Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?

Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Tuesday, June 18, 2013

MODERATO

ბლოგი მიტოვებულივით მყავდა. ჯერ აღდგომა იყო და შვებულება ავიღე, მერე ჩემი დაბადების დღე, მერე სამსახურის საქმეები გადაება და დრომ მალე ჩაიქროლა (ნეტა, ნელა როდის გადიოდა?). "მყავდა" დამიწერია. კარგია, ალბათ, ცოცხალი რომაა, იმიტომ.

ერთ ბანალურ რაღაცაზე მინდა დავწერო. ეს ამბავი ძალიან მასევდიანებს და იქნებ, ამით ცოტა შემიმსუბუქდეს, ან კარგი აზრები მოვისმინო. მოკლედ, ისაა, შენ რომ ვინმეს სიკეთეს სთავაზობ და ის რომ არ იღებს, ან იღებს, მაგრამ სხვათაშორის და ამ დროს რომ თავს ისე გრძნობ, "ვ დურაკახ". 

უცნაური სიტუაციაა. სიკეთის მკეთებელი, რომელსაც მართლა უნდა, მეორე ადამიანი გაახაროს, ბრიყვი და მოცლილი გამოდის. მისი ყურადღება არ სჭირდებათ. მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება, ან პირდაპირი უარი. ის მეორე არის "ქულ", პრაგმატული, თავაღერილი, დროის განმკარგავი. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა  შენი ზრუნვა "ზედმეტი"? როგორ უნდა დაიცვა ზომიერება ადამიანებთან ურთიერთობისას? არ ვიცი. 

Thursday, April 18, 2013

Blue Melody

სელინჯერის ეს მოთხრობა ("სევდიანი სიმღერა") ბავშვობაში, ქართულად წავიკითხე. ალბათ ყველას აქვს სახლში ის გამოცემა, შავყდიანი და ყვითელფურცლიანი, შავთეთრი ილუსტრაციებით და ძველი წიგნის სუნით. ორიგინალი მოგვიანებით ვნახე. პირველად 1948 წელს "კოსმოპოლიტენში" (ყოჩაღ ქოზმოს!) გამოუქვეყნებია სათაურით "Scratchy Needle on a Phonograph Record" ("ფხაჭნია ნემსი გრამფირფიტის ჩანაწერზე").  ჟურნალს ავტორის თანხმობის გარეშე მოთხრობისთვის სათაური შეუცვლია და "Blue Melody" დაურქმევია. სელინჯერსაც, ეტყობა, "ხელის აქნევა უნდოდა" და მას შემდეგ თავის მოთხრობებს მარტო "ნიუ იორკერში" აქვეყნებდა. იმ დროის გამოცემებზე როცა ვკითხულობ, სულ მინდება, გამოვიდე რომელიმე ოფისიდან, მეკეთოს სათვალე (არა მზის), მქონდეს მერილინის მსგავსი ფუმფულა ვარცხნილობა, მეცვას ექსტრაქალურად, ხელში სელინჯერიანი "ნიუ იორკერი" მეჭიროს და შევერიო საღამოს ქუჩას. მივდიოდე და ვიცოდე, რომ იმ მოთხრობის ავტორი, რომელიც ჟურნალში გამოქვეყნდა და ჯერ არ წამიკითხავს, სადღაც ახლოს ცხოვრობს, სახლშია და თავის ქალიშვილს პიანინოზე დაკვრას ასწავლის.

Friday, April 12, 2013

ჰიგიენა

უცნაურია ადამიანის გონება: რას ინახავს, რა დროს რას გაგვახსენებს და სად წაგვიყვანს. რატომ გამახსენდა ქუთაისის სალონი, არ ვიცი. ჩემს ბავშვობაში მთელ ქალაქში მარტო ის სალონი იყო, "ჰიგიენა". ახლა ყოველ კუთხეში სალონია, "კრეატიული" დასახელებებით, მაშინ კი მთელი ქალაქის ქალებს ის სალონი ჰყოფნიდათ, თუმცა დიდი კი იყო.


ძალიან მიყვარდა იქ წასვლა დედასთან ერთად, ნამდვილი ზეიმი იყო ჩემთვის. დედას მეგობარი ნანა, ადრეც ვახსენე, "ჰიგიენაში" მუდმივად ერთ პარიკმახერთან დადიოდა და დედაც მას მიეჩვია. შაბათ–კვირას სამივე ერთად  დავდიოდით ხოლმე, რაც მე ძალიან მახარებდა, მითუმეტეს თუ მერე კიდევ სადმე მივდიოდით. ცენტრალურ ქუჩაზე იყო, პატარა კოლონადას გაივლიდი, რომელსაც გაჩერებად და პრესის  გასაყიდ ადგილადაც იყენებდნენ და დიდ ფოიეში აღმოჩნდებოდი. სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, იმ ფოიეში ვიცდიდით. კედლებზე მოდელების ფოტოები ეკიდა, დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო, 80–იანების ვარცხნილობებით. სულ ვათვალიერებდი, ზეპირად ვიცოდი, მაგრამ მაინც. დაბალ მაგიდებზე ჟურნალები ელაგა, ისინიც შესწავლილი მქონდა. ფოიეში ხალხი სულ წინ და უკან დადიოდა, ტელევიზორი ჩართული იყო, ვიღაცებს ეძახდნენ. თავი იმდროინდელ რუსულ ფილმებში მეგონა, რომლებშიც კედლებზე დაკიდებულ ფოტოებში რომ იყო, ისე თმაშეჭრილი ქალები თამაშობდნენ.

  

Monday, April 1, 2013

ჩანთა: მაშინ და ახლა

ჩემი პირველი ჩანთა ჩვენმა ახლობელმა, უძვირფასესმა გურამ ბიძიამ მაჩუქა. სკოლაში შევდიოდი. მოსკოვიდან ახალთახალი ტყავის ჩანთები ჩამოგვიტანა მე და მის შვილებს, ნინიკოს და ნიკუშას. ახლაც მახსოვს, როგორ იდგა ღია კარში საჩუქრებით. ზურგზე მოსაკიდებელი, რკინის ბალთა-შესაკრავიანი ჩანთა იყო, რვეულებისთვის ცალკე განყოფილება ჰქონდა. ხელში დაჭერაც შეიძლებოდა. ორი წელი ვატარე.

ცოტა რომ წამოვიზარდე, დიდი ქალების ჩანთების ცქერა და იმის წარმოდგენა მიყვარდა, რამდენი ბრჭყვიალა და მიმზიდველი ნივთი იდებოდა შიგ. ჩვენთან ხშირად მოდიოდა დედას მეგობარი ნანა, რომელიც სულ მაძლევდა კევებს. მისი ჩანთაც საღეჭი რეზინის, პომადების და კიდევ რაღაც ლამაზ-ლამაზების საცავად წარმომედგინა. როცა მეორე ოთახში გავიდოდნენ ყავის დასალევად, ნანას ჩანთას ხარბად ვუცქერდი და ველოდებოდი, როდის ამოიღებდა იქედან მარწყვის კევს და მომცემდა. მასწავლებლების ჩანთებიც მომწონდა, ყველასი არა, ვინც ჩემს თვალში ლამაზი და გაპრანჭული იყო, იმის.