Tuesday, December 18, 2012
Saturday, December 1, 2012
მოდისტა და სხვები
ამონარიდი ჩემი მეგობრის, ნანას ელექტრონული წერილიდან. რასაკვირველია, მისი თანხმობით ვაქვეყნებ.
"1 საათზე ჩეხეთის საელჩოში ვიყავი ჩაწერილი, პასპორტის წამოსაღებად და ცოტა ადრე გამოვედი ოფისიდან, გზად მკერავთან უნდა გამევლო, გადასაკეთებლად მქონდა მიტანილი ქვედაბოლო. ეს მკერავი სომეხი ქალია, გაია. რუსთაველზე, ერთ-ერთ არკას თუ დაუკვირდები, სანამ "ანტრემდე" მიხვალ, არკის შესასვლელში აბრაა გამოკრული "მოდისტა". ეს აბრა გვაუწყებს, რომ მკერავი გაია აქვეა სულ ორ ნაბიჯშიო და თან უბრალოდ მკერავი კი არაა, მოდისტა არისო.:) გაიას მართლაც რომ ოქროს ხელი აქვს, ძალიან ხარისხიანად კერავს, და საფასურსაც შესაბამისს იღებს. სიმართლე რომ გითხრა, ძვირსაც კი იღებს. მაგრამ, იმდენად მოსახერხებელია იქვე რომაა და შედეგიც რომ იცი ნამდვილად ხარისხიანი იქნება, მიგვიჩვია მთელი ოფისი. მოვიტანთ რაიმეს მის გაკეთებულს და ვწუწუნებთ: "ამაში ამდენის მოთხოვნა რა უბედურებააო", მაგრამ არ გაივლის ცოტა ხანი და ისევ გაიასთან მივდივართ, თუ მკერავი გვჭირდება.
იტალიურ ეზოში აქვს "სამკერვალო" გაიას. სულ რაღაც ორი პატარა ოთახია. ეზოში უზარმაზარი ხე დგას, ჭადარი. ეხლა სულ გადაყვითლებულ - გადაოქროსფერებულია ჭადარიც და ეზოც. მივუკაკუნე კარებზე გაიას, მომესმა "zaxodite, otkrito". შევედი, გაიამ იქვე ელექტრო-გამაცხელებელზე რკინის ჩაიდანი შედგა. იცი, როგორი გამაცხელებელი აქვს, სპირალები რომ ანათებს წითლად. მერე მეორე ოთხში შემიძღვა, ჩემი ქვედაბოლო მოძებნა და მოისინჯე, აბა, როგორი გამოვიდაო. მართლაც, კარგად გამიკეთა. 18 ლარიო, მე 20 ლარიანი მქონდა და დამელოდე ერთი წუთითო, ხურდა არა მაქვს და დავახურდავებო. წავიდა.... მე ოთახის დათვალიერება დავიწყე და უცებ რა ვიგრძენი, იცი? დამცინებ ეხლა :D გაია მინდოდა ვყოფილიყავი. ეს ოთახი ყველაზე მყუდრო ოთახად მომეჩვენა მთელს მსოფლიოში. გარეთ ცრიდა, აქ კი წითლად ანათებდა სპირალიანი გამაცხელებელი, ჩაიდანი კიდე ზემოდან ქოთქოთებდა, გარშემო სხვადასხვა ფერის უამრავი ნაჭერი და ძაფები იყო და ძველთაძველი საკერავი მანქანა. ყველაფერი ისეთი პრიმიტიული იყო და თან ისეთ სიმყდროვეს ქმნიდა. არ მინდოდა არც ჩეხეთის საელჩოში წასვლა, მერე ოფისში დაბრუნება, საღამოს სალონში შერბენა მანიკურზე, მერე სახლში მოსვლა, სადაც გათბობაც ცენტრალურია, ჩაიდანიც თანამედროვე. ეს ყველაფერი ცივილიზაციის ისეთ გულისამრევ კომპონენტებად მომეჩვენა იმ წუთებში და ისე შემშურდა გაიას ამ ორი მოცუცქნული ოთახის, ჟანგიანი ჩაიდნით და ძალიან გასარეცხი ფარდებით.
Thursday, November 29, 2012
ბებული
როცა ქალბატონ დონარას შესახებ დავწერე, სოფიმ და ქეთიმ მთხოვეს, სხვა გამორჩეული ადამიანებიც გაგვაცანიო. ლაშამ მითხრა, მოდი, ბებულიზე დაწერეო. იოლი არ იქნება უახლოეს ადამიანზე დაწერა, თუმცა ეს ყოველთვის მინდოდა. ბავშვობაში კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი და დღიურებში ვწერდი, რომ ბებოზე ფილმს გადავიღებდი.
თამარა ბებო ჩემს ცნობიერებაში თითქმის დაბადებიდან გაჩნდა. როცა ქუთაისში ვცხოვრობდით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, ორ პატარასთან მარტო დარჩენილ დედაჩემს ეხმარებოდა. სულ დატვირთული ჩამოდიოდა, თავის მოწეულ პროდუქტებს მაღაზიაში ნაყიდ ტკბილეულსაც აუცილებლად დაამატებდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩვენ ჩავდიოდით მასთან. ჩემი სოფელი ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. ზაფხულობით ხშირად ვიყავით ბებოსთან. დედა ხანდახან სამსახურშიც იქედან დადიოდა. ღამეები იყო ხოლმე საოცარი. ასწლოვანი ძელქვის ქვეშ მაგიდასთან ვჯდებოდი, ბავშვურ-რომანტიკულ-ფილოსოფიური ფიქრებით დატვირთული. კიდევ დაღამება მიყვარდა განსაკუთრებით. მეზობლების ეზოებიდან ისმოდა, როგორ აბინავებდნენ შინ დაბრუნებულ საქონელს, როგორ დგამდნენ ძირს ალუმინის ვედროებს, აჭრიალებდნენ ჭიშკარს. მერე ფეხზე იხდიდნენ და სახლში შედიოდნენ. იქედან ხმამაღლა ჩართული ტელევიზორების ხმები გამოდიოდა. ასეთ ბანგიან შეღამების დროს მე და ჩემი ძმა ეზოში ვტრიალებდით ხოლმე, ხელები განზე გვქონდა გაშლილი და ზემოთ ვიყურებოდით. იქამდე ვტრიალებდით, სანამ თავბრუ არ დაგვეხვეოდა და ბალახზე არ დავეცემოდით. ამ დროს ცას ვუყურებდით, რომელიც ჩვენს თავზე სწრაფად ტრიალებდა.
როცა თბილისში წამოვედით, ბებული სევდიანად ამბობდა, ვერ ვიტან, როცა ავტობუსი ჩამოივლის; ვიცი, რომ თქვენ არ ჩამოხვალთო. ახლა ჩვენთან ზამთრობით რჩება, სამივე შვილთან, რიგრიგობით. სააღდგომოდ ისევ სახლში მიდის, რომელიც ქვეყანას ურჩევნია. უბედნიერესია, როცა მასთან ჩავდივართ, თუ თან მეგობრები გვახლავს, მაშინ სულ ბრწყინავს. ახალგაზრდებთან ყოფნა ძალიან უყვარს. ხელად გაამზადებს სადილს, სუფრაზე ღვინოს შემოდგამს და დაჯდება. სუფრა სიმღერის გარეშე ვერ წარმოუდგენია: წამოიწყებს და სტუმრებს აიყოლიებს. შარშან ლაშას ნამღერი მოვასმენინე აიფოდით. საკუთარ სიმღერას ასრულებდა. სახე გაუნათდა. მთელი დღე ამბობდა, როგორ ვისიამოვნეო. სანამ ჩვენთან ჩამოვა, სულ მენატრება და მახსენდება, როგორ მიგზავნიდა მაისში, ჩემს დაბადების დღეზე, თავის ეზოში გაზრდილ ვარდებს.
Thursday, November 22, 2012
Dee Dee Bridgewater: Lady Sings the Blues
გუშინ მე და ლაშა Dee Dee Bridgewater-ის კონცერტზე ვიყავით. მეორე რიგში, შუაში, სცენასთან ახლოს ვისხედით. ჯერ კვინტეტის სხვა წევრები გამოვიდნენ, მერე თვითონ. საქართველოში პირველად 1972 წელს ყოფილა, როცა ლაშა 2 წლის იქნებოდა, მე კი ჯერ არ ვიყავი დაბადებული. მაშინ 6 თვის ორსული ყოფილა. ახლა ის "ბეიბი" ჩემი მენეჯერიაო, ღიმილით გვითხრა. ამ თბილი მისალმების შემდეგ ორი საათი შესვენების გარეშე იმღერა. ენერგიის გარდა, გარეგნობაც განსაკუთრებული აქვს. როცა სულ ახლოს მოდიოდა, მის ყველა კბილს ვხედავდი, ერთნაირად თეთრს. თმა გადაპარსული ჰქონდა. ვერცხლისფერი ხელოვნური წამწამები ეკეთა, გრძელი და სწორი, უსახელო, ბრჭყვიალა მწვანე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ბოტილიონები ეცვა. ლამაზად მოძრაობდა, თან სასაცილოდ. კინოს და მუსიკის არტისტებში ყოველთვის ამას ვეძებ. არტისტის მოწონება ჩემთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლამაზთან ერთად სასაცილოც იყოს. ერთი სიმღერა უძველესი პროფესიის ქალებზე იყო, ბლუზის ჟანრში. თავის პიანისტს მიუცუცქდა და პროვოკაციული ტექსტის ფონზე მას ეხუტებოდა: ხან ქუდი მოხადა, ხან ფეხებზე აუსვ-ჩაუსვა ხელები... ასე, ექსპრომტად გაათამაშა სრულიად არაუხამსი კომედია. თვითონაც ხითხითებდა, პიანისტიც და ჩვენც. საერთოდ, იმ ორ საათში Dee Dee ბევრნაირი იყო: ელეგანტური, სექსუალური, კომიკური, თავშეკავებული, ენერგიული. აუდიტორიასთან კავშირი არ გაუწყვეტია. დარბაზის ყველა ნაწილს სწვდებოდა. ჯაზის არამოყვარულსაც კი მოხიბლავდა.
Sunday, November 18, 2012
გალას შემოდგომა
გუშინ კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად გავივსე და გავიჟღინთე შემოდგომის მზით, ჰაერით და ფერებით, უფრო მეტად - ჩემი მეგობრების გარემოცვით. მაიკოსთან ავედით, მცხეთის სახლში. მის ბაღში ფოთლების სქელი ხალიჩა, ხეხილი და შემოდგომის გამაბრუებელი სურნელი დაგვხვდა. როლები გავინაწილეთ: მე ბაღში დავდიოდი ხეებს შორის, (უქარო და უნიავო დღე იყო და ხეები ჩუმად, უძრავად იდგნენ) ვფიქრობდი ლაშაზე, რომელიც თბილისში დარჩა და გალაკტიონზე. იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო. დამდევდა ფრაზა: "შემოდგომაა, წვიმამ მოლია ტყეთა მსუბუქი მელანქოლია". კიდევ ეს: "გაისმა შორი სროლის ხმა მთაში და მონადირემ დაკოდა შველი. საღამო იწვა ხავერდის ყდაში, ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი." მე და თამუნა მეზობლის ქალს გამოველაპარაკეთ... ამ დროს სხვებმა სამწვადე ადგილი მოაწყვეს. (შემოდგომის ჰაერთან შერეული კვამლის სუნი!) მერე კლასიკური ქართული მენიუთი გაჯერებულ სუფრას შემოვუსხედით. სულ რვა ქალი ვიყავით, და ერთი პატარა ქალი - მაიკოს თიკა. დიდხანს ვქაქანებდით. მაიკოს დედა თავის დაბალი, სასიამოვნო ხმით ალჟირსა და საფრანგეთში ცხოვრების წლებზე გვიყვებოდა. მერე სახლში წამოსვლის დრო მოვიდა... პეპის სახლივით მხიარულფერებიან და ტერასებიან მყუდრო სახლს და ჩვენს მასპინძლებს დროებით დავემშვიდობეთ.
Sunday, November 11, 2012
ქალბატონ დონარას გარდერობი
ჩვენი ოჯახის ახლობელი დონარა რესპექტაბელური ქალბატონია. პროფესიით ლინგვისტია. ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ჰქონდა. ახლა აღარ მუშაობს, თუმცა მაინც აქტიურ ცხოვრებას ეწევა. თავის დროზე მერილინ მონროს ადარებდნენ. მართლა ჰგავდა. ყველა მეგობარი მერილინის სუვენირებს ჩუქნის. აქვს ბევრი წიგნი, ფოტო, პოსტერი. ახლაც ყოველდღე შეუდარებლად გამოიყურება. როცა ვხვდები, დაუფარავად ვათვალიერებ და სპონტანურ კომენტარებს ვაკეთებ ყველაფერზე: ფეხსაცმლიდან დაწყებული, ფერების შეხამებით და შარფის ან ქუდის დეტალით დამთავრებული. მისი სტილი იმდენად მომწონს, არ შეიძლებოდა, არ დამეწერა. ჩემი შეთავაზება ჯერ არასერიოზულად მიიღო. მერე, როცა მისი სათუთად დალაგებული ტანსაცმელი ხუთ წუთში დიდ ქაოსად იქცა, ცოტა წაიბუზღუნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით და დიდსულოვნად მაჩვენა საკუთარი გარდერობი.
ასეთია ახლა. |
ასეთი იყო "მერილინობის" დროს. |
ზურმუხტისფერი მისი ყველაზე საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად უხდება. |
Wednesday, November 7, 2012
...Nada Como el Sol/Nothing Like the Sun...
რამდენიმე წლის წინანდელი დღე მინდა გავაცოცხლო. ეს ახლა იმიტომ მომინდა, რომ უჩვეულოდ თბილი შემოდგომაა, შესვენებაზე რომ გავდივარ, მცხელა. ასეთი სითბო ყვითელ ფოთლებთან ცოტა შეუსაბამოა. ჰოდა, მზეზე დავფიქრდი. რამდენი გვაქვს, ზაფხულში გვბეზრდება, თუ შემოდგომა მზით ჩამტკბარი და ჩაშაქრულია, წვიმა გვენატრება. თუ ზამთარი გაიწელა, მზეს ვნატრობთ. მოკლედ, нам не угодишь!
იმ დღეს ჩახჩახა მზიანი დილა იყო. ნიდერლანდებში წლის უმეტეს პერიოდში წვიმს, ამიტომ მზიანი ამინდი ნამდვილი მოვლენაა. ასეთ დღეებში ხალხს სახეზე სიხარული ეფინება. გამოდიან, კაფეებში სხდებიან, მოხდენილ სხეულებზე თეთრ ჯინსებს იცვამენ, ბევრს სეირნობენ, მოკლედ, ნეტარებენ. იმ დღეს პირველი ლექცია "ოპერაციების მართვა" მქონდა. ეს საგანი დიდად არ მიყვარდა, უბრალოდ ლექტორი მყავდა ძალიან პოზიტიური და ცნობისმოყვარე. ჰოდა, მივდიოდი და ვფიქრობდი, მოვახერხებდი თუ არა პრეზენტაციის ზუსტად შვიდ წუთში ჩატევას, როგორც ამას ლექტორი მოითხოვდა. ფიქრი ერთმა სცენამ შემაწყვეტინა: საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეკრეჭილი ქალი თავისი სახლის წინ იდგა. პრაქტიკულად ეცვა: ბოტები, ჯინსი, ქურთუკი. სახლიდან გამოსული მზად იყო ახალი დღის დასაწყებად. საცაა, ველოსიპედს მოახტებოდა და სამსახურისკენ გასწევდა. ოღონდ, იმწუთას არსად ჩქარობდა: თვალები დაეხუჭა, ხელები ფართოდ გაეშალა და სახე მზისთვის მიეშვირა. იდგა და იმუხტებოდა სინათლით, ახალი, თბილი სხივებით. როცა შემნიშნა, გამიღიმა, ოღონდ ადგილიდან არ დაძრულა.
Thursday, November 1, 2012
Aller à l'essentiel des choses
დღეს სამსახურში ძალიან კარგი დღე მქონდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეროვნულ გალერეაში ღონისძიება მოვაწყვეთ. მოწვეულმა ხელოვნებათმცოდნემ მათთვის მასტერკლასი ჩაატარა. თემა იყო მეოცე საუკუნის მხატვრობა და ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას შემოქმედება. სტუდენტები ორ ჯგუფად დავყავით. პუნქტუალურად მოვიდნენ. დარბაზში სკამებზე ჩვენგან პატარა სუვენირები დახვდათ. ორივე ნაწილი დატვირთული და საინტერესო იყო. სტუდენტები ძალიან საყვარლები იყვნენ, ჭკვიანურ კითხვებს სვამდნენ. ყავა–ჩაის დროს ერთმანეთს და მომხსენებელს ესაუბრებოდნენ. გვითხრეს, რომ ყველაფრით ძალიან ისიამოვნეს.
გარემო იმდენად მშვიდი და ლამაზი იყო, რომ ცოტათი გამაბრუა. ლექტორი ძალიან ელეგანტური ქალბატონია, დახვეწილი მანერებით და ჩაცმულობით, ზუსტი ხაზებით შესრულებული ნახატივითაა. თხრობა მშვიდი და მიმზიდველი აქვს. მის კომპეტენციაზე აქ საუბარი ზედმეტი იქნებოდა... გალერეა – ახლადგარემონტებული, კოპწია და სუფთა, თავის დიდი სივრცით, აივნიანი კაფეთი, რომელიც ბაღს გადაჰყურებს და წიგნის მაღაზიით.
მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სამსახური საშუალებას მაძლევს, ხელოვნების სფეროსთან, საინტერესო ადამიანებთან ახლოს ვიყო და ჩემი სამუშაოთი მაქსიმალურად ვისიამოვნო, თან ის გრძნობები და ემოციები განვიცადო, რაც ხელოვნებას მოაქვს. აღარაფერს ვამბობ ახალი ცოდნის მიღებაზე...
Monday, October 29, 2012
Dreams to Remember
სამსახურში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერის პროექტი გვაქვს. წლის ბოლო პერიოდს თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენებს ვუთმობთ. ჩვენი თანამედროვეგანათებებიანი და ბიზნესური დერეფნები ახლა ძალიან სახლური და მყუდრო გახდა. კედლებზე დაკიდებული ნახატები და ნაქარგები ყველას მოსწონს და უხარია, ავტორებსაც და მნახველებსაც.
როცა პროექტის მონაწილეების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს ვამზადებდი, მათ რამდენიმე კითხვა გავუგზავნე. ერთმა მათგანმა დაახლოებით ასე მომწერა: ...აფხაზეთში დავიბადე, ზღვის სანაპიროზე გავიზარდე და ამიტომ, ზღვა ჩემი დიდი სიყვარული და თან ტკივილია. ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ნაქარგია "კოცნა სანაპიროზე." ამ ნაქარგზე პატარა გოგო და ბიჭი ერთმანეთს კოცნიან. ფონად კი ზღვაა. ბიჭი უკვე მყავს, ჩემი ოცნებაა, გოგონაც მყავდეს და ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობდე. მოკლედ, ეს ნაქარგი ჩემი ოცნების პატარა ილუსტრაციაა...
ჩვენი დაწესებულება დიდია და ყველა კოლეგას, ბუნებრივია, ახლოს არ ვიცნობ. ამიტომ, ამ ადამიანის გულწრფელობამ ძალიან ამაღელვა და მადლიერების გრძნობა გამიჩინა. ალბათ, დიდი ვაჟკაცობაა, საკუთარი ოცნება, ფერად ძაფებში სათუთად ჩაქსოვილი, სამსახურში, ყველას დასანახად გამოფინო, მერე კი ამ ოცნებაზე ასე ღიად ილაპარაკო.
Monday, October 22, 2012
დოლის კაცუნა დიმპიტაური
პატარაობაში, სკოლის ასაკამდე ბევრად ადრე, სახლში დიაფილმების ჩვენებას ვაწყობდით. დედა ოთახს ჩააბნელებდა, დაგვსვამდა მე, ჩემს ძმას, რამდენიმე მეზობლის ბავშვს და კედელზე ახალ, ან უკვე ნანახ ფილმს გაუშვებდა. ამ რიტუალის ყველა დეტალი მიყვარდა: საწოლ ოთახში, სადაც ჩვენება ეწყობოდა, ღია ცისფერი შპალერი გვქონდა, შუქის ამომრთველიც ცისფერი, მრგვალი ფორმის, არასტანდარტული. შუქს ნელ-ნელა უწევდა სრულ ჩაქრობამდე, რაც ჩემთვის რაღაც ჯადოსნურის დასაწყისს ნიშნავდა. დედა პროექტორში ფირს დებდა, რომელსაც შემდეგ ხელით ატრიალებდა. კედელზე გაშლილ კადრში სურათი და მის ქვეშ დაბეჭდილი ტექსტი ჩანდა, რომელსაც დედა გვიკითხავდა.
Thursday, September 27, 2012
Makeover Session at Estée Lauder's
Estée Lauder–ის მოტრფიალე 21 წლის ასაკში გავხდი, როცა შტატებში მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახის დედა, Marlene, თვითონ იყენებდა ამ ბრენდის პროდუქციას და მეც მანებივრებდა კოსმეტიკის ჩანთებით, ფრჩხილის ლაქებით (ლაქების მანია აქამდე მომყვა), სასინჯი სუნამოების ნაირსახეობით, პომადებით, თვალის ჩრდილებით, მაკიაჟის ფუნჯებით... როცა საქართველოში დავბრუნდი, იქედან ჩამოსულებს ჩემთვის სასაჩუქრე პაკეტებს ატანდა, რომლებშიც ისევ ვპოულობდი Estée Lauder–ის პროდუქციას... ინტერნეტის ერამდე ჟურნალებში ვკითხულობდი ესტეს კომპანიის ისტორიის შესახებ სტატიებს, ახლა კი ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ერთმანეთზე უკეთესი ახალი პროდუქტების შესახებ. როცა სტოკჰოლმში სოფომ ერთ დიდ უნივერმაღში წამიყვანა, რასაკვირველია, დაუფიქრებლად მივაშურე "მშობლიურ" Estée Lauder–ის განყოფილებას. კონსულტანტმა მკითხა, რაიმე კონკრეტულს თუ ეძებთო, დამსვა და დაიწყო...
Tuesday, September 25, 2012
Filmstaden
სტოკჰოლმში ყოფნისას, როცა მუზეუმების დახმარებით უფრო ახლოს ვეცნობოდი შვედების ყოფა–ცხოვრებას და ტრადიციებს, ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი რეჟისორის – ინგმარ ბერგმანის ფილმები. მოთმინება სულ გამომელია და ბავშვივით ხტუნვა დავიწყე, როცა ტურისტულ ბუკლეტში Filmstaden–ს (კინოქალაქი) წავაწყდი. ტექსტიც მაცდური იყო: "follow the footsteps of Ingmar Bergman, Greta Garbo, Ingrid Bergman and other stars of the Swedish film industry."
"ფილმსტადენი" სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში, სოლნას რაიონშია. მეტროთი რამდენიმე წუთში მივედით. გავიარეთ მისი ცნობილი თაღოვანი კარიბჭე, რომელთანაც თურმე ავტოგრაფების მომლოდინე კინომოყვარულების რიგი იდგა. იქვე, მარცხენა მხარეს დგას ყოფილი დარაჯის ჯიხური, რომელიც გაადიდეს, გაარემონტეს და კაფედ და მაღაზიად აქციეს. ვიზიტორთა მასპინძელი ძალიან სიმპათიური შუახნის ქალი იყო, არასამუშაო დროის მიუხედავად თავაზიანად მოგვემსახურა და არ გვაგრძნობინა, რომ დროს ვართმევდით. ბილეთები გააფორმა, აუდიოგიდები მოგვცა, ჩვენს კითხვებსაც უპასუხა და ბევრი ღიმილიც გაგვატანა.
"ფილმსტადენის" ტერიტორიაზე რამდენიმე "გაჩერებაა". თითოეულს თავის ისტორია აქვს. მე, ლაშა და ანდრო ერთდროულად ვუსმენდით საკუთარ აუდიოგიდებს, ამიტომ ვერ ვასწრებდით მოსმენილზე წამოძახილების და კომენტარების გაზიარებას. ბერგმანის ადრეული შემოქმედებიდან "ფილმსტადენის" პავილიონში რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის "მეშვიდე ბეჭედი" და "ზაფხულის ღამის ღიმილები." დანარჩენს ფოტოებით მოვყვები.
Sunday, September 16, 2012
A Trip to Stockholm
მე და ლაშა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით სტოკჰოლმიდან. ვეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები ისევე მშვიდად გადმოვცე, როგორი მშვიდებიც შვედები არიან; თუმცა, რამდენად გამომივა, არ ვიცი, რადგან "ჩრდილოეთის ვენეციად" მონათლულმა ქალაქმა ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლად მოასწრო ჩემი მოხიბლვა. კიდევ ერთი ჩრდილოევროპული ქვეყნის ნახვამ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სამხრეთის, სამხრეთული ტიპის ადამიანების, კულტურის, ცხოვრების სტილის შესახებ და დამარწმუნა, რომ თავიდან ბოლომდე ვემხრობი და მომწონს ჩრდილოეთი, თავის სიმშვიდით, სტაბილურობით, ლანდშაფტით, არქიტექტურით, ურთიერთობებით, უბრალო, არაამაყი და მშრომელი ადამიანებით. ბუნებრივია, ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე ჰოლანდიასთან. მასაც, იმედია, მალე ვესტუმრებით.
ჩრდილოეთ ევროპისთვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება აქაც თვალშისაცემი იყო და ძალიან მიზიდავდა. ყველა მუზეუმში ექსპონატები სადად და კრეატიულად იყო გამოფენილი. ეს ლაშამაც შენიშნა და ჩემი აღფრთოვანება გაიზიარა. უბრალოდ და სუფთად იყო მოწყობილი ქალაქის პარკები. საერთოდ, ქალაქი თავიდან ბოლომდე მწვანეა და ეს სიმწვანე ყველასთვის მისაწვდომი და თან ხელშეუხებელია.
Labels:
Stockholm,
Sweden,
არქიტექტურა,
მოგზაურობა,
სტოკჰოლმი,
ქალაქი,
შვედეთი,
ჩვენ,
ჯაზი
Tuesday, August 21, 2012
სამხრეთული ინტერიერები
ამასწინათ კიდევ ერთხელ ვნახე Central do Brasil, წლების შემდეგ, ახლა უკვე ლაშასთან ერთად. იდეა, რომ ყველა მამასთან მივდივართ და მისკენ სავალ გზაზე გვეძლევა ბევრი შესაძლებლობა, გავხდეთ უკეთესები, ვიდრე ვართ, და ამ იდეის გადმოცემის ფორმა ერთნაირად მომწონს და მაღელვებს... ფილმის მეორედ ნახვისას სადგურის და მთავარი პერსონაჟის ბინის ინტერიერებს მივაქციე ყურადღება, მერე გამახსენდა სტუმრად ყოფნისას, ფოტოგამოფენებზე და ფილმებში ნანახი სხვა სამხრეთული ინტერიერები და მომინდა, მათთვის ჩანაწერი მიმეძღვნა.
სადგურზე, სადაც ფერნანდა მონტენეგროს გმირი მუშაობს, ყოფის სისასტიკეში, სიცხეში, მატარებლის ქშენაში, მტვერსა და ჭუჭყში, სიღატაკეს შეჭიდებულ, შეწუხებულ მგზავრთა სიმრავლეში, სავაჭრო დახლებს, გადავსებულ სანაგვე ურნებსა და წვრილ კრიმინალებს შორის სულ რამდენიმე წამით ჩანს ნიშა ღვთისმშობლის ქანდაკებით და სანთლებით. მის ბინაშიც საინტერესო გარემოა: სივიწროვე და სიღარიბე, კიტჩური აქსესუარები, გახუნებული კედლების თბილი ფერები, ძველი ავეჯით კოხტად გაწყობილი ოთახები, მეზობელი ქალის კამპანიაში გატარებული საღამოები.
Wednesday, August 1, 2012
Values? Anyone?
სხვადასხვა თაობებს რომ განსხვავებული ღირებულებები ჰქონდეთ, გასაკვირი არ იქნება. ისიც ცხადია, რომ რამდენიმე ძირეული ღირებულება ყველა ერის, კულტურის და თაობისთვის საერთო და მისაღებია. ჩემი მშობლების თაობისთვის წიგნიერება ყველაზე დიდი ღირებულება იყო. ახალგაზრდები თავშეყრისას აუცილებლად განიხილავდნენ ახალ ფილმს ან რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს. ალბათ, ვინმე შემედავება, მაშინ ინტერნეტი და ინფორმაციის შეუზღუდავობა არ იყო და რაც ხელთ ჰქონდათ, იმას იხილავდნენო. ირაკლი ჩარკვიანის მსჯელობამ ("მშვიდი ცურვა") მისი თაობის პრობლემების შესახებ დამანახა, რომ ინტელექტუალური განვითარებისკენ სწრაფვას გარკვეულწილად საბჭოთა კავშირში გამოკეტილობამაც მისცა ბიძგი. ამჯერად ვითარება და მიზეზები დროებით დავივიწყოთ. ირაკლის და მასზე უფროსი თაობების მთავარი ინტერესი და ღირებულება ცოდნის შეძენა იყო. მოდურად ჩაცმა, გარეგნობაზე ზრუნვა, "ბოჰემური" ცხოვრების სტილი - დიახ, აინტერესებდათ, მაგრამ ცხოვრების მიზნად არ იხდიდნენ. მათთვის "გოიმი" უგემოვნოდ ჩაცმული კი არა, უწიგნური ადამიანი იყო.
ჩემს სტუდენტობას 90-იანებმა მოუსწრო, ასე რომ, ჩვენი ღირებულებათა სისტემის პირველი საფეხური ელემენტარული საჭიროებები იყო. ამის მიუხედავად, დიდი სივრცეების (არა მხოლოდ გეოგრაფიული) და განვითარებისკენ სწრაფვა მაინც გამძაფრებული გვქონდა.
ახლა კი, ყველაფერი პოზაა. (ეს სიტყვა გაგა ნახუცრიშვილს ვესესხე) პოზა და მარათონი: ახალი ფილმის ნახვა სხვებზე ადრე და მერე დასტატუსება, ვიღაცის კონცერტზე წასვლა და იქედან ტელეფონით "რეპორტაჟი", ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ჭკვიანი სახით ჯდომა, ავტორთან ფოტოს გადაღება და მერე წაკითხული ანოტაციის მიხედვით მსჯელობა. ახლა ყველა ესწრაფვის სადღაც ზედაპირზე (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია) დაწერილ რაღაც ცხოვრების სტილს, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია: ცხოვრებისგან მატერიალური მაქსიმუმის მიღების დაუძლეველი სურვილი, პროგრესის და წარმატების დემონსტრირება ყველგან (პოზა+მარათონი=ბარსელონაში წასვლა, პიარის და ბუღალტერიის კურსების გავლა, ახალი მოდელის მანქანის ყიდვა და ა.შ.), ყველაფრის "აზრზე" ყოფნა (წყარო: სოციალური ქსელები, ჰა-ჰა, რაღაც სტატიები ინტერნეტში) და მთავარი: "ლუქი" და "ფეშენი".
ახლა კი, ყველაფერი პოზაა. (ეს სიტყვა გაგა ნახუცრიშვილს ვესესხე) პოზა და მარათონი: ახალი ფილმის ნახვა სხვებზე ადრე და მერე დასტატუსება, ვიღაცის კონცერტზე წასვლა და იქედან ტელეფონით "რეპორტაჟი", ახალი წიგნის პრეზენტაციაზე ჭკვიანი სახით ჯდომა, ავტორთან ფოტოს გადაღება და მერე წაკითხული ანოტაციის მიხედვით მსჯელობა. ახლა ყველა ესწრაფვის სადღაც ზედაპირზე (ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხმარია) დაწერილ რაღაც ცხოვრების სტილს, რომლის აუცილებელი ატრიბუტებია: ცხოვრებისგან მატერიალური მაქსიმუმის მიღების დაუძლეველი სურვილი, პროგრესის და წარმატების დემონსტრირება ყველგან (პოზა+მარათონი=ბარსელონაში წასვლა, პიარის და ბუღალტერიის კურსების გავლა, ახალი მოდელის მანქანის ყიდვა და ა.შ.), ყველაფრის "აზრზე" ყოფნა (წყარო: სოციალური ქსელები, ჰა-ჰა, რაღაც სტატიები ინტერნეტში) და მთავარი: "ლუქი" და "ფეშენი".
Thursday, July 5, 2012
Onze Lieve Vrouwe Basiliek
ამასწინათ გამახსენდა ეს დღე. ფოტოებიც მოვიძიე. ერთ სამშაბათ დღეს Rabobank-დან day-off ავიღე. მაასტრიხტის ნახვა მინდოდა. რატომღაც გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრებიდან არავის ეცლებოდა და მარტო წავედი. საკუთარ ფიქრებთან მარტო ყოფნა იქ ცხოვრების პერიოდში უფრო შემიყვარდა. ორსართულიანი მატარებელი შემხვდა. ზედა სართულზე რბილ სავარძელში მოვკალათდი და შარფი მოვიხვიე. წინ მუყაოს ფინჯნით თბილი ლატე და ჩემი მეგობრის, მირეის ნაჩუქარი Bridget Jones's Diary მედო. ჩემს წინ და ირგვლივ სავარძლებზე არავინ იჯდა. მეც ხან წვიმიან პეიზაჟს, კოხტა სახლებს და ეზოებს ვუყურებდი, ხანაც ვკითხულობდი და განსაკუთრებით სასაცილო ეპიზოდების კითხვისას ვჩერდებოდი, კარგად რომ დამემახსოვრებინა და ჩემი მეგობრებისთვის მომეყოლა... მატარებლით სულ ასე მყუდროდ, თბილად, წვიმას და სიცივეს შეფარებული და ფიქრებში გახვეული ვმგზავრობდი, სამეცადინოთი აღჭურვილი, სალაზღანდაროდ მომართული, მთვლემარე, ხალხზე დაკვირვებით გართული... ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა.
Onze Lieve Vrouwe Basiliek, Maastricht |
ახლა მთავარ ამბავზე გადავალ. მაასტრიხტი, თავის კათოლიკური ტაძრებით და არქიტექტურით, თბილი, სამხრეთული ქალაქი აღმოჩნდა. სხვა დროს თავისუფლად მეგონებოდა საფრანგეთის, ან ბელგიის რომელიმე ქალაქი. ღრუბლიანი იყო, არ წვიმდა. ჩემი პატარა გეგმა მქონდა "აუცილებლად სანახავი" ადგილების. ცენტრიდან მოშორებით არცერთი იყო, ამიტომ მშვიდად დავდიოდი. იმ ტაძარშიც ჩვეულებრივად, როგორც ტურისტი, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე შევედი. რესტავრაცია მიმდინარეობდა, რის შესახებაც გარე ფასადზე გაკრული დიდი ბანერი გვამცნობდა. ტაძრის ერთი ნაწილი გამჭვირვალე მინით იყო შემოსაზღვრული, მინისავე კარიც ჰქონდა გაკეთებული. შიგნით ღვთისმშობლის ქანდაკება იყო, კათოლიკური ტაძრისთვის დამახასიათებელი გრანდიოზული, რიდისმომგვრელი კონსტრუქციით, რომელიც ათასგვარი ორნამენტით და მორთულობით იყო დამშვენებული. (კარგად რომ აღვწერო, არც შესაფერისი ტერმინები ვიცი და არც დეტალები მახსოვს.) მლოცველებისა და ვიზიტორებისგან ეს ფასეულობა ამგვარად იყო გამიჯნული. ტაძარი ნახევრად ბნელი იყო, მარტო სანთლები ანათებდა. ის ადგილი კი დღის შუქით იყო განათებული. სადღაც იქვე დავჯექი. მინის საზღვრის შიგნით ახალგაზრდა ქალი საქმიანობდა: მტვერს ჩვრით წმენდდა, რაღაცას ალაგებდა, ქანდაკებას სათუთად ასუფთავებდა. ფეხმძიმედ იყო, მგონი, თავზე თავსაფარი ჰქონდა წაკრული და რაღაცას წყნარად გალობდა. სახეზე ისეთი მშვიდი სიხარული ეწერა, რომ აშკარა იყო, გრძნობდა: she was in the right place, doing the right thing. საქმეს რომ მორჩა, დაჯდა და ღვთისმშობელს უყურებდა. შემეშინდა, არ შევემჩნიე, თორემ მეც მინდოდა დიდხანს მეცქირა ჩემთვის გაშლილი ამ სცენისთვის.
დაცული ქანდაკების და ფეხმძიმე ქალისთვის ფოტოს გადაღება არც მიფიქრია, სხვაგან კი გადავიღე ტაძრის შიგნით. შესასვლელი კარის თავზე უბრალო თაღი იყო, მაშინ მექანიკურად დავაფიქსირე, ახლა კი თავად გავოცდი, როცა წარწერა მარტივად გავიგე. (ნიდერლანდურს არც იქ ყოფნისას "ვაბულბულებდი" და ახლა მითუმეტეს, თითქმის აღარ უნდა მხსომებოდა) ინგლისურად ასე ითარგმნება: don't pass by here without saying Ave Maria.
არც მე მინდა ისე "ჩავიარო", ასეთი მომენტები, სცენები, განცდები, ადამიანები არ გავიხსენო და გავაზიარო. Hence the blog.
Friday, June 29, 2012
ქალები ზაფხულში თავიანთი სახლების წინ
ზაფხული ყოველთვის მიყვარდა. ახლაც მიყვარს, თუმცა შემოდგომასავით არა. სკოლის პერიოდში ზაფხულის დადგომას მოუთმენლად ველოდი, მაშინდელ დღიურებში სულ იმას ვწერდი, როგორ მიხაროდა ზაფხულის მოახლოება, თავისუფლების განცდა და სოხუმი.
ახლა ამ სეზონს მშვიდი სიხარულით ვხვდები. მსიამოვნებს დაცარიელებული ქალაქი, ტრანსპორტის თავისუფლად მოძრაობა, შენელებული ტემპი, სამსახურში ნაკლები დატვირთულობა, მუშაობის თავის დროზე დასრულება, გრძელი დღეები და სამსახურის შემდეგ ბევრი რამის კეთების შესაძლებლობა, შვებულება და მისი თანმდევი სიამოვნებები: ზღვა, მუქი კანი, "გაველურება" და სახლის მონატრება. ლაშასთან ერთად ჯერჯერობით ორი getaway მქონდა...
როცა ზაფხულის შეგრძნებებზე ვფიქრობ, living is easy ყველაზე ზუსტ ფრაზად მეჩვენება. "ნელი მზე" თითქოს გათავისუფლებს პასუხისმგებლობის თუ მოვალეობებისგან. მაშინ უბრალოდ ხარ, კი არ მოძრაობ/ქაქანებ/დაქრიხარ, ადამიანებისადმი თითქოს უფრო დამთმობი ხდები და ნელა, მშვიდად, დაბარებულივით ასრულებ სიამოვნებათა "გეგმას": ცივი ყავა, საზამთრო, ნაყინის ვარიაციები, ბალახზე წოლა, აივანზე კითხვა, საყვარელ კაფეში გვიან ღამემდე ჯდომა, სადმე "ჰაერზე" ასვლა, მაგალითად, მეგობრებთან "დაჩაზე", მერე იქ ბინდში გახვეული ნაძვების კენწეროების ცქერა, გვერდზე გადადებული გიტარა, დაკეცილი ლეპი, კოლას ბოთლი, სუნსულა ძაღლი და ნიავს მოყოლილი ტექნოს რიტმები... საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა, მეგობრებთან ერთად ათასჯერ მოყოლილი ამბების უკლები სიხარულით გახსენება, მანქანის შუქფარების შუქზე ცეკვა, ნაშუაღამევს მაცივრიდან ხილის გამოღება და ლოგინში ჭამა... ლაშასაც უყვარს ზაფხულის სიტუაცია, თუნდაც შვებულება არ ჰქონდეს.
Sunday, June 24, 2012
My Gazellita
გაზელიტა, ჩემი იისფერი ველოსიპედი, ერთმა ქართულმა ოჯახმა მაჩუქა. მაშინ ახალი ჩასული ვიყავი ჰოლანდიაში, სწავლაც ახალი დაწყებული იყო. უნივერსიტეტი სხვა უბანში, ველოსიპედით 20 წუთის სავალზე იყო, მაგრამ მე ავტობუსით დავდიოდი, უკვე საკმაოდ ციოდა (იქ გათბობას უკვე სექტემბრის ბოლოს რთავენ) და არ მინდოდა, სიცივეში ველოსიპედით მევლო. შეუჩვეველიც ვიყავი და თან ქართული მეტიჩრობა მქონდა გამოყოლილი. გაზელიტამ ორი ღამე ჩემს ოთახში გაათია, მერე ჩამკეტი ჯაჭვი ვუყიდე და გარაჟში ვაყენებდი. "გაზელის" ფირმის იყო და ჩემმა მეგობარმა დიანამ ესპანური მანერით "გაზელიტა" შეარქვა. თვითონ დიანას მომცრო ზომის ლურჯი "ჯაიანთის" ველო ჰყავდა, თვითონ "ჯიანტს" ეძახდა. როცა ვინმე მძიმეწონიანს შემოისვამდა, მთელი გზა იძახდა "მაი ფურ ჯიანტ" და თან სიცილით კვდებოდა. როცა სადმე ერთად მივდიოდით, მატარებლის სადგურთან ჩვენს ველოებს ერთად ვაყენებდით, ჯაჭვებით ჩავახუტებდით და იყვნენ ასე ერთად.
დიანიტამ დამაძლევინა მოძრაობის შიში. სულ ძალით გამომაყვანინებდა ხოლმე გაზელიტას და წვიმასა და ქარში იმ ქუჩებში ვატარებდით, სადაც სპეციალური ბილიკები არ იყო და მანქანებთან ერთად ველოსიპედებიც მოძრაობდნენ. ჩემს შიშს ელენაც გამოეხმაურა. matter-of-factly მითხრა: you are part of the traffic! ეს მოძღვრებასავით ჟღერდა და მალე მივხვდი, რომ აღარც მანქანების მეშინოდა და არც წვიმა მაწუხებდა. ძალიან შემიყვარდა ველოსიპედით სიარული და ჩემი ერთგული გაზელიტა.
Wednesday, June 20, 2012
გულფია და ალბერგი
მიყვარს სიტყვების მუსიკალური ჟღერადობის მიხედვით გამორჩევა და "დაგემოვნება". ბავშვობაში ბლოკნოტში ვიწერდი სიტყვებს, რომელთაც შემდეგ წარმოთქმისას "გემოს ვატანდი". "გულფიაც" ასე შევიყვარე. ლაშამ გამახსენა: კარლსონი და ბიჭუნა ერთ ეპიზოდში სახურავზე ფრენისას ბავშვის ტირილს გაიგონებენ, სახლში შეფრინდებიან და პატარა გოგონას ნახავენ, რომელზეც კარლსონი დარწმუნებით იტყვის, გულფია ჰქვიაო. ძალიან მიყვარს ასეთი ტიპის იუმორი. ჯერ ის, რომ ეს ნაზი აზიური სახელი რატომღაც შვედ ბავშვს უნდა რქმეოდა და მერე ისიც, რომ კარლსონის მიხედვით, ბავშვების უმრავლესობას გულფიას არქმევენ, ლეკვებს კი - ალბერგს.
ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე კარლსონის მაშინდელი გამოცემის შავ-თეთრ ილუსტრაციებს, პატარა გულფიას და ფუმფულა ლეკვს. მიხარია, როცა ლაშას ის რომელიმე დეტალი ახსოვს ჩვენი ბავშვობის ინტელექტუალური "მენიუდან", რაც მე არ მახსოვდა, ან პირიქით.
Tuesday, June 19, 2012
ყველგანაა
ვაკე–საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზა რომ გაიყვანეს, მარჯვენა მხარეს რამდენიმე სახლი გამოჩნდა. სიტყვა "ქოხმახი" უფრო ნაკლებად იწვევს სიბრალულს, ვიდრე ამ სახლების შეუთავსებლობა ირგვლივ მიმდინარე მშენებლობა–განახლებებთან. იმ მხარეს რომ გავიხედავდი, ყველაფერი მუქი იყო: ხის "აივნები", მიშენებული სათავსოების კარები, მიწაყრილები, სარეცხი და ერთ ადგილას დახვავებული რაღაც ნივთები. ადამიანები არ დამინახავს, ისედაც იოლად შემეძლო წარმომედგინა. ხანდახან სუსტი შუქი ჩანდა ფანჯრებიდან. ერთხელ, მორიგი ჩავლისას პატარა, ნაზი ხე დავინახე, იქვე, თავისთვის იდგა, ყვავილებით შეფიფქული. გავიფიქრე: "მათთანაც მოვიდა გაზაფხული".
ესტაკადებიან–ინფრასტრუქტურიანი კეთილდღეობა და პროგრესი გუგუნით მიიწევდა წინ. ბეტონის ახალ გზაზე ჯიპები, კუპერები და ოპელის ტაქსები პარალელურად, ერთი სიჩქარით მოძრაობდნენ. განაპირას დარჩენილ ხის ღარიბულ სახლებს ალბათ ოფიციალური მისამართი არა, მაგრამ თავისი პატარა გაზაფხული კი ჰქონდათ.
Thursday, June 14, 2012
It's a drivers' world!
თბილისელი მძღოლების აგრესიაზე და საერთოდ, მართვის და მოძრაობის კულტურაზე ყოველდღე ბრაზი მივლის და მინდება,დავწერო. აქ მთელ ქალაქს ვერ მიმოვიხილავ, ჩემს მიკროსამყაროზე ვიწუწუნებ. ჭავჭავაძის და ატენის გადაკვეთაზე აბსოლუტურად აუტანელი სიტუაციაა, განსაკუთრებით დილაობით. ატენზე ორივე მხარეს მანქანები დგას, ფეხით მოსიარულეს გზის შუა ნაწილი რჩება, სადაც ორი კი არა,სამი მხრიდან მოდიან მანქანები. სიფრთხილე და მოთმინება ამ დროს კარგი იარაღია. რამდენიმე წამითაც კი არ შეუძლიათ მოთმენა. გაბეზრებული სახეებით გიყურებენ, რომ დროზე გაიარო, უმეტეს შემთხვევებში "ვერც გამჩნევენ". ისეთ სიტუაციას ქმნიან,ვინმესთან რომ სტუმრად ხარ,ხალხმრავალ ოჯახში და დილით რომ მორიდებულად მიდიხარ აბაზანისკენ.(იოსელიანის ფილმშია ასეთი ეპიზოდი, "იყო შაშვი მგალობელი": საიდანღაც რუსი ცოლ–ქმარი მოადგებათ წერილით, ამის და ამის ნათესავები ვართო და დილაობით პირსახოცით და კბილის ჯაგრისით მიიძუძგებიან ტუალეტში.)თითქოს, მთელი ქუჩები მათია და შენ როგორმე უნდა მოასწრო და გაიარო. ჭავჭავაძის ტროტუარი მთლიანად ათვისებული აქვთ. როცა მათ შორის გზას მივიკვლევ,წარმოვიდგენ ხოლმე რაიმე გიგანტურ, გოძილასნაირ არსებას, რომელიც ამ გარდიგარდმო დაყენებულ მანქანებს მიფანტ–მოფანტავდა. ამ მანქანების პატრონები, როგორც წესი, ბღენძი ტიპები არიან,როცა დაყენებული მანქანა გამოჰყავთ, სიგნალს მაძლევენ. წარმოიდგინეთ, მივდივარ ტროტუარზე, უკნიდან კი მანქანა მოდის და უნდა, რომ გზა მივცე, თანაც მაშინვე! ამ დროს ყველაზე მეტად მინდება, ვუყვირო ან მანქანას ფეხი ვკრა (ქუსლიანი ფეხსაცმლით აჯობებს).
ასე ერთბაშად ამოვთქვი ბრაზი, უაბზაცებოდ. არ მოვიყვან ბანალურ შედარებებს და არ გავიხსენებ, ევროპაში ფეხით მოსიარულეს როგორ უთმობს გზას ავტოც და ველოც, ავტო როგორ უთმობს ველოს და ბავშვებისთვის რომ სპეციალური ველო–შუქნიშნებია. არც საქართველოში მყოფი უცხოელების შთაბეჭდილებებს მოვყვები ქართველ მძღოლებზე. ისედაც ვიცი, რომ ჩვენთან ყოველთვის drivers' world იქნება.
newscafe.ge |
Tuesday, June 12, 2012
una vez...
ერთ უბრალო ამბავს მოვყვები. ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხნის წინ, საბურთალოდან ვაკეში მივდიოდი დიდი ავტობუსით. თბილი სეზონი იყო. შუა კართან, ფართო ადგილას, ჩემთან ახლოს ერთი ქალი იდგა. მისი სახე დღემდე არ ვიცი იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იდგა, შუბლით მინას იყო მიყრდნობილი და თავისთვის ღიღინებდა. პატარა ტანის, მოხუცი ქალი იყო, საკმაოდ ღარიბულად ეცვა, მაგრამ გამხდარი და საცოდავი არა, ყოჩაღი ქალი იქნებოდა. თან არაფერი ჰქონდა, რომ მივმხვდარიყავი მეეზოვე იყო, დამლაგებელი, თუ უბრალოდ პენსიონერი ბებია. ხელებით გრძელ სახელურს ეყრდნობოდა. ძალიან გემრიელად იყო თავის მარტოობაში. უკან ან გვერდზე ერთხელაც არ მოუხედავს. ღიღინის დროს ხმას ხანდახან ოდნავ აუწევდა, სხვა დროს დაბალ ხმაზე რაღაც რუსულ მელოდიებს მღეროდა. სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ იმდენად ჩართული იყო თავისსავე მოგონილ თამაშში, თითქოს მატარებლიდან რუსულ სტეპებს ან ხორბლის ყანებს ხედავდა და მათ ეჩურჩულებოდა, ან თავის ახალგაზრდობის ოცნებებს და ტკბილ მოგონებებს ცხადად ხედავდა და მათ ახმოვანებდა. ძალიან გამიტაცა მისმა სმენამ და ცქერამ. ისე იდგა, მარტო უკან შეკრულ ჭაღარა თმას და ცხვირის წვერს ვხედავდი. საერთოდ არ აინტერესებდა, ირგვლივ რა ხდებოდა. არ მინდოდა, მასზე ადრე ჩავსულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. ვაკეში ისე მივედით, ისევ ისე იდგა. გზაში იმასაც ვფიქრობდი, სადმე გადაკრავდა და სულ ესაა-მეთქი, მაგრამ მაინც მისტიკური ქალი იყო. სულ არ გამიკვირდება, ვაჟაზე რომ ავტობუსში ავიდე და ისევ იქ დამხვდეს, დაბალ ხმაზე მოღიღინე.
დავით კაკაბაძის ნახატი. |
Subscribe to:
Posts (Atom)