ხალხს ეცვა თბილად და ერთფეროვნად და შეჩვეული იყო ყველაფერს: თუკი მღეროდნენ-ყველა მღეროდა, ყველა ღელავდა- თუკი ღელავდნენ. დიდი ამბები ხდებოდა გარეთ: ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს, ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი, ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს დიდი ამბები ხდებოდა გარეთ: ეკარგებოდა ქალაქს ხალისი უკაცურ ქუჩებს უფრთხოდა მთვარეც და იწყებოდა წვიმა თავისით. წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში, ეკარგებოდა ქალაქს იერი და მოედანი ბზინავდა ბნელში, ტბასავით ჩუმი და ცარიელი. ძლივს ჩერდებოდნენ ხეები ფეხზე, წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში, და დინამიტით დახოცილ თევზებს ჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში. სუფთავდებოდა სივრცე ყოველდღე, აჩენდა თავის უნაკვთო სახეს და უთავბოლოდ დააქროლებდნენ დღეები ძველი აფიშის ნახევს. ბაღშიც ხდებოდა დიდი ცვლილება; ყველა კუნჭული მოჩანდა უკეთ. თუმცა სიცოცხლით მთვრალი წყვილები მაინც ვერ გრძნობდნენ რომ ჩანდნენ უკვე.... და სხეულები, როგორც ღრუბლები, იპყრობდნენ სივრცის უდიდეს ნაწილს და იმ ხეების თავისუფლებით კვლავ შიშვლდებოდნენ ქალაქის თვალწინ, კვლავ ასრულებდნენ ბუნების ნებას, რადგან ისინი მაშინ ცდებოდნენ, როცა ბუჩქებში მალავდნენ ვნებებს, ვით ნაქურდალით სავსე ჩემოდნებს. ბაღიც იმიტომ აღარ კვნესოდა, არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს, თუმცა ფოთლების უმრავლესობა სველ ბილიკებზე ეყარა პირქვე.
(ოთარ ჭილაძე "გვიანი შემოდგომა")
Thursday, October 22, 2026
October, in a Quiet Mood
Thursday, September 17, 2026
რანდომული ფიქრის რეგისტრაცია
მინდა აქ ჩავიწერო, რომ არ დამავიწყდეს: ამ ზაფხულს, თითქმის ყოველდღე მახსენდებოდა ბებია.
როცა ვახშმად დაჯდებოდა და სხვა სიტუაციებშიც, სიმღერის თქმა უყვარდა, ახალგაზრდობაშიც და მერეც. ხმის შეწყობის დროს, მუსიკით მოგვრილ ეშხს ხელის აწევით გამოხატავდა. სახეზე სიხარული ეწერა, პარტნიორს სახეში უყურებდა და ისე მღეროდა. ამ დროს მისი ხელი ცალკე სათქმელს ამბობდა: შრომისგან გაგანიერებული ხელის მტევანი ჰქონდა, ცერათითი - აპრეხილი, კანი - მზისგან გამუქებული, მკლავები - გამხდარი. ამ მარჯვენა ხელის ჟესტები ასრულებდა სიმღერის ფრაზებს, პარტნიორს ანიშნებდა მახვილებს ან პაუზებს, ან სიმღერის ხასიათს გამოხატავდა.
ზაფხულში ის ადგილები არ მინახავს, სადაც ბებია ცხოვრობდა და მაინც, ყველგან ვხედავდი ჰაერში აწეულ მის ხელის მტევანს, დაბალ ხის სკამს, ღვინის თლილ ჭიქას და სამღერად გამზადებულ სხეულს.
| ჭოგნარის ეკლესიის სამრეკლო, 2021 |
![]() |
| 2007 წლის ზაფხული |
Saturday, September 5, 2026
When Summer Turns to September
| დედა საღამოს ბინდში |
ამ ადგილებს მერამდენედ ვაფარებ თავს, მაგრამ მაინც ხარბად და თანაბარი აღტაცებით ვიღებ ბუნების სურათებს. დილით ფანჯრიდან დანისლულ მთებს ვუყურებ. ზოგჯერ ღრუბელი მთებს მთლიანად ფარავს. ეს სანახაობა სულ ახლოს მაქვს და მაღლა კი არა, პირდაპირ. სურათი ხშირად იცვლება: მუქი მთები, ცისფერი ცა და მთის წვერზე პატარა ვარდისფერი ღრუბელი, ან ნაცრისფერი ცა (რომელიც სანდრას არ მოსწონს), მოძრავი თეთრი ნისლი და წვიმა.
ამ საღამოს, ტრადიციული ძილისწინა გასეირნებისას
ვარსკვლავებიანი ცა დაგვხვდა და ვინატრეთ, ასეთი ტყე ჩვენი თბილისის სახლის ირგვლივ
გვქონოდა, ასეთი მთვარე გვენახა, ასეთი იისფერი პეპლები გვყოლოდა მინდორში.
ამ ვიდეოთი მინდოდა, დასრულებული ზაფხულის და
ადრეული შემოდგომის სევდა გადმომეცა.
წლის ამ პერიოდში მკვეთრი აგრილების, არდადეგების
დასრულების და მომავალ დატვირთულ დღეებზე შემოწოლილი ფიქრების მეტაფიზიკური ტკბილ-მწარე
განცდა მოდის, ნიავთან და ძველ მელოდიებთან ერთად.
დღეს ნაშუადღევს, როცა ჩვენი მეგობრები გაემგზავრნენ
და ეზო სიჩუმემ მოიცვა, სასეირნო ბილიკზე ჩრდილები გაწვნენ. მალე ჩვენც წავალთ, რაც, თითქოს, დროის გასვლასავით გულგრილი ჩანს: სტუმრები ბარგს შეკრავენ, ფერად ჩემოდნებს ხმაურით გააგორებენ, მანქანები ეზოდან გავლენ, ბავშვების სიცილი და ნამღერი საქანელებთან მსუბუქ ლანდებად დარჩება.
Wednesday, August 12, 2026
A Pocketful of Sunsets
Reliving summer memories...
კადრები უმეტესად სასტუმროს აივნიდან გადავიღე.
ჯადოსნურ მინის ზარხუფში მოვაქცევ ამ შუქს, ტალღების ხმას და თან წავიღებ.
Monday, August 4, 2025
Breathe Deep: Mountain Days, Summer 2025
კიდევ ერთი ზაფხული მთების სიმშვიდესა და სიწმინდეში, კრიალა მთვარით, სიბნელეში ხეების კენწეროებით, ნაწვიმარზე ნაძვების სუნით. ჩრდილი, ნიავი და გარინდება.
Thursday, January 9, 2025
My Wishing Well
უკვე აღარც მახსოვს, რა ჩანაფიქრი მქონდა და რა უნდა დამეწერა ამ პოსტში. დრაფტებში გადავაწყდი. იყოს ამ სახით.
Wednesday, January 8, 2025
Wednesday, October 9, 2024
Friday, September 27, 2024
ის აქ არის
შემოდგომა მთელი თავისი შინაარსით ჩემი შინაგანი სამყაროს ასახვაა. სიხარულით ვხვდები მის შთაგონებას. სეზონის გიდად იაპონური პოეზია და მხატვრობა ავირჩიე. (პწკარედული თარგმანი ჩემი)
გვიან სექტემბერს
ცისფერი ზოლიანი კიმონო აცვია.
კობაიუში ისსა
Late September is
wearing a sky-colored
lined kimono
By Kobayashi Issa | Translation by Zoria P.K.
Gazing on something
so seldom seen from Edo,
the moon-topped mountains
By Matsuo Basho | Translation by Andrew Fitzsimons
Sunday, September 22, 2024
Sunday, September 1, 2024
Serenity
წელს სულ მზის ჩასვლებს ვიღებდი და მათ ფონზე პატარა კანოეებს.
სიტყვა serenity ასეთ საღამოებს ყველაზე კარგად აღწერდა.
Thursday, April 18, 2024
დედა იცინის
Wednesday, March 20, 2024
2024 წლის 20 მარტი, ოთხშაბათი
ნაშუადღევს ლაშამ და მე ყოველდღიურობას რამდენიმე წუთი გამოვტყუეთ, ნაზამთრალი სხეულები გავანიავეთ და ეს მოგონება შევინახეთ.
Tuesday, February 20, 2024
Sunday, January 14, 2024
Tuesday, January 9, 2024
ხეები ზამთარში
![]() |
| Trees. Painting by Sōichirō Tomioka |
ჩვენს უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. თხელი აღნაგობა აქვს, ფეხს ცოტათი მიათრევს, უმეტესად მუხლამდე კაბა, ჩექმა და მოკლე პალტო აცვია. დატკეპნილი თხელი თმა აქვს, კბილები - ჩაცვენილი. მუდმივად რომელიღაც ცხოველს ეძებს, რომ გამოკვებოს. ჩანთით მათი საკვები დააქვს. ძაღლები და კატები სახლშიც ჰყავს შეფარებული და უბნის ცხოველებსაც პატრონობს. იმ დღეს საიდანღაც სახლში ვბრუნდებოდი: ქარი იყო, საღამოვდებოდა, ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, როცა თვალი მოვკარი: დადიოდა და ცხოველებს ეძახდა, არ ვიცი, ძაღლებს თუ კატებს. როცა პარკში მხვდება, საკმაოდ ენერგიულად ლაპარაკობს, თავისთავზე ჰყვება (ქართველი მსახიობის შვილია), ქაქანებს, რაღაცაზე დაიჩივლებს, სიტუაციას აღწერს, შერყეულ ჯანმრთელობაზე მიყვება და მგონია, არც ისეთ რთულ სიტუაციაშია, რომ სიბრალულს იწვევდეს, გარეთ გამოდის, არც ისეთი ხნიერია... იმ დღეს კი ძალიან შემეცოდა: ახალი წლის წინა პერიოდი იყო, ქუჩა თითქმის ცარიელი, მეზობლებს მანქანები დაეყენებინათ და სიცივისთვის სახლში შეესწროთ, მეც სახლში მეჩქარებოდა. ის კი ყველასგან დავიწყებული ჩანდა. არავის აინტერესებდა ისევე, როგორც ის ქუჩის ძაღლები, რომლებსაც უხმობდა. ისინიც თითქოს სადღაც გამქრალიყვნენ და შებინდებულზე ჩოჩიალით მოსიარულე გამხდარი ქალის ძახილს უფრო ტრაგიკულს ხდიდნენ. მისი ხმა სუსტად ისმოდა დღესასწაულის მოლოდინში მიწყნარებულ უბანში. დღესაც დავინახე აივნიდან: ნაგვის ურნასთან მობორიალე კატას გაეკიდა. კატამ სხეული აზნიქა და გაეცალა. დავინახე და ისევ ის დღე გამახსენდა.
ასეთ ადამიანებს ყველგან ვამჩნევ და ეს კიდევ უფრო ამძიმებს გარესამყაროს ჩემეულ აღქმას, რომელიც ისედაც სევდისკენაა მიდრეკილი. ადრე, როცა წვეულებები ძირითადად ოჯახებში იმართებოდა, სადმე აუცილებლად შევნიშნავდი მარტო მჯდარ ადამიანს, ან დასახმარებლად შემოსულ მეზობელს, რომელიც მეორე ოთახიდან უყურებდა აჟრიამულებულ სტუმრებს. რატომ ვაკვირდებოდი ასეთ ადამიანებს? ალბათ, საკუთარ თავს ვამსგავსებდი. თუ ოლიმპიური ცეცხლის გენი არსებობს, ჩემს სისტემას ის ნამდვილად აკლია. ხშირად მინატრია, არსებობდეს რაღაც ამ ცეცხლისმაგვარი, რომელსაც ხელში დავიჭერდი და თამამად ჩავურბენდი შიშს და გაუბედაობას. ამაზეც მეტყობა, რომ მირჩევნია, ზებუნებრივ ძალას გავაკეთებინო ჩემი გასაკეთებელი. ახლა საჭიროა, რაღაც გზა მივცე იმ ცოდნას, რაც დრომ და ასაკმა მომცა. საქმის და დატვირთული გრაფიკის მიზეზით თავს ვარიდებ, სხვა დროისთვის ვდებ საკუთარ თავზე რეფლექსიას, რაღაცის დაგეგმვას. არც წელს მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება, მაგრამ ფიქრს მაინც დავიწყებ.













