას ეძებენ, დაბნეული იყურებიან. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს საწოლი ოთახიდან პირდაპირ აეროპორტში აღმოჩნდნენ. თმა გაურკვევლად აქვთ შეკრეჭილი, ერთ დროს კარე და მერე მხრებამდე ჩამოზრდილი, სახე უმაკიაჟო, ფორმები ბავშვური. აცვიათ პიჟამისმაგვარი შორტი, რომელიც ვერ უფარავთ მუცელს და ზედა ფეხებს, და თხელძირიანი შლოპანცები. ხელში უჭირავთ თხელი პლედი და ნეთბუქი. ladies? hello!
  • ამ ბოლო დროს ძალიან დაფასდა ყველაფერი ძველებური - "ვინთიჯი" და რეტრო. ტანსაცმელში, ინტერიერის დიზაინში, აქსესუარებში, სახლის დეკორში. ოღონდ, ელემენტების დონეზე, ცოტა არ იყოს, კიტჩურად. ასევე დაფასდა ყველაფერი სახლური, ბებიური. ახლა მენიუში ამაყად წერია: კომპოტი, ჯემი, ლიმონათი, პონჩიკი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოუმ-მეიდის, ლეიბლების და ინსტა-კოლაჟის სამყაროში!
  • რაღაც საზიზღარი სიტყვაა "ვებინარი".
  • ფაჩულისთან ერთხელ წამომცდა, რაღაც კარგი ვიტამინი მირჩიეს და ვიყიდე-მეთქი. მეტი რა უნდოდა. ეგ და ჩემი ძმა სულ მოდარაჯებული არიან, რომ ჩემი სამასხარაო იპოვონ. ჰოდა, დამსდევდნენ და მეძახდნენ, ამჟამად რა პრეპარატს იღებო.
  • 90-იანების კონცერტების წამყვანთა ტექსტი: "მოდით, კიდევ ერთხელ მოვეფეროთ და კიდევ ერთი ლამაზი თბილისური საღამო ვაჩუქოთ ერთმანეთს."
  • ისევ ფაჩული. ჩვენი სამასხარაო სოფლის სახელებია: ყიტაანი, ბადიაური და ვაყა. ერთხელ ისე ჩავბჟირდით, დედამისმა გვკითხა, რა გინდათ, შვილო, რას ეძებთ ამ ვაყაშიო.
  • სახელის წინ მძიმის დასმა ყველას ავიწყდება. "გამარჯობა ნანა", "Hello October." კარგი მაგალითი ვიპოვე სადღაც: Let's eat, grandma. Lets eat grandma. 
  • იმერელი რომ იტყვის, გავაბარეო, ე.ი. რაღაც შეუკვეთა. ნანა ნიჟარაძე და ლაშასიანები ხმარობენ ამ სიტყვას, რაც სულ კარგ ხასიათზე მაყენებს.
  • ბეგბედერი წერდა: რა არის, თმის ჟელესთვის რომ "ბალიშის ეფექტი" დაურქმევიათო. თმის ჟელე და მსგავსი რამეები ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ თმა წესრიგში მოვიყვანოთ და არა იმიტომ, რომ ახალგაღვიძებულს ვგავდეთო. ეს იგივეა, რაც საპარს ქაფს "ველური წვერი" ან კბილის პასტას "მყრალი სუნი" დავარქვათო. მე იქვე წარმოვიდგინე კაფე ნიუ იორკში სახელწოდებით Starvation Central.

  • დილის სურათი ვაკის ერთ ქუჩაზე. შუახნის ქალი ასეირნებს პუდელს. აბუზული დადის და ელოდება, სანამ ძაღლი თავის საქმეს მოამთავრებს. ზემოთ კურტკა აცვია, მოხურული, ქვემოთ კაპრი, შიშველ ფეხებზე პლატფორმა ქოშები აქვს ამოცმული. ფეხის ფრჩხილები შეღებილი აქვს და უკვე გვარიანად წამოზრდილი. მუჭში ახველებს. პატარა ძეხვს, ყველის პატარა ნაჭერს და ერთჯერადი ჭიქით საწებელს იყიდის და სახლში ავა.
  • როდის მობეზრდებათ quote-ების დაშეარება ფბ-ზე და ინსტაგრამზე. Life is too short. Live for the moment. Never regret anything. Fall in love. Sing in the rain. Go some place you've never been.  Oh, la la!!! 
  • ლიფტის ღილაკს მოხრილ თითს ვაჭერ, რომ მიკრობებს "პირდაპირ არ მივეგებო", თითქოს თითის ის ნაწილი ჩემი არ იყოს.
  • თუ დაკვირვებიხართ საერთაშორისო ტრენინგების ჯგუფურ ფოტოებს. თითქმის არავინ ბოლომდე არ ჩანს, რადგან სურათზე ასორმოცდაათი ადამიანია გამოსახული. მკერდზე ბეჯები, ატმოსფერო - ცოტა ცელქი და ზომიერად კმაყოფილი. მეც მაქვს ასეთი ფოტოები, გაჭიმული ვდგავარ, ოდნავ  გაღიმებული.
  • ანა ვინტურს არ მოსწონს head-to-toe black. თბილისში უნდა ჩამოვიდეს ნოემბრის ბოლოდან. მოიხიბლება. მოდის სამყაროში მოდაშია სიტყვა journey, რომელიც, ანას აზრით, ყველამ უნდა დაივიწყოს.
  • უკვე შემოვიდა მანდარინი. არადა, სულ წინასაახალწლო პერიოდთან ასოცირდება ჩემთვის. ბიძაჩემი ყუთობით გვიგზავნიდა სოხუმიდან. აივანზე გველაგა. ზაზა ჩუმად მიადგებოდა და ახალი წლის დადგომამდე სულ გამოჭამდა ამ მანდარინებს. დედაჩემს ყუთში მარტო ჩენჩოები ხვდებოდა. 

10 comments:

  1. უცებ გამახსენდა – ამას წინათ ფბ–ზე გაავრცელეს ერთი თბილისური სალონის ფოტო, რომელსაც ჰქვია "თვინიერი კულული" :))
    მომეწონა ჩამონათვალი :)

    ReplyDelete
    Replies
    1. ქეთი, გულიანად გამაცინე! :)
      წარმოიდგინე სარეკლამო ტექსტის დასაწყისი: "თვინიერი კულულებით არასდროს გამოვირჩეოდი."

      Delete
  2. ოო, დიდი კომენტარი დავწერე და არ გამოაქვეყნა :|

    ReplyDelete
    Replies
    1. აუუ :( რატო. ვორდპრესი აკეთებს ამას ხშირად, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რატო :(

      Delete
    2. არ ვიცი, რა დაემართა, ბოლო პერიოდში უკვე რამდენიმე ასეთი შემთხვევა მქონდა :/

      მოკლედ, იმას ვამბობდი, ძალიან მომწონს შენი ასეთი პოსტები–მეთქი ^^

      Delete
    3. :) :) მადლობა! :) მე შენი breakfast club სულ მეგობრებს ვუფორვარდე :)

      Delete
  3. :-)))) dzalian magari iko, bevri vicine, kidev da kidev mindoda rom gagrdzelebuliko

    ReplyDelete
  4. მშვენიერი იყო, მრავალთემიანი და ბევრ, სხვა და სხვა შეგრძნებიანი :))

    ReplyDelete
    Replies
    1. :) მადლობა და მიხარია შენი გამოჩენა! :)

      Delete