Thursday, November 21, 2013

Blink of an Eye [მინიატურები]

* * *
ზამთრის საღამოა. მე და ზაზა სახლში ვართ. დედა ჩვენთვის ვალინკების საყიდლადაა წასული. საღამოს ბრუნდება. შემოდის სიცივისგან სახეაწითლებული. ვგიჟდები იმ სიცივის სუნზე, რომელიც სახეზე ასდის. არ ვაცლი პალტოს დაკიდებას, არც ქოლგას ვართმევ; გიჟივით ვკოცნი და ვეხუტები.

* * *
პატარა ვარ, ბაღის ასაკის. დედაჩემს ბავშვთა პოლიკლინიკაში მივყავარ. მარმარილოს კიბეებით ავდივართ ფართო, ძალიან ფართო ჰოლში. მინდა, ეს კიბეები არ დამთავრდეს. თან მომწონს, რომ დაბალი საფეხურებია, თითქმის არც იგრძნობა, რომ ზემოთ აბიჯებ. კედელზე ყბაშეხვეული ძაღლის ნახატი კიდია: „ბობიკას კბილები ატკივდა.“ სანამ ექიმის კაბინეტამდე მივალთ, შიშისგან მაკანკალებს. მეშინია ასია ექიმის, მისი სახის გამომეტყველების, ყელში რომ უნდა ჩაგხედოს, იმ რკინის ინსტრუმენტის. სხვა დროს, ქუჩაში რომ გვხვდება, კარაკულის ქუდით და რედიკულით, მაშინაც მეშინია.

* * *
ქარიანი დილაა. ვწევარ, თვალებს ძალით ვხუჭავ. საშინლად მეზარება ადგომა და ლექციებზე წასვლა. ეზოდან გიული დეიდა იძახის: დათომ დარეკა, დღეს „ხარისხის სახლში“ ინგლისელებთან გასაუბრებაზე უნდა მიხვიდეო.

Thursday, November 14, 2013

Elke Dag Beter

მართალია, ეს სიტყვები ("ყოველდღე უკეთესი") ერთი სუპერმარკეტის სარეკლამო სლოგანია, მაგრამ ზუსტად გამოხატავს, რისი თქმაც მინდა.

დღეს ჩვენი ჯვრისწერიდან სამი წელი შესრულდა.

Nov 2013 Tbilisi
Nov 2010 Istanbul





Saturday, October 19, 2013

იდეალური სეზონი - შემოდგომა

დღეს მე და ლაშა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით, შემოდგომის შესატკბობად და ყველის გასასინჯად. ისეთი ფერები დამხვდა, შემრცხვა, რომ იქ მარტო რაღაც ღონისძიებებზე ავდივართ და არა - უბრალოდ სასეირნოდ. ყველის ფესტივალზე ჟრიამული იყო: ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. ხალხი - ოჯახებით, ბავშვებით. ამინდი - შემოდგომის: ცოტა ქარი, ცოტა წვიმა, უფრო მეტად მზე. მესხური გაწურული მაწონი და გაუდა ვიყიდეთ. 

მერე სახლებშიც შევედით, სადაც გიდები დაგვხვდნენ, გულიანი და თავისი საქმის მოყვარული ხალხი. სერვისი იხვეწება: გიდები შესაბამისი კუთხის კოსტუმებში გამოეწყობიან და სტუმრებს ისე მიიღებენ. კვირაობით მეგრულ ოდაში ღომი იხარშება, შაბათობით კახურ სახლში შოთი პურები ცხვება და მიმსვლელებს შოთით და გუდის ყველით უმასპინძლდებიან. არასოდეს მომბეზრდება იმით აღვფრთოვანდე, რომ ყველა კუთხეს ყველაფერი თავისი, განსაკუთრებული და განსხვავებული აქვს. 

გურულ სახლში კედელზე ამერიკის საცხენოსნო შოუში მონაწილე გურული მხედრების ფოტოები ეკიდა. ადრე ყველას კაზაკები ეგონა. ახლა, როგორც გვითხრეს, ტურისტულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქართველები იყვნენ. გამახსენდა ადრე წაკითხული "გურული მხედრის ჩანაწერები", რომელიც ირაკლი მახარაძემ გამოსცა. დღიურების ავტორი თურმე ამერიკელებს ეკითხებოდა, საქართველო თუ იციო. არაო. კავკასია?  - არაო. სულ „ნოუ ნოუს“ ჩიოდენ და ამფერმა აბდლებმა რაფერ ააშენეს აი ქვეყანაო, დაახლოებით ასე წერდა. 

იმერულ სახლში შუაცეცხლის თავზე გაკეთებული ფიცრული ვნახეთ, სადაც ყველს და ხორცს ინახავდნენ. ეს პროდუქტები ბუნებრივად იბოლებოდა. ამის ნახვამ ისევ გურული ემიგრანტის ჩანაწერები გამახსენა. ამ ეპიზოდს ვერავის ვუყვები, იმიტომ რომ ხმა მიკანკალებს. მახსენდება, როგორ ბოლავდა მამაჩემი ხორცს. ოთახი ნელ-ნელა გეიფუტებოდა და იმფერი სუნი დატრიალდებოდა! ამის მოგონება და იმედი მაძლებინებს აქო, ასე წერდა.

მერე, ტრადიციულად, დედაჩემს გავუარეთ. ასევე ტრადიციულად, გემრიელი სადილი დაგვახვედრა: ირენას დედის რეცეპტით გაკეთებული ღუმელში გამომცხვარი კატლეტი ბოსტნეულით. სადილს ყავა დავაყოლეთ, დედას სქელი, ქაფიანი, თურქულად მოდუღებული ყავა. ვისაუბრეთ, ლაშამ და ზაზამ რაღაც იბურჯალეს ინტერნეტში, რაღაც გავიხსენეთ, რაღაცაზე ვიცინეთ, ტკბილად და თბილად, როგორც ყოველთვის... 

Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის. 

Sunday, September 8, 2013

სექტემბრის დილები


ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?

Saturday, August 17, 2013

AKDENIZ

მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი. 

დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.

Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?