Sunday, October 6, 2013

ქალაქის შუქები

ბოლო დროს სულ ვფიქრობ, რომ არც ისე პატარა ვარ, (mid-thirties) მაგრამ საკუთარ თავს მაინც არ ვიცნობ, ან ცუდად ვიცნობ. წარმოვიდგენ ხოლმე თავს რაღაც სიბრტყეზე, სადაც სხვა ფიგურები სწრაფად მოძრაობენ და კომეტებივით სინათლის კვალს ტოვებენ. მეც იქვე ვარ, ვდუმვარ, ვფიქრობ და ვაკვირდები. მე და ცხოვრება. როგორი ვარ? ვინ ვარ? 

კარგი იქნებოდა, რაღაც ტესტი არსებობდეს, სადაც ყველა გრაფას შეავსებ, დაწერ, რისი თქმაც გინდა, იმასაც მიუთითებ, რა მიზნით ავსებ, რაზე გინდა პასუხის მიღება და შენი ინფორმაციის საფუძველზე მზა პასუხებსაც მიიღებ. ეს, ალბათ, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კურსის გავლითაც შესაძლებელია, თუმცა, მე ეს არასდროს მიცდია.

ჩემს თავზე სულ ის შთაბეჭდილება მაქვს, რომ მთლად გზაჯვარედინზე დაბნეულად მდგომი არა, მაგრამ ფიქრით და დაკვირვებით დამმახსოვრებელი კი ვარ. არ ვარ ჰიპერაქტიური, რომელიც თავად იგონებს, გეგმავს, იმის იქით ხედავს, ზომავს. სულ მეჩვენება, რომ დიდი ხელი მაძლევს ბიძგს. ცვლილებები ხდება და მივყვები, ამ დიდი ხელის იმედით. ცვლილებები ხანდახან ერთად და სწრაფად ხდება, ამ დროს ისევ მშვიდად ვარ, ოღონდ უფრო მეტად გაბრუებული და დაკვირვებაგამახვილებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ, მაგრამ ცხოვრების მიმდინარეობასთან და ჩემს წლებთან დამოკიდებულება დაახლოებით ასე მაქვს ვიზუალიზებული.

ახლა რატომღაც ისეთი პერიოდი მაქვს, სულ წარსულზე მეფიქრება. ან იქ ვეძებ პასუხებს, ან, სტატისტიკური ცხრილივით, დროითი მწკრივების კანონზომიერებას ვასრულებ, ზუსტად ისეთი მორჩილებით, ცვლილებებს რომ მივყვები. 

სკოლის ასაკში ფანჯრებიდან ხშირად ვუყურებდი ქალაქის შუქებს. ჩვენი მაშინდელი პატარა ბინის ლოჯიის ფანჯრიდან რიონის იქეთა სანაპირო და გორას უბანი მოჩანდა. კარგი პანორამა მქონდა. ჰოდა, სანამ ყველაფერი ჩაბნელდებოდა, მეც ვიდექი და ვუყურებდი ამ შუქებს. წარმოვიდგენდი, რომ ეს გორა კი არა, მსოფლიოს დიდი ქალაქები იყო, ხალხმრავალი პორტები, დიდი პროსპექტები. ეს ცხოვრება იყო, რომელშიც უნდა გავსულიყავი და ეს სასიამოვნო მღელვარებით მავსებდა. ამას წინასწარ ვგრძნობდი, როგორც ძველი რომანების პერსონაჟი, რომელიც თავისი ოთახის მაქმანიანი ფარდიდან უყურებს სოფელს, სრულწლოვანების მიღწევისთანავე კი თავის საუკეთესო კაბას ჩაიცვამს, მდინარეს გადაკვეთს და დიდ ცხოვრებაში მიდის. 

Sunday, September 8, 2013

სექტემბრის დილები


ეს კადრები თუ გახსოვთ სოფია კოპოლას "ქალწულთა თვითმკვლელობიდან"? ლისბონების სახლის წინ დღე და ღამე რომ ერთმანეთს ცვლის, მზე რომ გადადის და ეზოს ჩრდილი ეფინება. ზაფხულის დასრულება ჩემს აღქმაში დაახლოებით ასეთია. მარიამობის შემდეგ ზაფხული უკვე მბეზრდება და შემოდგომის პირველ ნიშნებს ველოდები. გუშინ სარაფნები გავრეცხე, სანდლები ყუთებში შევინახე და თხელი საბნები გადმოვიღე.

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სექტემბრის დილები. ყველაზე ადრე ვიღვიძებდი, რომ ფანჯრიდან გამეხედა და ახალი დღე შემეგრძნო. კორპუსების სახურავებიდან ალისფერი სინათლე ჩანდა. ჰაერი სუსხიანი იყო, ქუჩა - ჯერ კიდევ ცარიელი. სწავლა ახალი დაწყებული იყო. ახალთახალი ტყავის ჭრაჭუნა ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი უნდა ჩამეცვა და სკოლაში წავსულიყავი. გარემოს ისე მძაფრად შევიგრძნობდი, რომ გული სულ გამალებით მიცემდა. ალბათ ის მაღელვებდა, ყველაფერი ცინცხალი რომ იყო: დილის ჰაერი, ჩემი სკოლის ჩანთა და საღებავის ფენა სკოლის კედლებზე. მაშინ ჯერ კიდევ ხაზის რადიო გვაღვიძებდა. არც სმარტფონი არსებობდა, რომ დილის კადრები გადამეღო და გამეზიარებინა. თუმცა, რასაც ახლა ვყვები და აღვწერ, ისიც სურათი და "ელექტრონული ვერსიაა", არა?

Saturday, August 17, 2013

AKDENIZ

მე და ლაშამ წლევანდელი შვებულება თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარეთ. ერთ მყუდრო სასტუმროში დავბინავდით. მწვანე ბალახიან და პალმებიან ეზოს გაივლიდი და უკვე პლაჟზე იყავი. არ წავიღეთ ლეპტოპი, აიფონი, მარტო წიგნები. ირგვლივ არ იყო არცერთი ნაცნობი, მხოლოდ რუსი დამსვენებლები, სიწყნარე, მათი ცისფერთვალა პატარა ბავშვები, სასტუმროს პერსონალი - მომღიმარი, სასიამოვნო ადამიანები: "ფენერბაჰჩეს" ქომაგი ხუჭუჭა ბაიკერი ბიჭი, მზარეული ეფენდი და ყორანივით შავთმიანი, გამხდარი ბარმენი. 

დილით ადრე ვიღვიძებდით, სანამ გასიცხდებოდა. უცებ ვსაუზმობდით და მერე დიდხანს ვლივლივებდით კამკამა წყალში. ლაშა მზეზე დიდხანს ხრუკვას არ მაცლიდა. თორმეტი საათისთვის რამე ცივს დავლევდით, ვკითხულობდით ან ჩვენს ოთახში ავდიოდით. ნასადილევს ისე ცხელოდა, აუზში თუ გაგრილდებოდი, ან ისევ ოთახში, კონდიციონერთან დაიძინებდი. ხუთი საათისთვის ისევ ზღვას ვუბრუნდებოდით. ვახშმობის დრო რომ მოაწევდა, ჰაერში გრილზე შემწვარი ხორცის სუნი დატრიალდებოდა... ეზოში, აუზის ირგვლივ ლამაზად შლიდნენ მაგიდებს. თითქოს გემრიელი კერძები არ გვეყოფოდა და გასართობ პროგრამასაც გვთავაზობდნენ. ერთ-ერთ შოუზე მოცეკვავემ "ლეკურის" ილეთებიც კი შეასრულა. ღამით სასტუმროსგან ცოტა მოშორებით, ჩვენს აჩემებულ პირსზე გავდიოდით, მუსიკას ვუსმენდით და სასტუმროებიდან გამომავალ შუქზე აციმციმებულ ზღვის ტალღებს ვუყურებდით.

Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?

Wednesday, July 17, 2013

ეკას სილამაზე



მე და ეკა სხვადასხვა ჯგუფში, ერთ კურსზე ვიყავით. სოხუმელი რომ იყო, თავიდან იმან დაგვაახლოვა. გადაბმული მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც დატოვა კვალი. ნანას დიღმის სახლში ვიხსენებდით და მომინდა, მასზე დამეწერა. 

რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დიდი ხანი ებრძოდა ლეიკემიას და გვეგონა, საბოლოოდ დასძლია. თბილისში ცხოვრობდა, ქმართან და პატარა გოგონასთან ერთად.

გამართული სიარული იცოდა, ქერა, სწორი და ერთ სიგრძეზე შეჭრილი თმა ჰქონდა, მხრებს უფარავდა. სულ გაშლილს ატარებდა. არ მახსოვს, ოდნავ მოშვებული, ან შედარებით ნეიტრალურ სტილში ჩაცმული გამოსულიყოს გარეთ. დედასთან ერთად რომ სასეირნოდ გამოვიდოდა, ერთ რამედ ღირდა მისი ცქერა. მინდოდა, მეთვალიერებინა. აუჩქარებლად, როგორც ჟურნალის ყდაზე აკვირდები თითოეულ დეტალს: საყურეს, თვალის ლაინერის მოხაზულობას, თმის ფერს, ტანსაცმლის თარგს... თავის დაჭერაც შესანიშნავი იცოდა: არც ზედმეტად ამაყი, არც სულ გაკრეჭილი. ნამდვილი ქალბატონი იყო. დედამისი მეუბნებოდა, პატარა რომ იყო, იქეთ გვასწავლიდა მანერებსო. თურმე, ერთხელ სტუმრისთვის სუფრასთან შენიშვნა მიუცია: ეტო ნე კულტურნო-ო. 

Sunday, July 7, 2013

განშორების სცენები

დამშვიდობება რთული რამეა, თუნდაც არც ისე ახლობელთან, რომელიც სულ ცოტა ხნით მიდის სადმე. ამ დროს ყველა ღელავს: კაცები მკაცრ სახეს იღებენ და მუშტებს მაგრად უჭერენ, ბავშვები გათიშული იყურებიან სადღაც, ან პირიქით, ბევრს დახტიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ და ყველას აწუხებენ, ქალები კი უბრალოდ ტირიან. ვინც მიემგზავრება, იმას კიდევ არაუშავს, სადღაც მიდის, თავგადასავალში. ვინც რჩება, ის უფრო მეცოდება. მგონია, რომ მოწყენილი დღე ექნება, მით უფრო, თუ ზაფხულია და ცხელა. პირველი რამდენიმე ნაბიჯი იქნება ყველაზე გაბრუებული და ფიქრიანი, დანარჩენი დღე - ნელი, ჩუმი.

Tuesday, June 18, 2013

MODERATO

ბლოგი მიტოვებულივით მყავდა. ჯერ აღდგომა იყო და შვებულება ავიღე, მერე ჩემი დაბადების დღე, მერე სამსახურის საქმეები გადაება და დრომ მალე ჩაიქროლა (ნეტა, ნელა როდის გადიოდა?). "მყავდა" დამიწერია. კარგია, ალბათ, ცოცხალი რომაა, იმიტომ.

ერთ ბანალურ რაღაცაზე მინდა დავწერო. ეს ამბავი ძალიან მასევდიანებს და იქნებ, ამით ცოტა შემიმსუბუქდეს, ან კარგი აზრები მოვისმინო. მოკლედ, ისაა, შენ რომ ვინმეს სიკეთეს სთავაზობ და ის რომ არ იღებს, ან იღებს, მაგრამ სხვათაშორის და ამ დროს რომ თავს ისე გრძნობ, "ვ დურაკახ". 

უცნაური სიტუაციაა. სიკეთის მკეთებელი, რომელსაც მართლა უნდა, მეორე ადამიანი გაახაროს, ბრიყვი და მოცლილი გამოდის. მისი ყურადღება არ სჭირდებათ. მეორე მხარეს ყრუ კედელი ხვდება, ან პირდაპირი უარი. ის მეორე არის "ქულ", პრაგმატული, თავაღერილი, დროის განმკარგავი. როგორ უნდა მიხვდე, როდისაა  შენი ზრუნვა "ზედმეტი"? როგორ უნდა დაიცვა ზომიერება ადამიანებთან ურთიერთობისას? არ ვიცი.