გრილი, ღრუბლიანი დღე იყო, აქა-იქ ცრიდა. მყუდრო შემოდგომას გვპირდებოდა, ბევრ სეირნობას და სიცილს.
სახლში დავბრუნდით და ხაჭოს ნამცხვარი გამოვაცხვეთ, სანდრას თქმით "პეჩუნია".
გრილი, ღრუბლიანი დღე იყო, აქა-იქ ცრიდა. მყუდრო შემოდგომას გვპირდებოდა, ბევრ სეირნობას და სიცილს.
სახლში დავბრუნდით და ხაჭოს ნამცხვარი გამოვაცხვეთ, სანდრას თქმით "პეჩუნია".
ზაფხულობით ბებია ლეღვის ჯემს ადუღებდა ხოლმე. ეზოში ცეცხლზე შემოდგამდა, მაგიური რიტუალივით გაავსებდა ეზოს გამაბრუებელი სუნით. უკმევდა სიცოცხლეს, შვილიშვილებს, ოჯახის სისავსეს. დიდი მოხუფული ქილით ჩამოჰქონდა ზამთარში. ჯემი სქელი იყო (თვითონ "სკელს" ამბობდა) და ეს კიდევ ერთ ჯადოსნურ თვისებად მიმაჩნდა. ახლა ამ ჯემის მხოლოდ გახსენება შემიძლია, საკუთარი თავის სიღრმიდან გამოხმობა. კვამლის სუნი დაჰკრავდა და დღემდე მგონია, რომ რაც ყველაზე ძვირფასი და გემრიელია, ყველაფერს კვამლის სუნი უნდა ჰქონდეს.
როცა ეს ვიდეო გადავიღე (სანდრასთან ერთად ვაჟაზე მორიგი სეირნობისას), მეგონა, ამ სცენასაც სიღრმიდან ვუყურებდი, ზუსტად იმ დროიდან, ცხოვრებაზე რომ საერთოდ არაფერი ვიცოდი და მარტო შეგრძნებებით, დაკვირვებით და დანახვის სურვილით ვცხოვრობდი. ზაფხულის ღამის დადგომისას ასეთი ყვითელი შუქი და ნიავი მომწონდა.
წლევანდელი ზაფხულის სიტკბო ასე მოვხუფე:ამ საშინელ დღეებში ხშირად მახსენდება ჩემი საყვარელი უკრაინული საშობაო საგალობელი, რომელსაც ადრეც ვერ ვუსმენდი უცრემლოდ.
"პატარა მერცხალი მამულში ჭიკჭიკით შეფრინდა: "გამოდი, ბატონო, გამოიხედე! ნახე, შენს ცხვრებს ბატკნები ეყოლათ. საქონელი კარგად გყავს, თუ გაყიდი, ბევრს აიღებ. თუ არადა, დიდ მოსავალს მოიწევ, შავთვალწარბა ცოლი გყავს.""
ეს საგალობელი დალოცვა და სიკეთის, ხვავის და ბარაქის დაპირებაა, ბედნიერი ცხოვრების, შრომის შედეგით სიხარულის, ოჯახური სიტკბოების, მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ცხოვრების და პატიოსანი შრომის, რასაც დღეს უკრაინელ ხალხს არ აცლიან.
ახლა ვინ ეტყვის, ვინ დაპირდება, ვინ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას? ვინ ეტყვის, შენი ნაშრომი სახლკარი ისევ ლამაზად იქნება წამომართული, შენს ყანაში თავთავებს ნიავი ააბიბინებს და ყოველ საღამოს ჩაის შენს სახლში, შენს ლამაზ ცოლშვილთან ერთად დალევო? ვინ მიუტანს ფერად ბუშტებს საველე ჰოსპიტალში დაბადებულ ჩვილებს?
პატარა მერცხალო, მშვიდობის გაზაფხული მოუყვანე უკრაინელ ხალხს!
წლების წინ, როცა ლიტერატურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი,
გამოცდისთვის სხვადასხვა ისტორიული ეპოქის აღწერას გვთხოვდნენ. მაშინ კარგად არ მესმოდა,
რომ ისტორიული მოვლენების ცოდნა იმ პერიოდის მწერლების ცხოვრების და შემოქმედების უკეთ
გაგებაში დაგვეხმარებოდა. არ მესმოდა, რადგან მოვლენებს შორის კავშირის დანახვასა და
ანალიზის გაკეთებაზე მაშინდელ სისტემაში აქცენტი არ კეთდებოდა.
მოგვიანებით, სხვა სკოლაში, “პიროვნული ზრდა” საგნად ისწავლებოდა. ვწერდით
ესსეებს, ვაანალიზებდით საკუთარ მდგომარეობას, მიზნებს, დამოკიდებულებას სასწავლო პროგრამისადმი.
მენტორთან ინდივიდუალური კონსულტაცია საშუალებას გვაძლევდა, თეორიული საგნები პიროვნულ განვითარებასთან დაგვეკავშირებინა
და პროგრესი თავად შეგვეფასებინა.
მომხმარებელთან კომუნიკაციაც ისეთივე ხარისხისაა,
როგორც თავად პროდუქცია. წინასაახალწლო დღეებში, როცა ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა
გადატვირთულობის პიკზე იყო, „იკი-გაის“ დამფუძნებლებმა ქურთუკი თავად მომიტანეს. მიხარია,
რომ მათი ენერგია, სიცოცხლის წყურვილი და კეთილგანწყობა პირადად გაცნობისას მეც გავიზიარე.
“Pay it forward”-ის
პრინციპით ჩემი სიხარული ჩემს მეგობარ ანუშკას გადავეცი (ფოტოზე ქვემოთ). უფრო სწორად,
სანამ რამეს ვეტყოდი, თვითონ მკითხა, რა გაცვიაო. ახლა ის ყოველდღიურ საქმეებზე სითბოში
და საყვარელი ფერის (camel) ელეგანტურობის საბურველში გახვეული დადის. იკი-გაიც ხომ სწორედ ესაა?
ერთგან ბიზნესის შესახებ წავიკითხე: მამა შვილს ურჩევდა, ისეთი საქმე უნდა წამოიწყო, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება. ეს ან საკვებია, ან ტანსაცმელიო. ადამიანებს საკუთარი თავი საკმარისად გვიყვარს საიმისოდ, რომ ან ერთი მივიღოთ ცუდი, ან - მეორე. ჩემი ამბავი იმაზეა, როგორ უნდა შევირგოთ კეთილგანწყობილი და სოლიდარული ახალგაზრდა ქალის მიერ ჩვენი სილამაზის და თავდაჯერებულობისთვის შექმნილი სიკეთე, თანაც ისეთი ქსოვილისგან, რომელიც კაცობრიობამ საუკუნეების წინ აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აბრეშუმის მარშრუტის ნაწილი იყო. ჰოდა, ახლაც ვართ.
სოფი შარშან ზამთრის მიწურულს
გავიცანი, როცა გაზაფხულის მოსვლას მხოლოდ იმიტომ ველოდი, რომ რამე მაინც იქნებოდა
ახალი, თორემ ისე მოძალებული პანდემიური ჩაკეტილობა კარგის მოლოდინს არ მიჩენდა.
მისმა შექმნილმა აბრეშუმის სინაზემ პირდაპირ შემომანათა ეკრანიდან. გვერდს
სათაურად ჰქონდა: OWN est.2020 იქვე
ტელეფონის ნომერიც იყო მითითებული. ასე, უბრალოდ, დავრეკე და გავიცანი. პირველი
რამდენიმე საუბრისას პროდუქციაზე, ქსოვილზე მელაპარაკა, შემდეგ უკვე პირადი
ამბებიც მოვყევით, ერთმანეთს გავუზიარეთ ქალობის, დედობის სირთულეები, ვისაუბრეთ
დამთრგუნველი გარემოს გავლენასა და ბევრ სხვა რამეზე.
ყოველი ახალი შეკვეთილი ნივთის
მოლოდინი უკვე მაბედნიერებს. სანამ დამზადდება, დღეებს სიხარულით ვითვლი.
შუალედებში სოფი მიკავშირდება, მთავაზობს ნიუანსებს უკეთესი შედეგის მისაღებად.
ნივთი ისევე ელეგანტურადაა შეფუთული, როგორიც თავადაა: გახსნი და ხელში იღებ მსუბუქ,
ციმციმა აბრეშუმის პერანგს, სასიამოვნო მოლოდინით წარმოიდგენ დღეებს, როცა გეცმება
და თავს განსაკუთრებულად იგრძნობ, კანი თავისუფლად ისუნთქებს, იქნები მოხდენილი და
თან შეუზღუდავად, კომფორტულად ჩაცმული. ამ დროს სოფი გწერს, ვღელავ, მითხარი,
როგორ მოგერგო და მოგეწონაო. ცოტა ხნის წინ ქურთუკი თვითონ მომიტანა. დღის
ბოლოს დაღლილმა ნახევარი ქალაქი გაიარა, რომ შემხვედროდა. ვხედავდი, როგორ უხაროდა
ჩემი რეაქციის ნახვა.
საკუთარი საქმისადმი ასეთი
დამოკიდებულება სრულ ჰარმონიაშია მის გარეგნობასთან. ამაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც
ცხადია. სოფის ერთდროულად რამდენიმე პროფესია აქვს. მისი განათლება ავიაციიდან და
მედიცინიდან იწყება და პიარით და მარკეტინგით მთავრდება. ასეთივე მდიდარია მისი
სამუშაო ისტორია. თუმცა, ეს მთავარი ამბის მხოლოდ შესავალია. ამ დროის
განმავლობაში სოფი ეძებდა, რა ფორმით ეთქვა მისი მთავარი სათქმელი, როგორ მიეტანა
სხვა ქალებამდე ის, რისიც ბავშვობიდან სჯეროდა: საკუთარი თავის ელეგანტურობით და
სისადავით გამოხატვა.
ინტერვიუს გასაშიფრად OWN-ის აბრეშუმის პერანგი ჩავიცვი და
აკვამარინის ბეჭედი გავიკეთე, არც თეთრი ღვინო დამვიწყებია. სხვაგვარად სოფიზე ვერ
დავწერდი.
ამასწინათ ვანის მუზეუმი მოვინახულე. მის შემდეგ სულ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ადამიანს შექმნის უნარი მისცა, რითაც ყველაზე დიდი თავისუფლება მიანიჭა. ამ ნაჩუქარი უნარის წყალობით, ჩვეულებრივ დაბადებულს, ბიოლოგიურ ადამიანს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მასზე დიდხანს იარსებებს და სხვა დროში მცხოვრებ ადამიანებს სიხარულს მოუტანს. თუ ნივთს პრაქტიკული დანიშნულება აქვს - ცხოვრებას გაუადვილებს. ამიტომაა ჩემთვის ძალიან ემოციური ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდის ნიმუშების გაცნობა: საქართველოს მაშინდელ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სამყაროს მასშტაბურად აღიქვამდნენ, გემოვნება, თემების არჩევანი და ფანტაზია ცოდნის შესაბამისი ჰქონდათ.
ძველ ხელოვანებს ნამდვილად გაუხარდებოდათ, თუ
გაიგებდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ, დაჩქარებულ და ქაოტურ დროში ცხოვრობს ახალგაზრდა
ქალი, რომელიც გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.
ჩემი ბლოგის სტუმარი თინანო კალანდაძეა. ის დასავლეთ საქართველოში დაიბადა, სადაც მიწა რბილია,
ზღვა კი ახლოსაა, რომელიც ამ მხარეს დიდ ისტორიასთან, ბერძნულ და რომაულ კულტურებთან
აკავშირებს. ეს კავშირი ბევრ რამეში ვლინდება, პირველ რიგში კი ადამიანების უნარში,
ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციონ. როცა თინანოს შემოქმედების ნიმუშები გავიცანი, სწორედ
ეს დავინახე: შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ნივთად გარდაქმნის ნიჭი. თინანო ბუნებრივი
ტყავისგან ქმნის სხვადასხვა დიზაინის ჩანთებს: მხარზე გადასაკიდ ჩანთებს, ზურგჩანთებს,
მობილურის აქსესუარებს, საფულეებს, ლეპტოპის ქეისებს.
ცნობილი ფილმის, “ეშმაკს აცვია პრადას“ პერსონაჟი
ამბობს: „აქსესუარი იკონოგრაფიის ნიმუშია, რომელიც ინდივიდის თვითმყოფადობის გამოსახატად
გამოიყენება.“ ჩემთვის ჩანთა ისევე, როგორც ფეხსაცმელი, ჩაცმულობის წამყვანი ნაწილია.
ამიტომ, თინანო სასიხარულო და იმედისმომცემი აღმოჩენაა. მისი კონტურები ფაქიზია, ფერები
კი ისეთია, სიცოცხლეს ხელახლა შეგაყვარებს.
ცნობილ მიზეზთა გამო, ინტერვიუ დისტანციურად ჩავწერე. წინასადღესასწაულოდ ძალიან დაკავებულია, ბევრი შეკვეთა აქვს, მაგრამ ჩემს კითხვებზე საპასუხოდ დრო მაინც გამოძებნა. თინანოს თავის საქმიანობაზე, შემდეგ კი საკუთარ სტილზე ვესაუბრე.
მოგვიყევით თქვენს
ბავშვობის წლებზე, სტუდენტობაზე. როგორ მიხვედით პროფესიის არჩევის გადაწყვეტილებამდე?
ბავშობის წლები გურიას უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე.
პროფესიის არჩევაზე დედის ფაქტორმა იმოქმედა. დედა მხატვარია, გამორჩეული ხედვა აქვს,
რაც ჩაცმულობაშიც გამოიხატება. მისგან მიღებულმა შთაგონებამ ბავშვობაშივე გადამაწყვეტინა
სამხატვრო აკადამიაში სწავლა. ასეც მოხდა.
რამდენი ხანია,
რაც ბრენდი „თინანო“ არსებობს?
ჩემი ბრენდი 2016 წელს შეიქმნა.
რა იყო თქვენი
მთავარი ჩანაფიქრი საკუთარი საქმის გახსნისას?
ბრენდის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა: ეს თავისთავად
მოხდა, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის დასვენებაცაა, გართობაც, სწავლაც და გამოცდილებაც.
თქვენი აზრით,
ყველა ბიზნესი უნდა გაიზარდოს, რომ ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოგება, თუ მცირე მასშტაბითაც
შესაძლებელია შედეგის მიღება?
ახლა კომფორტის ზონაში ვარ, ვაკეთებ იმას, რაც
მიყვარს. თუ ჩემი საქმის დიდ ბიზნესად ქცევას გადავწყვეტ, ამ სიმყუდროვის დარღვევა
მომიწევს.
ვინ მიგაჩნიათ
თქვენს მასწავლებლად და რა რჩევა მოგცათ, რომელიც კარიერაში ყველაზე მეტად გამოგადგათ?
ყველაზე პირველი, ვინც მახსენდება, ჩემი პირველი
კურსის ლექტორი ნინო ქვრივიშვილია, რომელმაც კომპოზიცია და ფერების შეგრძნება მასწავლა.
![]() |
| Ivan Franko |
ცოტა ხნის წინ ბიძაჩემი - მურადი დავკარგეთ, კოვიდთან დამარცხდა. სოხუმის ომის დროს უბანში შტაბის უფროსად დანიშნეს. ის და მეზობელი კაცები დიდხანს დარაჯობდნენ სანაპიროს, სანამ იძულებული არ გახდნენ, იქაურობა დაეტოვებინათ. ვერ მოვასწარი, მეთქვა, რომ ის მაინც გამარჯვებულია ყველაფრის მიუხედავად, რაც გამოიარა. გამარჯვებულია იმ სიკეთის გამო, რასაც მრავალი წელი გვიკეთებდა, სოხუმის წლებში და დევნილობაში. დეიდამ ვერ დაიტირა, საავადმყოფოში იწვა და ლაპარაკიც კი არ შეეძლო ჟანგბადის აპარატის გამო. მათი შვილი, ჩემი უფროსი და - მაიკო, რომელმაც სამი წლის წინ დაგვტოვა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, ასეთი რა ავადმყოფობა უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ომგამოვლილ მის მშობლებს რომ გატეხდა. გუშინ ვფიქრობდი: ნეტა, ბოლოს რა უთხრეს ერთმანეთს, სანამ ჯერ კიდევ სასწრაფოს მიჰყავდა და სხვადასხვა პალატაში გაანაწილებდნენ?
ამასწინათ დედას სამზარეულოში ყავას ვადუღებდი, როცა ის დღე გამახსენდა, სოხუმის პორტში გემი "ივან ფრანკო" რომ ჩამოდგა. ირაკლიმ სახლში შემოირბინა, "ივან ფრანკო" შემოვიდა, გავიქცეთ და ვნახოთო. ის დღე ისე ცხადად გამახსენდა და ისეთი მდუღარე ცრემლები წამსკდა, სიღრმეში შევიმალე, რომ ოჯახის წევრები არ შემეშინებინა. გრანდიოზული გემი იყო, სულ თეთრად ქათქათებდა. არც ივან ფრანკო ვიცოდი, ვინ იყო და არც "ამარკორდი" მქონდა ნანახი, რომ გემის სანახავად წასული ქალაქელები გამხსენებოდა. ჩემთვის მაშინ იმ გემის ნახვა დიდ და უცნობ სივრცეებთან ზიარება იყო, იმის წარმოდგენა, გემზე რა ხდებოდა, რამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩამოჰყავდა, როგორ იყო მოწყობილი, რამდენ სხვადასხვა ქვეყანაში დაცურავდა. ეს ყველაფერი ჩემთან ძალიან ახლოს იყო და თავზე დამყურებდა. ქვემოთ წყალი ტყლაშუნებდა და გემის კონტურებს ირეკლავდა, ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, ვახშმობამდე სასტუმროში მისვლა და გამოცვლა უნდა მოესწროთ, ჰაერში მარილის და საწვავის სუნი იდგა, ბავშვები ახლო მომავლისგან მხოლოდ კარგს ველოდით, უცნობს, უცხოდ ამაღელვებელს და აუცილებლად კარგს.
ხშირად ვსეირნობდით ხოლმე შედარებით მცირე ხომალდით, ახალ ათონამდე და უკან. ბევრი ახალი სიტყვა მესმოდა, ყველაფერი მაჯადოებდა, როგორც ახალი სათავგადასავლო წიგნი და მსუბუქ ბურუსში მხვევდა. ერთი ასეთი სიტყვა "სკატი" იყო. ამბობდნენ, დაელექტროებული კუდი აქვს, შეიძლება "ვალნარეზს" მოარტყას და მოცურავეებსაც მოხვდესო. სადაც ჩვენ "ვცურავდით", ნაპირთან ახლოს, რკინის ფირნიშზე აქა-იქ ჟანგმოდებული ნეპტუნი იყო გამოსახული, თავისი სამკაპით. ცოტათი მეშინოდა და იმედი მქონდა, რომ ზღვის სიღრმეში შორს ცხოვრობდა და მის რისხვას ავცდებოდით. სანაპიროზე რესტორან "დიოსკურიას" იმ დროისთვის ნოვატორული მოძრავი აბრა ჰქონდა: ლურჯი დელფინი ბრუნავდა. მზად ვიყავი, მთელი დღე მეცქირა მისთვის.