Trees. Painting by Sōichirō Tomioka |
ჩვენს უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. თხელი აღნაგობა აქვს, ფეხს ცოტათი მიათრევს, უმეტესად მუხლამდე კაბა, ჩექმა და მოკლე პალტო აცვია. დატკეპნილი თხელი თმა აქვს, კბილები - ჩაცვენილი. მუდმივად რომელიღაც ცხოველს ეძებს, რომ გამოკვებოს. ჩანთით მათი საკვები დააქვს. ძაღლები და კატები სახლშიც ჰყავს შეფარებული და უბნის ცხოველებსაც პატრონობს. იმ დღეს საიდანღაც სახლში ვბრუნდებოდი: ქარი იყო, საღამოვდებოდა, ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, როცა თვალი მოვკარი: დადიოდა და ცხოველებს ეძახდა, არ ვიცი, ძაღლებს თუ კატებს. როცა პარკში მხვდება, საკმაოდ ენერგიულად ლაპარაკობს, თავისთავზე ჰყვება (ქართველი მსახიობის შვილია), ქაქანებს, რაღაცაზე დაიჩივლებს, სიტუაციას აღწერს, შერყეულ ჯანმრთელობაზე მიყვება და მგონია, არც ისეთ რთულ სიტუაციაშია, რომ სიბრალულს იწვევდეს, გარეთ გამოდის, არც ისეთი ხნიერია... იმ დღეს კი ძალიან შემეცოდა: ახალი წლის წინა პერიოდი იყო, ქუჩა თითქმის ცარიელი, მეზობლებს მანქანები დაეყენებინათ და სიცივისთვის სახლში შეესწროთ, მეც სახლში მეჩქარებოდა. ის კი ყველასგან დავიწყებული ჩანდა. არავის აინტერესებდა ისევე, როგორც ის ქუჩის ძაღლები, რომლებსაც უხმობდა. ისინიც თითქოს სადღაც გამქრალიყვნენ და შებინდებულზე ჩოჩიალით მოსიარულე გამხდარი ქალის ძახილს უფრო ტრაგიკულს ხდიდნენ. მისი ხმა სუსტად ისმოდა დღესასწაულის მოლოდინში მიწყნარებულ უბანში. დღესაც დავინახე აივნიდან: ნაგვის ურნასთან მობორიალე კატას გაეკიდა. კატამ სხეული აზნიქა და გაეცალა. დავინახე და ისევ ის დღე გამახსენდა.
ასეთ ადამიანებს ყველგან ვამჩნევ და ეს კიდევ უფრო ამძიმებს გარესამყაროს ჩემეულ აღქმას, რომელიც ისედაც სევდისკენაა მიდრეკილი. ადრე, როცა წვეულებები ძირითადად ოჯახებში იმართებოდა, სადმე აუცილებლად შევნიშნავდი მარტო მჯდარ ადამიანს, ან დასახმარებლად შემოსულ მეზობელს, რომელიც მეორე ოთახიდან უყურებდა აჟრიამულებულ სტუმრებს. რატომ ვაკვირდებოდი ასეთ ადამიანებს? ალბათ, საკუთარ თავს ვამსგავსებდი. თუ ოლიმპიური ცეცხლის გენი არსებობს, ჩემს სისტემას ის ნამდვილად აკლია. ხშირად მინატრია, არსებობდეს რაღაც ამ ცეცხლისმაგვარი, რომელსაც ხელში დავიჭერდი და თამამად ჩავურბენდი შიშს და გაუბედაობას. ამაზეც მეტყობა, რომ მირჩევნია, ზებუნებრივ ძალას გავაკეთებინო ჩემი გასაკეთებელი. ახლა საჭიროა, რაღაც გზა მივცე იმ ცოდნას, რაც დრომ და ასაკმა მომცა. საქმის და დატვირთული გრაფიკის მიზეზით თავს ვარიდებ, სხვა დროისთვის ვდებ საკუთარ თავზე რეფლექსიას, რაღაცის დაგეგმვას. არც წელს მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება, მაგრამ ფიქრს მაინც დავიწყებ.
იაპონელი არტისტის ეს ნახატი საკუთარი თავის ერთგულების სიმბოლოა. აქ ვინახავ, რომ წლევანდელი ზამთარი გამახსენდეს. სანდრას ლაშამ იაპონური ანიმეების რეტროსპექტივა მოუწყო. ისიც მონუსხულია იაპონური ხელოვნებით: ამჩნევს დეტალებს ("საცკი და მეი მანქანაში პეჩენიას ჭამდნენ"), მღერის მელოდიებს, გამოხატავს და სახელს არქმევს ზღაპრის სიუჟეტით მოგვრილ ემოციებს. როცა ასეთ ხის ტოტებს ვუყურებ, ჩემი ცნობიერი მაშინვე უბრუნდება შინაგან მოგზაურობას, ამ ტოტებივით ჩერდება, საკუთარ თავს უსმენს. ეს ყოველთვის კარგია, მაშინაც კი, როცა გონებაში საკუთარი თავის განვითარების, ან გაუმჯობესების კონკრეტულ გეგმას არ ამუშავებ. ტყეს იაპონურ ხელოვნებაშიც ხომ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. უცნობ ადამიანებს შორის ასეთი კავშირები უხილავია, თან მარადიული და მყარი.
ჩვენი შემოდგომის მოგზაურობიდან რატომღაც ერთი ეპიზოდი მიბრუნდება ხშირად. ამას ვერ ვხსნი იმიტომ, რომ სხვა შთამბეჭდავ ადგილებთან შედარებით, რომლებიც ვნახეთ, ეს შედარებით ჩვეულებრივი იყო. ზაზას ოჯახთან ერთად დასვენების შემდეგ ბელგიის პატარა სოფელში გადავედით რამდენიმე დღით საცხოვრებლად. ადგილი აპლიკაციით დავჯავშნეთ ისე, რომ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. დასასვენებელი სახლების კომპლექსი აღმოჩნდა, რომელიც უზარმაზარ პარკში იყო მოწყობილი. ჩვენი სახლი ტყის პირას იდგა. უბრალო სახლი იყო, ჩრდილოეთევროპული სტილის, ირგვლივ საბავშვო მოედნებით და სტადიონებით. რადგან შუა შემოდგომა იყო, დამსვენებლები ცოტა იყვნენ და სულ ის შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მოჟრიამულე ბავშვები სულ ახლახან გაკრეფილიყვნენ იქედან, მშობლებს მანქანებში ჩაესხათ, რომ სწავლის დაწყებისთვის მომზადებულიყვნენ. მეგონა, რომ ის ადგილი ისევ მათი ხმებით იყო სავსე, სახეებსაც ვხედავდი, შუბლზე ჩამოყრილ ქერა თმას, ოფლით დაცვარულ შუბლს და ფეხბურთის თამაშისგან გაცვეთილ ფეხსაცმლის ჭვინტს. ყველაფერს ისე, როგორც ჩემი ბავშვობის წიგნებში აღწერდნენ და ასე მიყვარდა. ალბათ, ეს მომწონდა ყველაზე მეტად, რომ იმ სკანდინავიურ წიგნებს არათუ მივუახლოვდი, მთლად განივთებული ვნახე, მათ ცხოვრებაში ვიყავი, მათი ყოველდღიურობის სისადავის და ჯანსაღი, სუფთა ენერგიის თანაზიარი გავხდი. დილით ოთახში სუფთა ჰაერს ვუშვებდი და პარკს ვუყურებდი. ვიღაც ჩამოცვენილ წაბლს აგროვებდა, ან ქარი იყო და ტანმსხვილი ხეები ირხეოდა. დაღამებისას ფარდებს ვაფარებდი, გარეთ ფანრებს ანთებდნენ და ისევ სიჩუმე და სიკრიალე იდგა. იქ ყოფნა კიდევ იმან დაატკბო, რომ დღის ბოლოს ხეტიალით დაღლილები ვბრუნდებოდით, გათბობას ვრთავდით, ჩაის ვადუღებდით, ტელევიზორთან ვსხდებოდით, ნაყიდებს ამოვალაგებდით, საქართველოში ახლობლებს ვურეკავდით, ვიცინოდით და გარდაცვლილ ოჯახის წევრებს ვიგონებდით. ეს ისეთი ტკბილი იყო! იმ ადამიანებს ვახსენებდით, რომლებსაც იმ სახლში არ უცხოვრიათ, არც იმ ქვეყანასთან ჰქონიათ რაიმე კავშირი და მაინც მათი ნათქვამი სიტყვების და მოქმედებების გახსენება და სიცილი იმ კედლებში ძალიან ბუნებრივად ჟღერდა.
ბახის ეს ინტერპრეტაცია იმდენად შემიყვარდა და იმდენი ხანია, უსასრულოდ ვუსმენ, რომ უკვე მგონია, მე ვარ. ისიც საკუთარი თავის სიღრმეში ხეტიალზეა, როგორც გელას ეს ფოტო.
თიკო, მწერალთა კავშირში რას ფიქრობენ ნეტა? აკბათ, ასეთ საოცარ მწერალს უბრალო ადგილს ვერ მოგიჩენენ. 😊 მართლა განსაკუთრებული ხარ. 💜
ReplyDelete:D :D <3
Deleteთიკო დრო არის შენი ნოველები გამოაქვეყნო შენ არ იცი რამდენ ადამიანს მოუთბობ გულს. საოცარი ადამიანი ხარ. ❤️❤️❤️❤️
ReplyDeleteawww <3
Deleteოჰ, თინა, შენი პოსტები! როგორ მიყვარს და როგორ კარგად იკითხება.
ReplyDeleteიმ ნაწილმა დამაფიქრა, მარტოსულ ადამიანებს ვამჩნევო, რომ წერდი - ახლა მივხვდი რომ მეც მახასიათებს ეგ და ყოველთვის მასევდიანებს და მამძიმებს.
იაპონელები როგორ დეტალებზე ორიენტირებული არიან, არა? ჩემს თავშიც ვპოულობ მაგ თვისებას, რაღაც პატარა დეტალის შემჩნევა ყველა სიტუაციაში, რომელიც განსაკუთრებულია, მაგრამ თან ძალიან ყოფითი.
<3 ბევრი ახალი დეტალი და მდიდარი თავგადასავლები ახალ წელს! <3 იაპონიაზე სულ შენ მახსენდები.
Delete