The snow is snowing, the wind is blowing, but i can weather the storm... ეს სიმღერა ამედევნა ამ თოვლიან საღამოს.
"თოვს და ქარი ქრის, მაგრამ გავუძლებ ამ ქარბუქს. რამდენიც უნდა, ითოვოს! მე სიყვარული გამათბობს. ნეტა, კიდევ როდის იყო დეკემბერში ასეთი ამინდი? ნახეთ, რამდენი ყინულის ლოლუაა! თუმცა, მე რა მენაღვლება, მე ხომ ჩემი სიყვარული მათბობს. რად მინდა პალტო, ან ხელთათმანი, სულმთლად ვიწვი სიყვარულით. ჩემი გული სიყვარულის ალშია გახვეული; ჰოდა, აბა, რა ქარბუქი შემაშინებს? ყველაფერს გავუძლებ, ჩემს სიყვარულთან თბილად ვიქნები."
შევეცადე, სიმღერის სიტყვები უცხოური მხატვრული ლიტერატურის ქართული თარგმანების სტილში დამეწერა; იმ წიგნების, თავთან რომ მეწყო და სანთლის ნაღვენთებით მქონდა გასვრილი. იმ წიგნებმა ოცნება შემაყვარა. ოცნებამ კი დამანახა, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და მოგონებების შეგროვება მაფიქრებინა.
იმ ღამესაც ქარი და თოვლი იყო, როცა დივალის ფესტივალიდან გამოსულები, ქუჩაში ვსვინგავდით: ჯერ გაჩერებაზე, მერე ცარიელ ავტობუსში. მაშინ ერთმანეთი, სტუდენტური თავისუფლება და მომავლის იმედი გვიხაროდა. ახლა სამივე ჩვენს სახლებში ვართ. ისინი შორს არიან ჩვენგან, მათაც თავიანთი მეორეები ჰყავთ და ალბათ, ამ საღამოს ზუსტად ამ სიმღერას ღიღინებენ.






