Thursday, November 22, 2012

Dee Dee Bridgewater: Lady Sings the Blues

გუშინ მე და ლაშა Dee Dee Bridgewater-ის კონცერტზე ვიყავით. მეორე რიგში, შუაში, სცენასთან ახლოს ვისხედით. ჯერ კვინტეტის სხვა წევრები გამოვიდნენ, მერე თვითონ. საქართველოში პირველად 1972 წელს ყოფილა, როცა ლაშა 2 წლის იქნებოდა, მე კი ჯერ არ ვიყავი დაბადებული. მაშინ 6 თვის ორსული ყოფილა. ახლა ის "ბეიბი" ჩემი მენეჯერიაო, ღიმილით გვითხრა. ამ თბილი მისალმების შემდეგ ორი საათი შესვენების გარეშე იმღერა. ენერგიის გარდა, გარეგნობაც განსაკუთრებული აქვს. როცა სულ ახლოს  მოდიოდა, მის ყველა კბილს ვხედავდი, ერთნაირად თეთრს. თმა გადაპარსული ჰქონდა. ვერცხლისფერი ხელოვნური წამწამები ეკეთა, გრძელი და სწორი, უსახელო, ბრჭყვიალა მწვანე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ბოტილიონები ეცვა. ლამაზად მოძრაობდა, თან სასაცილოდ. კინოს და მუსიკის არტისტებში ყოველთვის ამას ვეძებ. არტისტის მოწონება ჩემთვის ნიშნავს, რომ მას შეუძლია ლამაზთან ერთად სასაცილოც იყოს. ერთი სიმღერა უძველესი პროფესიის ქალებზე იყო, ბლუზის ჟანრში. თავის პიანისტს მიუცუცქდა და პროვოკაციული ტექსტის ფონზე მას ეხუტებოდა: ხან ქუდი მოხადა, ხან ფეხებზე აუსვ-ჩაუსვა ხელები... ასე, ექსპრომტად გაათამაშა სრულიად არაუხამსი კომედია. თვითონაც ხითხითებდა, პიანისტიც და ჩვენც. საერთოდ, იმ ორ საათში Dee Dee ბევრნაირი იყო: ელეგანტური, სექსუალური, კომიკური, თავშეკავებული, ენერგიული. აუდიტორიასთან კავშირი არ გაუწყვეტია. დარბაზის ყველა ნაწილს სწვდებოდა. ჯაზის არამოყვარულსაც კი მოხიბლავდა.

ბევრი ჩემთვის ნაცნობი სიმღერა შეასრულა Billie Holiday-ის რეპერტუარიდან: Fine and Mellow, God bless the Child, Lady Sings the Blues. მისი არტისტიზმის, ვოკალის და ინსტრუმენტალისტების წყალობით, ამ სტანდარტების სრულიად ორიგინალური ინტერპრეტაციები ჰქონდა. მომეწონა, როგორ მართავდა კომპოზიციების მიმდინარეობას: ხელის ლამაზი მოძრაობით ანიშნებდა ინსტრუმენტებს სოლოს დაწყებას ან გადასვლას. რამდენიმე scat გააკეთა უძლიერესად! დარბაზიდან ვიღაცამ დაუსტვინა. ის ჯერ სტვენას გამოეპასუხა, მერე ზუსტად იმ ტონალობაში, შემდეგი კომპოზიცია სტვენითვე დაიწყო! 

მოკლედ, "სრული პაკეტი" გვქონდა: ბუნებრივი ნიჭი, თბილი ხმა, გენეტიკური უშუალობა, სითბო, პლასტიკა, რიტმის გრძნობა და ენერგია, არტისტული გამოცდილება, შოუს განმავლობაში ენერგიის განაწილების, ბენდთან მუშაობის უნარი, აუდიტორიასთან კონტაქტის და შოუს წარმართვის უნარი, მისი ქვეყნის მუსიკალური ტრადიციების ცოდნა/გაგრძელება. 

ერთ სიმღერას ასე ერქვა: The music is the magic. როცა სცენის პროჟექტორები ინთება, სულ magic-ის და ზეიმის განცდა მაქვს, კონცერტებზეც და სპექტაკლებზეც. კიდევ მადლიერების. როცა ვუსმენდი, მადლობელი ვიყავი, რომ კლასიკური ჯაზის ძირითად ხაზს გაჰყვა, აიღო ელას, ჯანგოს, ბილის და სხვების დატოვებული მემკვიდრეობა, გაამდიდრა და მოგვართვა. მადლობელი ვიყავი, რომ წინა საუკუნის ოციანებში ნიუორლეანის სარდაფებში დაბადებული მუსიკა დღესაც ცოცხალია და მარტო ცოცხალი კი არა, მთელ პლანეტაზე თავის სისავსით ჟღერს და ადამიანებს თავისუფლების სიხარულს განაცდევინებს. მადლობელი ვიყავი, რომ ჯაზი ერთ დღეს თავისთავად აღმოვაჩინე ჩემთვის, რომ ყველაზე მგრძნობიარე და სულშიჩამწვდომ მუსიკად მიმაჩნია, რომ ასე მაბედნიერებს ყოველ ჯერზე მისი მოსვლა, ჯაზის მუსიკოსების ნიჭით აღფრთოვანება და უფრო მეტად ის, რომ შესაძლებლობა მაქვს, მათ ხშირად ცოცხლად მოვუსმინო. ჯაზი ჩემს წარმოსახვაში წარმომიდგენია ცეცხლის ბურთულად, რომელსაც ერთმანეთს ესტაფეტასავით გადასცემენ  კომპოზიტორები, ბიგ-ბენდების სოლისტები, ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები. ყოველ გადაცემაზე ეს ბურთულა სულ უფრო ლამაზ ფერებად გიზგიზებს. დრო და გეოგრაფია მისთვის პირობითობაა. მისი ნაპერწკლები და მხურვალება ჩვენ გვედება. კიდევ ლაშას მადლობელი ვიყავი, რომ მყავს, რომ მუსიკით ცხოვრობს და რომ ასეთი სიურპრიზი მომიწყო.

კონცერტის ბოლოს Dee Dee-მ გოსფელის ჟანრიდან კიდევ ერთი სიმღერა შეასრულა ბისზე, აკაპელათი. ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: the grace will lead me home. ასე დალოცვით დაგვემშვიდობა. გვითხრა, მადლობა რომ ასე მიმიღეთ, კარგად მეყოლეთ და ქვეყნის და კულტურის სუვერენიტეტი შეინარჩუნეთო.

Do come back, Dee Dee !!!



                                      ფოტოები: http://tbilisijazz.com/dee-dee-bridgewater/

7 comments:

  1. "როცა სცენის პროჟექტორები ინთება, მეც სულ magic-ის და ზეიმის განცდა მაქვს, კონცერტებზეც და სპექტაკლებზეც." - მეც!!

    ისეთი ემოციით აღწერე, გადმომედო. როგორ კარგად იცი შთაბეჭდილებების გაზიარება, თინიტა.

    ReplyDelete
    Replies
    1. პირიქით მადლობა! როგორ მიხარია,რომ იგივე განცდა გაქვს შენც. გუშინ შენს ტვიტებს ვკითხულობდი. გალაკტიონის დღიურები გამახსენდა, წინადადებების წყობით,ლაკონურობით და ინფორმატიულობით ძალიან გავს. ვისიამოვნე.

      Delete
    2. მართლა? ამაზე არ მიფიქრია არასდროს. მადლობა!

      Delete
  2. ბრიჯვოთერზე რა ზუსტი რეცენზიაა, მიუ! :) :*

    ReplyDelete
  3. Dee, do come back - თორემ სინანულმა შემიპყრო, რომ მე ვერ განვიცადე ის სიამოვნება, რაც ასე მომხიბვლელად და მაცდურად არის აღწერილი ამ ბლოგში! თინი, ძალიან, ძალიან მომწონს.

    ReplyDelete
    Replies
    1. 62 წლისაა და იმხელა ენერგია აქვს! შტატებში რომ იყავი, იქ უსმენდი ხოლმე ჯაზს? თუ არ გეცალა? :)

      Delete